„თუ საჭირო გახდა, სპეცმომზადებას გავივლით კარატეში და...“ - ვიქტორ ყიფიანის ანალიზი: დაუნდობელი ცემა-ტყეპა პოლიტიკის ნაცვლა?!
26 ივნისს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მის შემაჯამებელ სიტყვამდე ოპოზიციონერ დეპუტატებს მისცეს სიტყვა, რა დროსაც "გახარია საქართველოსთვის" პარტიის წევრ გიორგი შარაშიძის კრიტიკულ გამოსვლას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. მან ირაკლი კობახიძეს მიმართა: „პრეზიდენტი ალიევი რომ ბრძანდებოდა საქართველოში და მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც პირდაპირ მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ამ ხელისუფლებაში, ეს როგორ არის, ამაზე გაგვეცით პასუხი". ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა და მალე სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. კადრებში ჩანს, რომ შარაშიძის თანაგუნდელს, გიგა ფარულავას, ხმამაღლა ესაუბრებიან მის უკანა რიგში მსხდარი "ოცნების" დეპუტატები, მალე კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება იწყება. ჩხუბში ერთვება ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ყოფილი ძალოსანი, რომელიც ფარულავას ურტყამს. მუშტი-კრივში მონაწილეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეც. იქ იყო არაერთი სხვა დეპუტატიც, მათ შორის ვარლამ ლიპარტელიანი, ვასილ ჩიგოგიძე და ლევან მაჭავარიანი. ფიზიკურად გაუსწორდნენ გახარიას პარტიის წევრებს: გიგა ფარულავასა და მალხაზ თორდიას. პარლამენტში სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. ჩვენი რუბრიკის სტუმარია ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" წარმომადგენელი, „"ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ვიქტორ ყიფიანი, რომელიც სულ მალე პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. შესაბამისად, მასთან ინტერვიუ ნახევრად ხუმრობით დასმული კითხვით დავიწყეთ:
- ბატონო ვიქტორ, ხართ თუ არა თქვენ და თქვენი თანამოაზრეები მზად მუშტი-კრივისთვის?
- მზად არა ვართ, მაგრამ გპირდებით, თუ საჭირო გახდა, სპეციალურ მომზადებას გავივლით და მერე შევეჯიბროთ - ჯიუ-ჯიცუ იქნება, კუნგ-ფუ თუ კარატე (იცინის)...
- კარგი, ახლა უფრო სერიოზულად შევხედოთ იმ პროცესებს, რაც პარლამენტში ვნახეთ. მსგავსი დაპირისპირებები და ჩხუბი აქამდეც ყოფილა როგორც ჩვენს, ისე სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და შექმნილ ვითარებას, ხომ არ აჩვენებს ეს კიდევ ერთხელ, რომ "ქართული ოცნებისთვის" სულ უფრო აუტანელი ხდება არათუ კრიტიკული, არამედ ოდნავ განსხვავებული აზრიც კი?
- ქრონოლოგია, ამ სხდომაზე ვინ რა თქვა და რას რა მოჰყვა, ჩემი აზრით, აბსოლუტურად მეათეხარისხოვანია. არსებითი ის არის, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადირების მორიგი სერია ვნახეთ.
ეს წინასწარგანზრახვით მოხდა თუ გაუფრთხილებლობით, ამასაც არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ ქმედებაზე რომ ვსაუბრობდეთ, კიდევ ჩავთვლიდით, რომ ეს შემთხვევითი გადაცდომა იყო და შეიძლება ეს სხვა ქვეყნების პარლამენტებში მომხდარი ჩხუბებისთვისაც შეგვედარებინა, მაგრამ ჩვენ, პრინციპში, დეგრადირების ერთ თანამიმდევრულ პროცესს ვხედავთ. ეს გულსატკენია, ვინაიდან საქმე მხოლოდ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩხუბს არ შეეხება. ეს არ არის მხოლოდ ცივილიზებულობაზე ამგვარი დეკლარირებული ფორმით უარის თქმა. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო ინსტიტუტების რწმენა ეკარგება. გარდა ამისა, პარლამენტში განვითარებული მოვლენებით ქვეყნის რეპუტაციული იმიჯი საერთაშორისო საზოგადოების თვალში საგრძნობლად ზიანდება.
