ის, რაც ოდესღაც ფანტასტიკის სფეროდ ითვლებოდა... - კვირის პალიტრა

ის, რაც ოდესღაც ფანტასტიკის სფეროდ ითვლებოდა...

მეცნიერება წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობას აშფოთებს ხელოვნური ინტელექტის სახიფათო შესაძლებლობები, ის ჩვენს ყოფაში იჭრება და განვითარებას განაგრძობს. არც მეტი, არც ნაკლები, სულ რამდენიმე კვირის წინ ხელოვნური ინტელექტის დახმარებითა და გამოთვლებით უკვე შეიქმნა ვაქცინა ამბიციური შესაძლებლობებით. ამ თემებთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ ფიზიკოს ნუცა კილაძეს ვესაუბრებით:

- საქართველოში მეცნიერებისთვის ხელშეწყობის უკიდურესად დაბალი დონის მიუხედავად, ჩვენი მეცნიერები ცდილობენ სამეცნიერო პროგრესს არ ჩამორჩნენ...

- მეცნიერების მიმართ სახელმწიფოებრივი დაინტერესების თვალსაზრისით მართლაც უმძიმესი სიტუაცია გვაქვს. თუმცა ქვეყანაში მოღვაწეობს არაერთი მეცნიერი, რომელთაც აქვთ უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები მსოფლიო მეცნიერების ნებისმიერ დარგში. რაც შეეხება უცხოეთს, იქ მოღვაწე ჩვენი სპეციალისტების დამსახურებაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთ-ერთ ბოლო რევოლუციურ აღმოჩენაზე, რომელსაც ქართველი მეცნიერი, ჟენევის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ბერიშვილი ხელმძღვანელობდა და რაც აუცილებლად იქნება შვება მილიონობით დიაბეტით დაავადებული ადამიანისათვის. ეს არის ბიოხელოვნური პანკრეასი I ტიპის დიაბეტის დამარცხებისთვის. დიაბეტის ეს ტიპი ბავშვობიდან იწყება, მთელი სიცოცხლე გრძელდება და რეგულირდება ინსულინის ინიექციებით. ამ აღმოჩენით კი შეიქმნა ბიოხელოვნური პანკრეასი, რომელიც მხოლოდ იმპლანტი კი არ არის, არამედ შეიცავს ინსულინის წარმომქმნელ უჯრედებს. ოპერაციის შემდეგ დაიწყებს სისხლში შაქრის ბუნებრივი დონის აღდგენას და თანაც ისე, რომ არ დათრგუნავს ადამიანის იმუნურ სისტემას.

ასეთი შედეგი მიიღეს ე.წ. ქსენოტრანსპლანტაციით ანუ სხვა ორგანიზმის დახმარებით, ამ შემთხვევაში ღორის უჯრედების. სწორედ მათ დაეკისრათ ადამიანში ბუნებრივი ინსულინის აღმდგენის როლი. ამ მიღწევას, რა თქმა უნდა, დასჭირდა სახელმწიფოებრივი ნება, რათა მილიონობით თანხა გამოყოფილიყო და მეცნიერებს მუშაობის შესაძლებლობა მისცემოდათ. 2021 წელს ამ პროექტზე მუშაობა ქალბატონმა ეკატერინემ ამ სიტყვებით დაიწყო: "მინდოდა სიკვდილს შევჭიდებოდი" და როგორც ვხედავთ, მართლაც საოცარი ნაბიჯები გადადგა.

ასე რომ, ის, რაც ოდესღაც ფანტასტიკის სფეროდ ითვლებოდა, დღეს ნელ-ნელა მოიწევს ჩვეულებრივი ყოფისკენ, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც. რაც სხვათა შორის მეცნიერების დიდ ნაწილს ძალზე აშფოთებს სხვადასხვა პრობლემის გამო. იმდენად, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სერიოზული რეგულაციები უკვე დაიწყო. თუმცა ბევრ სფეროში ის თავის სიტყვას იტყვის. მაგალითად,

ახლახან კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სწორედ ხელოვნური ინტელექტის მოდელებით იმუშავეს, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც ვირუსს მაშინაც გამოიცნობს და დაამარცხებს, როდესაც ის მუტაციას განიცდის და სულ სხვა სახის ვირუსად გვევლინება.

რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტთან ერთად მუშაობდნენ მეცნიერები და ადამიანზე გამოცდის უსაფრთხო საფეხურიც გაიარა.

