"მეორედ რომ დაიყვირა მიშველეთო, მივხვდი, რომ ცუდად იყო საქმე და..." - რას ჰყვება 23 წლის თემო კუბლაშვილი, რომელმაც ლისზე ახალგაზრდა გადაარჩინა
“ლისის ტბაზე ახალგაზრდა იხრჩობოდა გუშინწინ, ღამის 11 საათზე, ამ დროს ბევრი ხალხია ხოლმე ლისზე! ბავშვს გადაუვარდა ბურთი და ეს ახალგაზრდა გაყვა გამოსატანად, ვერ მოიგდო ბურთი ხელში, შეჰყვა შუა ტბამდე და იქ გამოეცალა ძალა… წყალნაყლაპი ხმით ხრიალებდა, მიშველეთო! თავიდან ხუმრობა ეგონათ, მერე ატყდა ერთი ამბავი, გამოიძახეს პოლიცია, მაშველები, სასწრაფო და ისინიც მყისიერად ხომ ვერ მოვიდოდნენ. მოკლედ, გამოვარდა ერთი ტყიბულელი ოფიციანტი ბიჭი (თემო), გზადაგზა იხდიდა ტანსაცმელს, გადაეშვა ამ სიბნელეში - შავ, პირქუშ წყალში.. არაფერი ჩანდა სიბნელეში, თეთრი ბურთით მიაგნო ნახევრად გონდაკარგულ ახალგაზრდა კაცს, მიცურა და ძლივს გამოათრია ნაპირზე. ეცნენ ექიმები და გააქანეს საავადმყოფოში მოსასულიერებლად, ერთი დღე-ღამე იქ ჰყავდათ და გადაარჩინეს. ეს ტყიბულელი გმირი კარგა ხანს იჯდა ნაპირზე, ისე დაღლილი იყო, ვერ დგებოდა.… მეორე დღეს, რომ მომიყვნენ, მე ცურვის არმცოდნე სუბიექტმა, რამით რომ მიმეღო მონაწილეობა ჩემი მოკლე ჭკუით, ფული შევთავაზე პრემიის სახით, არაფრით არ გამომართვა! არაფრით! ყოველ დილით დავდივარ ლისზე უკვე 16 წელია, ვზივარ ახლა კაფეში, “ინტელიგენცია” რომ ჰქვია, გერმანელები მყავს სტუმრად და ვუყურებ ამ ტყიბულელ ოფიციანტ ბიჭს, მუშაობს ჩვეულებრივად. გარეთ წვიმს, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ყოველ დილით, თითქოს არაფერი არ მომხდარა, ვეხუმრები, სალნიკოვს ვეძახი მეტსახელად. თვალებგაფართოებული მისმენენ გერმანელები, რომ ვუყვები და მასზე მივუთითებ. ვუყურებ ამ ბიჭს და ვფიქრობ - რა კარგია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ ჩვენს ქვეყანაში, ეს ცხოვრების სურვილს და სტიმულს გმატებს ადამიანს. მადლობა შენ, ტყიბულელო ბიჭო, რომ მაგრძნობინე ცხოვრების ხალისი !!! 4 მეტრი ყოფილა ლისის ტბის სიღრმე, ღამე საშიში შესახედავია!!! შავი! არადა რა ლამაზია დილით”, - ასეთი ემოციური სტატუსი დაწერა ფეისბუქის ერთ-ერთმა მომხმარებელმა და ასე გააცნო საზოგადოებას 23 წლის ბიჭი თემურ (თემო) კუბლაშვილი.
დღეს თემოს ფოტოებით და ამ ინფორმაციით სოციალური ქსელი აჭრელებულია. ბევრი ადამიანი წერს, რომ მშრომელი და უკეთილშობილესი მშობლების აღზრდილი შვილი სხვანაირი ვერ იქნებაო და ესიყვარულება მას. როგორც გავარკვიეთ, თემო თბილისში ქირით ცხოვრობს, ის ტყიბულიდან სამუშაოდ რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა და ამჟამად ლისზე, კაფეში მუშაობს. როცა მას დავუკავშირდი და ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვე, ძალიან დაიმორცხვა, გაუჭირდა საკუთარ გმირობაზე და თავის თავზე საუბარი. მითხრა, არც ვიცი, ეს ამბავი ვინ გაახმაურა და მერიდება ჩემს თავზე საუბარიო.
