მოხდება თუ არა რუსეთში "ბენზინის რევოლუცია“?! - კვირის პალიტრა

მოხდება თუ არა რუსეთში "ბენზინის რევოლუცია“?!

სულ უფრო მეტი ინფო­რმაცია ვრცელდება რუსეთში ეკონომიკური კრიზისის გარდაუვალობაზე. რამდენად რეალურია ეს მოლოდინები და რა პროცესები შეიძლება დაიწყოს რუსეთში, პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.

- ბოლო მონაცემებით, რუსეთის 53 რეგიონში საწვავზე ლიმიტები დაწესდა და სერიოზული დეფიციტია. იქ კი, სადაც ოფიციალური შეზღუდვები არ მოქმედებს, საწვავის ფასმა 150 რუბლს (დაახლოებით 5 ლარს) მიაღწია. შავ ბაზარზე დიზელის ფასი უკვე 500 რუბლამდე (17-18 ლარამდე) ავიდა. ეს ვითარება დიდ ქალაქებში გადაზიდვების გაჩერებას ან ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, რამაც რუსეთი შესაძლოა სოციალურ აფეთქებამდე მიიყვანოს... ამჟამად მთავარი გამოწვევაა, დაარტყა­მს თუ არა უკრაინა სტრატეგიულ კვანძს ე.წ. იამა­ნსკი კრესტს, სადაც თავმოყრილია 18 ნავთობ- და გაზსადენი. უკრაინა ამ წერტილთან უკვე ახლოსაა, რაზეც ტიუმენზე დარტყმებიც მოწმობს. თუ მათ ამ კვანძსაც მიაწვდინეს იარაღი, ქვეყანაში სრული კოლაფსი დაიწყება - შეწყდება გაზის მიწოდება და გაჩერდება თბოელექტროსადგურები, რაც შიდა სისტემას მთლიანად პარალიზებულს გახდის. ვითარება უკიდურესად ფეთქებადია. "იუთუბზე" გავრცელდა რუსი სამხედროს მიმართვა პუტინისადმი, სადაც ის შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ ჯარმა შესაძლოა იარაღი პრეზიდენტისკენ შეატრიალოს. ამ ვიდეოს რუსეთში ერთ დღეში 12 მილიონი ნახვა ჰქონდა. ფაქტია, განწყობები რადიკალურად იცვლება და ამას კრემლშიც ხვდებიან, თუმცა პუტინს გამოსავალი არა აქვს - უკრაინასთან დათმობა მისთვის პოლიტიკური ხარაკირია. გავრცელებული ინფორმაციით, გერასიმოვი მოხსენებით ბარათში წერს, რომ არმიას აღარ შესწევს ძალა დაიცვას მოსკოვიც და ყირიმიც და განაგრძოს შეტევა... თავდაცვის მინისტრ ბელოუსოვის ძმა, რომელიც სამთავრობო კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, პროგნოზირებს, რომ თუ შემოდგომამდე რამე არ შეიცვალა, კოლაფსი გარდაუვალია! ეს "რამე" კი არის ომის დასრულება. ქვეყანა ყოველდღიურად ღარიბდება, ფრონტზე განადგურებული ტექნიკისა და ჭურვების ჩანაცვლება უზარმაზარ ფინანსებს მოითხოვს. რუსეთი ვეღარ აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ შეიარაღებას, უკრაინელთა დარტყმებმა მწყობრიდან გამოიყვანა 5 უმნიშვნელოვანესი ობიექტი. მოსკოვი იძულებულია აწარმოოს დიდი რაოდენობით მოძველებული იარაღი.

დღეს რადიკალი კრემლისტი ექსპერტებიც კი აღიარებენ, რომ რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს, რადგან ქვეყანა 1917 წლის სცენარს უახლოვდება, როდესაც არმიის დეზორგანიზაციამ რევოლუცია გამოიწვია. მართალია, მასობრივი ქუჩის პროტესტი ჯერ არ არის, მაგრამ სოცქსელების ბლოკირების მიუხედავად, შიდა უკმაყოფილება მაინც იზრდება. მოსახლეობა ინფორმაციას VPN-ის საშუალებით იღებს. ინტერნეტში ე.წ. ძ-პატრიოტებიც კი შეშფოთებულ ვიდეოებს აქვეყნებენ საწვავის რეალური დეფიციტის შესახებ. იმავდროულად, ყირიმიდან გამოქცეული მოსახლეობის გამო გზებზე 40-კილომეტრიანი საცობებია, რაც სამხედრო გადაადგილებებს უქმნის კოლაფსის საფრთხეს.

- მაგრამ, როგორც ვიცით, რუსი მოსახლეობა ითმენს ყველაფერს, რადგან მათთვის მთავარი სახელმწიფოს ძლევამოსილებაა...

