„ბებოს დანატოვარი“ კახური ტყის ჩაი - კვირის პალიტრა

„ბებოს დანატოვარი“ კახური ტყის ჩაი

თეონა თაბორიძე ტურიზმის სპეციალისტია, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში ოჯახთან ერთად საინტერესო საქმესაა შეჭიდებული. "ერთ თვეში დოქტორის ხარისხიც მექნება. ჩემი შეგნებული ცხოვრება ტურიზმს უკავშირდება და სწორედ ამ სფეროდან მიღებული შთაგონებით შეიქმნა ჩვენი საოჯახო ეკოტურისტული მეურნეობა და შემდგომ ჩაის ბრენდიც".

5b548789-37f5-49b3-b1f7-8a303d856574-1782415170.jpg

იდეიდან პირველ ნაბიჯებამდე

- 2018 წლამდე, სანამ დავოჯახდებოდი და საცხოვრებელ გარემოს შევიცვლიდი, მელაანში ვცხოვრობდი - იქ დავიბადე და გავიზარდე. ტურიზმში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შემდეგ უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ ჩვენს სოფელს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი ჰქონდა, თუმცა მაშინ ეს რესურსი სრულიად აუთვისებელი იყო.

ერთ ზაფხულს, შვებულებისას, ოჯახს ვუთხარი, რომ რამე უნდა გვეცადა. სოფლის თავში მიტოვებული ჩიტის ბუდესავით პატარა სახლი იდგა. სოფელში ამბობდნენ, რომ პატრონი არ ყიდისო, თუმცა დაველაპარაკეთ და მოგვყიდა. აქედან დაიწყო მთელი ეს ისტორია - ნულოვანი ინვესტიციით.

სოფელი მთასაა შეფენილი. ჩვენი საოჯახო სასტუმრო სოფლის ბოლოში, ზღვის დონიდან 950-მდე მეტრის სიმაღლეზეა. სახლის უკან გომბორის მთის ავთენტიკური ტყე იწყება. საოცარი გარემოა, სამივე მხარეს ულამაზესი ხედებით.

08a3bf19-dab1-4a2e-9981-bd30d625d02d-1782415171.jpg

ეკოტურიზმიც და სოფლის სარგოც

- თვითონ მელაანსაც გამორჩეული წარსული აქვს. არ მინდოდა მხოლოდ სტანდარტული განთავსების ობიექტის შექმნა, დღევანდელ კონკურენტულ გარემოში ეს საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ უძველესი გასტრონომიისა და ისტორიული ფაქტების კვლევა დავიწყე. მაგალითად, ეროვნულ მუზეუმში დაცულია მელაანში აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკებები - ე.წ. მელაანური ღვთაებები, რაც ღვინის ტურიზმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე არსებობს ლეგენდა, რომ ზაქარია ფალიაშვილს ანდრონიკაშვილებთან სტუმრობისას სწორედ აქ ეწვია ოპერა "დაისის" დაწერის შთაგონება.

თავი მოვუყარეთ საინტერესო ფაქტებს, ტურებად და მასტერკლასებად, საფეხმავლო და საცხენოსნო მარშრუტებად ვაქციეთ, ჩვენი სახლი კი ეკოტურისტულ მეურნეობად გარდავქმენით.

f4c6bcc8-abdf-4be9-bb98-9dfdf168d97a-1782415170.jpg

თავდაპირველად მე, ჩემი მშობლები და პაპა-ბებია ვიყავით ჩართული, ახლა კი, როცა გავიზარდეთ, ადგილობრივ მოსახლეობასაც ვასაქმებთ. მაგალითად, საფეხმავლო თუ საცხენოსნო ტურების დროს ადგილობრივი გამყოლები მიჰყვებიან სტუმრებს.

მეურნეობა მეტად დივერსიფიცირებული გვაქვს. ჩემი ოჯახი ტრადიციულ შრომას განაგრძობს: მოგვყავს ხორბალი, ვფქვავთ და დედაჩემი პურს აცხობს. გვაქვს სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახი, ვამზადებთ ღვინოსა და ტკბილეულს. რთვლის ტურებსაც ვაწყობთ. თითქმის ყველაფერი ჩვენი გვაქვს და თუ კონკრეტულ მომენტში რამე არ მოგვეპოვება, მეზობლებისგან ვყიდულობთ, რათა ფული სოფელშივე ბრუნავდეს და სხვამაც ნახოს სარგებელი.

