მეცხვარეებს გადასარეკ ტრასებს აღარ უტოვებენ
თუშური ცხვარი ქართული ცხვრის ჯიშიდან დაახლოებით 8 საუკუნის წინ არის გამოყვანილი - უნიკალური ყველით, მატყლითა და სახორცე ღირებულებებით, მუდმივი ომიანობისას მოსახლეობის შენახვის უნარით. მისი რაოდენობა მოსახლეობასთან ერთად მცირდებოდა და შემდეგ კვლავ აღორძინდებოდა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდანაც დაახლოებით ასე მოხდა, როდესაც ეკონომიკის დაცემის, თუში მეცხვარის გახიზვნის გამო თუშური ცხვრის განადგურებაც დაიწყო. თუმცა შემდეგ წლებში, როდესაც თუშმა ცხვრისკენ ისევ მოიხედა, ამჯერად ქართულმა სახელმწიფომ გამოაცალა ნიადაგი ქართულ ცხვარს...
მთა-თუშეთის საგაზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალი ცხვრის ტრასების უდიდესი ნაწილი კერძო პირებმა იყიდეს. დღეს ეს პირები საკუთრების უფლების დაცვით ცხვარს ამ გზაზე ან არ ატარებენ, ან გზის გავლაში ძალიან დიდ გადასახადს ითხოვენ, რაც მეცხვარეობაზე ხელის აღებისა და ამ კულტურის განადგურებას წინა პირობაა. როგორ არსებობს დღეს მილევის გზაზე დამდგარი თუშური ცხვარი, ამის შესახებ თუშური მეცხვარეობის განვითარების გაერთიანების თავმჯდომარეს ბორძა ცაძიკიძეს ვესაუბრეთ.
- ქვეყნის გულშემატკივრებში არავინ მეგულება, თუშ მეცხვარეს არ თანაუგრძნობდეს ცხვრის ტრასის გაყიდვის გამო. საერთო აზრით, ეკონომიკის განვითარების ნაცვლად, ასეთი ქმედებით სახელმწიფომ უნიკალური კულტურის გადაშენებას შეუწყო ხელი.
- ერთია, რომ ამ დღეში ჩაგდებით ჩვენს ამ მართლაც უნიკალურ ჯიშს გადაშენება ემუქრება, მეორე ის არის, რომ ასეთი საქმის ჩამდენები ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც შლიან. ის გზა, რომელზეც თუშური ცხვარი უკვე საუკუნეებია დადის, რეალურად ქართული მატერიალური კულტურის ძეგლია და მასთან ასე უდიერად მოქცევის უფლება არავის ჰქონდა. ვინ მისცა უფლება სახელმწიფო სავარძლებში დროებით მჯდარ ადამიანებს, რომ ეს ღირებულებები ასეთ მძიმე დღეში ჩაეგდო?! ქართულ ცხვარს ამ ტრასაზე 50 მ სიგანის ფართობი ეკუთვნის სავალად. კეთილდღეობას დახარბებულმა ხალხმა ეს ფართობები ბოლო მეტრამდე გაყიდა და ცხვარი ასფალტზე შეაგდო, სადაც სიარული წარმოუდგენელია. განა რა სიკეთე ნახა ეკონომიკამ ასეთი, რომ ცხვარს ეს 50 მეტრი წაგლიჯა და გადაშენების პირას დააყენა?! არაფერი! მხოლოდ ვიღაცებმა მოიწყვეს პირადი კეთილდღეობა ქართული ცხვრისა და მეცხვარის გაწირვის ხარჯზე. ცხადია, გაყიდულია ტრასაზე ცხვრის მოსასვენებელი ადგილებიც. მეცხვარემ ისიც არ იცის, ასფალტზე სიარულით გასავათებული ცხვარი სად დაასვენოს და როცა სადმე დაასვენებს, რა თანხას მოსთხოვს მეპატრონე.
- არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ უკვე გასხვისებულ ტერიტორიებზე მესაკუთრეები მეცხვარეებს ფულს სთხოვენ, რათა ცხვარი გზაზე გაატარონ.
