ხიდზე ვერა?  მაშინ ხიდის თავებზე!  - ნახევარკუნძული ყირიმი „კუნძულად“ შეიძლება გადაიქცეს... - კვირის პალიტრა

ხიდზე ვერა?  მაშინ ხიდის თავებზე!  - ნახევარკუნძული ყირიმი „კუნძულად“ შეიძლება გადაიქცეს...

რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლიდან ანექსირებული უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძული მალე შეიძლება „კუნძულად“ გადაიქცეს, თუკი კიევმა თავისი მუქარა მართლაც ბოლომდე აასრულა, რისთვისაც ცოტაღა რჩება...

„ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა: საზღვაო ლოჯისტიკა, რომელიც კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანზიტისთვის გამოიყენება და ნავთობის ბაზა - დროებით ოკუპირებულ ქერჩში. ასევე, წარმატებული დარტყმები განხორციელდა S-400 ანტისარაკეტო სისტემების ოთხ რადარსა და Pantsir-ის ორ სისტემაზე. რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ძალა ნამდვილად მშვიდობისთვის მუშაობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი 21 ივნისს განხორციელებული საჰაერო ოპერაციის თაობაზე.

1-ker-1782114334.jpg

ფოტო: პუტინის „სიამაყე“ - ყირიმის ხიდები უკრაინელებმა აქამდე სამჯერ ააფეთქეს, გუშინ კი ამ ხიდების თავებში დაარტყეს...

აქამდე უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ნამდვილი საჰაერო ნადირობა მოაწყვეს რუსეთის დონის როსტოვიდან ანექსირებული ყირიმის სიმფეროპოლამდე მიმავალ საავტომობილო ტრასაზე და სარკინიგზო ხაზზე (რომლებიც ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში გადიან) და ზუსტი დარტყმებით აფეთქებენ ყირიმისკენ მიმავალ რუსულ ბენზინმზიდებსა და სარკინიგზო ცისტერნებს.

ამასთან, დარტყმები განხორციელდა ყირიმის ნახევარკუნძულის მატერიკულ უკრაინასთან დამაკავშირებელ ჩონგარის, პერეკოპისა და არმიანსკის ხიდებზეც, რამაც კიდევ უფრო გაართულა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საოკუაპაციო ძალების როგორც მომარაგება, ისე - გააჩინა საწვავის სერიოზული დეფიციტი, ადგილობრივი მოსახლეობისთვის და რუსეთიდან ანექსირებული ყირიმის პლაჟებზე გასარუჯად ჩასული რუსეთის ათი ათასობით მოქალაქისთვის.

ლოგიკურად მოჩანდა, რომ თუკი ანექსირებული ყირიმი თითქმის ბლოკირებული იქნა ჩრდილოეთიდან, კიევის შემდეგი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებაზე ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების ჩახერგვაც, რის შემდეგაც ყირიმი მართალც „კუნძულად“ გადაიქცეოდა...

დღემდე უკრაინელებმა შეძლეს პუტინის ამ „სიამაყის“ - ყირიმის ხიდების სამჯერ აფეთქება და მათი დროებით მწყობრიდან გამოყვანა, ისე, რომ ამჟამად ყირიმის საავტომობილი ხიდზე საერთოდ აკრძალულია სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მოძრაობაც კი, რადგან რუსეთის სპეცსამსახურები არცთუ უსაფუძვლოდ შიშობენ, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა მათი საშუალებით კვლავ არ „შეაპარონ“ ასაფეთქებელი მოწყობილობები ყირიმის ხიდზე.

2-kerchi-1782114389.jpeg

ფოტო: ანექსირებული ყირიმის ხიდების თავში - ქერჩის პორტში უკრაინული კამიკაძე-დრონების შეტევების შედეგად გაჩენილი ხანძარი...

გარდა ამისა, ყირიმის ხიდები განსაკუთრებული დაცვის ქვეშაა აყვანილი ჰაერიდან, ზღვიდან და წყლისქვეშეთიდან - ხიდებს იცავენ რუსული საზენიტო „პანცირები“,საპატრულო ხომალდები, გადამღობი პონტონები, რადიოლოკაციური ამრეკლავები და ა.შ.

შესაბამისად, ყირიმის საავტომობილო და სარკინიგზო ხიდების მწყობრიდან გამოყვანა ძალზე გართულებულია, მაგრამ მაშინ, როდესაც ხიდზე დარტყმა ვერ გამოდის, უნდა დაარტყა... ხიდის თავებს!

სწორედ ეს ტაქტიკა გამოიყენეს გუშინ, 21 ივნისს, უკრაინელებმა, როდესაც ყირიმის ხიდის ორივე თავში -ქერჩსა და ტამანში საჰაერო დარტყმების სერია განახორციელეს, რითაც თავად ყირიმის ხიდზე მოძრაობის დროებითი პარალიზირება მოახდინეს...

საზღვაო პორტ „კავკაზთან“ ასევე დაფიქსირდა სამი რუსული საზღვაო ბორანი, რომლებსაც ცეცხლი ეკიდათ უკრაინული კამიკაძე-დრონების ზუსტი მოხვედრის შემდეგ.

3-kerchi-1782114438.png

ფოტო: ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის „კუნძულად“ გადაქცევის წინ პანიკაში ჩავარდნილი რუსი დამსვენებლები თავს შველიან...

რუსეთს სულ შვიდი საზღვაო ბორანი ჰყავს ტამანი-ქერჩის მონაკვეთზე ავტომობილებისა და სარკინიგზო შემადგენლობების გადასაზიდად და თუკი მათგან სამი მწყობრიდან გამოვიდა, ეს დამატებითი პრობლემა გახდება ანექსირებული ყირიმის მოსამარაგებლად...

თავად ანექსირებულ ყირიმში კი ოფიციალური განცხადება ვრცელდება -„21 ივნისს, 09:00 საათიდან ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებზე შეჩერდა საწვავის გაყიდვა როგორც ნაღდი, ისე - უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე, ტალონებით, როგორც ფიზიკური, ასევე - იურიდიული პირებისთვის“...

ყირიმიდან კი პანიკაში ჩავარდნილი დამსვენებლები გარბიან-გადაკეტილ ყირიმის საავტომობილო ხიდთან. გუშინ საღამოსთვის 710 ავტომობილისგან შემდგარი საცობი წარმოიშვა, რაც ალბათ ასევე გახლავთ კიევის მიერ წამოწყებული „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი მიზანი...