- სხვა აღმოჩენებზე რას იტყვით?

- ყველა სამეცნიერო მონაცემი ადასტურებს, რომ მთვარიდან წიაღისეულის ჩამოზიდვა შესაძლოა აღარც იყოს ფანტასტიკის სფერო.

ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კოსმოსში ადამიანის ხელოვნური ემბრიონები გაგზავნა. ამით სურთ გაარკვიონ, როგორ მოქმედებს მიკროგრავიტაცია და კოსმოსური რადიაცია ადამიანის გამრავლებასა და ჩანასახის განვითარებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა შეეჩვია მარსზე ადამიანის ნახელავის, მარსმავლის სიარულს და ფოტოების გადმოგზავნას, პლანეტაზე ყოველი სიახლე მაინც იწვევს აღფრთოვანებას. მაგალითად, ბოლო მონაცემებით, ამ გაციებულ პლანეტაზე მდინარეების კვალი და მათი კალაპოტები აღმოჩნდა. არაერთი მეცნიერის დასკვნით, მარსზე წყლის სხვა, გაცილებით საინტერესო კვალიც აღმოჩნდა. Eეს არის გაქვავებული ტალახები, რომლებიც ადასტურებს, რომ 3.8-3.6 მილიარდი წლის წინ, სავარაუდოდ, მარსზე წყალი და სიცოცხლე, სითბო და ტენიანობა იყო. წყალი სამყაროს ერთ-ერთი საოცრებაა, მასში ისეთი სიცოცხლის ძალაა, რომ მეცნიერება მთელი ენერგიით მუშაობს ამ ძალის ამოცნობაზე. მაგალითად, ბოლო აღმოჩენებს ეკუთვნის SU-ს მეცნიერთა აღმოჩენები იმის შესახებ, რომ ჩვენთვის ასე იდუმალი ნისლი ცოცხალი ორგანიზმია. კერძოდ, მის წვეთებში ცხოვრობენ ე.წ. მოცურავე ბაქტერიები, რომლებიც მრავლდებიან, იზრდებიან და ჰაერში არსებულ ტოქსინებს შლიან. ეს კვლევები მათ ასე აღწერეს: "როდესაც ჩვენ ნისლს მიკროსკოპით ვაკვირდებოდით, დავინახეთ, რომ მასში რაღაც ბაქტერიებია, თანაც ეს ბაქტერიები დიდდებიან და იყოფიან. ამ პროცესში კი ფორმალდეჰიდს შთანთქავენ". ფორმალდეჰიდი მძაფრსუნიანი ტოქსიკური გაზია, რომელიც დაკავშირებულია ონკოლოგიურ დაავადებებთან. აღმოჩნდა, რომ ნისლის ბაქტერიები ამ გაზს ნახშირმჟავა გაზად შლიან, რომელსაც გაზრდა-გამრავლებისთვის იყენებენ - ანუ ნისლი მხოლოდ დაბურული, უმოქმედო ნესტის გროვა კი არ არის, არამედ მას დიდი როლი ჰქონია სიცოცხლისათვის ბრძოლაში, დედამიწას ჰაერს უსუფთავებს და სიცოცხლეს უძლიერებს მის ორგანიზმებს, მათ შორის ჩვენც, ადამიანებს. ზოგადი გათვლებით, თუ ნისლს წყლად ვაქცევთ, ამ შემთხვევაში ერთ კოვზ წყალში დაახლოებით 10 მლნ ბაქტერია იქნება და წარმოიდგინეთ, რამხელა "ჯარი" იბრძვის, რომ ჰაერი გაასუფთაოს და სიცოცხლე გააძლიეროს. სხვათა შორის, ამ კვლევას ერთ-ერთი საინტერესო სახე ჰქონდა, რაც შეიძლება სამეცნიერო ექსპერიმენტებს ჰქონდეს: კერძოდ, პენსილვანიაში (სადაც მდინარეებთან ნისლი მეტ-ნაკლებად ხშირია) პროფესორი დერეკ სტრაუბი პროგნოზამდე რამდენიმე საათით ადრე მიდიოდა და ნისლის გამოჩენას საათობით ელოდა. ზოგჯერ არც ჩნდებოდა, მაგრამ როგორც კი ჩამოწვებოდა, შესაბამისი ხელსაწყოთი ისრუტავდა ჰაერს წვეთების დასალექად და წყლის შესაგროვებლად. შემდეგ ის ნისლის გაფანტვას ელოდებოდა იმავე ჰაერის ნიმუშის შესაგროვებლად, რათა დაედგინა ნისლის შემდეგ ჰაერში ტოქსიკური გაზის რა რაოდენობა რჩებოდა.