- რა თქმა უნდა, სთხოვენ და ზოგიერთის მადას საზღვარი არა აქვს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში აგდებენ მეცხვარეს, როცა ამ ფულის მოთხოვნებს წარმოუდგენლად უზრდიან. ნატურის სახითაც ითხოვენ, ფული თუ არა გვაქვს, გავლაში ცხვარი მოგვეციო! ეს არის მეცხვარისა და საერთოდ, ადამიანის დაცინვა, რასაც მეცხვარეები ვერ მოითმენენ.
- როდესაც ცხვარი როგორღაც ააღწევს საძოვარზე ასეთი 300-კილომეტრიანი მძიმე ტრასის გავლის შემდეგ, მეცხვარეს რა პირობები ხვდება?
- მეცხვარეებს შირაქის საძოვრებზე თვეობით, რვა თვის მანძილზე არა აქვთ ადამიანური პირობები. საძოვრებზე არც ელექტროენერგია და არც წყალია! იქ ცისტერნებით ააქვთ. არადა, ჩვენამდე აქ მეცხვარეების წინა თაობას წყალიც ჰქონდა და შუქიც. შემდეგ ელექტროენერგიისა და წყლის გაყვანილობები მოიპარეს და ჯართად ჩააბარეს. უმძიმესი პირობებია დღეს ქართული ცხვრისა და მისი პატრონებისთვის, რომლებიც ასეთ მძიმე შრომას ეწევიან და მაინც არაფერი აქვთ. აზერბაიჯანელ მეცხვარეებს აზერბაიჯანი ყველანაირად ეხმარება, მათ შორის ფინანსურადაც, რომ ფეხზე დადგნენ. არ არის სასიამოვნო საფიქრალი, რომ საქართველო ქართველი მეცხვარეებისთვის არაფერს აკეთებს.
- კარგია, რომ მეცხვარეები იბრძვით, რომ ეს უსამართლობა შეწყდეს. სახელმწიფოსაც აჩვენებთ, რომ სიტუაციას არ დამორჩილდებით და არც ქართულ ცხვარს გადააშენებთ, მაგრამ როგორ გესახებათ ამ ბრძოლაში გამარჯვება, როდესაც ცხვრის გზა უკვე გაყიდულია და კერძო საკუთრებაშია?
- სახელმწიფო გვთავაზობს, რომ ცხვარი ტრაილერებით გადავიყვანოთ გაყიდული ადგილებიდან. გვიმტკიცებენ, ასე უფრო უკეთესია, დროს მოიგებთო. ასეთი დროის მოგებას რა თავში ვიხლით, როდესაც ასეთ ტრანსპორტირებას ლამის მთელი ჩვენი ნაშრომი სჭირდება, თანაც ტრაილერი მთაზე ხომ ვერ ავა, ტრაილერები მხოლოდ ბარის მონაკვეთის გავლაში შეიძლება გამოვიყენოთ. გარდა ამისა, ტრაილერით მგზავრობის შემდეგ, ცხვარი უმეტესად თავის ბატკანს ვეღარ ცნობს და აღარ იწველება! ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას ყველა იმ მექანიზმით, რაც სახელმწიფოს ხელთ აქვს. ამდენი ამაო დაპირების შემდეგ სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და ოფიციალურად დაადგინოს გადასარეკი დერეფნების საზღვრები, მიანიჭოს მათ ხელშეუხებელი სახელმწიფო სტატუსი (რომლის გასხვისებაც აიკრძალება), კერძო მფლობელობაში უკვე გადასული მიწების გასხვისების სამართლიანობა გამოიძიოს და მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შემდეგ, ქართულ ცხვარსა და მეცხვარეს დაუბრუნოს თავის ისტორიულ გზაზე გავლის უფლება. ეს უნდა გაკეთდეს დაუყოვნებლივ და არა ტრადიციული ტყუილი დაპირებები გაიცეს. ამ შემთხვევაში ცხვარიც იქნება, მისი ეკონომიკაც და გუდის ყველიც, რომელიც შექმნილი პირობების გამო თითქმის აღარ არსებობს და ხალხს რაღაც სხვას სჩრიან. სამართლიანობის შემთხვევაში თავისუფლად შესაძლებელია, რომ თუშური ცხვარი 20 000 სულიდან ტრადიციულ 200 000-იან ნიშნულს დაუბრუნდეს და მართლაც სერიოზული ეკონომიკური მიღწევები შექმნას.