"სააფთიაქო ნარკომანიის" სკანდალური საქმე: 56 მილიონი აბი და 54-მილიონიანი შემოსავალი - „როგორ ფიქრობთ, ყველაფერი „კრიშის“ გარეშე ხდებოდა?“
კარგა ხანია სააფთიაქო ნარკომანია მწვავე პრობლემაა ქვეყანაში და ამაზე ნარკოლოგები წლებია საუბრობენ. ისევ თავისუფლად იყიდება ფსიქოტროპული წამლები და უამრავი ადამიანია ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებულები. ნარკოლოგების ნაწილი ეჭვობს, რომ სააფთიაქო ნარკომანიის ბიზნესს მფარველები ხელისუფლებაში ჰყავს. ალბათ, საზოგადოებას ახსოვს წლების წინ ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი და მასთან ერთად რამდენიმე პირი დააკავეს. როგორც ახლა ირკვევა, თურმე წლების შემდეგაც იგივე სქემა მოქმედებდა და ამას ადასტურებს ამ დღეებში გახმაურებული საქმე.
24 ივნისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, ხოლო 3 პირს ეძებენ. დაკავებულებს შორის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძეა, მასთან ერთად ბრალდებულ ყველა პირს, სულ 20 კაცს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა, მათგან სამი ბრალდებული იძებნება.
ირაკლი მხეიძე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იყო, თუმცა მას ბრალი წარდგენილი აქვს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდის საქმეზე. ბრალდების მიხედვით, მხეიძე პირადი გამორჩენის მიზნით დანაშაულებრივ ჯგუფს ხელს უწყობდა ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონო რეალიზაციაში და სამართალდარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდა. პროკურატურის ინფორმაციით, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში შევიდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 56 მილიონ ერთეულ აბზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რამაც რიგ შემთხვევებში ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას სხვადასხვა სიმძიმის საფრთხე შეუქმნა.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა მიიღეს ჯამში 54 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი. სისხლისსამართლებრივი დევნა სულ 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, დაკავების გარეშე ბრალდება წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, ისინი არ დააკავეს, რადგან ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას.
ბრალდებულების სისხლისამართლებრივი დევნა სსკ-ის 332-ე, 192-ე და 194-ე მუხლებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაიწყო, რაც ფიზიკური პირებისათვის სასჯელად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირებისათვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს. როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. მისი თქმით, "ასეულობით პირია ამ საქმეზე გამოკითხული, მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პირი, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონდეს შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან, რა თქმა უნდა, გამოიკითხებიან და თუ მტკიცებულებები იქნება და გამოიკვეთება მათი დანაშაულის ნიშნები, პროკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას".
როგორც ირკვევა, სააფთიაქო ნარკომანიის საქმეს საგამოძიებო უწყება სამი წლის განმავლობაში იძიებდა. "საქმის მასალები 128 ტომს მოიცავს... "ჩემი დაცვის პირი ამბობს, რომ დაკავებულებიდან თითქმის არავის იცნობს. ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი სულ 7 თვე იყო, დანაშაული კი, რომელსაც ედავებიან, არის კონკრეტული წერილის რეაგირების გარეშე დატოვება", - ამბობს ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე.
როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, ბრალდებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც 7 წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ დანაშაულებრივი სქემის ფუნქციონირებას.
"საქმის მასალების მიხედვით, იმპორტიორი კომპანიებიდან მედიკამენტები დოკუმენტურად ფორმდებოდა ფიქციური ფარმაცევტული კომპანიების სახელზე, რომლებიც წინასწარ იყო რეგისტრირებული მათთან დაკავშირებულ პირებზე. რეალურად კი მედიკამენტები რეცეპტისა და ნებართვის გარეშე, მაღალი ფასნამატით იყიდებოდა ისეთ ობიექტებში, რომლებსაც აფთიაქის სტატუსიც კი არ გააჩნდათ და ამ გზით 54 მილიონ ლარს დაეუფლნენ. უკანონო შემოსავლებისთვის კანონიერი სახის მისაცემად თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ფორმდებოდა ხელფასისა და დივიდენდის სახით. ამ ფინანსური რესურსების გამოყენებით ბრალდებულებმა და მათთან დაკავშირებულმა პირებმა შეიძინეს დიდი ოდენობით უძრავი და მოძრავი ქონება. ეს აქტივები დაყადაღებულია, საიდანაც მომავალში ზიანი ანაზღაურდება. გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი 2018-2025 წლებში მოქმედებდა, პროცესს კი ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები... სახელმწიფო იქნება განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი. გაგრძელდება ინტენსიური ოპერატიული მოქმედებები და მუდმივი მონიტორინგი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის აღმოსაფხვრელად", - ამბობენ ძალოვან უწყებაში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძებნა გამოცხადა 3 პირზე, მათ შორის არის ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მეგობარი, ყოფილი მაღალჩინოსანი მიხეილ ჩოხელი. ის საქართველოში არ იმყოფება. მისი ადვოკატის გაგი მოსიაშვილის თქმით, მიხეილ ჩოხელს ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ჩოხელი ფლობდა ფარმაცევტულ კომპანიას. "კომპანიის ფლობა არ ნიშნავს, რომ მფლობელი, დამფუძნებელი ან მესაკუთრე დანაშაულებრივ ქმედებას სჩადის. ბრალის შინაარსი ალოგიკურია. ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებასთან შეხებას გამოვრიცხავთ", - ამბობს ჩოხელის ადვოკატი.
