"ერთ-ერთი გადახტომის შემდეგ ბესო უკან ვეღარ ამოვიდა... დღეს 24 წლის გახდებოდა" - დაბადების დღის წინა დღეს დატრიალებული ტრაგედია: გერმანიაში, ტბაში ქართველი ბიჭი დაიხრჩო
გუშინ საღამოს 6 საათზე გერმანიაში, კერძოდ მიუნხენთან ახლოს ტრაგედია დატრიალდა. 24 წლის სიცოცხლით სავსე ქართველი ბიჭი, ბესო მამულაშვილი საუბედუროდ, ტბაში დაიხრჩო. ბიჭი დედასთან და ძმასთან ერთად რამდენიმე წელია გერმანიაში ცხოვრობს. ის საქართველოში ახლახანს იყო ჩამოსული, როგორც ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ბესო მოესიყვარულა მონატრებულ სანათესაოს და გერმანიაში ისევ დაბრუნდა. თავზარდამცემია მომხდარი მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ბესოს იცნობდა. დღეს ახალგაზრდას დაბადების დღე აქვს, ბესოს 24 წელი შეუსრულდებოდა, სამწუხაროდ ასე ტრაგუკულად შეწყდა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე. მომხდარით შეძრულ, უცხო მიწაზე მყოფ მის დედას გვერდში უდგას მისი მეგობარი მანანა ვეფხოშვილი. ჩვენ ქალბატონ მანანას გერმანიაში დავუკავშირდით და სწორედ მან გვიამბო მომხდარის დეტალები.
მანანა ვეფხოშვილი:
- ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. გუშინ საღამოს 6 საათზე შტანბერგის ტბაში დაიხრჩო ჩვენი უსაყვარლესი ბიჭი ბესო. მისი ცხედარი მაშველებს საღამოს 8 საათზე უკვე წყლიდან ამოყვანილი ჰყავდათ. არაჩვეულებრივი, კეთილშობილი, პოზიტიური ახალგაზრდა აღარ გვყავს. ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას. ბესო საქართველოზე უზომოდ შეყვარებული იყო. დედამისი ჩემი მეგობარია, აგერ ჩემს გვერდით ზის ახლა და არ მაქვს მისთვის სანუგეშო სიტყვა.
ბესოს დღეს დაბადების დღე ჰქონდა, 24 წლის გახდებოდა, უნდა აღენიშნა ბედნიერად ეს დღე, მაგრამ ეს უბედურება დატრიალდა. დაბადების დღის წინა დღეს წავიდა მეგობართან ერთად ტბაზე სასეირნოდ, სხვა დროსაც დადიოდა ხოლმე, ცურვაც კარგად იცოდა, მაგრამ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა. მართლა არაჩვეულებრივ ახალგაზრდაზეა ლაპარაკი, ძალიან განათლებულზე, ჭკვიანზე, ძალიან კეთილ ბიჭზე, რომლის მსგავსი ახალგაზრდები დღეს რომ სანთლით საძებნელია. ფოტოებშიც ხედავთ ფიზიკურადაც როგორი უნაკლო ბიჭი იყო. უზადო გარეგნობის და ყველაზე მთავარი, უზომოდ შეყვარებული თავის საქართველოზე. ოცნება ჰქონდა როგორმე მალე დაბრუნებულიყო საქართველოში. ორი კვირის ჩამოსულია იქიდან. საქართველოშია მამამისი, ბებია, ბიძა, ბიძაშვილები, მთელი სანათესავო, ახლა ჩასული რომ იყო, მოიარა მთელი საქართველო, დიდი ხანია არ ყოფილა და საოცარი ემოციებით დატვირთული დაბრუნდა იქიდან. დედისთვის უთქვამს, დედა, რაც შეიძლება ჩქარა უნდა დავბრუნდეთ საქართველოში, ჩვენ მეტი დრო აღარ გვაქვს აქ გასატარებელი, საქართველოში დავბრუნდეთ და იქ ვიცხოვროთო. ეს ოჯახი უკრაინაში ცხოვრობდა, ომი რომ დაიწყო დედამ თავისი შვილები გერმანიაში წამოიყვანა, მას მერე გერმანიაში იყვნენ. ცრემლებს ვერ ვიკავებ, ენით გამოუთქმელია ის ტკივილი, რასაც ჩვენ ახლა განვიცდით. ქართველი მარგალიტები ვინ იცის სად და სად არიან მიმობნეულები, საქართველოდან წავიდნენ გაჭირვების გამო, ბინა არ ჰქონდათ, დაკარგეს, ამის შემდეგ წავიდნენ უკრაინაში, რამდენიმე წელი იცხოვრეს უკრაინაში, მერე იქაც დაიწყო უკრაინის ომი, დედამ გამოარიდა ამ ომს შვილები, გადარჩენის მიზნით წამოვიდნენ, ასე მოხვდნენ ისინი გერმანიაში, მიუნხენში. შტანბერგი არის მიუნხენთან ახლოს, საკურორტო ქალაქია, სადაც უზომოდ დიდი ტბა არის, ზღვასავით ტბა, სწორედ იქ დატრიალდა ეს უბედურება. დედამ შვილების ყველა ნაბიჯი იცოდა. ტბაზე რომ მიდიოდა, დედისთვის უთქვამს, შეუთანხმებია, ახლა იკლავს დედა ტავს, ნეტა არ გამეშვაო, ამას ვინ წარმოიდგენდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ წესიერ ბიჭზე გელაპარაკებით, კიდევ არ ვიცი როგორ გადმოვცე და როგორ დავახასიათო ჩვენი კარგი ბესო.
