"დასავლეთი ხედავს, რომ სააკაშვილს ხელში ყუმბარა უჭირავს"
"რევოლუციების გეგმა ჩავარდა და დარჩა ერთი "სარეკლამო ბიჭუნა" - მიხეილ სააკაშვილი"
"სააკაშვილის ხელისუფლებაში რეალურ ძალაუფლებას ფლობდა "ტროიკა" (ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი), მაგრამ მალე "ტროიკაშიც" განხეთქილება დაიწყო. ხმა დადიოდა, რომ "ტროიკის" ღამეულ შეკრებებს ხშირად ახლდა სააკაშვილის ისტერიკები, როდესაც რამე არ მოეწონებოდა, იმუქრებოდა, გაგანადგურებთ, მოგსპობთო. კანცელარიის თანამშრომლებს ხშირად ესმოდათ სააკაშვილის ისტერიული ყვირილი", - მეუბნება ყოფილი დეპუტატი და სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე:
სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა, განურჩევლად იმისა, ვის რა თანამდებობა უკავია, სამართალი ყველას წვდება. აშშ ასეთი სახელმწიფოს ნიმუშია დღესაც. პრეზიდენტსაც რომ იოტისოდენად შეეშალოს, სასჯელი ელის და ამის დასტურია პრეზიდენტ ნიქსონის მაგალითი. საქართველოში ვინმეს რომ აუხსნა, ნიქსონს რის გამო მოუწია გადადგომამ, ვერც გაგიგებენ. შარშან გერმანიაში პრეზიდენტი გადადგა იმის გამო, რომ პრესამ ერთი ამბავი ატეხა, შეღავათიანი კრედიტი აიღო სახლის ასაშენებლად, პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, შეღავათიან კრედიტს ვერ მიიღებდაო.
რომ ნახოთ პრეზიდენტ სააკაშვილის დეკლარაციები, მხოლოდ ამის გამო არ უნდა ასცდეს იმპიჩმენტი, ისეთი დარღვევებია. სააკაშვილს დეკლარაციაში 4-ჯერ მეტი ქონება აქვს ნაჩვენები, ვიდრე თავისი შემოსავლით მიიღებდა. პრეზიდენტის ხელფასი დაახლოებით 4 ათასი ლარია და საგულისხმოა, რომ ინტერვიუებში ეშლება და 4 ათას დოლარს ამბობს. სააკაშვილი ჩვენს ბიუჯეტს როგორც თავის შემოსავალს, ისე იყენებდა. სააკაშვილს შეუძლია ოფიციალური ვიზიტის დროს თვითმფრინავში თქვას, მოდი, მილანში დავსხდეთო და შოპინგი მოიწყოს. სააკაშვილი სტუმრობს უძვირფასეს კურორტებს, რომლის სასტუმროებში ღამის გათენება (თან ყოველთვის საპრეზიდენტო ნომრებს იღებს) ათასობით ევრო ღირს და ეს თანხები არსად ჩანს. ამ თანხას, როგორც ჩანს, "ობშჩიაკიდან" იღებს. ეს არის მათი შავი სალარო, რომელიც ბიზნესმენებისთვის წართმეული ფულით ივსება.
- ვის ევალება შავ სალაროში ფულის მობილიზება?
- "ობშჩიაკს" თავიდან ოქრუაშვილი განკარგავდა. მერე ესტაფეტა მერაბიშვილს გადასცა. ფინანსური ნაკადების ასევე დიდ ნაწილს ადეიშვილი აკონტროლებდა. "ობშჩიაკის" შევსების მექანიზმი ისეთივე იყო, როგორიც ნაცისტურ გერმანიაში, სადაც ბიზნესმენები კუთვნილ საწარმოებში მენეჯერებად დატოვეს. ასევე იქცეოდა სააკაშვილი. საქართველოში თითქმის ყველა ბიზნესმენი, მსხვილი თუ საშუალო, ამ სტატუსით იყო თავისივე საწარმოში. ამბობდნენ, ჩვენ რაღა გვრჩება, ყველაფერი მიაქვთო. ცხადია, ისინი გულისხმობდნენ არა ბიუჯეტში ოფიციალურ, არამედ "ობშჩიაკში" შენატანს. არჩილ გეგენავას სკანდალი შარშან ზაფხულში მთელ საქართველოს მოედო. არჩილ გეგენავასა და მის ძმას არმიის მომარაგების სრული მონოპოლია ჰქონდათ. როგორც ხმა გამოვიდა, "ზემოთ" მოელანდათ, რომ გეგენავამ პატიოსნად არ შეასრულა ვალდებულებები - "ობშჩიაკში" იმდენი ფული არ შეიტანა, რამდენსაც სთხოვდნენ, და უცებ წაართვეს ეს უფლება.
