"ხდება ცხინვალის ანექსია, ახლა ამბავი უნდა იყოს ატეხილი, მაგრამ..." - რას ამბობს გიგი წერეთელი - კვირის პალიტრა

"ხდება ცხინვალის ანექსია, ახლა ამბავი უნდა იყოს ატეხილი, მაგრამ..." - რას ამბობს გიგი წერეთელი

რუსეთი მუდმივად ცდილობს დაიპყროს ქვეყნები, ანექსია მოახდინოს, ეს ხდება საქართველოს შემთხვევაშიც - ახლა, ასეთ ვითარებებში ამბავი უნდა იყოს ატეხილი, მაგრამ არ აქვთ მისასვლელი პირი, ვის უნდა სთხოვონ [დახმარება] ? ევროსაბჭოში, პრაქტიკულად, აღარ არიან, ამერიკელებთან საკმაოდ ცუდი ვითარება აქვთ, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე პროცესები შეაფასა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, არ ამართლებს რუსეთთან თავის დახრის პოლიტიკა და საჭიროა პრინციპული პოზიციის ჩამოყალიბება.

„ისტორიულად დადასტურებული და ნაჩვენებია, რომ ოპერირების იმ მოდელთან, რაც რუსეთს აქვს არჩეული და რომლითაც სულდგმულობს, არ ამართლებს რუსეთთან თავის დახრა. ასეთი დემაგოგია აქვთ, რომ აი ამხელა ტერიტორიები გვაქვს, არაფერი გვჭირდება, მაგრამ მუდმივად ცდილობენ დაიპყრონ სხვა ქვეყნები, შემოიერთონ, ანექსია მოახდინონ და ოკუპაცია. ეს ხდება საქართველოს შემთხვევაშიც. რუსეთისთვის მიუღებელია საქართველო იყოს დამოუკიდებელი და დასავლური, საქართველო უნდა იყოს რუსეთზე დამოკიდებული, ეს არის მათი დოქტრინა.

[ქართული მხარის მიერ] არის უმოქმედობა, ხმას არავინ იღებს. წარმოიდგინეთ, საკანონმდებლო ორგანოში, მათი ლიდერები ყოველდღე აგინებენ ევროპას. რა არის ეს? რით განსხვავდება ეს მოდელი იმისგან, რასაც რუსეთში აკეთებენ. ასევე, კარგი სიტყვა გაგიგონიათ რუსეთის დუმის ხელმძღვანელობისგან? რა მოაქვს ამ პოლიტიკას, რომ არ ლანძღავენ რუსეთს?! ლანძღვაში არ არის საქმე, არ უნდა გალანძღო, მაგრამ პრინციპული პოზიცია უნდა ჩამოაყალიბო

ახლა, ასეთ ვითარებებში, ამბავი უნდა იყოს ატეხილი, მაგრამ მეორე მხარეს არ აქვთ მისასვლელი პირი, ვის უნდა სთხოვონ [დახმარება], ევროსაბჭოსთან პრაქტიკულად აღარ არიან, ამერიკელებთან გაუგებარი ვითარება აქვთ, საკმაოდ ცუდიც. წინ ეუთოს სესიაა, იქაც უთქმელად არ გამოვა. ეუთომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა ეს ხელისუფლება, როდესაც „მოსკოვის მექანიზმი“ ამოქმედდა. საქართველო ყველას უყვარს, ის მდგომარეობა არ მოსწონთ, რაც აქ არის“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა