...და ახალი მსოფლიო რეკორდი - კვირის პალიტრა

...და ახალი მსოფლიო რეკორდი

რაც უფრო ახლოვდებოდა 2013 წელი მით მეტ აქტუალურობას იძენდა შეკითხვა: დაამყარებს მესი ახალ რეკორდს? თან რა რეკორდს! - 40 წლის წინათ გერმანელმა გერდ მიულერმა ერთ კალენდარულ წელიწადში 85 გოლი გაიტანა. მას მერე ასეთი შედეგი ვერავინ გაიმეორა.

"ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა ლეო მესიმ გერმანელი სნაიპერის რეკორდზე შეტევისთვის საფუძველი 2012 წლის 4 იანვარსვე ჩაყარა - პირველივე მატჩში, კოპა დელ რეიზე, "ოსასუნას" კარის ბადე ორჯერ შეარხია; 19 თებერვალს ესპანეთის ჩემპიონატში "ვალენსიას" ოთხჯერ გაუტანა; 25 წლის ახალგაზრდას 25 გოლი მარტში ჰქონდა გატანილი; წლის 50-ე გოლი კი მისთვის დაუვიწყარ მატჩში შეაგდო - ბრაზილიის ნაკრებთან ჰეთ-თრიკი შეასრულა და არგენტინელებს 4:3 გაამარჯვებინა; 11 ნოემბერს ლეომ ლეგენდარული პელეს რეკორდი (75 გოლი, 1958 წელს) მოხსნა: "მალიორკასთან" დუბლი შეასრულა და გერდ მიულერს შეუტია...

როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანელის ანგარიშზე 85 გოლია. მესის კი აქამდე ერთიღა აშორებდა, როცა გასულ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე არაფრისმთქმელ მატჩში, "ბენფიკასთან" მწვრთნელმა შეცვლაზე შეიყვანა. ერთ ეპიზოდში მეტოქესთან შეჯახებისას არგენტინელმა ტრავმა მიიღო, ხელი მარცხენა მუხლზე წაივლო და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მიულერის რეკორდი კიდევ დიდხანს "იცოცხლებდა" - მესის წლეულს მოედანზე ვეღარ ვიხილავდით. თუმცა ექიმებმა დამაიმედებელი დიაგნოზი დასვეს - ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მომდევნო მატჩში, "ბეტისთან" ლეოს მოედანზე გასვლის უფლება მისცეს. გავიდა კიდეც და მე-16 წუთზე გატანილი გოლით არგენტინელი გერმანელს დაეწია (85), ხოლო 25-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და გაასწრო - 86 გოლი ერთ წელიწადში აქამდე არავის გაუტანია.

- გერდ მიულერის რეკორდი? - იკითხა ნამატჩევს მესიმ, - სასიამოვნოა, რომ ახალი რეკორდი დავამყარე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი "ბარსელონას" გამარჯვებაა, რის ხარჯზეც სატურნირო ცხრილში მდევრებთან ჰანდიკაპი შევინარჩუნეთ. ვეცდები, დეკემბერში კიდევ გავიტანო, რომ ჩემი რეკორდის მოხსნაც ისეთივე რთული იყოს, როგორიც გერდ მიულერისა.

საინტერესოა, როგორ შეხვდა ამ ფაქტს თავად მიულერი. მან ახალ რეკორდსმენს არაერთი კომპლიმენტი უძღვნა, თუმცა ნაკლი მაინც მოუძებნა:

- ჩემი რეკორდი 40 წელი ხელშეუხებელი იყო - 1972 წელს 60 მატჩში 85 გოლი გავიტანე. მაჯობა ფეხბურთელმა, რომელიც სადღეისოდ მსოფლიოში საუკეთესოა. იგი საფეხბურთო გიგანტია! იმედი მაქვს, რომ მესი 2012 წელს კიდევ გაიტანს გოლს და მისი რეკორდიც მინიმუმ 40 წელიწადს იარსებებს. კიდევ ერთ კომპლიმენტს გამოვიყენებ: მესი ფანტასტიკურია, მაგრამ ერთი ნაკლი მაინც აქვს - მიუნხენის "ბაიერნში" არ თამაშობს.

ახალი რეკორდის ამბავი რომ შეიტყო, რუსმა ოლეგ სალენკომ თავაწევით თქვა - ჩემს მაჩვენებელს მაინც ვერ გააუმჯობესებსო. შეგახსენებთ, რომ სალენკომ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ მატჩში (კამერუნთან) 5 გოლი გაიტანა. კიდევ არაერთი სკეპტიკოსი გამოჩნდა და გაიხსენა, რომ გერდ მიულერის დროს, გასული საუკუნის 70-იან წლებში, გუნდები სეზონში გაცილებით ნაკლებ მატჩებს ატარებდნენ. ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის, თუმცა მესისა და მიულერის მიერ ჩატარებულ შეხვედრათა რაოდენობაში დიდი სხვაობა მაინც არ არის - არგენტინელმა 66 მატჩი გამართა, ხოლო გერმანელმა - 60.

ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 70-იან წლებში ფეხბურთი ისეთი მჭიდრო არ იყო, როგორც ახლაა და, როგორც ერთმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა დაწერა, გერდ მიულერს ფეხებში იმდენი ნამდვილად არ მოხვედრია, რამდენიც მესის. რადგან მეტოქეები ყოველ მატჩში "ბარსას" არგენტინელ ფორვარდს განსაკუთრებულ მეურვეობას უწესებენ.

და კიდევ ერთი ლეგენდის, იოჰან კრუიფის სიტყვებით დავასრულოთ:

- მესის ღირსება მხოლოდ ის კი არ არის, რომ გოლი გოლზე გააქვს - იგი ერთ-ორ მეტოქეს ატყუებს და ისე იტანს. ლეოს დიდი შანსი აქვს, წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ზედიზედ მეოთხედ მოიგოს (ესეც რეკორდი იქნება – ავტ.), მეტსაც გეტყვით - მესი მომდევნო 5-6 წლის განმავლობაშიც არ დათმობს ამ ტიტულს.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)