ვინ სთხოვდა შალვა დადიანს საქართველოს მეფობას - კვირის პალიტრა

ვინ სთხოვდა შალვა დადიანს საქართველოს მეფობას

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული დოკუმენტების ხელახალი დამუშავებისას სპეციალისტებმა მუზეუმის ერთ-ერთი დამაარსებლის, მწერლის, დრამატურგის, რეჟისორის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის შალვა დადიანის ცხოვრების შესახებ ახალ დეტალებსა და დოკუმენტებს მიაკვლიეს.

გაირკვა, რომ შალვა დადიანი 14 წლის ასაკში გამოსცემდა საყმაწვილო ხელნაწერ ჟურნალ "მოზარდს". მისი გამოცემა 1888 წელს დაწყებულა და ოთხ წელიწადს გრძელდებოდა. მუზეუმში ჟურნალის სულ 80 ეგზემპლარია დაცული.

სპეციალისტებმა შალვა დადიანის არქივზე მუშაობისას უფრო მნიშვნელოვან ექსპონატებსაც მიაკვლიეს - მის მიერ შესრულებულ დღემდე უცნობ სასცენო ესკიზებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია წერილი, რომლის მიხედვითაც სოციალისტ-ფედერალისტები შალვა დადიანს საქართველოს მეფობას სთხოვდნენ, თუმცა მან ეს ხუმრობად აღიქვა და ამით თავიდან აიცილა მძიმე ტვირთი.

შალვა დადიანი ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკოლოზ დადიანის ოჯახში დაიბადა. განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. ადრეული სიჭაბუკის წლებში გაიტაცა სოციალურმა და პატრიოტულმა იდეებმა.

1893 წლიდან შალვა დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილთან იღვწოდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციურ სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. მეფის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, დასმა პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა "უკანასკნელნი".

შალვა დადიანი კომედიური ჟანრის ფუძემდებელია ქართულ საბჭოთა დრამატურგიაში. მის პიესებში მხილებულია საბჭოთა სახელმწიფო აპარატის ბიუროკრატიზმის, მლიქვნელობისა და თვალთმაქცობის გადმონაშთები. ის ასევე ავტორია პირველი ისტორიული რომანისა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში "გიორგი რუსი".

თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის არქივში აღმოჩენილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შალვა დადიანის პირადი ჩანაწერებია, რომელიც მკრთალი ფანქრითაა შესრულებული და სადაც ნათლად ჩანს, რომ მიუხედავად სტალინთან და ბერიასთან ახლო მეგობრობისა, შალვა დადიანს საბჭოთა რეჟიმი მაინც ავიწროებდა.

ნინო ჯაფარიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”