ვიმეორებ: ეს არ არის მხოლოდ იმის გარჩევა, თუ ვინ ვისზე გაიწია, ვინ ვის დაარტყა, უკნიდან მიეპარა თუ წინიდან. ეს არის ძალადობა, რომელიც ჯერ საკუთარი მოქალაქეების თვალში ვნებს პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის, სანდოობას და შემდეგ ქვეყნის ავტორიტეტს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს ძალიან ობიექტური და რეალობის შესატყვისი შეფასებაა.თუ პოლარიზაცია დაუსრულებლად გაგრძელდა, ვშიშობ, უარეს სურათს მივიღებთ...
- მინდა შევეხოთ პრემიერ ირაკლი კობახიძის ყოველწლიურ ანგარიშს. როდესაც ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, მისი გამოსვლა და გასული წლის შეჯამება პირობითად ოთხ მთავარ პოსტულატად დავყავი: დამარცხებული კორუფცია, 2029 წლისთვის სიღარიბის დაძლევა, ამერიკასთან პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დაწყება და რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის გეგმა. რას იტყვით, რამდენად ობიექტური იყო პრემიერის შეფასებები? რა მიგაჩნიათ სწორად და რა არასწორად? მაგალითად, იყო თუ არა რაიმე ისეთი, რაც ობიექტურად შეფასდა?
- თქვენ რამდენიმე მიმართულება მონიშნეთ, თუმცა შესაჯამებელ პასუხში თავად პრემიერი კობახიძე გვეხმარება, რომელმაც გამოსვლა ასე დააგვირგვინა: "ტაბლოზე ანგარიშია 7:1". მოდი, ჩვენც აქედან ამოვიდეთ და ამ "7:1-ის" კონტექსტში მოვუყაროთ თავი ჩემს შეფასებას.
"ერთიანი" პრემიერის ფრაზაში შემთხვევით ხომ არ არის ციფრებში გამოხატული "ბედნიერი" ეკონომიკა? ბატონი ირაკლი ძალიან ვრცლად საუბრობდა სტატისტიკაზე. ეს ციფრები შთამბეჭდავია, მაგრამ დარგის ექსპერტებმა კარგად იციან, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული ნომინალური ეკონომიკა (მხოლოდ ქაღალდზე, ციფრებში გამოხატული) და არსებობს რეალური. ნომინალური ეკონომიკა სწორედ ის დახატული სურათია, რომელიც კობახიძისგან მოვისმინეთ, ხოლო რეალურ ეკონომიკაზე, რომელიც აისახება სიღარიბის დონეზე, ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასა და დოვლათის არათანაბარ განაწილებაზე, მას სიტყვაც არ დაუძრავს. ჩვენ მისგან მხოლოდ გაფერადებულ ციფრებს ვისმენდით.

გარდა ამისა, კითხვა მაქვს პრემიერთან: ეს ის წარმატებული ქვეყანაა, საიდანაც ხალხი მასობრივად გარბის? თუ ყველაფერი ასე ჩქეფს და ყვავის, მაშინ რა აიძულებს ამ ადამიანებს დატოვონ სამშობლო?
ამ გაფერადებული ციფრების წინააღმდეგ ამაზე უკეთესი კონტრარგუმენტი არ არსებობს. რატომ გარბიან "ბედნიერი", "წარმატებული" და "ეკონომიკურად შედეგიანი" ქვეყნიდან? ან ეს "ერთიანი" შემთხვევით ინსტიტუტების დეგრადირებას ხომ არ ნიშნავს? ან პოლიტიზებულ განათლების სისტემას, სადაც საარჩევნო უბნები სკოლებიდან ვერაფრით გამოვიტანეთ? ან ჩვენს ჯანდაცვას, სადაც, რიგი გამორჩეული ექიმების მიუხედავად, ადამიანები მაინც იძულებული არიან სამედიცინო დახმარების მისაღებად ქვეყნის გარეთ გავიდნენ? ან იქნებ ეს "ერთიანი" ჩვენი დაბეჩავებული შეიარაღებული ძალებია, რომელსაც დაფინანსება აკლია, ხოლო სამხედროს მუნდირით ქუჩაში გასვლა, ფაქტობრივად, ეკრძალება? ან თუნდაც ის მოცემულობა, როდესაც დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ოფიცრებს პოლიტიკური პოლიციის როლს აკისრებენ? სწორედ ამ "ერთიანზე" ხომ არ საუბრობდა ბატონი ირაკლი?
დიახ, ამ ერთიანში იმალება ყველა ის უბედურება და პრობლემა, რომლებზეც საუბარსაც მან თავი განზრახ აარიდა.
