მართლმსაჯულების თუ "პატრონის" სამსახურში? - კვირის პალიტრა

მართლმსაჯულების თუ "პატრონის" სამსახურში?

მოსამართლეთა უსამართლო განაჩენები

ხელისუფლების ცვლილებმა სახელმწიფო უწყებებში დაგროვილი პრობლემები უფრო თვალსაჩინო გახადა. მართლმსაჯულების სფეროში არსებული დარღვევების შესახებ არაერთხელ გვსმენია. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ სისტემის მიმართ უამრავი შეკითხვა გაჩნდა. კონკრეტულად, რატომ უნდა დარჩნენ თანამდებობებზე ის ადამიანები, რომლებმაც ზეწოლის, პირადი ინტერესების თუ სამსახურის შენარჩუნების გამო უკანონო გადაწყვეტილებები მიიღეს. წლების განმავლობაში, თითქმის ყველა საქმე (სტატისტიკური მონაცემებით, უმეტესობა) უსამართლო განაჩენით სრულდებოდა, თუმცა, არსებული ინფორმაციით, იმ მოსამართლეებმა, ვინც ათი წლით არიან დანიშნული, შესაძლოა, სამსახური შეინარჩუნონ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათზე წნეხი მოიხსნება, მოსამართლეთა 90%-ისგან შესაძლოა, დამოუკიდებელი მოსამართლეები მივიღოთ...

ქეთევან გაიხარაშვილი, ყოფილი პატიმრის დედა:

- ჩემი შვილი ე.წ. ციხის ბუნტის დროს სცემეს. იქიდან მშენებარე ციხეში, მეექვსე დაწესებულებაში გადაიყვანეს და 3 თვის განმავლობაში, რამდენიმე პატიმართან ერთად ჰყავდათ. ისეთი ნაცემი იყო, გადაადგილება უჭირდა და სიკვდილის პირას იყო. მთელი ქვეყანა შევაწრიალე, მაშინდელი იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას ღამის 4 საათზე კაბინეტში შევუვარდი და როგორღაც მივაღწიე იმას, რომ ჩემი დასახიჩრებული შვილი ციხის საავადმყოფოში გადმოეყვანათ. როდესაც საქმე გავასაჩივრე, რათა მისთვის სასჯელი გადაევადებინათ ან მოეხსნათ, მოსამართლე მარინა ცერცვაძე არც კი დამელაპარაკა. ჩემი შვილის "რეზბალნიცაში" ყოფნისას, იქაურმა თანამშრომელმა დამირეკა, უშველეთ რამე თქვენს შვილსო. მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე და მარტო არ წავედი, რამდენიმე არასამთავრობოს დავუკავშირდი, რეანიმაციაში შესულს ასეთი სურათი დამხვდა, - წვეთოვანზე შეერთებულ ჩემს შვილს ბადრაგი ურტყამდა... არადა, ორივე ფეხი გადამტვრეული ჰქონდა, ხერხემალი დაზიანებული და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. ვისთან არ მივედი, რომ შვილისთვის როგორმე მეშველა, ორი შვილი ადრე მომიკვდა, ეს ერთიღა დამრჩა ცოცხალი და მის გამო ყველაფრისთვის მზად ვიყავი... ჩემი შვილის საქმე მოსამართლე მარინა ცერცვაძეს ჰქონდა მიბარებული და როცა მას მივმართე, მომახალა - თავი დამანებეთ, დღეს შვილის ქორწილი მაქვს და თქვენ გამო ხასიათს ვერ გავიფუჭებო. იმდენჯერ მოგვიწია კამათმა, გიჟს მეძახდა. ახლა გავიგე, რომ კახეთის სასამართლოში გადაუყვანიათ და მუშაობას განაგრძობს.

