სად არის ტრამპის "შეჩერებული მეცხრე ომი"- ჰორმუზში გემებს ისევ ესვრიან,ამერიკა ირანს ისევ ბომბავს ... - კვირის პალიტრა

სად არის ტრამპის "შეჩერებული მეცხრე ომი"- ჰორმუზში გემებს ისევ ესვრიან,ამერიკა ირანს ისევ ბომბავს ...

მეორე დღეა ჰორმუზის სრუტეში პერიოდულად ორმხრივი სროლები გრძელდება-ჯერ ირანელები ესვრიან სრუტიდან გამავალ ტანკერებს, საპასუხოდ ამერიკელები ბომბავენ ირანის სანაპირო ზოლს, რასაც პასუხის პასუხი მოჰყვება ბაჰრეინში ირანული "შაჰიდების“ შეტევების სახით...

არადა,გასულ კვირას ხომ დიდი ზარზეიმით მოაწერეს ხელი აშშ-ებმა და ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ 14 პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას ითვალისწინებდა?

რა ხდება ისეთი,რომ ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება სისტემატურად ირღვევა?

ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰორმუზის სრუტეში თებერვლის ბოლოდან თავმოყრილი სამი ათასამდე სავაჭრო გემისა და ტანკერის თანდათანობით გაყვანა ხდება სპარსეთის ყურიდან ამერიკელი სამხედროების დახმარებით, ოღონდ ჰორმუზის სრუტის სამხრეთი მარშრუტით ანუ ომანის სანაპიროს პარალელურად და არა ჩრდილოეთი მარშრუტით, რომელიც ირანის სანაპიროს მიჰყვება.

თეირანში ფიქრობენ, რომ ახლა საუკეთესო მომენტი დაუდგათ იმისთვის, რომ ჰორმუზის სრუტის გავლისთვისთვის ყველა გემის კაპიტანს "მოსაკრებელი“ გადაახდევინონ, დაახლოებით იმავე სქემით, როგორც ამას თურქეთი თითქმის საუკუნეა აკეთებს ბოსფორის სრუტის გადაკვეთისას,მიუხედავად იმისა, რომ ბოსფორის,ისევე როგორც ჰორმუზის სრუტეები ბუნებრივი სრუტეებია და არა ხელოვნურად გაჭრილი, როგორც სუეცისა და პანამის არხები.

პრეზიდენტ ტრამპს კი არანაირად არ სურს,რომ ირანმა რაიმე სახის გადასახადი დაუწესოს ჰორმუზის სრუტეში მოცურავე გემებს, რადგან ამას მას მაშინვე წამოაძახებენ პოლიტიკური ოპონენტები-სანამ ისრაელს აჰყვებოდი და ირანს დაბომბავდი, ჰორმუზის სრუტეში ცურვა თავისუფალი და უფასო იყო, ახლა კი ირანის აითოლების რეჟიმს უნდა დავეკითხოთ და თანაც ფული გადავუხადოთ, მაშინ რა გამოდის, ტრამპის ამერიკამ ეს ომი ირანთან მოიგო, თუ წააგო?

ამიტომაც აშშ-ის საზღვაო ძალები ცდილობენ ჰორმუზის სამხეთით, ომანის სანაპიროს გასწვრივ „გააპარონ“ გემები, რის გამოც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კამიკაძე-დრონებს უშვებს ჰორმუზის სრუტიდან „გაპარვის“ მსურველი ტანკერებისკენ,რასაც მოსდევს ამერიკელების საპასუხო საჰაერო შეტევები ირანის იმ სანაპირო მონაკვეთებზე, საიდანაც უშვებენ დრონებს, ამერიკული დაბომბვების პასუხად კი ირანელები უტევენ ბაჰრეინს და სპარსეთის ყურის იმ სხვა ქვეყნებსაც,რომლებზეც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული,რითაც თეირანი არაბ შეიჰებს აჩვენებს-ხომ ხედავთ ამერიკელ გენერლებს თქვენი დაცვა არ ძალუძთ,ამიტომაც განდევნეთ თქვენი მიწებიდან ისინი, თუ გინდათ,რომ აღარ დაგბომბოთო...

აი, რა ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ თავის მხრივ აშშ-ები,ირანი და ბაჰრეინი:

"აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურაზე, საკომუნიკაციო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, დრონების საწყობებსა და ნაღმების განთავსების ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში. ცენტრალურ სარდლობაში განმარტავენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის მიერ კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანს მიეცა შანსი, დაეცვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, თუმცა ირანმა არ გააკეთა ეს და მისმა ძალებმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის წინააღმდეგ თავდასხმის დრონი გაუშვეს. „ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს დარტყმები განახორციელეს ირანის მიერ კომერციული გადაზიდვების წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ. აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა მიზანში ამოიღეს ირანის სამხედრო სათვალთვალო ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო სისტემები, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, დრონების შესანახი ობიექტები და ნაღმების განთავსების ობიექტები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმები ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევას წარმოადგენს , - ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ეს სასტიკი თავდასხმები, რომლებიც ირანის სანაპირო ობიექტებზე განხორციელდა, ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის აშკარა დარღვევაა“, - აცხადებს ირანის საგარეო უწყება.

"ირანმა დრონებით დარტყმები ბაჰრეინის ტერიტორიაზე განახორციელა. ეს ბაჰრეინის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს“, - ნათქვამია ბაჰრეინის საგარეო უწყების განცხადებაში.

ბაჰრეინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თავდაცვის უფლებას იტოვებს.

ასე შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რადგან აითოლების რეჟიმმა ბირთვულ იარაღზე არანაკლებ თუ მეტად არა, ეფექტიანი „დამაშინებელი ბერკეტები“ ჩაიგდო ხელში აშშ-ისრაელის თავდასხმის შემდეგ, კერძოდ კი ჰორმუზის სრუტის ნებისმიერ დროს გადაკეტვისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების სურვილის მიხედვით დაბომბვების სახით...