"თუ საქართველოს აქვს ამერიკის დაინტერესების სურვილი, როგორმე მისი ყურადღება უნდა მიიპყროს“
საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის, აშშ-ისა და ევროპის მიმართ არც რიტორიკას ცვლის დ არც პოლიტიკას. რას მიაღწევს ამით `ოცნება~, ამ თემაზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრეთ.
- ამერიკას და ევროპას განსხვავებული მიდგომები აქვთ საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში. ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია წმინდად ტრანზაქციული და გეოპოლიტიკურია. კი, აპელირებენ ხოლმე სხვადასხვა კანონზე, ადამიანის უფლებებზე, მაგრამ მათი მამოძრავებელი მოტივი მაინც ტრანზაქციული, გეოპოლიტიკური და პრაგმატული ინტერესებია. მათ თვალში საქართველოს აქვს გარკვეული საერთაშორისო როლი, რომელსაც ხელისუფლება ვერ შეცვლის. მაგალითად, ისინი უყურებენ ჩინეთის როლს - იმას, რომ ჩინეთი შემოდის რეგიონში და მათ შორის საქართველოშიც. ანაკლიის პორტშიც აქვთ ინტერესები. ბოლოს და ბოლოს, არ დაადგა საშველი ამ პორტს, ვერ გავიგეთ, აშენებენ თუ არა, მაგრამ ჩინური კომპანია იქ მაინც ფიგურირებს... ამას ემატება სხვა გეოპოლიტიკური ფაქტორებიც. მაგალითად, TRIPP-დერეფანი და სომხეთსა და აზერბაიჯანზე ფოკუსირება, რაც განპირობებულია უშუალოდ ტრამპის პერსონით, მისი პირადი ეგოთი. მან, თავისი გაგებით, დაამთავრა ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ჩაიწერა კიდევ ერთი დასრულებული კონფლიქტი, რითაც ახლა ახდენს პროფილირებას. საქართველოში ამას ვერ გააკეთებს, რადგან აქ რომ კონფლიქტები გადაჭრას, რუსეთს უნდა დაუპირისპირდეს, ან ისეთი დიალოგი გამართოს, რაც ხელს არ აძლევს.
რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების კრიტიკას, ეს ადმინისტრაციის უმაღლესი დონიდან კი არა, უფრო დაბალი რგოლებიდან მოდის - ზოგიერთი კონგრესმენისგან ან სახელმწიფო მდივნის აპარატისგან. ეს არ არის დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციის მამოძრავებელი მოტივი. საქართველოს ხელისუფლებას თუ უნდა ამერიკასთან ურთიერთობის დალაგება, უნდა შესთავაზოს ისეთი რამ, რომ ჩვენი ქვეყნით დააინტერესოს. ამერიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანზაქციული ფაქტორია - ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულობა ან რაღაც ისეთი, რაც ტრამპის ეგოს დააკმაყოფილებს. მაგალითად, შუა დერეფნის თემის წამოწევა, რაც ამერიკელებს რეალურად აინტერესებთ.
დღეს ამერიკის ინტერესები ჩინეთისა და აღმოსავლეთ აზიის მიმართულებაზე გადადის... საქართველოც ამ სივრცის ნაწილია. თუ საქართველოს აქვს ამერიკის დაინტერესების სურვილი, როგორმე მისი ყურადღება უნდა მიიპყროს. ამას სჭირდება ჰიპერაქტიული საგარეო პოლიტიკა და ამერიკის არგაღიზიანება თუნდაც ჩინეთთან მჭიდრო თანამშრომლობით. თუმცა არც ეს არის გარანტია. საქართველომ, ჰიპოთეზურად რომ ვიმსჯელოთ, მთლიანად რომ გაყინოს ურთიერთობა ჩინეთთან და ამერიკის ყველა პირობა დააკმაყოფილოს, მაინც არა გვაქვს გარანტია, რომ ვაშინგტონი აქ სერიოზულ გეოპოლიტიკურ ინვესტიციას განახორციელებს. სამწუხაროდ, ეს პატარა ქვეყნების ბედია - ისინი ყოველთვის დიდი სახელმწიფოების ინტერესებზე არიან დამოკიდებული.
- ევროპასთან ურთიერთობის სტილი არ იცვლება. ისევ ისმის, რომ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს და ა.შ. ამ ფონზე, რა შანსი გვაქვს უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების?
