რა იყიდა ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ?!
ყაზახეთში მოღვაწე ქართველი მილიარდერის, მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქეთის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოსგან Rabobank A.Ş.-ის შეძენაზე თანხმობა მიიღო. ინფორმაციას Forbes კომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტრანზაქციის დასრულება, სტანდარტული პირობების დაცვით, ივლისში იგეგმება.
Kaspi.kz-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, მიხეილ ლომთაძე აცხადებს, რომ ეს Kaspi.kz-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი და ნაბიჯია თურქეთის ბაზარზე თავისი ბიზნესის განვითარების გზაზე.”
მისი თქმით, Kaspi.kz წამყვანი ყაზახური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ტრანზაქციის დასრულების შემდეგ მოუთმენლად მოელის, გადახდებში, ელექტრონულ კომერციასა და ფინტექის სფეროში თავისი გამოცდილება გამოიყენოს, რომ თურქეთში მომხმარებლებისა და მეწარმეებისთვის ციფრული შესაძლებლობები გააფართოოს.
“ჩვენ ამ მოგზაურობის დასაწყისში ვართ და Kaspi.kz-ის მომავალი პოტენციალით მეტად აღფრთოვანებული ვართ,“ - აცხადებს ლომთაძე.
2025 წელს Kaspi.kz-მა ჯგუფ Rabobank-თან აქციების შესყიდვის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომ Rabobank-ის თურქული შვილობილი კომპანია, Rabobank A.Ş შეეძინა. Rabobank A.Ş-ის აქტივები გასული წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 45 მლნ ევროდ იყო შეფასებული. ის თურქეთში ლიცენზირებული ბანკია, რომელსაც სესხის ან დეპოზიტის მომხმარებლები არ ჰყავს და არც ფილიალების ქსელს ფლობს. ამის მიუხედავად, მისი სუფთა მოგება 6 მლნ ევროს შეადგენს.
ასევე, გასული წლის დასაწყისში Kaspi-მ ელექტრონული კომერციის უმსხვილეს თურქულ პლატფორმა Hepsiburada-ში 65.4%-იანი წილი შეიძინა, ხოლო თებერვლის ბოლოს მიხეილ ლომთაძე Hepsiburada-ის გამგეობის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. Hepsiburada-ის 9-კაციან გამგეობაში Kaspi.kz-დან კიდევ ორი ქართველი, თენგიზ მოსიძე და სანდრო ბერძენიშვილი შევიდნენ. მოსიძე Kaspi.kz-ში ფინანსებზე არის პასუხისმგებელი, ხოლო ბერძენიშვილი Kaspi Pay-სა და Kaspi.kz-ის მობილური კომერციის ხელმძღვანელია.
2025 წელს ლომთაძის Kaspi.kz-ის კონსოლიდირებული სუფთა მოგება წლიურად 10%-ით გაიზარდა და 2.4 მლრდ დოლარს მიაღწია. იმავე ფისკალური წლისთვის ყაზახური კომპანიის მთლიანი შემოსავალი წლიურად 19%-ით გაიზარდა და 6.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა. თურქეთში ოპერაციების ჩათვლით შემოსავალმა 8.24 მლრდ დოლარი შეადგინა. 2024 წელს Kaspi.kz-ის სუფთა მოგება 25%-ით, 2 მლრდ დოლარამდე, ხოლო შემოსავალი 32%-ით, 5 მლრდ დოლარზე მეტად გაიზარდა.