ამერიკელების "რბილი ძალის" ოპერაცია თბილისში 1972 წელს და სკანდალური ანგარიში: "ქართველმა მილიციონერმა რუსულ ენაზე საუბარზე სასტიკი უარი განაცხადა, რ - კვირის პალიტრა

ამერიკელების "რბილი ძალის" ოპერაცია თბილისში, 1972 წელს და სკანდალური ანგარიში: "ქართველმა მილიციონერმა რუსულ ენაზე საუბარზე სასტიკი უარი განაცხადა, რადგან..."

1972 წლის 24 იანვრის ცივ დილას მთელი თბილისი დიდუბეში მდებარე საგამოფენო პავილიონებს მიაწყდა. ხუმრობა ხომ არ იყო, იმ დღეს თბილისში საბჭოთა კავშირის მთავარი მტრის, „იმპერიალისტისა“ და „საზიზღარი აგრესორის“ სამეცნიერო მიღწევების გამოფენა უნდა გახსნილიყო.

გამოფენა სახელწოდებით: „სამეცნიერო კვლევები და განვითარება აშშ-ში“ თბილისში 1972 წლის 24 იანვრიდან 29 თებერვლამდე იყო გახსნილი, შემდეგ კი სხვა ქალაქებში გადაინაცვლა: მოსკოვში (22 მარტი-18 აპრილი); ვოლგოგრადში (17 მაისი-17 ივნისი); ყაზანში (17 ივლისი-17 აგვისტო); დონეცკში (14 სექტემბერი-15 ოქტომბერი) და ლენინგრადში (4 ნოემბერი-13 დეკემბერი). მაშინ ამ გამოფენებს ორ მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქე დაესწრო. 1961 წლის შემდეგ ეს ამერიკელების მეორე ჩამოსვლა იყო თბილისში და მათ მეცნიერების, ტექნოლოგიების, კოსმოსის, მედიცინისა და ყოველდღიური ცხოვრების სფეროში ამერიკული მიღწევები წარმოადგინეს. გამოფენაზე 26 წამყვანი ამერიკული კორპორაციის მრავალფეროვან პროდუქციას (სამზარეულოს ტაფებით დაწყებული, კოსმოსური ხომალდი „აპოლო 10-ის“ მოდულით დამთავრებული) ნახავდით. გამოფენა აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოს (USIA) დირექტორმა - ფრენკ შექსპირმა (1925–2022) გახსნა. პირველივე დღეს გამოფენას თითქმის ათი ათასი მნახველი ჰყავდა.

picture2-1782205666.jpg

ფოტო: ფრენკ შექსპირი, აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და რომის პაპი იოანე-პავლე მეორე. 1987 წელი, ვატიკანი.

მნახველების დიდ ინტერესს ისიც აღვივებდა, რომ ისინი საჩუქრად იღებდნენ: მსუბუქი ავტომობილების პროსპექტებს, ლამაზ ცელოფნის პარკს, მრგვალ რკინის სამკერდე ნიშანს, ამერიკის დროშის გამოსახულებით. ხოლო ვისაც ყველაზე მეტად გაუმართლებდა, უმაღლესი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდილი და ლამაზად გაფორმებული ჟურნალ "ამერიკის" მფლობელი გახდებოდა.

ეს, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ჟურნალი საზღვარგარეთ რუსულ ენაზე იბეჭდებოდა და შემდეგ შემოჰქონდათ საბჭოთა კავშირში. საქართველოში მისი ხელში ჩაგდება და წაკითხვა არც ისე მარტივი იყო და ნაცნობობით ხელიდან ხელში გადადიოდა. დღევანდელი გადასახედიდან, არაფერი განსაკუთრებული არ ეწერა: ამერიკელები მთვარეზე, გაღიმებული კოვბოები, საოცნებო "ფორდ მუსტანგის" ახალი მოდელის ფოტო, ამერიკული ფეხბურთი და მრავალი ამგვარი, "საბჭოელებისთვის" სრულიად უცნობი სამყარო. თუმცა ამ სამყაროში თავისუფლების სურნელი იგრძნობოდა... სწორედ ამის ეშინოდა საბჭოთა რეჟიმს და ყოველ ღონეს ხმარობდა, ჩაეკლა ეს "საშიში ვირუსი". მხოლოდ წლების შემდეგ გავიგე, თუ როგორ უფრთხოდა საბჭოთა ხელისუფლება ჟურნალ "ამერიკას" და თავისუფლებას.