სტუმრების გეოგრაფია

- შეიძლება პარადოქსულია, მაგრამ მასპინძლობის კარი პანდემიის პერიოდში გავხსენით. თავიდან, ბუნებრივია, ქართველი სტუმრები გვყავდა - პანდემიისას ხალხი მიხვდა, რომ საღი, ნატურალური გარემო ჯანმრთელობისა და მენტალური დასვენებისთვის აუცილებელია, საზღვრების გახსნის შემდეგ კი პირველი სტუმარი გერმანელი იყო, რომელთანაც დღემდე ვმეგობრობთ და ხშირად ჩამოდის.

ევროპული ბაზარი ძალიან დაინტერესებულია ეკოავთენტიკური პროდუქტებით, თუმცა სტუმრები გვყოლია აშშ-დან, კანადიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან. ამერიკიდან უფრო პროფესიული ჯგუფები გვსტუმრობენ - სომელიეები და რესტორატორები, რომლებსაც სწორედ ავთენტიკური გასტრონომიული კულტურა აინტერესებთ.

ჩვენს ეკოსივრცეს ღამის თევით 10 კაცის მასპინძლობა შეუძლია, თუმცა ლანჩზე ან ვახშამზე აივნის წყალობით 20-25 სტუმარსაც ვიღებთ.

ამ სეზონზე გვინდა ეზო მასტერკლასებისა და დეგუსტაციებისთვის მოვაწყოთ.

5078ab94-f9ed-4fe5-9bcd-33c1435d41c9-1782415171.jpg

ბებიის დანატოვარი და ტყის ჩაის გემოები

- რადგან ეკომეურნეობის სტატუსი გვქონდა, მინდოდა სტუმრებს არა ინდუსტრიული, არამედ განსხვავებული პროდუქტი დახვედროდათ. გადავწყვიტე ბებიაჩემის ცოდნა გამეცოცხლებინა. ის გაზაფხულიდან შემოდგომამდე აგროვებდა სამკურნალო მცენარეებს, ზამთარში კი მათგან სხვადასხვა ნაყენს ამზადებდა.

პირველად ბარამბოს, თავშავას, ცაცხვისა და გვირილის ჩაი დავამზადეთ. პანდემიის დროს ექსპერიმენტებისთვის ბევრი დრო მქონდა და ველური ვარდის, იმავე ასკილის კოკრების ჩაი "აღმოვაჩინე". ერთი მუჭა კოკორი გავაშრე, დავაყენე, მომეწონა და სხვებსაც გავასინჯე. დღეს უკვე ამ კოკრების სხვა მცენარეებთან მიქსებსა და კომპოზიციებს ვქმნით.

ტყის მცენარეების ბაზაზე დამზადებული ათი სახეობის ჩაი გვაქვს. მომხმარებლის მოთხოვნით გურიიდან შემოგვაქვს ბიოსერტიფიცირებული შავი ჩაი და ჩვენს ტყის მცენარეებთან კომბინაციაში ვაყენებთ. წლეულს ორ ახალ გემოს დავამატებთ: ერთი იქნება ინსულინრეზისტენტობისა და დიაბეტისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის, მეორე კი ტყის კენკრის ჩაი, რომელსაც მომხმარებელი დიდი ხანია ითხოვს.

მშრალი ნედლეულის რაოდენობას მუდმივად ვზრდით, თუმცა წლის ბოლომდე მაინც ძლივს გვყოფნის, მოთხოვნა დიდია.

მესამე წელიწადია, რაც ბიოპროდუქტების მაღაზიებში ვართ წარმოდგენილი საფირმო შეფუთვით, რომელიც იმდენად ლამაზი გამოვიდა, რომ ტურისტები მას სუვენირად და საჩუქრადაც ყიდულობენ. ახალ წელს კორპორაციულ შეკვეთებზე ვმუშაობთ, 2025 წლის მიწურულს ხის სასაჩუქრე ბოქსები შევქმენით. მუდმივად ვმონაწილეობთ თემატურ გამოფენებში. ვცდილობთ ყველგან ვიყოთ, სადაც მწვანე მეწარმეობაზეა საუბარი.

