რა "სიურპრიზს" უმზადებს პუტინს წითელ მოედანზე უკრაინის არმია?! - მამუკა მამულაშვილი: " ჩვენი საბოლოო მიზანი რუსეთის განდევნაა აფხაზეთიდან და ცხინვალიდან"
"რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები კიდევ უფრო გაძლიერდება და სამიზნედ შესაძლოა, მოსკოვის ცენტრთან მდებარე სამხედრო ობიექტებიც იქცეს", - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი აცხადებს. მისი თქმით, უკრაინა უკვე ომის ახალ ტექნოლოგიურ ეტაპზე გადადის, აქტიურად ავითარებს ახალი თაობის დრონებსა და ბალისტიკურ იარაღს, რაც ბრძოლის ველზეც და რუსეთის სიღრმეში განხორციელებულ ოპერაციებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მამულაშვილი ასევე პირველად საუბრობს კურსკის ოპერაციის იმ დეტალებზე, რომლებიც აქამდე სამხედრო საიდუმლოებას წარმოადგენდა და მხოლოდ ახლახან გახდა საჯარო. როგორც ირკვევა, 2024 წლის აგვისტოში დაწყებული ოპერაციის დროს, რომელსაც ბევრი სამხედრო ექსპერტი უკრაინა-რუსეთის ომის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და რთულ ეპიზოდად მიიჩნევს, „ქართული ლეგიონი“ უკრაინულ ძალებთან ერთად ავანგარდში მოქმედებდა და რუსეთში შესვლის ოპერაციაში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო.
- მართალია, კურსკის ოპერაციასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი გასაჯაროვდა, თუმცა კვლავ რჩება საკითხები, რომლებზეც საუბრის უფლება არ გვაქვს. ჩვენ ხელმოწერილი გვაქვს გაუთქმელობის შეთანხმება და ის ინფორმაცია, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო თავად არ გაასაჯაროებს, ჩვენი მხრიდანაც ვერ გახდება საჯარო.
მიუხედავად ამისა, შემიძლია დავადასტურო, რომ „ქართული ლეგიონი“ ამ ოპერაციის ავანგარდში მოქმედებდა. შეიძლება ითქვას, რომ უკრაინელ მებრძოლებთან ერთად ქართველებიც იყვნენ მათ შორის, ვინც ერთ-ერთმა პირველებმა გადაკვეთეს საზღვარი და ოკუპანტის ტერიტორიაზე ფეხი დადგეს.
- თავადაც მონაწილეობდით ამ ოპერაციაში?
- დიახ, რა თქმა უნდა.
- აფხაზეთის ომგამოვლილი ადამიანისთვის რა განცდა იყო ოკუპანტის ტერიტორიაზე ქართული დროშებით შესვლა?
- დიდი ხანია, ემოციები აღარ მმართავს. ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ეს ომი პირდაპირ აისახება საქართველოს თავისუფლებაზე. ჩვენი საბოლოო მიზანი საქართველოს დეოკუპაცია და რუსეთის განდევნაა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
- გასაგებია, რომ კურსკის ოპერაციის დეტალებზე ვერ ისაუბრებთ, თუმცა საინტერესოა თქვენი ვერსია, თუ რა იყო მისი მთავარი შედეგი - უკრაინამ უფრო მეტი სამხედრო-სტრატეგიული სარგებელი მიიღო, თუ ეს, პირველ რიგში, პოლიტიკური და ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე ოპერაცია იყო?
- უკრაინამ შეძლო რუსეთის ჯარის დეკონცენტრაცია, ძალების გაფანტვა და იმ მიმართულებებიდან გადმოყვანა, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის. კურსკის ოპერაციამ აიძულა რუსეთი, საკუთარი ტერიტორიის დაცვაზე გადართულიყო. თუ რუსეთი ვეღარ ახერხებს დონეცკის მიმართულებაზე იმ ინტენსივობით მოქმედებას, როგორც ადრე, ეს უკვე ნიშნავს, რომ ოპერაციამ თავისი მთავარი მიზანი შეასრულა.
- ოპერაციის კრიტიკოსები ამბობენ, რომ უკრაინამ საკმაოდ დიდი დანაკარგიც განიცადა....