- პუტინის ხელისუფლებასა და რუს საზოგადოებას შორის 2000-იანი წლების შუახნიდან მოქმედებდა გარკვეული შეთანხმება - 90-იანი წლების შიმშილისა და ქაოსის სანაცვლოდ ნავთობდოლარებით უზრუნველყოფილი მაღალი ცხოვრების დონე, სტაბილური ხელფასები და მოგზაურობის თავისუფლება. ამის სანაცვლოდ საზოგადოება თვალს ხუჭავდა დემოკრატიისა და თავისუფლებების შეზღუდვაზე. ხალხი მზად იყო შეჰგუებოდა პოლიტიკურ ვაკუუმს, თუკი ექნებოდა ბიზნესი და შემოსავალი, დღეს კი ეს შეთანხმება დაირღვა - აღარც ბიზნესია, აღარც შემოსავლები და ქვეყანა სასურსათო პრობლემების წინაშე დგას. საწვავის დეფიციტი რუსეთს ყველაზე კრიტიკულ მომენტში - მოსავლის აღებისას დაატყდა თავს. მაგალითად, ირკუტსკის ოლქში განაცხადეს, რომ მოსავალს ვერ აიღებენ, რადგან რეგიონის მთელი საწვავი მოსკოვში გადაისროლეს. ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს სასოფლო-სამეურნეო რეგიონებს. ხორბალი, ნავთობის შემდეგ, რუსეთის უმნიშვნელოვანესი შემოსავლის წყაროა. საწვავის ფასის სამ-ოთხჯერ გაძვირება გამოიწვევს პურისა და ფქვილის ფასების კატასტროფულ ზრდას. პუტინის მთავარი დაპირება, "მე ვმართავ, თქვენ კარგად ცხოვრობთ", უკვე ანულირებულია. მოსახლეობაში ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ უნდა მოითმინონ ეს ყველაფერი, როცა აღარც კარგი ცხოვრება აქვთ, აღარც თავისუფლება, ინტერნეტსაც უზღუდავენ და შიმშილიც ემუქრებათ? ხალხი ხვდება, რომ მათ ნახირის, ე.წ. ბიდლოს როლში აყენებენ, ასეთ სტიქიურ პროცესებს კი ვერც პესკოვის პროპაგანდისტული მანქანა ვერ შეაჩერებს.

- ეს კარგი ცხოვრებაც ხომ მაინც დიდ ქალაქებში იყო და არა ამხელა ტერიტორიაზე, სადაც ასფალტი და უნიტაზებიც კი არ უნახავთ. დიდ ქალაქებში კარგი ცხოვრების დაკარგვა გახდება გადამწყვეტი ამხელა მასის ფონზე?

- რუსულ პოლიტიკას ყოველთვის დიდი ცენტრები განსაზღვრავდნენ. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უკვე რამდენიმე დღეა სერიოზული უკმაყოფილებაა. დაძაბული მდგომარეობაა სხვა დიდ ქალაქებშიც, მათ შორის ეკატერინბურგსა და პერმში. რაც ყველაზე მთავარია, დღეს ისეთი რეგიონები იბომბება, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი საომარი მდგომარეობა არ ყოფილა. ზოგიერთ მათგანს კონფლიქტი ივანე მრისხანეს მიერ ყაზანის აღებისა და ერმაკის მიერ ციმბირის დაპყრობის შემდეგ არ უნახავს. უკრაინული დრონები აბსოლუტურად დაუცველ ქალაქებში თავისუფლად დაფრინავენ, რაც მოსახლეობაში პანიკას იწვევს. ეს შიში შიდა რეგიონებში უფრო მწვავეა, ვიდრე საზღვრისპირა ზოლში, სადაც ხალხი ომს მეტ-ნაკლებად მიეჩვია... რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა თავიდანვე ორიენტირებული იყო მხოლოდ დასავლეთის მიმართულებიდან მოსკოვის დასაცავად. მოსკოვი-ასტრახანის პირობით ზოლს მიღმა მსგავსი თავდაცვა არ არსებობს. უზარმაზარი ტერიტორიები სრულიად დაუცველია. საქმეც ის არის, რომ სწორედ ეს რეგიონებია რუსეთის სიმდიდრის - ნავთობის, გაზის, ნედლეულის ძირითადი წყარო. გარდა ამისა, აქ მდებარეობს უმნიშვნელოვანესი სამხედრო ქარხნები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ურალში სწორედ მიუწვდომლობის იმედით გადაიტანეს. დღეს უკრაინული დრონები მოსკოვს უვლიან და პირდაპირ ამ სტრატეგიულ ობიექტებს ურტყამენ. უკრაინელები მაქსიმალურად არიდებენ თავს მშვიდობიან მოსახლეობას, თუმცა 24-საათიან, სამცვლიან რეჟიმში მომუშავე სამხედრო ქარხნებზე დარტყმებისას მსხვერპლი გარდაუვალია. ეს ქვეყანაში აბსოლუტური დაუცველობის განცდას აჩენს - ხალხი "იუთუბზე" უკვე საუბრობს ქალაქებიდან გაქცევის აუცილებლობაზე, რადგან დრონები პირდაპირ მათ ფანჯრებთან დაფრინავენ.

