უკრაინულმა „ფლამინგოებმა“ რუსულ „ორეშნიკებსა“ და „ისკანდერებზე“ შური იძიეს... მათსავე ასაწყობ ქარხანაში... - კვირის პალიტრა

უკრაინულმა „ფლამინგოებმა“ რუსულ „ორეშნიკებსა“ და „ისკანდერებზე“ შური იძიეს... მათსავე ასაწყობ ქარხანაში...

უკრაინელმა სამხედროებმა 27 ივნისის გამთენიისას მორიგ საბრძოლო წარმატებას მიაღწიეს - ერთმანეთის მიყოლებით სამი უკრაინული რეაქტიული ფრთოსანი რაკეტა „ფლამინგო“ მოხვდა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე „ტიტან-ბარიკადის“ სამხედრო ქარხანას და იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ „ფლამინგოს“ ერთ ტონაზე მეტი მასის საბრძოლო ქობინი გადააქვს, რუსულმა ქარხანამ დიდი ალბათობით სერიოზული ზიანი მიიღო, რისი ზუსტი მასშტაბები ხვალ-ზეგ გახდება ცნობილი, როდესაც დასავლეთის თანამგზავრები ამ დაზიანებული რუსული ქარხნის დეტალურ, მაღალხარისხიან კოსმოსურ ფოტოებს გადაიღებენ...

1-volg-1782587086.png
უკრაინული „ფლამინგოები“ რეალურად ხდებიან პუტინის რუსეთის ყველაზე საშიში მტრები, რადგან 3 ათას კმ-ზე ერთტონიანი „ბომბის“ ათიოდე მეტრის სიზუსტით „მიტანა“ შეუძლიათ...

უკრაინა ბოლო პერიოდში სისტემატურად აყენებს ზუსტ საჰაერო დარტყმებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხნებსა და ფაბრიკებს, მათ შორის ბევრად უფრო შორს,ვიდრე უკრაინის ფრონტის ხაზიდან 500 კმ-ით დაშორებული რუსული ვოლგოგრადია,მაგრამ ეს წარმატებული საჰაერო ოპერაცია მაინც გამორჩეული გამოვიდა...

საქმე ის არის, რომ სწორედ ვოლგოგრადის „ტიტან-ბარიკადში“ ეწყობა ის „ორეშნიკები“ და „ისკანდერები“, რომლებიც პუტინის საყვარელ „სასიკვდილო სათამაშოებს“ წარმოადგენენ უკრაინული ქალაქების დასანგრევად.

2-volg-1782587086.jpg
„ტიტან-ბარიკადის“ რუსული სამხედრო ქარხანა ვოლგოგრადში,რომელიც სამი „ფლამინგოს“ სამიზნე გახდა...

უფრო ზუსტი რომ ვიყოთ, „ტიტან-ბარიკადებში“ მზადდება „ორეშნიკისა“ და „ისკანდერის“ რაკეტების გამშვები თვითმავალი დანადგარები, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ რაკეტების საბრძოლო გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც „ისკანდერ-მ“-ის საბრძოლო ნათლობა ქართული ქალაქის გორის მიმართულებით 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.

ისე კი ეს საბჭოთა/რუსული სამხედრო ქარხანა თავის შემდგომ განვითარებას (რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ქვემეხებსა და ჰაუბიცებს ამზადებდა,სანამ ჰიტლერის არმია მდინარე ვოლგაზე არ მიადგა სტალინგრადს,ყოფილ ცარიცინს,რომელიც დღეს ვოლგოგრადად იწოდება) მაინც ჩვენ თანამემამულე საბჭოთა კონსტრუქტორ ალექსანდრე ნადირაძეს უნდა უმადლოდეს,რადგან სწორედ მისი ბალისტიკური რაკეტებისთვის-„ტემპ-ს“-სთვის, „პიონერისთის“ და „ტოპოლისთვის“ ქმნიდა მრავალბორბლიან მობილურ გასაშვებ სარაკეტო დანადგარებს საბჭოთა პერიოდში და შემდგომ უკვე რუსეთის არმიისთვის გააგრძელა „ტოპოლ-მ“-ების, „იარსებისა“ და „ისკანდერების“ მოძრავი სარაკეტო გამშვებების წარმოება.

ისტორიამ შემოინახა დეტალები,თუ როგორი მძიმე გარჩევა მოუწყო ალექსანდრე ნადირაძემ „ბარიკადების“ დირექტორს იმის გამო,რომ ამ ქარხანაში დამზადებულ მობილური გამშვები დანადგარის საცდელ ეგზემპლარს გაუჭირდა ნადირაძის 45 ტონიანი საკონტინენტშორისო ბალისტიკური „ტოპოლის“ ტარება...