მიხეილ ჩოხელი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი იყო. სწორედ იმხანად ხელმძღვანელობდა ამ უწყებას მისი მეგობარი ოთარ ფარცხალაძე. მოგვიანებით, 2014-16 წლებში, მიხეილ ჩოხელი მუშაობდა შემოსავლების სამსახურში, საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. ჩოხელი ასევე ბრალდებულია "ქოლცენტრების საქმეზეც" და ამ დრომდე იძებნება.
"ეს კორუფციული სქემები დღესაც მუშაობს"
ცნობილი ნარკოლოგის ზურაბ სიხარულიძის თქმით, ეს სქემა დღემდე მოქმედებს. - ეს ფაქტი ადასტურებს, რომ კორუფციაა ყველგან. უფრო ადრე ანალოგიური ბრალდებით დაიჭირეს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი და მერე გირაოთი გამოუშვეს, ირაკლი მხეიძეც მინისტრის ყოფილი მოადგილეა.
როგორ ფიქრობთ, ან მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ან ახლანდელმა ეს რომ ხდებოდა, არ იცოდა?
ეს კორუფციული სქემები დღესაც მუშაობს. ყველაფერი იცოდნენ ჯანდაცვის სამინისტროში. ეს არ არის არალეგალური ბრუნვა, ლეგალურ ბრუნვაზეა საუბარი. ეს კომპანიები მათთან იყვნენ დაკავშირებული, ისინი გასცემდნენ ნებართვებს მათზე, გარკვეულ ფსიქოტროპულებზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემდა ნებართვას. ორი სამინისტრო ადგენს გარკვეული პრეპარატების შემოტანის კვოტებს. რა ახლანდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ეს ამბავი არ იცის? ყველამ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ, ახლა ვიღაცა ცვლის ვიღაცას, ეს ჩვეულებრივი გადანაცვლებაა. გგონიათ, რამე შეიცვლება ამ სისტემაში? ეს არის სისტემური კორუფცია.
დიდი ხანია მათი მფარველობის ქვეშ არსებული ფარმაცევტული კომპანიები ამას აკეთებდნენ. ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამები ამ კორუფციული სქემების გამო დაიხურა. ისევ ის კომპანიები ფიგურირებენ, იმ მინისტრის მოადგილეების ჩინოვნიკები აკეთებდნენ ამას. თუ გგონიათ, ახლა ვინც მუშაობს ამ თანამდებობებზე, ისინი არ არიან გარეული იმავე სქემებში, ძალიან ცდებით. უბრალოდ, მინისტრის ცვლილებასთან ერთად სქემის ხელმძღვანელობა იცვლება ხოლმე. ვინც ახლა დააკავეს, ყველა ოთარ ფარცხალაძის ამბებთან არის დაკავშირებული.
მიხეილ ჩოხელის კომპანიასთან იყო დაკავშირებული ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების მედიკამენტის შემოტანაც ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. უკანონოდ მისცეს მის კომპანიას კვოტები ამ პრეპარატის შემოტანაზე და გაჭყლიტეს პატიოსანი მიმწოდებლები.
- დაკავებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მაღალჩინოსნები, ანუ ის პირები, ვისაც ამ უკანონობის გაკონტროლება ევალებოდათ.
- რატომ არ დააკავეს დღევანდელი ის ჩინოვნიკები, ვინც ახლა მუშაობენ და იმავე სქემით მოქმედებენ? ჩვენ გავიარეთ ეს კინო - წინა მინისტრმაც დაიჭირა ფარმაცევტული საქმიანობის დირექტორი. მერე ახალი მოვიდა, გადაიბარა ძველის საქმე და ახლაც იგივე ხდება. 54 მილიონზეა ლაპარაკი, წარმოიდგინეთ, რამდენი მომხმარებელი ჰყავდათ.
წამალდამოკიდებულებას სჭირდება ჩანაცვლება ან მკურნალობის გაგრძელება. ბოლო ორი-სამი თვეა შავ ბაზარზე ყიდულობენ ამ წამლებს ხუთმაგ ფასად.
- ოფიციალური ინფორმაციით, ეს სქემა 7 წელი მოქმედებდა, აქამდე რატომ არ გამოავლინეს დამნაშავეები?
- ნეტავ ვინ იყო ეს წლები ხელისუფლებაში? შვიდი წელი ვერ გაარკვიეს, როგორ შემოდიოდა ფსიქოტროპული ნივთიერებები და დღეს გაიღვიძეს?