თემური, 39 წლის, ყოფილი პატიმარი:

- სასამართლო პროცესზე გასვლამდე თითქმის ყველა პატიმარს სცემდნენ, რათა იქ "ჭკვიანად" მოქცეულიყო. არაერთი შემთხვევა ყოფილა როდესაც ნაცემი პატიმარი ბადრაგს შეუტანია პროცესზე, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. როდესაც მოსამართლე ეკითხებოდა, რა დაგემართაო, ის პასუხობდა, რომ კედელს დაეჯახა, ან წაიქცა და ამ დროს მიიღო დაზიანებები და ისიც "იჯერებდა". მე სასამართლო პროცესზე ვუთხარი, ისეთი ნაცემი ვარ, ვეღარ დავდივარ-მეთქი, მან კი დამიყვირა, საქმის გარშემო ისაუბრეო...

მამუკა ნოზაძე, ადვოკატი:

- სასამართლო ხელისუფლებაში ისეთივე სისტემური პრობლემები იყო, როგორც სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. ეს ადამიანები, რომლებიც მსგავს დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდნენ, მოსამართლეების ყოფილი მდივნები და თანაშემწეები არიან და არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდათ. ამიტომ მოსამართლის პოსტზე მორჩილების ნიშნით დაინიშნენ... სამოქალაქო, სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ვერავინ დამისახელებს ერთ მოსამართლეს მაინც, რომელსაც დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და ხელისუფლების დაკვეთას არ ასრულებდა. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების დროსაც კი, საქმეს პროკურორებსა და პოლიციელებს უთანხმებდნენ... მოსამართლე ილონა თოდუა იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშნეს, არადა, ეს ქალბატონი არაადამიანური მოპყრობის შედეგად გარდაცვილი პატიმრის ნიკოლოზ მჭედლიშვილის საქმეს ერთ წელზე მეტს ხანს განიხილავდა. იგივეს აკეთებდა, მოსამართლე თეა თადაშვილიც... პირდაპირ დაგისახელებთ უსამართლო განაჩენებით ცნობილ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს, რათა მათ საზოგადოება კარგად იცნობდეს: - მზია ლომთათიძე, რომელიც შევარდნაძის დროსაც "კარგად" მუშაობდა და უკანონო განაჩენების გამოტანას მაშინაც არ თაკილობდა; მარინა ხოლუაშვილი; მანანა ოთარაშვილი; ომარ ჯორბენაძე, რომლის ძმაც თაღლითობისთვის დააპატიმრეს და მოსამართლე ძმის გამო მასზე შეღავათი განახორციელეს.

შალვა ხაჭაპურიძე, ადვოკატი:

- ფოთის ყოფილი მერი ზუგდიდის სასამართლომ გაასამართლა - პენსიები შეჭამეთო, მერე ეს კაცი ქუთაისის საოლქო სასამართლოში იმავე "დანაშაულისთვის" გაასამართლეს. არადა, ეს კაცი წალენჯიხაში მუშაობდა... ნევადის შტატის ყველაზე დიდი სამოსამართლეო სკოლა მაქვს გავლილი. იქ ყველა მოსამართლის გვარი იციან და პატივს სცემენ. საქართველოში კი ვინ იცის მათი გვარები?! ერთი-ორი პატიოსანი მოსამართლე, ალბათ იქნება სადმე, მაგრამ მე არ შემხვედრია. ზოგიერთ მოსამართლეს არც უნდა დატერორება, მათ მოსწონთ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, ჩეხოვის "საბაჩკინებივით" არიან, - იმას ასრულებენ, რასაც უბრძანებენ.

როდესაც შეხედა მსოფლიომ, რომ არსებობდა ფაშისტური რეჟიმი, ნიურნბერგის პროცესზე მოსამართლეები, პროკურორები, ოფიცრები, ექიმები დასვა. ჩვენთან კი ციხის "რეზბალნიცის" ცნობილი ექიმი ბახტაძე მკვდარზე წერდა, ცოცხალიაო, მაგრამ კითხვაც არავის გასჩენია. მე არავის ციხეში ჩაყრის მოსურნე არ ვარ, მაგრამ მათ უნდა საკადრისი იგემონ, ისადაც ადამიანებს წარბშეუხრელად უშვებდნენ. ისინი უნდა გასამართლდნენ. სანამ გერმანიამ ნიურნბერგის პროცესი არ ჩაატარა, მანამ ვერ მოიშორა ფაშიზმის ლაქა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)