- სამწუხაროდ, ომში დანაკარგი გარდაუვალია და ეს თითოეულმა ჩვენგანმა იცის. ახლა მე რომ ცოცხალი ვარ და თქვენ გესაუბრებით, ეს მხოლოდ შემთხვევითობის წყალობაა. ხვალ ვის რა მოგვივა, არც ერთმა ჯარისკაცმა არ იცის. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მიღებული შედეგი მიღწეულია, რუსეთმა დაკარგა შესაძლებლობა, ძალების კონცენტრაცია მოეხდინა მისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
- თანამედროვე ომში დრონების როლი სულ უფრო იზრდება. როგორ შეიცვალა ბრძოლის ველი ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
- დღეს ნამდვილად სრულიად სხვა ომია, ვიდრე 2022 წელს იყო. ტექნოლოგიების განვითარებამ ბრძოლის ველი რადიკალურად შეცვალა. გაიზარდა როგორც სახმელეთო, ისე - საჰაერო დრონების მნიშვნელობა. ფაქტობრივად, ტექნოლოგიები განსაზღვრავს ყველაფერს. შესაბამისად, შეიცვალა „ქართული ლეგიონის“ ბრძოლის სპეციფიკა. მებრძოლების დიდი ნაწილი დრონების მიმართულებაზე გადავიდა, გაიარა შესაბამისი მომზადება, მუშაობს ახალ სისტემებსა და მოდიფიკაციებზე. თანამედროვე ომი ტექნოლოგიებს ეყრდნობა და ამ პროცესს ვერ ჩამოვრჩებოდით.
- დღეს ვის მხარეს არის სტრატეგიული ინიციატივა?
- ამ ეტაპზე სტრატეგიული ინიციატივა გარკვეულწილად გაყინულია. ფრონტი უკიდურესად გამჭვირვალე გახდა. ნებისმიერი გადაადგილება ძალიან რთულია, რადგან თითქმის მყისიერად ხვდება დრონებისა და სადაზვერვო სისტემების ხედვის არეში. სწორედ ამიტომაა ფართომასშტაბიანი წინსვლა ორივე მხარისთვის ძალიან გართულებული.
- ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს კიდევ უფრო გააძლიერებს და უკვე ფლობს დრონებს, რომლებსაც 3 000 კილომეტრზე მეტ მანძილზე მოქმედება შეუძლიათ. რამდენად რეალურია შორი მოქმედების დარტყმებით რუსეთისთვის სერიოზული სტრატეგიული ზიანის მიყენება?
- უკრაინა ამ შესაძლებლობებს უკვე იყენებს და ეტაპობრივად ზრდის როგორც მანძილს, ისე - დარტყმების ეფექტიანობას. დღეს მას შეუძლია ლოგისტიკურ სიღრმეში მდებარე სამხედრო ინფრასტრუქტურისა და ობიექტების განადგურება. ეს პროცესი გაგრძელდება. ველოდებით ახალი თაობის დრონების გამოყენებას, ასევე, უკრაინული ბალისტიკური იარაღის მასობრივ წარმოებას, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის როგორც ბრძოლის ველს, ისე - მთლიანად ომის მიმდინარეობას.
- უკრაინული ბალისტიკური იარაღისა და ახალი დრონების გამოჩენა რამდენად შეცვლის ძალთა ბალანსს?
- რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკვე სერიოზულ პრობლემებს აწყდება დრონების მოგერიებისას. როდესაც უკრაინული ბალისტიკური იარაღიც მასობრივ წარმოებაში შევა, ეს რუსეთისთვის დამატებითი გამოწვევა იქნება. ტექნოლოგიური უპირატესობა დღეს ომის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
- სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, რომლებზეც კრემლის ფონზე უკრაინელი მებრძოლების შევრონებია გამოსახული, თან ახლავს გზავნილი - „ჩვენ ახლოს ვართ“. თქვენი შეფასებით, არის თუ არა ეს მხოლოდ ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილი თუ... კიევი მართლაც ამზადებს ისეთ ნაბიჯს, რომელიც მოსკოვისთვის სერიოზულ სამხედრო თუ პოლიტიკური სიურპრიზი შეიძლება აღმოჩნდეს?
- ეს არის ის სიურპრიზი, რომლის შესახებ წინასწარ საუბარი არ შეიძლება.
- შესაძლებელია, რომ მომავალში უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები მოსკოვისა და წითელი მოედნის მიმდებარე სტრატეგიულ ობიექტებზეც გავრცელდეს?
- რა თქმა უნდა. წითელ მოედანთან მდებარეობს სამხედრო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. თუ ლეგიტიმური სამიზნეა, უკრაინას სრული უფლება აქვს, ასეთ ობიექტებს დაარტყას. ჩემი აზრით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან სწორედ იქიდან იმართება ეს აგრესია. მნიშვნელოვანია, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა საკუთარ თავზე შეიგრძნონ ის, რასაც ყოველდღიურად განიცდის უკრაინის მოსახლეობა.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)