“სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, „ნაცმოძრაობისთვის“ ის არის როგორც ორთქლმავალი, ისე დამამუხრუჭებელი - როგორც ჩანს, ვეტერან „ნაცებს“ გაუშვებენ დამსახურებულ პენსიაზე, თუმცა თუ სააკაშვილი დარჩა, პარტია იგივე დღეში იქნება“ - რას აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე
დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან - ორივე არაფორმალური მმართველის დაქვემდებარებაში არიან: ერთგან ივანიშვილია, მეორეგან სააკაშვილი , -ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, რადგან დღეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ის თავად არის როგორც ორთქლმავალი, ასევე, დამამუხრუჭებელი. ძაბირაძის თქმით, სააკაშვილმა როგორც არ უნდა შეიცვალოს პარტიის ლიდერების მეორე ეშელონი, თუ ის პირველ პირად რჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ დღეში იქნება, რა დღეშიც ახლა არის.
„სააკაშვილი რასაც ამბობს, მანდ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი: სად რჩება თავად? დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან - ორივე არაფორმალური მმართველის დაქვემდებარებაში არიან: ერთგან ივანიშვილია, მეორეგან სააკაშვილი. ის აბასთუმნიდან თუ საიდანღაც იძლევა განკარგულებებს. ამის გეოგრაფიული ადგილსამყოფელი ვიცით, რომ ციხეშია და იქიდან იძლევა განკარგულებებს. რა უნდა გააკეთოს ნანუკა ჟორჟოლიანმა ისეთი, რომ ამ პარტიის რეიტინგი გაზარდოს? სააკაშვილის პრობლემა ისაა, რომ მიაჩნია, ყველა უნდა შეიცვალოს, მაგრამ თავად უნდა დარჩეს. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს! [„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის სახელთან] ასოცირდება იმიტომ, რომ ამას მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ და თავად სააკაშვილი აკეთებს, თორემ ადამიანი, რომელსაც ფაქტობრივად, არანაირი პოსტი არ უჭირავს იურიდიულად პარტიაში, დღეს შემოდის წინადადებით, რომ შეცვალოს პარტიის ლიდერი. პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ დღეს ამ პარტიისთვის თავად არის როგორც ორთქლმავალი, ასევე, დამამუხრუჭებელი. როგორც არ უნდა შეიცვალოს პარტიის ლიდერების მეორე ეშელონი, თუ ის პირველ პირად რჩება, ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაცმოძრაობა“ იმ დღეში იქნება, რა დღეშიც ახლა არის.
ზოგადად ჩვენი პრობლემა ისაა, რომ დამფუძნებლები პარტიას ვერ შორდებიან. 20-30 წელი რჩებიან - მარტო ქაღალდზე რომ დარჩა დამფუძნებლის და პარტიის სახელი, ისე არიან დღემდე, ოღონდ რეალურად აღარც მხარდამჭერები ჰყავთ და აღარც პარტიები არსებობენ - ისე არის დღეს სააკაშვილიც. ვერ შორდება „ნაციონალურ მოძრაობას“. სააკაშვილისთვის მისაღებია ნებისმიერი გაერთიანება, სადაც ის იქნება ლიდერი. ამ კაცს მოთხოვნა აქვს, რომ მისი აღიარება უნდა მოხდეს. იგივეა „ალიანსზე“ - თუ ალიანსი იმაზე წავა, რომ ამ ალიანსის ერთპიროვნული ლიდერი იქნება სააკაშვილი, პრობლემა არ აქვს, მაგრამ თუ ასე არ იქნება, მაშინ არ უნდა“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.