"დიახ,  ნამდვილად არსებობს დოკუმენტი, რომელიც ქართული ტერიტორიების ანექსიას გულისხმობს, მაგრამ..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: რას გეგმავს რუსეთი ცხინვ - კვირის პალიტრა

"დიახ, ნამდვილად არსებობს დოკუმენტი, რომელიც ქართული ტერიტორიების ანექსიას გულისხმობს, მაგრამ..." - მამუკა არეშიძის ანალიზი: რას გეგმავს რუსეთი ცხინვალსა და აფხაზეთში?

ცხინვალის რეგიონში განვითარებულ პროცესებს ქართველი საზოგადოების ერთ ნაწილში მწვავე შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები და კონფლიქტოლოგთა ნაწილი აცხადებს, რომ ე.წ. პრემიერ-მინისტრად მარატ კამბოლოვის დანიშვნა შესაძლოა, მოსკოვის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის მზადების ნაწილი იყოს. მათი შეფასებით, უკრაინაში გაჭიანურებული ომისა და რუსეთისთვის შექმნილი რთული ვითარების ფონზე, კრემლმა შესაძლოა სამხრეთ კავკასიაში „სიმბოლური გამარჯვების“ მიღწევა სცადოს. პარალელურად, კრიტიკის საგანია საქართველოს ხელისუფლების სიჩუმეც. რატომ არ კეთდება მკაფიო განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მიმართ და რამდენად რეალურია ანექსიის საფრთხე? ამ საკითხებზე ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ არასწორია გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს კაბალოვი რუსია, ის ჩრდილოელი ოსია. რაც შეეხება ანექსიას, დიახ, ნამდვილად არსებობს დოკუმენტი, რომელიც ქართული ტერიტორიების ანექსიას გულისხმობს, მაგრამ აქ ახალი არაფერია. ეს საკითხი ყოველთვის იდგა დღის წესრიგში, ეს არის დამოკლეს მახვილი, რომელიც საქართველოს თავზე კიდია. თუ რუსეთის შეფასებით საქართველო „არასწორად“ მოიქცევა, ამ დოკუმენტებზე ხელმოწერას წინ აღარაფერი დაუდგება. რა აჩერებს რუსეთს? - დღეს, პრაქტიკულად, არაფერი. მისთვის არც საერთაშორისო სამართალი წარმოადგენს შემაკავებელ ფაქტორს, არც რაიმე ვალდებულება და არც სხვა გარემოება. რუსეთი ახლა დაჭრილი დათვის მდგომარეობაშია – ომს ვერ იგებს, მისი დედაქალაქი იბომბება და პრობლემები ექმნება თითქმის მთელი სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ, იქნება ეს ცენტრალური აზია, ჩინეთის მიმართულება თუ კავკასია, ამიტომ მას ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ცხინვალის ე.წ. პრემიერ მინისტრი - კაბალოვი, ივანოვი თუ ნებისმიერი სხვა, კრემლის დავალებას ნებისმიერი შეასრულებს.

- ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებისა და რუსეთის შესაძლო გეგმების ფონზე, ანალიტიკოსებისა და ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ზედმეტ სიფრთხილესა და სიჩუმეში ადანაშაულებს. თქვენი შეფასებით, რამდენად გამართლებულია ხელისუფლების ამჟამინდელი პოლიტიკა და საკმარისად აქტიურია თუ არა თბილისი ამ მიმართულებით?

– მე არ მიკვირს საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე. დღევანდელ არეულ და რთულ ვითარებაში ეს სიჩუმე ოფიციალური პოლიტიკის თვალსაზრისით ლოგიკურიც კია. თუმცა, მნიშვნელოვანია, მუშაობა გააქტიურდეს არაოფიციალური პოლიტიკის ნაწილში. ბევრად უფრო აქტიური და სისტემური საქმიანობაა საჭირო, განსაკუთრებით - "რბილი ძალის" გამოყენების მიმართულებით, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან მიმართებით. არ შეიძლება, მშვიდად ვუყურებდეთ იმას, რაც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. განსაკუთრებით აფხაზეთში, სადაც სკოლებში ქართული ენა, ფაქტობრივად, აკრძალულია. აუცილებელია მაქსიმალური რესურსის გამოყენება, რათა კონფლიქტის ესკალაციის, ხმაურისა და „ხელების გადაგრეხვის“ გარეშე ვიმუშაოთ პრობლემების მოგვარებაზე.

