ცნობილი თურქ ვარსკვლავებს ნარკოსკანდალის გამო პოპულარული სერიალებიდან ხსნიან: ვის ემუქრება პატიმრობა
თურქეთში შოუბიზნესის ვარსკვლავების მასშტაბური დაკავებები ანტინარკოტიკული ოპერაცია "განთიადის" ფარგლებში მიმდინარეობს. საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია 250-ზე მეტი ადამიანი.
გამოძიება 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე გრძელდება. მასშტაბური რეიდები სტამბოლის ელიტური ღამის კლუბების ჩხრეკით დაიწყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ აკრძალული ნივთიერებები მასიურად მიეწოდებოდა ბოჰემურ წვეულებებს, რომლებიც ვილებსა და იახტებზე იმართებოდა.
თურქეთის კანონმდებლობა უკიდურესად მკაცრია. ნივთიერებების შეძენა, შენახვა ან მოხმარება მინიმალური დოზითაც კი, პირადი მოხმარების მიზნით, ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას. უკანონო წარმოების, იმპორტის, ექსპორტის ან გაყიდვისთვის 10-დან 20 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული, ხოლო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა ან დაფინანსება ისჯება 20-დან 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მარტში სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე ვარსკვლავის დაპატიმრების ორდერი გასცა. ეჭვმიტანილთა სიაში ჰანდე ერჩელთან ერთად აღმოჩნდა მისი ყოფილი შეყვარებული, მილიარდერი ჰაკან საბანჯი და მისი ძმა ქერიმიც. იმ მომენტში მსახიობი ლონდონში სწავლობდა, საიდანაც განაცხადა, რომ მზად იყო დაბრუნებულიყო და გამოძიებასთან ეთანამშრომლა. თურქეთში დაბრუნების შემდეგ მსახიობი აეროპორტში დააკავეს. მან ბიოლოგიური ნიმუშები ჩააბარა. სისხლისა და თმის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა შარდში ნივთიერებების კვალი დაფიქსირდა. მსახიობის დაცვამ ეს ფაქტი ლეგალური სამედიცინო პრეპარატების - ტკივილგამაყუჩებლებისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით განმარტა.