ასეთივე იყო ტენდერების სისტემა თბილისსა და მთელ საქართველოში. ავიღოთ "გრინსერვისის" მაგალითი. ჟვანიას დაცვის ყოფილ უფროსს, დაცვის ოფიცერს, რომელიც არასოდეს ბიზნესმენი არ ყოფილა (და ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს ლაშა ფურცხვანიძეს) ამ ფირმის წილები 200 ლარად გადაუფორმეს და ისინი გახდნენ ფირმის ხელმძღვანელები. 200 ლარად ვინ დაგითმობთ წილს? ცხადია, ძველ მფლობელს წაართვეს. შემდგომ ეს ორი ახალგამოჩეკილი ბიზნესმენი ზედიზედ იგებდა ტენდერებს. ბოლოს სკანდალი ატყდა, - ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღმოაჩინა, რომ ფანტასტიკურად გაბერილ ფასებად ჰქონდა "გრინსერვისს" მიყიდული ნერგები მერიისათვის. უგულავამ ფურცლები აფრიალა, ამ ყველაფერს პროკურატურას გადავცემო, მაგრამ მოიტყუა, არ გადაუცია. სასაცილო ის არის, რომ წლების განმავლობაში უგულავას წარმომადგენელი, მისი მარჯვენა ხელი, ყოველ ხუთშაბათს დადიოდა ადეიშვილთან (ამაზე წუწუნებდა კიდეც) და დაწვრილებით ანგარიშს აბარებდა გასული კვირის ფინანსურ ტრანზაქციებზე, - ვის რა ტენდერი მოაგებინეს ადეიშვილის დავალებით და, მასთან შეთანხმებით, რა ოდენობის ფული მოიხსნა.
ასე იყო კვირიდან კვირამდე. წარმოუდგენელია იმაზე მეტი ცინიზმი, როდესაც უგულავა ფურცლებს აფრიალებდა და ამბობდა, ამ ამაზრზენ ფაქტებს პროკურატურას გადავცემო. ვის გადასცემდა, ვინც ამის გაკეთება დაავალა? ასე მუშაობდა მთელი სისტემა საქართველოს მასშტაბით. ჩემი შეფასებით, ასობით მილიონი დოლარია "ობშჩიაკში" შესული. ამიტომაც სააკაშვილს, მერაბიშვილს, უგულავასა და ადეიშვილს სასამართლომ რომ დაუმტკიცოს ჩადენილი დანაშაულების ნაწილიც კი, არც ერთს არ უნდა ასცდეს უვადო პატიმრობა.
სწორია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომ ამბობს, სამართლის აღსრულების საქმეში არ ჩავერევიო, რადგან ამაში პრემიერ-მინისტრის ჩარევა კანონის დარღვევაა.
- თქვენ აშშ-ის პრეზიდენტი ნიქსონი ახსენეთ, რომელიც მოსმენების გამო გადადგა. როდესაც შს სამინისტროს მაღალჩინოსანი ამბობს, შოთა ხიზანიშვილს გადავეცი დისკი, რომელზეც ფარული მოსმენების ჩანაწერი იყოო და ის ამ დისკით პრეზიდენტის რეზიდენციაში შევიდა. ხომ არ ელით, რომ სააკაშვილს უკანონო მოსმენებშიც დაადანაშაულებენ?
- ამ მიმართულებით სააკაშვილთან სამართლებრივი დავა აბსოლუტურად საფუძვლიანი იქნება. შსს-ს მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ხიზანიშვილი შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ნეტავ იქ დამლაგებლებს ხომ არ შეხვდა?