3-volg-1782587086.png
„ტიტან-ბარიკადის“ ქარხნის საამწყობრო საამქროში მობილურ სარაკეტო დანადგარს ამზადებენ „იარსის“ ტიპის საკონტინენტშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტის დასაყენებლად...

რუსული საშუალო სიშორის მობილური სარაკეტო კომპლექსები „ორეშნიკები“(რომლებიც ნადირაძის „პიონერის“ კონცეფციის გაგრძელებას წარმოადგენს) ძირითადად პუტინის „პროპაგანდისტულ რაკეტებს“ წარმოადგენენ,რადგან მათმა ოთხჯერ საბრძოლო გამოყენებამ ბევრი ვერაფერი ზიანი მიაყენა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას,განსხვავებით ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების „ისკანდერ-მ“-ებისგან,რომლებიც ომის მეხუთე წელსაც რჩებიან უკრაინული ქალაქების ერთ-ერთ მთავარ კოშმარად,რადგან მათი მოგერიება დღეისათვის მხოლოდ „პეტრიოტის“ ძალზე ძვირადღირებული და დეფიციტული ანტირაკეტებით თუ არის შესაძლებელი.

არსებული ინფორმაციით, რუსეთი თვეში „ისკანდერის“ სხვადასხვა ტიპის 60-მდე რაკეტას ამზადებს,თუმცა მათი გამშვები მობილური დანადგარების რიცხვი 2020 წლისთვის მხოლოდ 140-ს თუ შეადგენდა.

განვლილ ექვს წელში რუსეთი, „ისკანდერის“ მობილურ სარაკეტო დანადგარებს კიდევ დაამზადებდა,თუმცა ისიც გასათვალისწინებელია,რომ უკრაინელებმა პუტინის არმიას ამ ომში უკვე აუფეთქეს არანაკლებ ოთხი „ისკანდერის“ სარაკეტო დანადგარი,რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა ურთულესია,რადგან ორივე კვაზიბალისტიკური რაკეტის ერთმანეთის მიყოლებით გაშვების შემდეგ, „ისკანდერის“ სარაკეტო დანადგარი ორიოდე წუთში ტოვებს საცეცხლე პოზიციას და კონტრსაბატარეო ცეცხლით მისი განადგურება შეუძლებელი ხდება,მითუმეტეს,რომ რუსული „ისკანდერები“ უკრაინის საზღვრიდან არანაკლებ ორასი კმ-ის დაშორებიდან უშვებენ 500 კმ-მდე მფრენ 3,8 ტონიან კვაზიბალისტიკურ რაკეტებს,რომლებსაც 480 კგ მასის საბრძოლო ქობინი უყენიათ.

ამიტომაც, რუსული „ისკანდერებზე“ ნადირობა თავად რუსეთის ტერიტორიაზე და მითუმეტეს იმ ქარხანაში, სადაც ისინი საბოლოოდ იწყობიან,გამართლებული ტაქტიკაა.

4-volg-1782587085.png
რუსული „გერანის“ სამიზნეში ამოღებული უკრაინული „მიგ-29“...

P.S. თუკი 27 ივნისი უკრაინული ფრთოსანი რაკეტებისთვის „ფლამინგოებისთვის“ წარმატებული გამოდგა, სამაგიეროდ ის წარუმატებლად წარიმართა იმავე უკრაინის „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლებისთვის...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა აღიარეს ერთი „მიგ-29“-ის დაკარგვა პოლტავის ოლქის თავზე,თუმცა მფრინავმა მოასწრო კატაპულტირება და ცოცხალი გადარჩა.

ჯერ უცნობია თუ რა გახდა უკრაინული „მიგ“-ის ჩამოვარდნის მიზეზი-რუსული შორი მოქმედების „მიწა-ჰაერი“ ან „ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტა თუ უკრაინელი პილოტი ისევ ახლოს მიუახლოვდა რუსულ უპილოტო „გერანს“ ჩამოსაგდებად და მისი დეტონაციისას წარმოქმნილმა ნამსხვევრევბმა დააზიანეს უკრაინული გამანადგურებელი...

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს,რომ ასევე 27 ივნისს უკრაინის ნიკოლაევის ოლქის ვოზნესენსკის სამხედრო აეროდრომზე რუსულმა მოდერნიზებულმა,მართვადმა „გერან-4“-მა თითქოს კიდევ ერთი უკრაინული „მიგ-29“ ააფეთქა, როდესაც ამ თვითმფრინავის გასაფრენად მზადება მიმდინარეობდა და აქვეყნებს ამის ამსახველ ფოტოს...