სენსაციური ინფორმაცია: 2027 წელს UFC-ის ტურნირი საქართველოში გაიმართება?!
2027 წელს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის, ანუ UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ტურნირი შესაძლოა, საქართველოში გაიმართოს. ამის გარდა, ტურნირის უზბეკეთში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჩატარებაც განიხილება.
ამის შესახებ TASS-ს მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
“მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტურნირებთან დაკავშირებით, ხოლო უზბეკეთის დელეგაცია UFC-ის ხელმძღვანელობას უკვე შეხვდა, სადაც ორგანიზაციის ტურნირის გარდა, ასევე, Zuffa Boxing-ის ჩატარება განიხილება,“ - ამბობს სააგენტოს წყარო.
15 ივნისს UFC-ის ყველაზე მასშტაბური პროექტი, Freedom 250 აშშ-ის თეთრი სახლის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც უცხოურმა მედიამ ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მოვლენად შეაფასა. მასში ქართველი მებრძოლი, ილია თოფურიაც მონაწილეობდა, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ამერიკელ ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.
ღონისძიება აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნა და მას 4 000 მაყურებელთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირველ ლედისთან ერთად დაესწრო.
სავსე ტრიბუნების მიუხედავად, ღონისძიება ერთჯერად პროექტად რჩება. კერძოდ, UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, დენა უაითი აცხადებს, რომ ორგანიზაცია მსგავსი მასშტაბის შოუს გამეორებას აღარ გეგმავს.
„მე ამის დაფინანსებას ვეღარ შევძლებ…ამას აღარასდროს გავაკეთებ და ეს აღარც გამეორდება,“ - განაცხადა მედიასთან უაითმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.