- როდესაც რუსეთი უკრაინაში დასახულ მიზნებს ვერ აღწევს და საკუთარ ტერიტორიაზეც მზარდი გამოწვევების წინაშე დგას, აფხაზ და ოს საზოგადოებებში განიხილება თუ არა საკითხი, რამდენად საიმედო მფარველი და პარტნიორია დღეს მოსკოვი?

- რა თქმა უნდა, განიხილება. ეს აფხაზური ოპოზიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასაუბრო თემაა. მართალია, ძალიან ფრთხილად და მოზომილად, მაგრამ - მაინც საუბრობენ. ამ თვალსაზრისით, საინტერესო იყო კან კვარჩიას ბოლო პრესკონფერენცია. შეგახსენებთ, რომ მას რუსულმა სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და მოქალაქეობაც ჩამოართვა. მის განცხადებებში აშკარად იკითხებოდა მინიშნება იმაზე, რომ მიუხედავად რუსეთის „მეგობრობისა“, მოსკოვი ყოველდღიურად უფრო და უფრო უჭერს მარწუხებს აფხაზურ მხარეს. ეს განწყობა სოციალურ ქსელებშიც კარგად ჩანს. აფხაზ საზოგადოებაში არსებობს უკმაყოფილება, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ვერ გამოდიან იმ წარმოდგენიდან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა – რუსეთი არის „მეწველი ძროხა“. ბევრისთვის ჯერ კიდევ რთულია იმის გააზრება, რომ ეს „მეწველი ძროხა“ შესაძლოა, უკვე ხარად იქცა.

- ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში არა ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, აფხაზეთში ქართული დროშების და სხვა ეროვნული სიმბოლოების გამოჩენის შესახებ. ეს შემთხვევითი მოვლენებია თუ გარკვეულ ტენდენციაზე მიანიშნებს?

- ზოგ შემთხვევაში ეს გაღიზიანებული ადამიანების პროტესტია, ზოგ შემთხვევაში კი ისეთი ფაქტი, რომელსაც უბრალოდ ყურადღებას არ აქცევენ. პირადად მე ვარ იმის მომსწრე... უფრო სწორად, ვიჯექი ავტომობილში, რომელსაც ერთ-ერთი გავლენიანი აფხაზის ქართველი მეუღლე მართავდა. მას მთელი ხმით ჰქონდა ჩართული ქართული სიმღერები, მაგრამ ხმაც კი არავის გაუცია. ქართული სიმღერები, ცეკვები და სადღეგრძელოები აფხაზეთში არა ერთ ადგილას შემინიშნავს. სხვათა შორის, ძალიან აქტიურად იყიდება ხვიჩა კვარაცხელიას მაისურებიც. ცხინვალში დღესაც იყიდება ქართული ლიმონათი „ნატახტარი“. ამის გამო ადგილობრივ მედიაში აჟიოტაჟიც იყო, თუმცა ხელისუფლების რეაქცია არ მოჰყოლია. „ნატახტარიც“, ქართული მინერალური წყლებიც და სხვა ქართული პროდუქციაც კარგად იყიდება როგორც ცხინვალში, ასევე - აფხაზეთში. თუმცა მეორე მხარეც არსებობს, მაგალითად, გალის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს, შოთა ჭეიშვილს, პროქართული საქმიანობის გამო ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ პრობლემა სისტემური მიდგომის არარსებობაა. საჭიროა ძლიერი, თანმიმდევრული სისტემა, რომელიც რბილი ძალის გამოყენებაზე იქნება ორიენტირებული. ბევრი ისეთი რამ ხდება, რაზეც საჯაროდ საუბარი შეუძლებელია, მაგრამ კულუარებში კეთდება. ეს ყველაფერი ერთიან სახელმწიფო პოლიტიკად უნდა იქცეს.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)