კახური პარადოქსი: ჩაი ღვინის მხარეში

- შუაგულ კახეთში ჩაის წარმოების დაწყება ცოტა სარისკო ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ იდეამ გაამართლა. ჯვარედინი გაყიდვები გვაქვს: ზოგი სტუმარი ჩვენთან ჩაის გამო მოდის და მერე სასტუმროსა და ღვინოს აღმოაჩენს, ზოგი კი სასტუმროში ჩამოდის და აქ ეცნობა ჩვენს ჩაის.

სტუმრებს სეზონზე შემოქმედებით ტურებსაც ვთავაზობთ: დილის 6 საათზე ერთად გავდივართ ველზე ნედლეულის შესაგროვებლად, ვასწავლით მცენარეების ცნობას, დაკრეფისა და შრობის ტექნოლოგიას.

თავიდან ტრადიციული მეთოდით, ჩრდილში ვაშრობდით, წარმოების გაზრდასთან ერთად კი მზის ენერგიაზე მომუშავე საშრობი დანადგარები შევიძინეთ ერთდროულად 50 კგ ნედლეულისთვის. თუმცა ბოლო დროს კახეთში კლიმატი ისე შეიცვალა, რომ მხოლოდ მზის ენერგია სტაბილურ ხარისხს აღარ ჰყოფნის. წლეულს მოვიპოვეთ ევროკავშირისა და "ვორლდ ვიჟენის" მცირე გრანტი და ჰიბრიდულ (მზე + ელექტროენერგია) სისტემაზე გადავდივართ. როცა მზე არ იქნება, დანადგარი დენზე იმუშავებს.

ბუნებაზე ზრუნვა და ლიცენზირება

- ტყეში რესურსის მოპოვებას სპეციფიკური ცოდნა და კანონმდებლობის დაცვა სჭირდება ამიტომ, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სატყეო სააგენტოსთან, ოფიციალურ ნებართვას ყოველწლიურად ვაახლებთ. სააგენტო გამოყოფს ლოტებს და დათვლილი აქვს, რა რაოდენობით მცენარის მოკრეფაა დასაშვები.

რადგან ეკომეწარმეები ვართ, ჩვენთვის უპირველესია გარემოზე ზრუნვა და მდგრადი განვითარება. წარმოების ეტაპზე მარტო ბებიის ცოდნა აღარ კმარა - საჭიროა ბოტანიკისა და ეთნობოტანიკის სიღრმისეული შესწავლა.

ეკოპრინციპების თანახმად, მაგალითად, ასკილის ერთი ბუჩქიდან კოკრების 30%-ზე მეტის მოკრეფის უფლება არა გაქვს. მკრეფავები გადამზადებული არიან და მეც პროცესში პირადად ვარ ჩართული, ხარისხის კონტროლს სხვას ვერ ვანდობ. ბოტანიკური თვალსაზრისით ეს მარტივად აიხსნება: ასკილის ერთ ტოტზე, ვარდის მსგავსად, ხშირად 10-15 კოკორია. მკრეფავებს ვასწავლით, რომ მაქსიმუმ 4-5 კოკორი მოკრიფონ, დანარჩენი კი ბუნებას, ვეგეტაციასა და ჩიტებს დაუტოვონ. ერთსა და იმავე ლოკაციაზე ვკრეფთ ჩაის და დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზომიერად გასხვლა და კოკრების მოკლება ბუჩქების განახლებას უწყობს ხელს - მომდევნო წელს ისინი უფრო მეტ ყვავილსა და კოკორს იკეთებენ, ანუ ბუნების ციკლურობა არ ირღვევა.

ამ საქმესთან უდიდესი ემოციური მიჯაჭვულობა მაქვს. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები: ამ ყველაფერმა შექმნა თეო თაბორიძე და თეო თაბორიძემ შექმნა ეს საქმე.

დასასრულ ჩემი მამამთილი, ვლადიმერ გავარდაშვილი მინდა გავიხსენო, ის "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი იყო. ყოველი ორშაბათი იმით იწყებოდა, რომ გაზეთს მოგვატანინებდა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაშიც კი, განსაკუთრებით უყვარდა თქვენი გაზეთი. წელიწადიც არ არის, რაც გარდაიცვალა. ახლა ცოცხალი რომ იყოს და "კვირის პალიტრაში" ჩვენზე დაბეჭდილი სტატია ენახა, საოცრად ბედნიერი იქნებოდა. მინდა ჩვენი ეს საუბარი სწორედ მის ხსოვნას მივუძღვნა.