რატომ „უჭირს“ ქართულ გარგარს - კვირის პალიტრა

რატომ „უჭირს“ ქართულ გარგარს

ჩვენს დალოცვილ მიწაზე ყველაფერი მოდის, თუმცა მოდის გონიერი და შრომისმოყვარე მეურნის ხელში, რომელსაც ჰყოფნის სიბრძნე, ნიადაგს დააკვირდეს და გამოცადოს ყველა კულტურა, რომელიც მოგებას მისცემს. ასეთები, სამწუხაროდ, ჯობს მეტი გვყავდეს... გარგარის თემა განვიხილოთ. ყველამ ვიცით, რომ ეს მაღალი საგემოვნო თვისებებით გამორჩეული ხილია, ქართული ბაზრის დიდი ნაწილი კი სომხეთსა და თურქეთიდან იმპორტირებულ გარგარს უჭირავს. მიზეზი: გარგარის ყვავილი ადვილად ზიანდება გაზაფხულის წაყინვებისას, რის გამოც ფერმერთა ნაწილი მასზე უარს ამბობს - ანუ არ ვზრუნავთ ახალი, შესაბამისი ჯიშის გამოყვანაზე. ამ დროს ქართული გარგარი გემოვანი თვისებებით იმპორტულს თუ არ აღემატება, არც ჩამოუვარდება.

რა მდგომარეობაა დღეს ქართული გარგარის ბაზარზე? ამის შესახებ ჩუმლაყელი ფერმერი ვაჟა ბაწელაშვილი გვესაუბრება.

ვაჟა ბაწელაშვილი:

- ქართული გარგარი დაახლოებით მაისის ბოლოდან შემოდის ბაზარზე. თუმცა გახშირებულმა ნალექებმა მეტად დააზიანა, - დახეთქა, ამიტომ მოსავალი ჩვეულებრივზე ნაკლებია. შარშან კიდევ უფრო ნაკლები იყო. ფერმერებმა, რომლებიც გარგარს ვაწარმოებთ, მოსავალი თითქმის ვერ ავიღეთ, რადგან გაზაფხულის ნაგვიანებმა ყინვებმა გარგარის ბაღები, ფაქტობრივად, გაანადგურა. ეს კულტურა ისედაც სუსტია ყვავილობისას წაყინვების მიმართ, ყვავილი უნადგურდება, შარშანდელი ადრეული გაზაფხულის ყინვები საკმაოდ ძლიერი იყო და ბაზარზეც ფაქტობრივად არ იყო ქართული გარგარი. გარგარს წვიმებიც აზიანებს, დიდი ნალექების გამო კანი უსკდება და საბაზრო ღირებულებაც აკლდება. თუმცა დამეთანხმებით, გემო ჩვენს დახეთქილ გარგარსაც საუკეთესო აქვს. ჩვენში გარგარის ნაკლებად წარმოების მიზეზი სწორედ ეს არის - მაღალი მგრძნობელობა ნალექებისადმი. თუმცა გარგარის ქართული ჯიშები უფრო მაღალმოსავლიანი და საბაზრო ღირებულებების რომ ყოფილიყო, ფერმერები კლიმატის რისკებს გავუძლებდით.

- ჩვენში ჯიშების გამოყვანის რა გითხრათ, თუმცა შემოტანა შეიძლებოდა უცხოეთიდან, თუნდაც სომხეთიდან, რომელთაც საუკეთესო გარგარი აქვთ. აქვე უნდა გკითხოთ: როცა რუსეთი სომხური პროდუქციის, მათ შორის გარგარის შეტანას კრძალავს, როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე?

kadri1-1782415171.jpg

- ცხადია, ჩვენს, ადგილობრივ ფერმერებს ცუდად შეეხება, ქართულ ბაზარზე მეტი სომხური გარგარი შემოვა და ქართულ გარგარს კიდევ უფრო გასწევს განზე. ზოგადად, იმპორტის თემა ქართული ბაზრისთვის მომაკვდინებელია აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სომხეთს, რომელთანაც დაბალანსებული გვაქვს ყველაფერი და დარწმუნებული ვარ, წლევანდელ ინციდენტს გადალახავენ. აი, თურქეთიდან გაუთვლელი იმპორტი კი ქართულ ეკონომიკას ძალიან აზიანებს. ეს მხოლოდ ჩემი საწუხარი არ არის და წლებია გრძელდება. თურქეთი დიდი ქვეყანაა, საათივით აწყობილი და მისი პროდუქცია ქართულს ათეული წლებია ავიწროებს. შესაბამისად, ფერმერებსაც... რაც შეეხება მაღალმოსავლიანი გარგარის ჯიშების შემოტანას, ეს ფერმერებზეა დამოკიდებული. სახელმწიფო პროგრამის გარეშე, ფერმერმა ნერგები თავის ხარჯებით უნდა შემოიტანოს, რაც დიდი ფასი ჯდება და ყველას არ შეუძლია, მით უფრო, თუ არ გაამართლა, არ მოვიდა მოსავალი, ეს უკვე ის ზარალია, რომელიც სამომავლო გეგმებს ძალზე დააზიანებს. პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით - შემოვიტანე სომხური გარგარი, რომელიც მართლაც მომწონს, რამდენიმე წელიწადს ველოდე, არ ივარგა და ავჭერი.

