უკრაინა რუსეთს რა მიზნით უფეთქებს თანამგზავრული კავშირის ანტენებს ... - კვირის პალიტრა

უკრაინა რუსეთს რა მიზნით უფეთქებს თანამგზავრული კავშირის ანტენებს ...

რუსეთი და ახლა უკვე უკრაინაც,რომ ცდილობენ ერთმანეთს ყველაფერი გაუნადგურონ,არ ახალი ამბავია,მაგრამ ნავთობრეზერვუარების აფეთქებების შემდეგ,კოსმოსურ ანტენებზე თავდასხმის დროც დადგა...

უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა ბოლო ორ დღეში ორ რუსულ დიდ კოსმოსურ ანტენაზე მიიტანეს იერიში-ერთი მათგანი დუბნაში,ხოლო მეორე კი ვლადიმირის ოლქში იყო განთავსებული.

რუსეთის ფედერაციის კოსმოსური კავშირის ცენტრები „დუბნა“ და „ვლადიმირი“ საბჭოთა პერიოდიდან ფუნქციონირებენ და მათი ოფიციალური დანიშნულებაა თანამგზავრული კავშირის უზრუნველყოფა და ასევე ტელეგადაცემების ტრანსლირება შორეულ აღმოსავლეთში.

თუმცა,კოსმოსური კავშირის ეს ცენტრები წმინდა სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ,კერძოდ კი „ექსპრესის“ ტიპის თანამგზავრების სამართავად.

რუსეთს დღეისათვის დედამიწის გეოსტაცინარულ ორბიტაზე გაშვებული ჰყავს 11 ერთეული „ექსპრესის“ ტიპის თანამგზავრი,რომლებიც ასრულებენ დაახლოებით იგივე ფუნქციას,რასაც ილონ მასკის „სტარლინკები“.

მასკის „სტარლინკები“ უკრაინის არმიის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობაც რჩება ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალებთან მიმართებაში,განსაკუთრებით კი მას შემდეგ,რაც „გაიცხრილა“ „სტარლინკების“ კუთვნილობა და „სტარლინკის“ ყველა ის სახმელეთო ანტენა,რომლებიც რუს ოკუპანტებს ფარულად ჰქონდათ შეძენილი დასავლეთში და აქტიურად იყენებდნენ უკრაინის წინააღმდეგ,გამოირთო.

11 რუსული „ექსპრესის“ თანამგზავრმა როგორ უნდა გაუწიოს კონკურენცია კოსმოსში ამჯერად მოქმედ 10 ათასზე მეტ „სტარლინკს“, მაგრამ მასკის თანამგზავრები დაბალ, 400-500 კმ სიმაღლის ორბიტაზე მოძრაობენ, მაშინ როდესაც რუსული „ექსპრესები“ გეოსტაციონარულ ორბიტაზე-36 ათას კმ სიმაღლეზე არიან „ჩამოკიდებულნი“ და დედამიწასთან ერთად ერთი სიჩქარით ბრუნავენ, რაც მათ საშუალებას აძლევს დაკვირვების ქვეშ მუდმივად ერთი და იგივე რაიონი ჰქონდეთ დედამიწაზე,მაგალითად უკრაინა...

თუმცა,გეოსტაციონარული ორბიტიდან რადიოსიგნალის დედამიწამდე მოსვლასა და უკან დაბრუნებას ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სულ რაღაც 500-იოდე კმ სიმაღლეზე მოძრავ ილონ მასკის „სტარლინკებს“-შეიძლება ეს განსხვავება მხოლოდ მილიწამებშია,მაგრამ გეოსტაციონარული ორბიტიდან „აქეთ-იქით“ რადიოსიგნალის „მოგზაურობას“ 36 ათასი კმ-ის ორჯერ გადასალახავად, 500-600 მილიწამი მაინც სჭირდება, რაც უკვე მნიშვნელოვან შეფერხებად შეიძლება იქცეს კამიკაძე-დრონის ოპერატორის რეაქციისთვის, რის გამოც შორს მანძილზე დისტანციურად მართვად და დიდი სისწრაფით მფრენი დრონის წერტილოვანი მოხვედრა მიზანში გაძნელდეს.

blogistvis-1782321477.jpg

თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოზე მონიშნულია „დუბნას“ ცენტრში უკრაინული საჰაერო შეტევის შედეგები...

რუსეთის კოსმოსური კავშირის ორ ცენტრზე მიზანმიმართული საჰაერო შეტევა იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დიდი გეგმები დასახა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე ქვეყანას ძალზე გაურთულოს სიტუაცია ახლო კოსმოსში რუსული სადაზვერვო და კავშირგაბმულობის თანამგზავრების სამხედრო მიზნებით გამოყენებისთვის.

სულაც არ არის გამორიცხული,რომ მომავალში უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონები რუსეთის არხანგელსკის ოლქის პლესეცკის კოსმოდრომზე შემტევებადაც ვიხილოთ... არადა პლესეცკის სარაკეტო პოლიგონი-კოსმოდრომი, ხომ ჩვენი თანამემამულის გენერალ-ლეიტენანტ გალაქტიონ ალფაიძის აშენებულიცაა, სადაც ის მეორე თანამემამულის ალექსანდრე ნადირაძის საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტების საცდელ სტარტებსაც ახორციელებდა...