"ვკითხულობთ, ხომ არ არის ლევან იოსელიანის სიჩუმე განპირობებული იმით, რომ მისი ოჯახის წევრები ენერგეტიკულ ბიზნესში პრივილეგიებით სარგებლობენ?" - ლევან გოგიჩაიშვილი
ადამიანმა, პარლამენტში, საკუთარი ანგარიში ვერ გადმოსცა - მაშინ, როდესაც მძიმე ფონია, განყოფილებებში ადამიანების წამება მიმდინარეობს, ბევრი პატიმარი ამბობს, რომ მათი უფლებები ირღვევა, შენ, სახალხო დამცველს, არ შეგიძლია ანგარიშის ვერბალურად მოყოლა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ყოველწლიური ანგარიში შეაფასა, რომელსაც პარლამენტში გუშინ მოუსმინეს.
როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განმარტა, მისთვის და მისი პარტიისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს, რით არის განპირობებული ლევან იოსელიანის „სიჩუმე და უძრაობა ასეთ ეპოქაში“, როდესაც მძიმე ფონია.
„მე არ ვერჩი ლევანს, ლევანი საკუთარ თავს ერჩის. მარტივი კითხვა დაუსვეს ჩემმა თანაპარტიელებმა, რასაც წერთ ანგარიშში, სიტყვიერად შეგიძლიათ გაიმეორო? - ეს ვერ ვათქმევინეთ.
ადამიანმა საკუთარი ანგარიში ვერ გადმოსცა. იოსელიანს იცავდა „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება“ საუბრობდა იოსელიანის ნაცვლად. სახალხო დამცველი არ არის კაბინეტური თანამდებობა. იოსელიანს თუ გონია, რომ თანამდებობაზეა, მანქანა ემსახურება და თავის საახლობლოში მაგარი ტიპია, ასე არ არის. გაჩნდა კითხვები, რა ვალდებულებები აქვს იოსელიანს? ეს ვალდებულებები თანამდებობის დანიშვნაზეა, თუ მის ძმის კომპანიებს რომ აპატია სახელმწიფომ... ვუთხარით, 5 წუთი რომ ისაუბრო პრობლემებზეო და ვერ აღმოთქვა... ფაქტები მარტივია, მისი ოჯახის წევრები არიან ენერგეტიკულ ბიზნესში, იმ პრივილეგიებით სარგებლობენ, რასაც სახელმწიფო გასცემს, ოპერირებენ, ბიზნესში შეზღუდვა არ გააჩნიათ. ენერგობიზნესი ხომ რეგულირებული ბიზნესია. ამას სახელმწიფო აკონტროლებს. ყველა დევნაშია, ყველა განსხვავებული აზრი, ყველა შემომწირველი და როგორ ხდება, რომ მილიონების ჩამოწერაა მათ კომპანიებზე, მის ნათესავებთან დაკავშირებულ კომპანიებზე? ჩვენ ვინმეს კი არ ვაბრალებთ, არსებული ინფორმაცია საჯაროდ გამოგვაქვს და ვკითხულობთ, რით არის განპირობებული მისი ასეთი სიჩუმე და უძრაობა ასეთ ეპოქაში. მაშინ, როდესაც მძიმე ფონია, ადამიანების წამება მიმდინარეობს განყოფილებებში, ბევრი პატიმარი ამბობს, რომ მათი უფლებები ირღვევა, შენ, სახალხო დამცველს, არ შეგიძლია ანგარიშის ვერბალური გამოთქმა. თავად უშუალოდ ანგარიში, ობიექტური იყო. ჩვენ დავსვით კითხვა, ეს იმით ხომ არ არის განპირობებული, რომ შეღავათები გაქვთ თქვენ, თქვენ ოჯახს ენერგობიზნესში“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"