ქართველი სამხედროები ღაზაში - ერაყული და ავღანური მისიების ახლებურად გაგრძელება?
2021 წლის ზაფხულიდან უკვე ხუთი წელი შესრულდა, რაც საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო კონტინგენტები აღარ მონაწილეობენ მსოფლიოს ამა თუ იმ რეგიონში მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, თუმცა 1999 წლიდან მოყოლებული ქართველ სამხედროებს გამოვლილი აქვთ კოსოვოს, ერაყის, ავღანეთის, ცენტრალური აფრიკისა და მალის მისიები...
და გუშინ ისრაელის მასმედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ იმის თაობაზე,რომ ქართველი სამხედროები შეიძლება ღაზას სექტორში ჩასაყენებელ საერთაშორისო სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაშიც გამოჩნდნენ...
საქართველოსთან და ვიეტნამთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალების (ISF) ინიციატივის ფარგლებში, ღაზის სექტორში ომის შემდგომ პერიოდში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი Channel 12-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იგეგმება კირიათ-გათში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრის (CMCC) რეფორმირება, რისი მიზანიც მისი ოპერატიულობას გაზრდა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოსთან კოორდინაციის გაძლიერებაა.
CMCC სამხრეთ ისრაელში გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმის ფარგლებში. მას დაევალა ისრაელ-„ჰამასის“ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, დახმარების შეტანის ხელშეწყობა და პალესტინის ტერიტორიისთვის ომის შემდგომი პოლიტიკის შემუშავება.
ამ ცენტრს სახელი შეეცვლება და ღაზას სექტორის დახმარების საერთაშორისო ცენტრი დაერქმევა, სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები (ISF) კი, რომელიც ისრაელის გასვლისა და „ჰამასის“ განიარაღების შემდეგ გარდამავალ პერიოდში ღაზას სექტორის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, მის საქმიანობაში გაცილებით დიდ როლს შეასრულებს.
Channel 12-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოსთან და ვიეტნამთან ISF-ში ჯარების გაგზავნის შესახებ და საბოლოო შეთანხმების შემთხვევაში, ისინი შეუერთდებიან საბერძნეთს, მაროკოს, ინდონეზიას, კოსოვოს, ყაზახეთს და ალბანეთს, რომლებმაც უკვე დათანხმდნენ ძალების გაგზავნას.
Channel 12-ის ცნობით, „მშვიდობის საბჭომ“ ინფორმაცია არ უარყო და განაცხადა, რომ ის ღაზაში მმართველობის, უსაფრთხოებისა და რეკონსტრუქციის გეგმების წინსვლას აგრძელებს ძალისხმევის გამარტივებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით. მათივე განმარტებით, მისიის გაფართოების პარალელურად, „სტაბილიზაციის საერთაშორისო ძალები“ და „სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრი“ უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციის სხვადასხვა მოდელს ამზადებენ, ამჟამად პერსონალის შემცირება არ იგეგმება და დამატებით ქვეყნებთან ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
Channel 12-ის ცნობით, საქართველო და ვიეტნამი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ასეთია პირველადი ინფორმაცია იმის შესახებ, აღადგენს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ძველ პრაქტიკას და კვლავ თუ გააგზავნის მსოფლიო „ცხელ წერტილებში“ ქართველ სამხედროებს.
იმის ანალიზს,თუ რა დადებითი და უარყოფთი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ქართველი სამხედროების გაგზავნას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ „ცხელ წერტილში“-ღაზას სექტორში და ვის და რის ინტერესებში შედის ეს,უფრო დაწვრილებით გაზეთ „კვირის პალიტრის“ 29 ივნისის ნომერში,რუბრიკა „სამხედროში“ შემოგთავაზებთ...