მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები - კვირის პალიტრა

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები

რითი ვიწყებთ, პრეზერვატივებით?!

ბუნებრივია, იმ ხალხზე მეცინება, ვინც ორი თვის მოსული ხელისუფლებისგან ყველა დაპირების შესრულებას ითხოვს. ასეთი რიტორიკით ყველაზე მეტად "ნაციონალები" ან მათი მხარდამჭერები გამოირჩევიან. აბა, სადაა გაზრდილი პენსიები, სადააა უფასო ჯანდაცვაო და ა. შ. ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ არანაკლებ სასაცილო და აღმაშფოთებელი მგონია ის, რითიც "ქართულმა ოცნებამ" საქმიანობა დაიწყო. გასაგებია, რომ დიდი პრობლემების მოგვარება ასე მალე შეუძლებელია, მაგრამ რითი იწყებ და რას ანიჭებ პრიორიტეტს, ესეც ხომ მნიშვნელოვანია? და რა საკითხებია ახალი ხელისუფლების პირველ გადაწყვეტილებებს შორის: ვიღაცების დაჭერა, ვიღაცების გამოშვება, წამლების ცალობით გაყიდვის აკრძალვა და სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციაზე შეზღუდვების შემოღება. პირველი ორი თუ მეტ-ნაკლებად გასაგებია, ბოლო ორი საკითხი რატომ იყო ასე სასწრაფო და მნიშვნელოვანი, ვინმემ ამიხსნას. უამრავი გაჭირვებული ადამიანია, ვისაც ძვირი წამლების ყიდვა უჭირს და იძულებულია, ცალობით შეიძინოს. ახლა რა გამოდის, მაგალითად, პენსიონერს, ვისაც ჯერ პენსია არ მომატებია და მნიშვნელოვან მომატებას ახლო მომავალში არც ელოდება, ცხოვრებას უფრო უძვირებ?

ჩემ მიერ ბოლოში დასახელებული საკითხი ხომ საერთოდ ისეთი სასწრაფო იყო, ამ კანონპროექტის მიღება პირველ ორ თვეში რომ არ მოსწრებულიყო, ვიღუპებოდით და ირყვნებოდა მთელი საქართველო. აქ ამ აკრძალვის არსის განხილვას არ შევუდგები, მით უმეტეს, მის არსს ჯერ ვერავინ ჩასწვდა. ის კი არა, ისიც ვერავინ გაარკვია, რას გულისხმობს "სექსუალური ხასიათის პროდუქცია" - ამის გარკვევას მოჰყვა სწორედ პარლამენტში ყველაზე საინტერესო მსჯელობა, როდესაც იკითხეს, პრეზერვატივი ითვლება თუ არა "სექსუალური ხასიათის პროდუქციად" და შეიძლება თუ არა მისი გაყიდვაც შეიზღუდოს, რადგან პრეზერვატივი, მოგეხსენებათ, დაავადებებისა და არასასურველი ორსულობისგან დაცვის საშუალებააო. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დეპუტატები ლევან ბერძენიშვილი და კობა დავითაშვილი შეეცადნენ. რატომ ისინი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, ჯერ ერთმა სცადა განემარტა, რომ პრეზერვატივებიც განსხვავებულია და მერე მეორემ. ლევან ბერძენიშვილმა ბრძანა: "პრეზერვატივს შეიძლება ჰქონდეს არა დაცვითი, არამედ სიამოვნების მიღების საშუალებაც, თუ იგი არის გართულებული გარკვეული ტექნიკური საშუალებებით". ჯერ ვიფიქრე, ეტყობა, ბატონ ლევანს ქალი "გარკვეული ტექნიკური საშუალება" ჰგონია, თორემ მარტო პრეზერვატივით კაცმა სიამოვნება როგორ უნდა მიიღოს-მეთქი. აქამდე მეგონა, კაცს პრეზერვატივი სიამოვნების მიღებაში მხოლოდ ხელს უშლიდა.

თუმცა, მერე განმიმარტეს, რომ აქ ქალის სიამოვნებაზე იყო საუბარი და არა კაცის. ანუ საუბარი იყო პრეზერვატივებზე, რომლებსაც დამატებული აქვს ხორკლები, ბუსუსები და ა.შ. (იმედია, არ მისაყვედურებთ, ასე დეტალურად რატომ განიხილავო. პარლამენტში არჩევდნენ ამ საკითხს და მე რომ განვიხილო, რა დაშავდება?). მოკლედ, მას შემდეგ, რაც ამაში გავერკვიე, უკვე გასაგები გახდა, რას გულისხმობდნენ კანონპროექტის მხარდამჭერები. შეიზღუდება მხოლოდ "დანავაროტკებული" პრეზერვატივების გაყიდვა. მოკლედ, ჩვეულებრივი გაიყიდება, არაჩვეულებრივები - შეზღუდულად.

