დაბომბილი ტაძრის "წყევლა": მოსკოვის შავი დღეები - ქართველი გენერალ-მაიორის ანალიზი: რა ხდება უკრაინის ფრონტზე?! - კვირის პალიტრა

დაბომბილი ტაძრის "წყევლა": მოსკოვის შავი დღეები - ქართველი გენერალ-მაიორის ანალიზი: რა ხდება უკრაინის ფრონტზე?!

18 ივნისს მოსკოვი უკრაინელების უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური თავდასხმის სამიზნე გახდა. რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩამოგდებულია 200-მდე უპილოტო საფრენი აპარატი. "უკრაინას არასდროს სურდა ომი, მაგრამ რუსე­ბმა უნდა გაიგონ: თუ უკრაინა ცეცხლში იქნება, ცეცხლში იქნება თქვენი მოსკოვიც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა: დადგა დრო, რომ ეს აგრესია დასრულდეს, დადგა დრო, რომ ეს ომი დასრულდეს", - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ დროა რუსეთის მოქალაქეები გამოფ­ხიზლდნენ და პუტინზე ზეწოლა დაიწყონ, რათა მან შეწყვიტოს ომი... უკრაინის დრონების შეტევების შედეგად სამ დღეში მეორედ დაზიანდა მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთში ნავთო­ბის გადამმუშავებელი საწარმო. თავდასხმას მოჰყვა ავიაკავშირის დარღვევა, მოსკოვში გზების გადაკეტვა. დაზიანდა კიდევ რამდენიმე ობიექტი, მათ შორის მსხვილი სავაჭრო ცენტრი და მოსკოვის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები. გავრცელდა ცნობები 17 დაშავებულის შესახებ. ზელენსკიმ ამ დარტყმებს უწოდა უკრაინის "აბსოლუტუ­რად სამართლიანი" პასუხი ბოლო პერიოდში რუსეთის მასშტაბურ თავდასხმებზე, მათ შორის კიევზე. ერთ-ერთ თავდასხმას მოჰყვა ხანძარი კიევ-პეჩორის ლავრაში. მაშინ ზელენსკი ამბობდა, რომ ამას უკრაინა უპასუხებდა...

ვახტანგ კაპანაძე, გენერალ-მაიორი

- სად არის სახელგანთქმული უძლეველი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდა­ცვის სისტემა? საუბარია ბირთვულ სახელმწიფოზე, რომელიც სცენარულ ვარიანტში მაინც დაცული უნდა იყოს მოწინააღმდეგის ასევე ბირთვული დარტყმებისაგან.

დღეს კი რას ვხედავთ: მოსკოვის გარშემო, თუ არ ვცდები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის 5 სარტყელია. პაროდიაა კრემლის ქონგურებზე ტყვიამფრქვევიანი ჯარისკაცები, აღარაფერს ვამბობ საზენიტო დანადგარებზე, რომლებიც მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე დადგეს, მანამდე კი სხვადასხვა ტიპის რაკეტების და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მთელი რგოლი მოსკოვის გარშემო. ამ საჰაერო თავდაცვის სისტემის აღმოჩენა უკრაინელების კარგი დაზვერვის დამსახურებაა.

საოცარია, რომ ასე ადვილად იბომბება მოსკოვი, თორემ ის, რომ ამხელა ტერიტორიაზე რუსები ყველაფერს ვერ განათავსებენ, ფაქტია. დაზიანებული და განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების აღდგენა მარტივად არ ხდება, ვინაიდან რთული სისტემაა, რომელიც მაღალტექნოლოგიებს მოითხოვს. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის მიმართულებაზე 180 დრონი ჩამოაგდეს. თვითონ მოსკოველები "იუთუბზე" ვიდეოებში ამბობენ, რომ 30-40 აფეთქების ხმა გაიგონეს. მაგალითად, ჟუკოვსკის რაიონში, მოსკოვის მახლობლად, დრონი მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, არ გამოირიცხება, რომ ეს ჩახშობილი დრონი იყო, რომელიც უმისამართოდ წავიდა, ვინაიდან უკრაინელები მაქსიმალურად ცდილობენ დაარტყან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს. 100 დრონიდან 90-95 თუ ჩამოაგდეს, 5 დრონი ხომ მაინც მოხვდება მიზანს და ამის შედეგია ის, რომ მოსკოვის ცენტრიდან 15 თუ 11 კმ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შავ კვამლშია გახვეული. ფაქტია, უკრაინელებს შეუძლიათ დღეში 300-400 დრონი გაუშვან, ისინი ამას ახერხებენ.

- ამას ემატება დიდი შვიდეულის ქვეყნების გადაწყვეტილება, უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით დაეხმარონ...