-ბესომ ცურვა იცოდა?
-არაჩვეულებრივი მოცურავე იყო, ძალიან კარგად აღზრდილი ბიჭუნა, კარგი განათლებით, ცურავდა ძალიან კარგად და ვერავინ ვერ წარმოიდგენდა ამას. დედამისი ახლა იძახის რას წარმოვიდგენდი ამასო. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და დაიდება დასკვნა, ასე გაირკვევა რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი. არ ვიცით რატომ დატრიალდა ეს. ამბობენ, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურა იყო, ძალიან ცხელოდა, 40 გრადუსამდე ყოფილა ტემპერატურა გუშინ, ეს წყალი არის ყინულივით ცივი, ბესო და მისი მეგობარი შესულან ნავით ტბაში და გადახტნენ ბიჭები წყალში ნავიდან, ასე ხტებოდნენ, მერე გაცურავდნენ და ისევ ბრუნდებოდნენ ნავში, ასე ერთობიან ახალგაზრდები, ვინც კარგი ცურვა იცის, თან სპორტსმენები იყვნენ ორივე. მეგობარიც და თვითონ, ერთ-ერთ გადახტომის შემდეგ ბესო უკან ვეღარ ამოვიდა, ვარაუდია, რომ რაღაც სისხლძარღვების შევიწროვება მოხდა, ან რაღაც სხვა მოხდა, ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. მისი მეგობარი იძახის, გადამხტარი არ იყო, რომ უკვე დავინახე დახრჩობა დაეწყოო, გადახტა ის მეგობარიც, რომ მიშველებოდა, როგორმე გადაერჩინა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ შეძლო მისი გადარჩენა. ნავით იყვნენ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ამ ფაქტის შემსწრე და თვითმხილველი მისი უახლოესი მეგობარი, რომ ნერვული შოკი აქვს და კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი ბავშვობიდან ერთად მოდიან, უკრაინაში ერთად გაზრდილები, კლასელები, მეგობრები, სპორტსმენები, თანამოაზრეები იყვნენ.
ბესოს დაბადების დღის წინა დღეს დაგეგმეს, რომ ასე ერთად ტბაზე გაესეირნათ და ასე ფატალურად დამთავრდა ეს ყველაფერი. ბესო უფროსი შვილია, მას ჰყავს 21 წლის ძმა. საქართველოშია მამამისი. ყველას სამძიმარს ვუცხადებ. სოციალური ქსელით გავრცელდა ეს ინფორმაცია და ვერ წარმოიდგენთ რამხელა გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი უსამძიმრებს ოჯახს. უცხო ქვეყანაში ვართ, აქაც უამრავი ადამიანი მოვიდა, გერმანელები, ქართველები, უკრაინელები, სახლი სავსეა ხალხით და ყველა ჭირისუფალია, ყველა დგას დედის და ძმის გვერდით, მაგრამ საქართველოდან თანადგომას მაინც სრულიად სხვა ფასი აქვს, თქვენ რომ იცოდეთ, აქედან დანახული საქართველო ბევრად უფრო ძვირფასია ჩვენთვის. მათი მხრიდან გამოხატული თანაგრძნობა, ეს ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ოჯახისთვის და მადლობას გიცხადებთ ყველას. ასეთი ახალგაზრდები არ უნდა იღუპებოდნენ, საშინელებაა. გასაცოდავებული მამამისი ვერ გამოდის მდგომარეობიდან და უამრავი ნათესავი ელოდება ახლა ბესოს საქართველოში ჩამოსვენებას.
ბესოს დედა არის წარმოშობით სოფელ ხაშმიდან, კახეთიდან, მამა თბილისში ცხოვრობს. საქართველოში ჩამოასვენებთ ბესოს, საელჩოს უკვე დაველაპარაკეთ და ორშაბათს გადაწყდება როდის მოხდება მისი სამშობლოში გადასვენება. შაბათ კვირა დაემთხვა და ექსპერტიზა ცხედარს ორშაბათს ჩაუტარდება. ძალიან დიდი ტკივილია ბესოს ასე დაღუპვა" - ამბობს ჩვენთან საუბრისას ოჯახის ახლობელი
“ჩემი მეუღლის მეგობრის შვილია ბესო, გერმანიაში ცხოვრობდა. მომხდარზე ბევრი არაფერი ვიცი. ძალიან კარგი ახალგაზრდა იყო და ძალიან განვიცდით ამ ამბავს, მის ტრაგიკულად დაღუპვას. საქართველოში იყო ჩამოსული და 8 ივნისს ჩვენც გვესტუმრა, ახლა ეს ამბავი გავიგეთ. გული დამწყდა ძალიან, მართლა ძალიან კარგი ადამიანი იყო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს”, ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი ბიჭის ახლობელი.
“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.
(სპეციალურად საიტისთვის)