- პრემიერის ნახსენებ რუსეთთან "პრაგმატულ ურთიერთობაზეც" მინდა ვისაუბროთ. ბოლო დროს გააქტიურდა მსჯელობა იმის შესახებ, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის ემზადება. რამდენად რეალურია ეს საფრთხე, რას შეეცდება რუსეთი და რამდენად უშველის ამ გამოწვევას ის "პრაგმატული პოლიტიკა", რომელზეც "ოცნება" ლაპარაკობს?
- რუსეთთან პრაგმატულ ურთიერთობაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - ეს აბსოლუტურად ნორმალური მიდგომაა ასეთ რთულ მეზობელთან. თუმცა მიჩნდება კითხვა: ამ სიტყვის მიღმა რეალურად რა შინაარსის პოლიტიკა იმალება? რუსეთთან პრაგმატიზმს სჭირდება შესაბამისი კომპეტენციით, ნდობითა და პროგნოზირებადობით აღჭურვილი ხელისუფლება, ამ ელემენტების მწვავე დეფიციტს კი აშკარად ვხედავთ. ოფიციალური თბილისის არაერთ კრიტიკულ ეპიზოდზე მტკიცე პოზიცია არ მოგვისმენია. თუნდაც თქვენ მიერ ნახსენები პროცესები ავიღოთ - ვგულისხმობ, ცხინვალის რეგიონის ანექსირების საფრთხეს. მეტიც, უამრავი ინდიკატორი მეტყველებს იმაზე, რომ რუსული გეოპოლიტიკური, პოლიტიკური და კრიმინალური ინფილტრაცია საქართველოს ცხოვრებაში იმაზე ბევრად ღრმაა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ამის რეალურ მასშტაბს მხოლოდ მაშინ დავინახავთ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. ვითარების გარდატეხა ურთულესი იქნება, რადგან ეს არ იქნება მხოლოდ წმინდა პოლიტიკური ცვლილება - ეს არის უზარმაზარ ფინანსურ ინტერესებთან დაპირისპირება. იქ, სადაც გეოპოლიტიკური და ფინანსური ინტერესებია გადაჯაჭვული, ცვლილება ყოველთვის გაჭიანურდება. ეს კაპიტალი მხოლოდ ადგილობრივი წარმოშობის არ არის, ის მჭიდროდ არის შეზრდილი არაქართულ კაპიტალთან. ამიტომ მყისიერ, "ნახტომისებურ" შედეგებზე ლაპარაკი რთულია. ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ საწყისი წერტილი იქნება ქვეყნის ამ ინფილტრაციისგან გასასუფთავებლად. ვფიქრობ, გაცილებით რთული გზის გავლა მოგვიწევს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. იმდენი მიმართულებით გაფუჭდა ძალიან ბევრი რამ, ხელის ერთი მოსმით შემობრუნება ძალიან რთული იქნება.
- ახლა ჩვენ ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, თუმცა მანამდე მნიშვნელოვანი გზაა გასავლელი, სადაც უმნიშვნელოვანესი იქნება ოპოზიციის მოქმედება. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საჭიროა ერთიანი ფრონტი. თქვენ როგორ ხედავთ ამას? დღეს ოპოზიციაში სერიოზული დაპირისპირებებია. მაგალითად, პარლამენტში ინციდენტის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" ლამის ერთნაირად ლანძღავდა როგორც გიორგი გახარიას პარტიის წევრებს, ისე ხელისუფლებას. როგორ უნდა დაიბრუნოს ოპოზიციამ ნდობა, როდესაც ხშირად მათ შორის შიდამიუღებლობა უფრო დიდია, ვიდრე მმართველი გუნდის მიმართ?
- ეს მართლაც საგანგაშო სურათია. ვშიშობ, რომ სიტყვა "ერთიანობამ" დღეს აქტუალური დატვირთვა დაკარგა. ამ სიტყვის სემანტიკას არაფერს ვერჩი, მაგრამ ჩვენ უფრო ამ ერთიანობის სწორ სტრუქტურირებაზე უნდა ვისაუბროთ. იმ პარტიებს, რომლებსაც მძიმე, ტოქსიკური წარსული და მემკვიდრეობა აქვთ, უნდა მიეცეთ საშუალება ავტონომიურ რეჟიმში გააგრძელონ საქმიანობა. მათთან ფორმალური, სტრუქტურირებული გაერთიანება სახიფათო იქნება იმ ახალი ძალებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ აღმოცენებას.