საქართველოში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო და ის კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. ათასობით მოქალაქეს შეაქვს სარჩელი პროკურატურაში და სამართლიანად არიან შეშფოთებული ამ საკითხზე დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის რეაქციის გამო. ეს ამაზრზენი ორმაგი სტანდარტია. ის, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი იყო, რომ აქ ადამიანებს ციხეში აწამებდნენ, რომ ადამიანები მზად იყვნენ, ქონება დაეთმოთ, ოღონდ თავი დაეღწიათ წამებისათვის, ეს ყველაფერი დასავლეთში იწერებოდა. ამას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დამცველი თომას ჰამერბერგი წერდა თავის ანგარიშებში და ამიტომაც გახდა პერსონა ნონ გრატა. ჰამერბერგის შემაშფოთებელ განცხადებებზე რამე უთქვამთ ევროგაერთიანების ლიდერს ან რასმუსენს? არაფერი.
- რით ახსნით მათ დუმილს?
- მიზეზი ორია. პირველი ის არის, რომ მათ ღრმად შეტოპეს და სახის შენარჩუნება უნდათ. რევოლუციების გეგმა ჩავარდა და დარჩა ერთი "სარეკლამო ბიჭუნა" - მიხეილ სააკაშვილი. არ უნდოდათ, ეს ბოლო რეკლამაც ჩავარდნილიყო. როდესაც პროცესები ცუდად წარიმართა, ახლა აღარ უნდათ იმის აღიარება, რომ რამე არ იცოდნენ ან შეეშალათ. ამიტომაც ისევ უნდათ ამ დეკორაციის შენარჩუნება და ასეთ ლეგენდას ავითარებენ: იყო ჭეშმარიტად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა. მოვუწოდებთ ახალმოსულ ხელისუფლებას, იყოს ღირსეული და ნუ დევნის პოლიტიკურ ოპონენტებსო. ხედავთ, რამდენი ტყუილია დახვავებული ამ შეფასებაში?
დასავლეთის დუმილის მეორე მიზეზი: მათთვის სააკაშვილი კარგა ხანია გადაქცეულია ადამიანად, რომელსაც ხელში ყუმბარა უჭირავს და ნებისმიერ დროს შეუძლია ააფეთქოს. ხედავენ, რომ სააკაშვილი შეურაცხადია და ან ირანს მიმართავს, ან რუსეთს მეტად შეეკვრება. სააკაშვილს კონსტიტუციით ისევ უზარმაზარი უფლებები აქვს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამუდმებით გვახსენებენ, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ სამთავრობო კრიზისი, მაგრამ ამას არ ვაკეთებთო.
- მიხეილ სააკაშვილმა უცხოური პრესით მიმართა ბიძინა ივანიშვილს, რომ საგარეო საქმეები პრეზიდენტს დაუთმოს და თვითონ საშინაო საქმეებს მიხედოს. რას ხედავთ ამ წინადადების მიღმა?
- კოჰაბიტაცია თანაარსებობას ნიშნავს და ასეთი სტილით მმართველობამ მოუწია ჟაკ შირაკს. საფრანგეთში ზუსტად არის გაწერილი ასეთი ვითარება. თუ სახელმწიფო სტრუქტურები კოჰაბიტაციის რეჟიმში გადადიან, მაშინ საგარეო ურთიერთობა და თავდაცვა რჩება პრეზიდენტს, დანარჩენი - პრემიერს და ამას მიუთითებს სააკაშვილი, რადგანაც განდიდების მანიით არის შეპყრობილი. ძალაუფლების წართმევით ის ძალიან იტანჯება. მას ჰქონდა მავნე კონტრპროდუქციული ფუნქცია და ამ ფუნქციის შესრულებისას ანგრევდა საქართველოს. სააკაშვილმა თავისი ახირებების ასრულების საშუალებად აქცია პრეზიდენტის პოსტი. როდესაც ლაზიკის შესახებ იდეა გაახმაურა, მისი გუნდის უახლოესმა წევრებმაც არაფერი იცოდნენ. ამის გამო ჟურნალისტებთან საოცარ უხერხულობაში ჩაცვივდნენ და როდესაც გაიგეს პრეზიდენტის განზრახვა, სააკაშვილის უახლოესი გარემოცვიდან გამოვიდა ამბავი, ეს უკვე სააკაშვილის სიგიჟის მწვერვალიაო. ამიტომ, თუ მას სწრაფად ლაგამს არ ამოსდებენ, შესაძლოა, არანაკლები სიგიჟეებიც ჩაიდინოს...
სამართლის ენა უბრალოა
სენეკა
(გაგრძელება იქნება)