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დღის სინათლე იხილა საბჭოთა კომუნისტური პარტიისა და კა-გე-ბეს არქივების სრულიად საიდუმლო დოკუმენტების მცირე მოცულობამ და სწორედ იქ წავაწყდი ძალზე საინტერესო დოკუმენტს ჟურნალ "ამერიკის" შესახებ. შორეულ, 1956 წლის 30 ივლისს, საბჭოთა კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი - ფ. კონსტანტინოვი #27409 "სრულიად საიდუმლო" დირექტიულ წერილს უგზავნის კომუნისტური პარტიის მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრალურ კომიტეტებს, ასევე, სამხარეო და საოლქო კომიტეტებს. საკითხი ეხებოდა ჟურნალ "ამერიკის" გავრცელებას საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

ვიდრე უშუალოდ ამ საიდუმლო დოკუმენტის შინაარსს გავეცნობით, მინდა, მკითხველს ძალზე მოკლედ გავახსენო, თუ რა მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები მოხდა იმ პერიოდოში. 1956 წლის თებერვალში ჩატარდა საყოველთაოდ ცნობილი სკკპ XX ყრილობა, სადაც მაშინდელმა საბჭოთა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვმა იოსებ სტალინის "პიროვნების კულტის" შესახებ სენსაციური მოხსენება გააკეთა, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აურია და 1917 წლიდან დაწყებული, საბჭოთა კავშირში განხორციელებულ ლამის ყველა ტერორში, რეპრესიასა და ადამიანთა განადგურებაში ორი ქართველი - სტალინი და ლავრენტი ბერია გამოიყვანა დამნაშავედ. ამჟამად არ ვაპირებ ამ ორი პიროვნების ჩადენილისა და ნამოქმედარის განსჯა-შეფასებას. ამის გაკეთება მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთის საიდუმლო არქივებში არსებული მრავალი დოკუმენტი დღის სინათლეს ნახავს. დავუბრუნდეთ 1956 წელს და XX ყრილობას, რომელმაც, ჩემი აზრით, საძირკველი შეურყია არა მარტო საბჭოთა იმპერიას, არამედ - სერიოზული განხეთქილება გამოიწვია მთელ ე.წ. სოციალიტურ ბანაკშიც: 1956 წლის შემოდგომაზე მოხდა ცნობილი უნგრეთის ტრაგედია, როდესაც საბჭოთა არმიამ უნგრელი ხალხის თავისუფლების სურვილი სისხლში ჩაახშო; გარდა ამისა, სწორედ XX ყრილობის შემდეგ დაიწყო სერიოზული პოლიტიკური განხეთქილება საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის, რომელიც შემდეგ, 30 წელზე მეტხანს გაგრძელდა და რამდენჯერმე შეიარაღებულ დაპირისპირებაშიც კი გადაიზარდა.

საბჭოთა კავშირის ექსცენტრიული ლიდერის - ნიკიტა ხრუშჩოვის იმ ყრილობაზე გამოსვლა დასავლეთის ქვეყნებმა საბჭოთა კავშირში დიდი რეფორმების დასაწყისად მიიჩნიეს და თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც გამოთქვეს. თავის მხრივ, ნიკიტაც ცდილობდა მოჩვენებითი "დემოკრატიულობით" მოეხიბლა დასავლეთი და უამრავ პოპულისტურ გადაწყვეტილებას იღებდა. მან დასავლეთთან პოლიტიკური თამაში დაიწყო, რათა საბჭოთა იმპერია "დემოკრატიულ ქვეყნად" წარმოეჩინა. ამგვარი იყო პოლიტიკური მდგომარეობა 1956 წლის ზაფხულისთვის, როდესაც ფ. კონსტანტინოვის "სრულიად საიდუმლო" წერილი მოსკოვიდან პერიფერიებში დაიგზავნა. ქვემოთ გაეცნობით ყველაზე საინტერესო ამონარიდების თარგმანს ამ "სრულიად "საიდუმლო" გრიფით დამშვენებული დოკუმენტიდან:

picture3-1782205708.jpg

ფოტო: ნინა ხრუშჩოვა, მეიმი ეიზენჰაუერი, ნიკიტა ხრუშჩოვი და დუაიტ ეიზენჰაუერი, ვაშინგტონი, 1959 წლის 15 სექტემბერი.

