ნინო აბესაძე: "ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იყო, არის და დარჩება არაჩვეულებრივად კარგი!" - კვირის პალიტრა

ნინო აბესაძე: "ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იყო, არის და დარჩება არაჩვეულებრივად კარგი!"

როგორც ცნობილია, ქართველი ჟურნალისტი ნინო აბესაძე, ისრაელის პარლამენტის - ქნესეთის წევრია. იგი საქართველოდან 17 წლის წინ წავიდა. მანამადე კი საქართველოში, სახელმწიფო ტელევიზიაში მოღვაწეობდა. მუშაობდა როგორც ქართულ, ასევე რუსულ საინფორმაციო გადაცემებში. პირველი რეპორტაჟები "ვესტნიკისთვის" აქვს მომზადებული, შემდეგ გადაცემა "ნაშუადღევის" წაყვანა შესთავაზეს, შემდეგ იყო საღამოს მთავარი საინფორმაციო გამოშვება "მაცნეს" წამყვანი...

ამჟამად ცხოვრობს დაბაში, რომელიც პალესტინიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა. ჰყავს ორი ქალიშვილი - ეკატერინე და ანაელი. მამა ცნობილი რეჟისორი - ოთარ აბესაძე იყო, დედით ებრაელია. ისრაელში ისევ ჟურნალისტორი კარიერა აიწყო, მუშაობდა გაზეთსა და ტელევიზიაში. შემდეგ პარტია "კადიმას" წევრი გახდა, რომლის დამფუძნებელიც არიელ შარონი იყო... დღეს "კადიმა" ერთ-ერთი ძლიერი და აქტიური პოლიტიკური ძალაა ისრაელის პარლამენტში... ნინო აბესაძე საქართველოში ხანმოკლე ვიზიტით იმყოფებოდა. იგი რამდენიმე წუთით ეწვია სინაგოგას ხანუქას დღესასწაულზე და მცირე ინტერვიუზეც დაგვთანხმდა:

- ქნესეთის, ანუ ისრაელის პარლამენტის წევრი ვარ. ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობა მთლიანად მიმართულია მშვიდობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისაკენ ისრაელში. მიმაჩნია, რომ თავისუფალი ეკონომიკა და თავისუფალი ბიზნესი საუკეთესო რამ არის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ადამიანის სოციალური უფლებებიც იყოს დაცული. ეს კი კაპიტალისტურ სამყაროში ყოველთვის არ ხდება, თუ სახელმწიფომ არ მიხედა. ასე ხდება განვითარებულ ქვეყნებში. ერთის მხრივ ძალიან კარგია თავისუფალი ბაზარი, ეს აუცილებელი რამა არის თანამედროვე განვითარების ეტაპზე, მეორეს მხრივ - უნდა არსებობდეს სოციალური გარანტიები მოსახლეობისთვის.

- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

- ბოლო დროს ისრაელში ძალიან ბევრი ჟურნალისტი მიდის პოლიტიკაში. ალბათ იმიტომ, რომ ერთმანეთთან ახლოს მდგომი სფეროებია. როდესაც ჟურნალისტი ხარ, რეალურად ხედავ სინამდვილეს, რომელსაც წლების მანძილზე ასახავ. მთლიანი სტაჟი რომ შევკრიბო საქართველოსა და ისრელში მუშაობის, უკვე ათწლეულები გამომდის ჟურნალისტიკაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საქმეს იმდენად კარგად სწავლობ, რომ გიჩნდება სურვილი, ეს სინამდვილე არა მხოლოდ ასახო, არამედ გავლენაც მოახდინო სინამდვილეზე. როდესაც შენ გაწუხებს ის, რომ ყველაფერი ისე არ სრულდება, როგორც საზოგადოება მოითხოვს, უკვე გსურს, ხელისუფლებაში იყო და მონაწილეობა მიიღო არსებულის უკეთესობისკენ შეცვლაში.

- ისრაელში ახლად ჩასულისთვის ჟურნალისტური კარიერის აწყობა რთული იყო?

- როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის არის რთული უცხო ქვეყანაში კარიერის აწყობა, ასევე იყო ჩემთვის. მითუმეტეს, როდესაც საუბარია ჟურნალისტიკაზე, ანუ პროფესიაზე, რომელიც ენის ფლობას მოითხოვს. ივრითი არ ვიცოდი და ერთმანეთის პარალელურად ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ეს, ცხადია, ურთულესი პერიოდი იყო - არ მეძინა, ზოგჯერ ჭამის დროც არ მქონდა და გამუდმებით ვშრომობდი...

როგორც ჟურნალისტისთვის ისრაელი უაღრესად საინტერესოა. ყოველ წუთს რაღაც ხდება, რადგან მოგეხსენებათ ახლო აღმოსავლეთი პრობლემური რეგიონია. ამ რამდენიმე კვირის წინ საომარი მოქმედებები შეიძლება დავარქვათ იმ მოვლენებს, რაც იქ ხდებოდა. ღაზას სექტორიდან ისრაელს რაკეტებს უშენდნენ. ამ დროს რამდენჯერმე ვიყავი ტელევიზის სტუდიაში სტუმრად, როდესაც საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ღაზას სექტორიდან გამოფრენილი რაკეტები, არავინ იცოდა სად ჩამოვარდებოდა.Kკიდევ კარგი, მსხვერპლი არ ყოფილა. ისრაელს არ შეუძლია მხოლოდ ბედის იმედად იყოს და მომზადებულია ასეთი სიტუაციებისთვის. ამისთვის არსებობს ისეთი სისტემმა, რომელსაც ჰქვია "რკინის ხუფი" ან "რკინის ქუდი", რომელმაც უნდა დაიცვას ისრაელის მოსახლეობა ასეთი რაკეტებისგან.

საერთოდ ისრაელი მდებარეობს რთულ რეგიონში, ძალიან ბევრი კონფლიქტებია და ამ კონფლიქტების დიდი ნაწილი გადაჭრილი არ არის. ამ რეალობაში გვიხდება ცხოვრება და ამიტომ ჟურნალისტობა ისრაელში ძალიან საინტერესოა. თუმცა, რაც უფრო საინტერესოა, მით უფრო რთულია. პოლიტიკოსობაც ძალიან აქტუალურია. ორივე პროფესია ითხოვს ენერგიისა და დროის მაქსიმალურ მობილიზებას.

- ცოტა ხნის წინ გარკვეული უხერხულობა შეიქმნა საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობებში, გაეროში პალესტინის საკითხთან დაკავშირებული კენჭისყრის გამო...

- არანაირი. ამაზე არსებობსმ ხოლოდ ერთი პასუხი: ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობა იყო, არის და დარჩება არაჩვეულებრივად კარგი! არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდა და რა მოხდება. ეს არის ორი ქვეყნის ისეთი ურთიერთობა, რომლისაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს, შეიძლება, თეთრი შურით შურდეთ, ჩვენ კი შეგვიძლია ვიამაყოთ.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)