ამ ვითარებას უდიდესი ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. 1945 წლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებში გერმანელების მთავარი პრეტენზია ჰიტლერთან იყო არა ომის დაწყება, არამედ ის, რომ ომი წააგო და ქვეყანა ვერ დაიცვა. დღეს პუტინთანაც ზუსტად ეს პრეტენზიაა - მისი "უძლეველობის მითი" ინგრევა, რადგან მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის დაცვაც კი ვეღარ ხერხდება.

რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს. თანამედროვე ეპოქაში ომების ბედი აღარ წყდება ისე, როგორც მე-19 ან მე-20 საუკუნეებში, როდესაც გამარჯვებას ფრონტზე ჯარისკაცების ცოცხალ ძალად მიყრითა და ჩახოცვით აღწევდნენ. დღეს დრონების გამოყენება მეტ-ნაკლებად ანეიტრალებს რუსეთის იმ მასშტაბურ უპირატესობას, რაც აქამდე ჰქონდა. ამას ემატება ტექნოლოგიური კოლაფსიც - ის ქარხნები, რომლებიც სამხედროებისთვის თუნდაც დაბალი ხარისხის ელექტრონიკას აწარმოებდა, \განადგურებულია, ჩინეთი კი მოსკოვს იმას არ აწვდის, რაც რეალურად სჭირდება.

კრიტიკულ ფაზაში შედის სამხედრო კონტინგენტის შევსების საკითხიც. თავიდან ფრონტზე მოხალისეები მიდიოდნენ, შემდეგ - კონტრაქტორები. ესენი იყვნენ უღარიბესი რეგიონების ყველაზე დაბალი ფენა, მათ­თვის ომი გაჭირვებიდან თავის დაღწევის ერთადერთ შანსს წარმოადგენდა. დღეს ეს რესურსი ამოწურულია. ახლა ხელისუფლება ჯარში ხალხის იძულებით წაყვანას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. სტუდენტებს გარიცხვის მუქარით აიძულებენ კონტრაქტებზე ხელის მოწერას, რამაც ახალგაზრდებსა და მათ ოჯახებში უკმაყოფილების უზარმაზარი ტალღა გამოიწვია. პერმში გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ აჩერებენ ქუჩაში ახალგაზრდებს და ძალით მიჰყავთ პოლიციაში, რასაც დედების მძაფრი პროტესტი მოჰყვა, ისინი პოლიციის მანქანებს წინ გადაუდგნენ. ამ პროცესის მასობრივად გავრცელება სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს.

ეს მზარდი პროტესტი ხელისუფლებას ყველაზე სახიფათო დროს - შემოდგომის არჩევნების წინ უპირისპირდება. თავად რუსული სამთავრობო კვლევების ცენტრებიც ადასტურებენ, რომ ხალხში მმართველი ძალის მიმართ აბსოლუტური უნდობლობაა.

- სამხედრო ელიტას აქვს იმის რესურსი, რომ რევოლუციაზე წავიდეს?

- ფაქტია, "იუთუბზე" გავრცელებული სამხედროს მიმართვა მაღალი რანგის ოფიცრების პოზიციას გამოხატავს. ჯარში არსებულ ფარულ საფრთხეებზე მოწმობს გენერლების დაპატიმრება და სუროვიკინის აფრიკაში გადასროლაც - კრემლი იშორებს ავტორიტეტულ სამხედროებს.

თუ სასწაული მოხდა და პუტინი ხელისუფლებას ჩამოაშორეს, არავინ უნდა ელოდოს დემოკრატების ან ლიბერალების მოსვლას. დღევანდელ რეალობაში ეს მხოლოდ ძალოვანებს შეუძლიათ, თუმცა მათი შემდგომი ნაბიჯების პროგნოზირება შეუძლებელია. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატრუშევი, ნარიშკინი და სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა თავიდანვე უკრაინაში ომის დაწყების წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ პუტინმა მათ არ მოუსმინა. ელიტაში შიდა დუღილი აშკარაა, თუმცა რა შედეგით დასრულდება, არავინ იცის. ერთი რამ ფაქტია - პუტინის ნაცვლად როგორი რადიკალი ნაციონალისტი ან ძალოვანიც არ უნდა მოვიდეს სათავეში, მას მხოლოდ ერთი გამოსავალი ექნება - ომის სასწრაფო გაჩერება. სხვა შემთხვევაში, რუსეთის უმძიმესი პრობლემების მოგვარებას აზრი ეკარგება.

რუსა მაჩაიძე