"საბჭოთა კავშირში ჟურნალ "ამერიკის" გავრცელების შესახებ"

"...სულ მალე საბჭოთა კავშირის ქალაქებში უნდა დაიწყოს ჟურნალ "ამერიკის" გავრცელება. იმავდროულად, აშშ-ში დაიწყება საბჭოთა ინგლისურენოვანი ჟურნალის - "სსრკ"-ის გავრცელება. ჟურნალების გაცვლის შესახებ წინადადება ამერიკის მთავრობის მხრიდან მოდიოდა... ეს გადაწყვეტილება დიპლომატიური ხასიათისაა და საერთაშორისო დაძაბულობის შემცირებისკენაა მიმართული... საბჭოთა ყოველთვიური ილუსტრირებული ჟურნალის 50-ათასიანი ტირაჟით გავრცელება აშშ-ში (იმავე რაოდენობით უნდა გავრცელდეს ჟურნალი "ამერიკა" სსრკ-შიც) საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს დამატებითი საშუალება, რათა გავაცნოთ აშშ-ის მოსახლეობას საბჭოთა საზოგადოებრივი წყობა, სსრკ-ის ეკონომიკური და კულტურული მიღწევები... ამაში მდგომარეობს ჟურნალების გაცვლის დადებითი მნიშვნელობა".

ამ ციტატიდან კარგად ჩანს, რომ საბჭოთა ხელისუფლების მთავარი მიზანი აშშ-ში კომუნისტური პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავრცელება იყო. დავუბრუნდეთ საიდუმლო დოკუმენტს:

"...მაგრამ აქ არის, ასევე, სხვა უარყოფითი მხარეც. მხედველობაში უნდა გქონდეთ, რომ აშშ-ის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რათა გამოიყენოს ჟურნალი "ამერიკა" ე.წ. ამერიკული ცხოვრების წესის პროპაგანდისთვის... ისინი ყოველნაირად ეცდებიან აჩვენონ, რომ აშშ-ის მოსახლეობა, მათ შორის - მშრომელებიც, უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე საბჭოთა ხალხი". ამიტომ საბჭოთა მოქალაქეებს არ უნდა შეედარებინათ ორ პოლიტიკურ სისტემაში ცხოვრების კატასტროფულად განსხვავებული დონე და ამიტომაც არ უნდა წაეკითხათ ჟურნალი "ამერიკა"! შემდეგ "სრულიად საიდუმლო" დოკუმენტში უკვე საბოლოოდ „იფურჩქნება“ საბჭოთა სისტემის მთელი ფარისევლობა: "სკკპ ცკ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჟურნალ "ამერიკის" გავრცელება სრულიად არ ნიშნავს, რომ მის შინაარსს ვეთანხმებით. ეს მხოლოდ დიპლომატიური აქტია... ამიტომ ჟურნალის გავრცელება ყოველნაირად უნდა შეიზღუდოს. ჟურნალი არ უნდა მოხვდეს პოლიტიკურად უმწიფარი ხალხის ხელში... მისი მასალები არ უნდა იქნეს გამოყენებული პროპაგანდისტულ და სააგიტაციო მუშაობაში, ასევე - რადიოსა და ბეჭდვით ორგანოებში. ამერიკის მხარესთან ურთიერთშეთანხმებით ჟურნალ "ამერიკის" 5 ათასი ეგზემპლარი უნდა გავრცელდეს ხელმოწერით, ხოლო დანარჩენი 45 ათასი - ჩვენი ქვეყნის 80 ქალაქის "სოიუზპეჩატის" ჯიხურებში. სკკპ ცკ გთავაზობთ, დაეხმაროთ კავშირგაბმულობის ორგანოებს (იმ პერიოდში პრესის გავრცელება საბჭოთა კავშირის კავშირგაბმულობის სამინისტროს ფუნქცია იყო - ბ.ა.). საჭიროა, ხელმოწერა ისე განხორციელდეს, რომ ხელმომწერები იყვნენ პოლიტიკურად განათლებული, იდეოლოგიურად ჩამოყალიბებული ადამიანები. რეკომენდაციას გაძლევთ, რომ ხელმოწერა საფოსტო განყოფილებებში კი არა, არამედ - საწარმოებსა და დაწესებულებებში განხორციელდეს. ამ ჟურნალის საცალო გაყიდვის ორგანიზების დროს აუცილებელია, რომ იგი არ გაიყიდოს იმ კიოსკებში, რომელიც ხალხის დიდი თავშეყრის ადგილებშია (ბაზრები, პარკები, რკინიგზის სადგურები), არამედ - მიეწოდოს კიოსკებს, რომელიც საწარმო-დაწესებულებებსა და თეატრებშია, ისიც - შეზღუდული ოდენობით. არანაირი საჭიროება არ არის, რომ ყველა ნომრის რეალიზაციას ვეცადოთ. ამერიკის მხარესთან შეთანხმებით, საბჭოთა ორგანოებს უფლება აქვთ უკან დაუბრუნონ გაუყიდავი ჟურნალები... პარტიულმა ორგანოებმა უნდა იზრუნონ, რომ ჟურნალ "ამერიკის" გავრცელებასთან დაკავშირებით არ შეიქმნას არაჯანსაღი აჟიოტაჟი".