- რატომ არ ივარგა?

- ვერ მოვიდა ჩვენთან ისეთი, როგორიც სომხეთში, თანაც იმდენად ცოტა მოსავალი მომცა, რომ სრულ წაგებაზე დამაყენა. მიზეზი ჩვენი კლიმატია, კახეთი მზიანია და ამიტომ ხეხილისთვის მართლაც დალოცვილი მხარეა, მაგრამ წვიმაც ხომ მოდის? ჰოდა, როდესაც მოვიდა, სომხური გარგარიც ისევე დახეთქა, როგორც ქართული. სომხეთში იმიტომ მოჰყავთ, რომ ჩვენგან მნიშვნელოვნად განსხვავდება კლიმატით. გაზაფხულიდან ერთხელ რომ გამოვა ამინდები, მერე თითქმის სულ მზეა და სწორედ ეს მოსწონს გარგარს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სომხებს ცოტა შრომა სჭირდებათ მაგ ხილის მოსაყვანად. ნიადაგი არ უვარგათ და ჩვენზე მეტ შრომას დებენ - სომეხი ახლობლები მყავს და ეს კარგად ვიცი. ჩვენ კი ხუთჯერ ნაკლები შრომა გვაქვს და ზოგიერთს მაინც აზრად არ მოსდის მოსავლის მოწევისთვის გარჯა - მხოლოდ გარგარზე არ ვამბობ ამას...

პირადად მე გარგარი უნიკალური თვისებების გამო იმდენად მინდოდა მქონოდა, ყველა გზა მოვძებნე და მივაღწიე, რომ ახლა საუკეთესო გარგარი მაქვს, რომლის ხარისხი სომხურ გარგარსაც კი არა აქვს. შევიტანე ბაზარზე და ძალიან კმაყოფილიც ვარ. ცუდი ის არის, რომ ხელს არაცნობადობა მიშლის. ეს ახალი ჯიში ოდნავ მოწითალოა და ერთ-ერთმა ქსელმა დისტრიბუტორს უთხრა, ცრუობ, რომ ქართული გარგარია, არ მივიღებო. დისტრიბუტორმა დამირეკა, მიშველე, ვიდეო გადაიღე, რომ ამ გარგარს კახეთში კრეფო. გადავიღე ვიდეო, აჩვენა ოპერატორმა ქსელის მენეჯერს და ახალი ქართული გარგარი ქსელში შევიდა.

- სასიხარულო ამბავიაო, ამის შესახებ მიამბეთ.

- ვსაუბრობ იტალიიდან შემოტანილ ნერგებზე, რომლებიც შედარებით გამძლეა კლიმატური პირობების მიმართ, არის გემრიელი, უხვმოსავლიანი, საბაზრო ღირებულების. 5 ჰექტარზე გავაშენე ეს გარგარი 4 წლის წინ, წლეულს უკვე სრულმსხმოიარე ბაღი მქონდა და 30 ტონა ავიღე.

- ყველაზე დიდი პრობლემა მაინც რეალიზაციაა, ამას როგორ აგვარებთ?

- რეალიზაცია წლეულს, ალბათ, გამიჭირდება არაცნობადობის გამო, თუმცა არა მგონია, ეს მოსავალი რეალიზაციის გარეშე დარჩეს, რადგან მაღალხარისხოვანია და რაც მთავარია, ჩვენი პირობებისთვის ძალზე მომგებიანი. იმდენად, რომ უკვე გამოჩნდნენ ამ ჯიშის გაშენების მსურველები და სავარაუდოდ, მომავალში ქართული გარგარის ბაღების რაოდენობაც მოიმატებს. თუმცა ამისთვის სახელმწიფოს დახმარება იქნება საჭირო. ჩემი პირადი აზრით, თუ გვინდა ქართული სოფლის მეურნეობა განვითარდეს, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები ამჯერად უფრო მეტად რიგით ფერმერებს უნდა დაუდგეს მხარში და გააძლიეროს, რათა მათ თავიანთი შრომით გააძლიერონ ქვეყანა. რაც შეეხება სოფლის მეურნეობაში მსხვილ ბიზნესს, ის უკვე თავისთავად ფინანსურად იმდენად ძლიერია, რომ სასურველია სოფლის მეურნეობას დამოუკიდებელი პროექტებით დაეხმაროს.