- არამარტო რაკეტსაწინააღმდეგო, შორი მოქმედების დარტმითი საშუალებებითაც და წარმოებითაც. ეს არა მხოლოდ დრონებია, არამედ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. ახლახან უკრაინამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შექმნა შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტა. ფრთოსან რაკეტასთან შედარებით, ბალისტიკური ძალიან რთული კონსტრუქციისაა, მაგრამ ეფექტიანი. მოსკოვზე დარტყმები არის უკრაინელების სისტემური მოქმედება, ე.წ. პროექტი თუ პროგრამა, ლოჯისტიკის ლოკდაუნის შემადგენელი ნაწილი. ამით უკრაინელები მაქსიმალურად შლიან რუსების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მათ შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნავთობსაცავებზე დარტყმა, რათა საწვავის მნიშვნელოვანი მარაგი შეუმციროს რუსეთს.

- როგორც ჩანს, მოსკოვზე იერიშის მიტანა მხოლოდ დედაქალაქის და კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვის პასუხი არ იყო, ზელენსკის განცხადებით, უკრაინელები ცდილობენ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე წამოიყვანონ პუტინი.

- არა მგონია, რომ ეს იმპულსური მოქმედება იყოს. ეს მეორე დარტყმა მოსკოვის ნავთობსაწარმოზე გაცილებით ეფექტიანი იყო, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ეს არის ამ პროგრამის თუ პროექტის შემადგენელი ნაწილი, სისტემის ერთ-ერთი ფაზა. ვინაიდან ამ სისტემაში ჩადებულია კასკადური ეფექტის კონცეფცია, ანუ ერთმა ზარალმა უნდა გამოიწვიოს მეორე, სტრატეგიული ობიექტის განადგურება, ლოჯისტიკური, საწვავით მომარაგების მოშლა, ასევე რუსეთის საწვავით ფულის მიღების შეზღუდვა, რაც მას ომის გასაგრძელებლად სჭირდება. ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია რუსებმა იგრძნონ, რომ ომი მიუბრუნდათ სახლში. და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პუტინი აიძულონ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

უკრაინასთან დასავლეთია, რომელიც მარტო არ ტოვებს რუსეთთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სანამ მოლაპარაკების მაგიდას მიუს­ხდებიან, ორივე მხარე ცდილობს მაქსი­მალური ბენეფიტის მოპოვებას. ორივე ხვდება, რომ დადგება ეს მომენტი და ცდილობს, ტრამპის ტერმინს გამოვიყენებ, "კოზირებით" მივიდნენ მაგიდასთან, ორივეს მყარი არგუმენტები ჰქონდეს. ამ შემთხვევაში გაცილებით მყარი არგუმენტები აქვს უკრაინას. ამავე დროს, ამ დაპირისპირებაში უკრაინას მხარში უდგას 500-მილიონიანი ევროპა თავისი პოტენცია­ლით (ამას დავუმატოთ 300-მილიონიანი ამერიკაც) და ვინ უდგას რუსეთს უკან? - ჩრდილოეთი კორეა, ირანს კი თავისი გასჭირვებია. ჩინეთი რუსეთის სიტუაციური მოკავშირეა და სულაც არ სჭირდება ძლიერი რუსეთი, დასუსტებული და მასზე ჩამოკიდებული აწყობს.

- როგორი შეიძლება იყოს პუტინის შურისძიება?

- ვერ გეტყვით, პუტინის თავში რა მოიხარშება. სლავების მთავარ სიწმინდეს, კიევ-პეჩორის ლავრას რომ დაარტყამ, რაზეა ლაპარაკი? მთელი რუსული სუბკულტურა თავისი შანსონით, ანეკდოტებით და ფილმებით დამთავრებული, აგებული იყო ოდესაზე და ახლა რუსეთი უმოწყალოდ ბომბავს ოდესას. ეს ბარბაროსობა რუსეთისთვის, პუტინის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია - მე თუ არა, არც არავინ - ასეთი პრინციპია. ამავე დროს რუსეთი ყირიმს კარგავს, ის ბლოკადაშია, ყირიმში მოსახლეობა შავ დღეშია. ტურისტული სეზონის ჩავარდნას ვინ ჩივის, ჭირს საწვავის, პროდუქტის, საკვების მიწოდება, აბსოლუტურად ყოველღამ დრონების წუილია.

- როგორც კი რუსეთი ჩიხში შედის, პუტინი მაშინვე ბირთვულ მუქარაზე გადადის. მართლა არის სტრატეგიული ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამომყენებელი?

- ეჭვი მეპარება. მეორე საკითხია, რამდენად ქმედითია ეს იარაღი, ვინაიდან ბირთვულ იარაღს ბევრი პროცედურის ჩატარება, შენახვისა და ტექნოლოგიური მოვლის წესები სჭირდება. არ ვიცი, ამას რუსები რამდენად რეგულარულად აკეთებენ, იმიტომ, რომ ბევრ შემთხვევაში რუსების ცდები და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სწავლებები წარმატებული არ აღმოჩნდა.

წაიკითხე ვრცლად