"ისტორიული და ემოციური დღეა": საია-მ სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების საქმეები მოიგო - რას წერს თამარ ონიანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.
როგორც საია-ს თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, ევროსასამართლომ სამხედრო პირების ინდივიდუალურ საქმეებში რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაუდგინა.
მისი განმარტებით, „სახელმწიფოთაშორის საქმეში მხოლოდ პროცედურული დარღვევა დადგინდა და ეს განვითარება არის ყველაზე სწორი, რაც საერთაშორისო სასამართლოს შეეძლო, რომ ომის საქმეზე ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაეკეთებინა”.
აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოებას 15:00 საათზე მიაწვდის.
„ისტორიული და ემოციური დღეა, რადგან ის სიმართლე, რომელიც ისედაც ვიცით, სტრასბურგის სასამართლოს მიერაც დადასტურდა.
ეს არის 2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით და ავტომატურად არ თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეფასებებში ვერ შევიდოდა. [ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არ მარტო, საქართველოსთვის, არამედ კონვენციური სისტემისთვისაც].
რუსეთის ფედერაციამ მოკლა გიორგი ანწუხელიძე;
რუსეთის ფედერაციამ მოკლა კახაბერ ხუბულური;
რუსეთის ფედერაციამ მოკლა უშანგი სოფრომაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა გიორგი ანწუხელიძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა უშანგი სოფრომაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ხუბულური;
რუსეთის ფედერაციამ აწამა დავით მალაჩინი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა ზაზა კავთიაშვილი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა იმედა კუთაშვილი;
რუსეთის ფედერაციამ აწამა მალხაზ მელაძე;
რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ზირაქაშვილი.
რუსეთის ფედერაციამ არ გამოიძია არც ერთი ეს საქმე.
"ინტერპრესნიუსი"