12500-clis-mglebi-romi-da-romulusi-1782062276.jpg

- ნისლი ყოველთვის იდუმალი თემაა.

- რაც წყალს და მის ძალას ეხება, ყველაფერი უაღრესად საინტერესოა, რადგან სწორედ ის განაპირობებს სიცოცხლეს.

ამასთან დაკავშირებით მეორე საინტერესო კვლევაზეც მოგახსენებთ - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა (MIT) იმუშავეს აღმოჩენაზე, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენთვის ნაცნობი და საკვებად აუცილებელი მარცვლეულიც ძალიან საინტერესოდ რეაგირებს წყალზე - მარცვლები წვიმის წვეთების ვიბრაციას შეიგრძნობენ და ამ შეგრძნებისას ე.წ. მოსვენების მდგომარეობიდან გამოდიან, "მუშაობას", ზრდას იწყებენ - ანუ თუ ჩვენ, ადამიანებს, წვიმა ოდნავ გვთენთავს და გვადუნებს, ძილს გვანდომებს, მარცვლეულს, პირიქით, "აფხიზლებს და "მუშაობას", ზრდის გააქტიურებას ანდომებს. კვლევები ბრინჯზე ჩატარდა, კერძოდ, ბრინჯის მარცვლებს 6 დღის განმავლობაში "ასმენინებდნენ" წვეთების ხმას, პარალელურად კი თესლების მდებარეობას ცვლიდნენ აღმოცენების ტემპზე დასაკვირვებლად. აღმოჩნდა, რომ თესლის ის ნაწილი, რომელსაც წვიმის წვეთების ვიბრაციის ხმა მისწვდა, "ესმოდა", 37%-ით სწრაფად აღმოცენდა, ვიდრე ისინი, ვისაც წვიმის ვიბრაციის ხმა არ "ესმოდა". რა თქმა უნდა, ეს კვლევა ვრცელდება ნებისმიერი ტიპის მარცვლეულზე, ბრინჯი მხოლოდ იმისთვის იქნა გამოყენებული, რომ ის წყალშიც იზრდება, შესაბამისად, დაკვირვების საშუალებას არა მხოლოდ ნიადაგში, არამედ წყალშიც იძლევა.

მორიგი უნიკალური ექსპერიმენტები ბიოტექნოლოგიურმა კომპანია ჩოლოსსალ Bიოსციენცეს-მა ჩაატარა - გააცოცხლეს 12500 წლის წინ გადაშენებული მგლის ლეკვები, ახლა კი ხელოვნური "ნაჭუჭიდან" წიწილები გამოჩეკეს. წიწილების "გამოჩეკისთვის" მათ ჯერ კვერცხის ხელოვნური, ბადისებრი სტრუქტურის "ნაჭუჭი" დაბეჭდეს, რომელშიც ემბრიონი მოათავსეს და საბოლოოდ 26 წიწილა გამოაჩეკინეს. რაც შეეხება მგელს, მისი გაცოცხლება ამ კომპანიამ დაახლოებით 13 000 წლის წინანდელი მგლის კბილის დნმ-იდან შეძლო. შემდეგ თანამედროვე რუხი მგლის კვერცხუჯრედს ბირთვი გამოაცალა და მის ნაცვლად სწორედ ათასობით წლის წინ გადაშენებული მგლის დნმ-ი ჩანერგა. სუროგატ დედად ძაღლი გამოიყენეს. შედეგად დაიბადა სამი მგლის, ზოგიერთი მონაცემით, აშკარად განსხვავებული თანამედროვე მგლებისაგან, მაგალითად, ყმუილითა და კბილებით. კომპანიამ მგლის ლეკვებს რემუსი, რომულისი და კჰალისი დაარქვა.

დედამიწაზე დამკვიდრებული სიცოცხლის ფორმები მილიონობით წლისაა. ამ მილიონობით წლის განმავლობაში მიდიოდა მისი დახვეწა და გაუმჯობესება თავად სიცოცხლის საკეთილდღეოდ და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.