ჩვენი პლატფორმა "ჯერ საქართველო" მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას ახალი ალტერნატიული პოლუსი, რომელიც არ იქნება დამძიმებული წარსულის შეცდომებით. ასეთ ძალას საზოგადოებრივი ნდობის მოპოვების ბევრად მეტი შანსი აქვს. ძველ პარტიებთან ფორმალური ალიანსების შექმნა, ვფიქრობ, ქვეყნის დღის წესრიგში არ დგას. ჩემი სურვილია, პოლიტიკურმა კულტურამ თავად აღიდგინოს ნდობა. ჩემი აზრით, ახლა უნდა გადავიდეთ აქტიური თავდაცვის რეჟიმზე და შევინარჩუნოთ თავი, ვიდრე ქვეყანაში თვისებრივი ცვლილებების მომენტი არ მომწიფდება - ეს შეეხება მედიასაც და სამოქალაქო სექტორსაც, როგორც დემოკრატიის კუნძულებს.
- უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც დავუთმოთ დრო, რადგან საქართველოს უახლოესი მომავალი სწორედ ამ ომის მიმდინარეობასა და დასრულებაზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული. მოგეხსენებათ, უკრაინას წარმატება აქვს ჰაერში, ვნახეთ დაბომბილი რუსული ქალაქები, მათ შორის მოსკოვი, ძალიან გაურთულდა რუსეთს ვითარება ყირიმში... ამის პარალელურად გასულ კვირას რუსეთის საგარეო პოლიტიკის დოქტრინის ავტორის, აკადემიკოს სერგეი კარაგანოვის განცხადებამ ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, ეს დაშინებისა და შანტაჟის მორიგი ცდაა თუ პუტინმა შეიძლება მართლაც გადადგას ეს ნაბიჯი?
- საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებობს ასეთი რამ - "შეშლილი კაცის თეორია"... ამ თეორიის პრაქტიკულად გამოყენების ალბათობა რუსეთის შემთხვევაში რამდენად მაღალია, ამის თქმა რთულია. აქვე დავაზუსტოთ, რომ ლაპარაკი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზეა და არა სტრატეგიულზე. მე მაინც ფრთხილი ოპტიმიზმით ვიტყვი, რომ ეს სცენარი მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ასეთი ნაბიჯით რუსეთი, პირველ რიგში, საკუთარ თავს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. ის საბოლოოდ დაკარგავს ჯერ კიდევ შემორჩენილ საერთაშორისო პოზიციებს, მათ შორის პარტნიორებს, ჩინეთი იქნება ეს თუ სხვა ქვეყნები. სამხედრო სფეროში არსებობს მისკალკულაციის, ანუ არასწორი გათვლის თეორია, როდესაც რისკი იმაზე გაზვიადებულად ფასდება, ვიდრე რეალურად არის, თუმცა რუსული პოლიტიკური ელიტა დაავადებულია კონსპიროლოგიური თეორიებითა და ილუზიებით. ის ისე მძიმედ დაავადებულია ამ სენით, რომ რისკების სრულად გამორიცხვა შეუძლებელია.
რაც შეეხება ომს, ის ამ ეტაპზე ისევ არაპროგნოზირებადია. როგორც სამხედრო სპეციალისტები ამბობენ, არის ჰაერი, მაგრამ არის ასევე მიწა, სადაც ოპერაციები ძალიან ბუნდოვან რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა, თუ ვისკენ არის უპირატესობა, შეუძლებელია. ეს ძალიან უცნაური ომია!
მოკლედ რომ ვთქვათ, ფრონტის ხაზზე მიმდინარე ოპერაციები ამჟამად ბუნდოვანია, ხოლო დიპლომატიური ცდები, ფაქტობრივად, ნულამდეა დაყვანილი.
გეთანხმებით, რომ უკრაინის ომის ფინალი პირდაპირ კავშირშია ქართულ თემატიკასთან, რადგან ეს განსაზღვრავს გეოპოლიტიკური წონასწორობის ახალ წერტილს ჩვენს რეგიონში, ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რაც პირდაპირ იმოქმედებს ქართულ რეალობაზე. ამ წერტილის განსაზღვრის შემდეგ, ახალი გეოპოლიტიკური გაყოფისას, რომელ მხარეს აღმოვჩნდებით, ეს უკვე კითხვაა ქვეყნის საშინაო პოლიტიკასთან. ამ დიდი გამოწვევის საპასუხოდ ბევრად ჯანსაღი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და აქტიური საგარეო პოლიტიკა გვჭირდება, რაც დღეს ნამდვილად გვაკლია.