მიქელანჯელოს ავტოპორტრეტი ნამდვილია! - კვირის პალიტრა

მიქელანჯელოს ავტოპორტრეტი ნამდვილია!

ხელოვნებათმცოდნეებმა უკვე დაადასტურეს, რომ ავტოპორტრეტი ნამდვილად დიდი შემოქმედის ნახელავია. წრიული ფორმის ბარელიეფი, რომელიც თეთრი მარმარილოსგან არის დამზადებული, მდიდარი ტოსკანური ოჯახის კერძო კოლექციაში ინახება. ხელოვნებათმცოდნეებმა მხოლოდ ახლახან დაადასტურეს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეიმს ბეკის მიერ მის მონოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება, რომ მიქელანჯელომ ეს ავტოპორტრეტი 1545 წელს შექმნა.

დიდ ოსტატს იმ წელს 70 წელი შეუსრულდა და უკვე იცნობდნენ მის შედევრებს: ფრესკას "საშინელი სამსჯავრო", დავითის ქანდაკებასა და "ქრისტეს დატირებას", რომელიც დიადი მოქანდაკის ერთადერთი ხელმოწერილი ქმნილებაა.

საჯაროდ ბარელიეფი 2005 წლიდან იყო გამოფენილი, რამდენიმე ხნის წინ კი მისი შესწავლა იტალიის კულტურის სამინისტროს თანამშრომელმა, ისტორიკოსმა კლაუდიო სტრინატიმ ითავა. სტრინატი მიიჩნევს, რომ მიქელანჯელომ ავტოპორტრეტის შექმნა პაპ იულიუს II-ის აკლდამაზე მუშაობის დროს დაიწყო. აკლდამა უნდა ყოფილიყო სამდონიანი მონუმენტური ნაკეთობა ადამიანის ნატურალური ზომის 40 ქანდაკებით. თუმცა სამუშაოს დაწყებიდან მალევე პაპმა მიქელანჯელოს ჯერ სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატვა სთხოვა...

იულიუს II 1513 წელს გარდაიცვალა და წმინდა პეტრეს ტაძარში დაკრძალეს, თუმცა მიქელანჯელო მისი აკლდამისთვის გათვალისწინებულ ფიგურებზე მუშაობას 1545 წლამდე განაგრძობდა. საბოლოოდ, აკლდამა სან პიეტრო ინ ვინკოლის ბაზილიკაში აიგო.

სტრინატი ამტკიცებს, რომ მიქელანჯელო ავტოპორტრეტს სწორედ ამ კომპლექსისთვის ქმნიდა, თუმცა შემდეგ რატომღაც გადაიფიქრა და ნამუშევარი პიზაში ერთ-ერთ ოჯახს უსახსოვრა, რაც XVIII საუკუნის დოკუმენტებით დასტურდება. პიზის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ტონდოსა (მრგვალი ნახატი ან ბარელიეფი) და აკლდამის მასალა ერთი და იმავე წარმოშობის მარმარილოა. აქამდე ხელოვნებათმცოდნეებს ძირითადად ის ფაქტი ამუხრუჭებდათ, რომ მიქელანჯელოს გვიანი ნამუშევრები, როგორც წესი, ცოტათი დაუმთავრებელია. ბოლო ფაქტებმა ბეკის მოსაზრება განამტკიცა.

"ვსემირნაია ისტორიის" მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”