- თემო, სოციალური ქსელში ყველა თქვენს გმირობაზე საუბრობს და უამრავი ადამიანი გლოცავთ... გვიამბეთ, რა მოხდა იმ დღეს ლისზე?
- არ ვიცი, რა გითხრათ. ჩვეულებრივი დღე იყო. უკვე საღამო იყო. ვამთავრებდით მუშაობას. ბევრი ხალხი იყო... ბავშვს ბურთი გადაუვარდა წყალში და ერთი ადამიანი შევიდა ლისის ტბაში, რომ ბურთი გამოეტანა. ვიცნობ ამ ბიჭს, ჩვენთან მუშაობა ახალი დაწყებული აქვს... სიბნელე იყო და როგორც ჩანს, სიბნელეში გაუჭირდა გზის გამოკვლევა, ან დაიბნა, სტრესი მიიღო და შეეშინდა. ბალახებიც იყო წყალში. ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა, რადგან მასთან ამ დეტალებზე ჯერ არ მისაუბრია, იმიტომ, რომ საავადმყოფოში იყო და ახალი გამოჯანმრთელებულია. გავიგე, რომ დაიყვირა, მიშველეთო. თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ მეორედაც რომ გავიგონე იგივე სიტყვები - მიშველეთო, მაშინვე შევედი წყალში და შევეცადე დავხმარებოდი... მთავარია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა.
- ამ დროს თქვენც ნაპირზე იდექით?
- მეც იქ ვიყავი, თითქმის დამთავრებული მქონდა უკვე მუშაობა... ზუსტი დრო არ ვიცი, თერთმეტი საათი იქნებოდა ან თორმეტის წუთები. სიბნელე იყო, წყალში საერთოდ არაფერი ჩანდა. როგორც გითხარით, ყვირილის ხმაზე მივხვდი, რომ უჭირდა, ცუდად იყო საქმე, წყალში შევედი და იმდენად ემოციურად ვიყავი მეც, რომ სიმართლე გითხრათ ახლა დეტალები არც მახსოვს...
ვხედავდი, რომ შველა სჭირდებოდა. მივედი მასთან ახლოს და ვეუბნებოდი, მომისმინე - მეთქი, რადგან თავიდან გავიფიქრე, მეც არ ჩამჭიდოს ხელი, ან რამე არ მოხდეს და ორივე არ დავიხრჩოთ აქ-მეთქი. მისმენდა რასაც ვეუბნებოდი, უბრალოდ, ფეხებს და ხელებს დაღლილობის გამო ვერ ამოძრავებდა. მერე ბურთი მივაწოდე, რომ მას დაყრდნობოდა. მთლად ვერ გაუძლო, იმიტომ, რომ პატარა ბურთი იყო, მეც ვაწვებოდი, ვცდილობდი როგორმე ნაპირისკენ წამეყვანა. ალბათ, ნაპირიდან 200-300 მეტრის მოშორებით ვიყავით. ზუსტად ამასაც ვერ გეტყვით. ის პანიკაში იყო და ბუნებრივია, მეც ვღელავდი, რადგან ჩემთვისაც პირველი იყო მსგავსი სიტუაცია. მთავარია, გონზე იყო, უბრალოდ იმდენად დაღლილი იყო, ხელების და ფეხების მოძრაობა აღარ შეეძლო. ჩავყვინთავდი, ამოვყვინთავდი და ვცდილობდი, როგორმე გამეწია ნაპირისკენ. მეც იმდენად სტრესში ვიყავი, სიმართლე გითხრათ, ვერც ვიხსენებ კარგად, როგორ გამოვედით უკან...