ამ ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ ჟურნალი „ამერიკა“ არ გაიყიდებოდა და „რიგითი საბჭოელი“ მხოლოდ სიზმარში თუ ნახავდა „ამერიკულ ოცნებას“.

ეს საიდუმლო დოკუმენტი უკვე მუქარისა და მკაცრი გაფრთხილების ტონით სრულდება: "სკკპ ცკ გაფრთხილებთ, რომ ჟურნალ "ამერიკის" გავრცელების შეზღუდვის ღონისძიებები უნდა ჩაატაროთ მარჯვედ, მოფიქრებულად... ამ მხრივ, ყოველგვარი გაუფრთხილებლობა დაუშვებელია, რადგანაც ამერიკის მხარეს ანტისაბჭოთა პროპაგანდის და ჟურნალ "სსრკ"-ის გავრცელების შეზღუდვის საშუალებას მისცემს".

picture4-1782205750.jpg

ფოტო: ამერიკელების გამოფენა „ ფოტოგრაფია აშშ–ში“. ამერიკელები კვლავ თბილისში, 1977 წელი.

დღეს ეს ისტორია, რომელიც „საინფორმაციო ომის“ კარგი ნიმუშია, შესაძლოა დაუჯერებლადაც კი ჩანდეს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებისთვის, თუმცა - მწარე სიმართლეა. ყველა შედარება, რა თქმა უნდა, პირობითია, თუმცა პუტინის რუსეთში მასმედიის სრულ სახელმწიფო კონტროლსა და საბჭოთა ცენზურას შორის ბევრი თანხვედრა შეიძლება დავინახოთ. ყველა ტოტალიტარულ რეჟიმს სიკვდილივით ეშინია მასმედიის თავისუფლების, რადგანაც ეს მისი დამარცხების ტოლფასია. თავისუფლებას კი გაფრთხილება უნდა, არც ეს უნდა დაგვავიწყდეს!

დავუბრუნდეთ 1972 წელს საბჭოთა კავშირში ამერიკელების მიერ ორგანიზებულ გამოფენას. დასამალი არაა, რომ ფარული დაპირისპირება სპეცსამსახურებს შორის ყველა საერთაშორისო გამოფენის თანმდევი პროცესია. არც „სამეცნიერო კვლევები და განვითარება აშშ–ში“ იყო გამონაკლისი: ამ ღონისძიებისთვის ადრევე ემზადებოდა, როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, ასევე კა–გე–ბე. ამერიკის მთავრობისთვის გამოფენა ასევე საბჭოთა საზოგადოების შესწავლის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. სპეციალურ ინსტრუქტაჟგავლილი გიდები, რომლებიც ღიად ურთიერთობდნენ დამთვალიერებლებთან აგროვებდნენ სოციოლოგიურ მონაცემებს საქართველოს მოსახლეობის განწყობის, ცხოვრების დონის, კულტურისა და ეროვნული მახასიათებლების შესახებ. შემდეგ კი USIA გამოფენაზე მისულ მოქალაქეებთან კონტაქტის შედეგად ადგენდა ანალიტიკურ ცნობებს სხვადასხვა თემატური მიმართულებით და ახდენდა ვიზიტორთა რეაქციების ანალიზს. ასე რომ, ეს იყო არა უბრალოდ ამერიკელების კულტურული ღონისძიება, არამედ დასავლური ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია და საბჭოთა რეალობასთან კონტრასტის შექმნა. საბოლოო ჯამში კი, კარგად დაგეგმილ/განხორციელებული ამერიკული „რბილი ძალის“ ოპერაცია.

პ.ს. 1972 წლის თებერვალში, თბილისში გამოფენის დასრულების შემდეგ ამერიკელებმა შესაბამისი ანალიტიკური მოხსენება შეადგინეს, სადაც განსაკუთრებით ერთი ფაქტი არის გამოსარჩევი: ირკვევა, რომ არარუსი ვიზიტორები ხშირად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ამერიკელ გიდებთან რუსულად კომუნიკაცია უწევდათ. მაგალითად, მოყვანილია ქართველი მილიციონერი, რომელმაც სასტიკი უარი განაცხადა რუსულ ენაზე დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე (რომელზეც აშკარად კარგად საუბრობდა). ხომ ძალზე ნაცნობი ქართული ისტორიაა?