"ნავაროტკიანი" პრეზერვატივი იქით იყოს და, თუ ვინმე ამიხსნის, ეს საკითხი ასე სასწრაფოდ მოსაგვარებელი რატომ იყო, მით უმეტეს, რომ საქართველოში ე.წ. სექსუალური ხასიათის პროდუქცია დიდად არც იყიდება, არც სექსშოპები გვაქვს და არც ვიბრატორებზე გაზრდილი მოთხოვნის შესახებ გამიგია რამე, ვაღიარებ, რომ ვცდები. ბოლოს და ბოლოს, თუ ვინმეს რაიმეს ყიდვა მოუნდება, ინტერნეტით გამოიწერს. ჩვენს ქვეყანას სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა არ აწუხებს?

სანამ არ დავორსულდებით

თემას გავაგრძელებ და ნატოსა და რასმუსენზე მოგიყვებით. არ იფიქროთ, რასმუსენზე ვფიქრობდე ცუდად და თემას ამიტომ ვაგრძელებ, პირიქით, ძალიან დიდ პატივს ვცემ ნატოს გენმდივანს, მაგრამ ის რომ ქართველი იყოს, წამდაუწუმ ჩვენების შეცვლისთვის დაიჭერდნენ. ხომ გახსოვთ, მისი პირველი განცხადება საქართველოში დაწყებული დაპატიმრებების სერიის შესახებ? ბოლო კი ასეთია: "მივესალმებით ახალი მთავრობის შემართებას, გააღრმაოს რეფორმები, გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა". ასე არ ჯობია?! ვიდრე წინასწარ, რაღაც პოლიტიკურ ანგარიშსწორებებზე შიშის გამოთქმა? თუმცა, სხვა განცხადების გამო მას ვერ შევაქებ. ეს განცხადება ისევ და ისევ ჩვენი ნატოში გაწევრების პერსპექტივას და ღიად დარჩენილ კარს ეხებოდა. მისი მეორე განცხადება ეხებოდა ტესტებს, რომლებსაც ვაბარებთ, მათი რაოდენობა კი არ მცირდება. პირიქით, მგონი, იზრდება კიდეც. "საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის მორიგი ტესტი იქნება", - თქვა რასმუსენმა, ანუ საპარლამენტო არჩევნებით დემოკრატიის ტესტი კი ჩააბარეთ, მაგრამ მორიგი ტესტი საპრეზიდენტოზე გექნებათო, საპრეზიდენტოს შემდეგ, ალბათ, გვეტყვიან, ახლა ადგილობრივი არჩევნების ტესტი ჩააბარეთო და ა. შ. ეს სადამდე გაგრძელდება, არ ვიცი. ეჭვი მაქვს, ბოლოს საქმე იქამდე მივა, რომ ნატოში მისაღებად ორსულობის ტესტის ჩაბარებასაც მოგვთხოვენ.

ისინი ნელ-ნელა ჩნდებიან

არ იფიქროთ, პრეზერვატივებსა და ორსულობაზე საუბრის შემდეგ ბავშვების გაჩენაზე ვაპირებ საუბარს. არა, მხოლოდ დაკარგული "ნაციონალების" გამოჩენაზე მინდა მოგახსენოთ. უფრო სწორად, მათ მხარდამჭერებზე. ეს კვირა გამოჩენის კვირა იყო. ჯერ ბატონი ალისტრახო დაბრუნდა. ხომ გახსოვთ, ვითომ ჟურნალისტი რომ იყო ზესტაფონში, რომელიც იქ "ინფო 9"-ის ჟურნალისტს დასდევდა, მუშაობის საშუალებას არ აძლევდა და, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიურ ტერორში ჰყავდა. ჰოდა, ახლა ეს გოგო ბატონ ალისტრახოს შემთხვევით გადააწყდა, მის სტილში გამოეკიდა, ცუდად ხომ არ იქცეოდიო. არა, მისაღებია, რასაც ვაკეთებდიო, ალისტრახომ, ერთადერთი ის მადარდებს, უმუშევარი დავრჩიო. "მაცალე, ჩემი გაჭირვება მეყოფა, უმუშევარი ვარ", - უთხრა ალისტრახომ ეკა დუგლაძეს. თქვენ შეიძლება გეცინებათ, მე არა.

უმუშევრად დარჩენას, ალბათ, მასავით არ განიცდის კიდევ ერთი "მონატრებული" "ნაციონალი", გიორგი არველაძე. ბოლოს ის იმ დღეს ვნახეთ, "იმედი" პატარკაციშვილების ოჯახს რომ გადააბარა, ახლა კი ვიდეომიმართვა ჩაუწერია, სადაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკას უწუნებს, დაჭერები არადემოკრატიულიაო. საინტერესოა, ამ მიმართვამ გავლენა ვისზე უნდა მოახდინოს?

დასასრულ, ტკბილი ლუკმა: სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნათია მოგელაძე აღმოაჩინა. "თქვენც ვენაში წასული გეგონეთ, არა?" - უთხრა მან ჟურნალისტს და გაუღიმა. სასიამოვნოდ გაღიმებაც სცოდნია.