ნაპირზე ბევრი ხალხი იყო. წყალში შემოსვლა სხვებს არ უცდიათ, თუმცა ცდილობდნენ ჩვენს დახმარებას, ჩაგვიყარეს დიდი პლასტმასის ბოთლები, რომ მათ ტივტივას როლი რომ შეესრულებინათ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. ბიჭი თავს იტკიებდა, როგორც ჩანს, ბევრი წყალიც ჰქონდა ნაყლაპი და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- დაახლოებით რა დრო დაგჭირდათ, რომ ნაპირამდე გამოგეყვანათ?
- ზუსტად ვერც ამას გეტყვით... ალბათ, სადღაც 20 წუთი...ნაპირზე რომ ამოვედი, მერე მივხვდი, რომ მეც დაღლილი ვიყავი, ალბათ, ემოციურადაც, თორემ წყალში დაღლა არ მიგრძვნია, იმ მომენტში მხოლოდ ადამიანის გადარჩენაზე ვფიქრობდი. მთავარია ყველაფერი კარგად არის, ადამიანი გადარჩა, ჩემზე პატარა არის ასაკით და რაც მთავარია, დღეს კარგად გრძნობს თავს. სამაშველოც მოვიდა, სასწრაფოც მოვიდა, პირველი დახმარება იქვე ჩაუტარეს და მერე წაიყვანეს საავადმყოფოში...
- თქვენ კარგად ცურავთ?
- პროფესიონალი მოცურავე არ ვარ. თვითნასწავლი ვარ. სოფელში მდინარეზე მაქვს ცურვა ნასწავლი.
- გვიამბეთ თქვენზე, რას საქმიანობთ, რა არის თქვენი გატაცება?
- ტყიბულში დავიბადე და გავიზარდე, ახლა თბილისში ვარ, რამდენიმე წელია მიმტანად ვმუშაობ. რატომ მოჰყვა ამხელა ამბავი ამ ფაქტს, ვერ გეტყვით. ,ვიღაცამ გაავრცელა სოციალური ქსელით ეს ამბავი და მერიდება ამაზე საუბარი. მთავარი ის არის, რომ ადამიანი გადარჩა. საოცარი რეაქციები ჰქონდათ ნაპირზე შეკრებილ ხალხს, უხაროდათ, რომ სამშვიდობოს გავედით...
- გადარჩენილ ახალგაზრდას შეხვდით?
- დიახ, ვნახეთ ერთმანეთი, ემოციური შეხვედრა იყო, ძალიან ბედნიერი და ძალიან მადლიერია, ძალიან კარგი ბიჭია. მის ვინაობას მე ვერ გეტყვით, თუ სურვილი ექნება, თვითონ ისაუბრებს. მასთან მომხდარის დეტალებზე ჯერ არც მისაუბრია. მთავარია, კარგად არის და კარგად ყველაფერი კარგად დასრულდა.
- ალბათ, როცა შეხვედით წყალში, მოსალოდნელ რისკებზე არც გიფიქრიათ....
- ადამიანი შველას ითხოვდა და ინსტიქტურად წავედი მის დასახმარებლად, სხვაგვარად არ შემეძლო. არც იმ ტერიტორიას ვიცნობდი კარგად და სიმართლე გითხრათ, იქ წყალში მანამდე არასოდეს შევსულვარ. ბუნებრივი რეაქცია მქონდა. ახლა წერენ, ტბა საკმაოდ ღრმა არისო... ვერც ამას გეტყვით...ამ ყველაფერზე ლაპარაკი მერიდება, უბრალოდ მომერიდა ახლა თქვენთვის ინტერვიუზე უარი მეთქვა.
- თქვენი ოჯახის წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ, როცა ეს ამბავი გაიგეს?
- ჩემი მშობლები და ყველა ახლობელი ამაყოფს ჩემი ამ ქმედებით. მე მივიჩნევს, რომ ეს ბუნებრივი საქციელი იყო. როცა ადამიანი შველას ითხოვს, უნდა დაეხმარო, აბა რა უნდა ქნა?! არ ვიცი, ეს ამბავი ვინ გაახმაურა, ალბათ, ჩემი მეგობრების მეშვეობით გაიგეს ჩემი სახელი, თორემ არც მინდოდა, რომ ეს ამბავი საერთოდ გახმაურებულიყო.
(სპეციალურად საიტისთვის)