"სააკაშვილს ვერ დავეთანხმები, „თუხთუხი“ არ შეესაბამება ჩვენს საჭიროებას, სწორედაც რომ ვთუხთუხებთ და უბედურება ესაა" - აკაკი ბობოხიძე
მიხეილ სააკაშვილს უნდა იყოს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, არამედ ზოგადად ოპოზიციური ბანაკის ლიდერი, რაც ვერ იქნება, ამ ეტაპზე, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
აკაკი ბობოხიძემ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებზე სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ და ამ თვალსაზრისით აღნიშნა, რა არის ურთიერთობაში მთავარი პრობლემა.
„მთავარი პრობლემა ამ ურთიერთობაში იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა იყოს არამხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, არამედ ზოგადად ოპოზიციური ბანაკის ლიდერი, რაც ვერ იქნება, ამ ეტაპზე. არ ვიცი, მომავალში მიაღწევს, არ მიაღწევს. მიხეილ სააკაშვილმა მიაღწია ამას თავის დროზე, შევარდნაძის დროს, მაგრამ იქაც კი ყველას ლიდერი არ აღმოჩნდა - არ აღმოჩნდა „ლეიბორისტების“ ლიდერი, არ აღმოჩნდა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, მაგრამ აღმოჩნდა შევარდნაძის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ბანაკის ლიდერი. ამ ყველაფერს მიღწევა სჭირდება და მარტო სურვილის გამოთქმა არ კმარა. „ოპოზიციური ალიანსი“ არ არის პოლიტიკური ბლოკი, ოპოზიციური ალიანსი არის, ჩვენი აზრით, ერთობის საჭიროების შეთანხმებაზე დაფუძნება. ერთობა საჭიროა ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ბობოხიძემ.
აკაკი ბობოხიძის თქმით, გაგრძელდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ თანამშრომლობა, ეს გამოჩნდება „ნაცმოძრაობაში“ ყრილობის შემდგომ.
„ახლა, ორ თვეში არჩევნები იქნება და გამოჩნდება, „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს თუ არა შეთანხმებულ წესებზე დაფუძნებით ურთიერთობის გაგრძელებას. თუ ჩვენი ურთიერთობა წესებზეა დაფუძნებული და იმ წესებს არ უშვებ, ე.ი. ეს ურთიერთობა არ არის“, - განაცხადა ბობოხიძემ.
ამასთან, პოლიტიკოსმა შეაფასა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ოპოზიციის აქტიურობა საკმარისი არ არის და საჭიროა „შიდა თუხთუხი“.
„ამ განცხადებას არა, ვერ ვიზიარებ. პირველ რიგში, სიტყვა „თუხთუხი“ ჩემი აზრით, სრულიად არ შეესაბამება ჩვენს საჭიროებას. აი, სწორედაც რომ ვთუხთუხებთ, უბედურება ეს არის და ჯერჯერობით ნაბიჯებს ვერ ვდგამთ“, - აღნიშნა მან.
ამასთან, ბობოხიძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ოპოზიციურ პარტიებს ნდობა არ აქვთ, სწორი არ არის. მისი შეფასებით, ყველა პოლიტიკურ ლიდერს აქვს იმ მასშტაბის ნდობა, რა მასშტაბის ამომრჩეველიც მას უჭერს მხარს.
„ეს მდგომარეობა გვაქვს ახლა, როდესაც არ არსებობს ერთი ყოვლის მომცველი ლიდერი. სწორედ ასეთ შემთხვევაში გვჭირდება პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკურ ლიდერებს გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა“, - განაცხადა ბობოხიძემ.
"ინტერპრესნიუსი"