სახელმწიფომ რომ აიღო თავის თავზე და ყიდულობს ფსიქოტროპულ პრეპარატებს, რომელი პუნქტის საფუძველზე? რაც შემოჰქონდათ კერძო კომპანიებს, ისინი ხომ არ იხდიდნენ ბიუჯეტში ფულს. თითქმის ყველა მედიკამენტს, ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, გარდა ტენდერისა, რომელიც სახელმწიფო კლინიკებისაა, ყველა დანარჩენი კლინიკა ამ წამლებს კერძო წარმომადგენლებისგან ყიდულობდა. ეს თანხა ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული? მაგალითად,
ახლა რომ ყიდულობენ ფსიქოტროპულ პრეპარატებს რომელიღაც ფართოპროფილიანი კლინიკისთვის, რომელი პუნქტით ყიდულობენ, ან მოგება რომ რჩებათ, სად მიაქვთ? ქავთარაძეზე არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი რომ ყიდულობს მედიკამენტებს, ეს თანხა სად მიდის? მეოთხე თვეა გაგზავნილი გვაქვს წერილი, ვთხოვეთ, წამლების ნუსხა მოეცათ, რა პრეპარატებს ყიდულობენ.
მაგალითად, ამპულირებული დიაზეპამი მეხუთე თვეა არ არის ქვეყანაში. იმავე წერილით მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რა პრეპარატებს ყიდულობენ და პასუხს ვერ ვეღირსეთ, რომელ გამჭირვალობაზეა საუბარი.
- ყველამ იცის სად იყიდება ურეცეპტოდ ფსიქოტროპული წამლები, ასეთი აფთიაქები უბნებში იხსნება ხოლმე, ესეც მათ კონტროლქვეშ არის?
- ყველა, მაგათთან დაკავშირებული კომპანიებია, რომლებსაც შესყიდვაზე ნებართვებს აძლევდნენ. იმპორტიორ კომპანიებს შემოჰქონდათ და ესენი არიგებდნენ თავ-თავიანთ პატარ-პატარა აფთიაქებში. ამ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზეც მოთხოვნა ძალზე მაღალია. ზოგს ექიმმა დაუნიშნა, ზოგმა თვითონ დაიწყო თვითნებურად მკურნალობა.
თუ შენ ყველა ლეგალურ ხვრელს კეტავ და მე, ექიმს, ამ პრეპარატების გამოწერის უფლებას არ მაძლევ, მაშინ უნდა შექმნა პროგრამა, რომელიც ამ ადამიანებს დაეხმარება. როგორ შეიძლება უთხრა, აღარ მოგცემო. ადგება და იყიდის შავ ბაზარზე ან ტელეგრამარხზე, ან იმ აფთიაქში, რომელიც ჩართულია ამ ბინძურ სქემაში.
ამ ფსიქოტროპულზე დამოკიდებული პირებისთვის მკურნალობა არ არსებობს. ახალგაზრდების გარდა, არის ასაკოვანი ხალხიც, რომელიც წლებია იღებს ამ პრეპარატებს. 80-85 წლის მოხუცებს უწევთ აფთიაქებში სირბილი.
ახალი კანონით მხოლოდ 14 დღით რომ შეიძლება პრეპარატის გამოწერა, ამ კანონმა კი არ გააუმჯობესა ადამიანების მდგომარეობა, პირიქით, გააუარესა. ექიმებსაც უკვე ეშინიათ, რამდენიმეს ლიცენზია ჩამოართვეს, საქმეც აღძრეს ანუ ექიმებზე გადააქვთ ყველაფერი. ვერ წარმოიდგენთ, რამხელა ბიუროკრატიული მანქანაა ჯანდაცვის სამინისტრო, რამდენი ეტაპი უნდა გაიარო, რომ ნებართვა მიიღო.
როგორ ფიქრობთ, ყველაფერი "კრიშის" გარეშე ხდებოდა? ფსიქოტროპულის გარდა, უამრავ მედიკამენტზეა საუბარი, სახელმწიფო შესყიდვებში რა ხდება, კაცმა არ იცის. 54 მილიონი ამბობს ყველაფერს, აქედან ჩანს რა მდგომარეობაა და რა მასშტაბზეა საუბარი. უმძიმესი მდგომარეობაა, თავისუფლად იყიდება ნარკოტიკი, წაგვლეკა ნარკომანიამ.
ვიღაც დილერებზე რომ ვლაპარაკობთ, საკუთარ სახელმწიფოში გვყავს მაღალჩინოსნები, რომლებიც თავად არიან დილერები.
- რა შეიძლება გაკეთდეს?
- ეს ყველაფერი იმდენად სისტემურია, უნდა დაინგრეს თავიდან ბოლომდე, გადაკეთება წარმოუდგენელია.
პირველ რიგში, ვინც მოიხმარს, მათ უნდა მოუარო, მოთხოვნა შეამცირო და მიწოდებაც შეწყდება. ლეგალურ ბრუნვას სჭირდება მკაცრი კონტროლი, რომ არ იყოს ლეგალური კორუფცია.
მე ვიცოდი აფთიაქები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები "კრიშავდნენ", უფრო ზემოთ კი არის კიდევ ვიღაც, ვინც ამ ყველაფერს "კრიშავს". ოთარ ფარცხალაძე ვინ დანიშნა თანამდებობაზე? კრიმინალური სინდიკატებია - ხომ ხვდებით, რაც ხდება.