- ბრიუსელსა და ევროკავშირის დედაქალაქებში ამ თემაზე ორი ნარატივი დომინირებს. პირველი - თუნდაც უკმაყოფილონი იყვნენ ჩვენი ხელისუფლებით, ამის გამო მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს. უვიზო რეჟიმის გაუქმება უპირველესად ხალხის დასჯა იქნება, რადგან ხელისუფლება ირიბად უკვე დასჯილია - დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლა ისედაც გაუქმებულია. გარდა ამისა, უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ერთგვარი რბილი ძალაა, მისი მთავარი ინსტრუმენტი. თუ მას ქვეყანას გამოაცლი, აღარაფერი გრჩება, რომ გავლენა იქონიო იქ მიმდინარე პროცესებზე. ან, პირიქით, ამან შეიძლება საზოგადოება უფრო გააღიზიანოს... მეორე - საქართველო თავის დროზე იმიტომ დაჯილდოვდა ამ უვიზო რეჟიმითა და სხვა სიკეთეებით, რომ ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად და შემდეგ ევროკავშირის კანდიდატად მოვიაზრებოდით. თუ ეს ყველაფერი აღარ არსებობს და პლუს ქვეყანა პირობებს არ ასრულებს, მაშინ ის აღარც უვიზო რეჟიმს იმსახურებს. აქედან რომელი ნარატივი გადაწონის, რთული სათქმელია. თუმცა გამოსავლის გამონახვა ყოველთვის შეიძლება. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უვიზო რეჟიმის დებულებებს არღვევს. სერბეთი კარგი მაგალითია - იქაც არის პრობლემები როგორც ადამიანის უფლებების დაცვაში, ისე წმინდად ტექნიკური ხარვეზები. პრინციპში, ყველა ის ქვეყანა, რომელთაც აქვთ უვიზო მიმოსვლა და არ არის შენგენის წევრი, გარკვეული დოზით არღვევს ამ წესებს. საქართველოს შემთხვევაში ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს. პირველი ის, რომ პოლიტიკური და ტექნიკური ასპექტები ერთდროულად წამოიჭრა - ჩვენი ქვეყანა, ჯერ ერთი, უვიზო რეჟიმის პოლიტიკურ საფუძვლებს არღვევს ადამიანის უფლებების კუთხით და ა.შ. და, მეორე, გვაქვს ტექნიკური დარღვევაც, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა ბევრ ისეთ ქვეყანასთან, რომელთანაც თავად ევროკავშირს არ გააჩნია. ამას ემატება საქართველოს გაფუჭებული ურთიერთობა ევროკავშირთან და ისიც, რომ გეოპოლიტიკურად ჩვენ არა ვართ მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც, მაგალითად, სერბეთია. ამიტომ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, ბევრად მეტად დაგვპრესონ. საქართველოს ხელისუფლებაც თითქოს ცეცხლზე ნავთს ასხამს, თუმცა ბოლო დროს დიალოგზე ორიენტირებული განცხადებებიც მოვისმინეთ, რაც კარგია. გასაგებია, რა არის ხელისუფლების პრიორიტეტები - ერთი მხრივ, მათ ძალაუფლებას არ შეექმნას საფრთხე, მეორე მხრივ, არც ურთიერთობის საბოლოოდ გაფუჭება სურთ ევროკავშირთან. ამიტომ, თუ თავიანთ პოლიტიკას სწორად გაააქტიურებენ, შუალედური გამოსავლის გამონახვა შესაძლებელია. ვგულისხმობ ისეთ დათმობებზე წასვლას, რაც მათ შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და ძალაუფლებას საფრთხეს არ შეუქმნის. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, უვიზო რეჟიმის რეგულაციების თუნდაც ტექნიკური ნაწილის დაკმაყოფილება, ან პოლიტიკური მოთხოვნების იმ ნაწილის შესრულება, რომელიც არ მოითხოვს ისეთ ძირეულ რეფორმებს, რაც მთლიანად გადააყირავებს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას. ეს არის ის ოქროს შუალედი, რისი პოვნაც შესაძლებელია - ერთი მხრივ, ევროკავშირის დაშოშმინება და მეორე მხრივ, შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის შენარჩუნება. თუმცა რამდენად მოხერხდება ეს, არ ვიცი.
ევროკავშირში ბევრს ფიქრობენ, თუ როგორ მიუდგნენ საქართველოს. ერთი მხრივ, არსებობს ე.წ. დემოკრატიული პირობითობა, რასაც, როგორც წესი, კანდიდატ ქვეყნებს უყენებენ ხოლმე. ეს მიდგომა საქართველოს შემთხვევაში უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მაგრამ ამ პირობითობამ ბევრი მიზეზის გამო არ იმუშავა. პირველი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლებას საკუთარი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდა. გარდა ამისა, დღეს საქართველოსთანა ქვეყნებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციისთვის - ისინი აღარ არიან მთლიანად ევროკავშირზე დამოკიდებული, განსხვავებით იმ პერიოდისგან, როდესაც ევროკავშირის დიდი გაფართოება ხდებოდა.
მეორე და უმთავრესი კი ის არის, რომ ევროკავშირის დემოკრატიზაციის პოლიტიკა ყოველთვის მხოლოდ იმ ქვეყნებში მუშაობს, სადაც ადგილზე არსებობენ ძლიერი პროდემოკრატიული აქტორები, საქართველოში კი ასეთი ძალა არ ყოფილა. ოპოზიციაზე გადასვლა არ მინდა, მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური აქტორი, რომელიც ევროკავშირის ამ წნეხს აიტაცებდა და სწორ შიდაპოლიტიკურ კალაპოტში მოაქცევდა. ოპოზიცია ძალიან სუსტია. ბოლო დროს გამართული პროტესტებიც წმინდად სამოქალაქო ხასიათის იყო და არა პოლიტიკური, რაც ამ პროტესტის დიდ პრობლემად იქცა. ეს ევროპელებმაც დაინახეს - მათ გაიგეს, რომ დღეს ოპოზიციაში არ არის ისეთი ძალა, რომელიც ამ ყველაფერს ეფექტურ პოლიტიკად გარდაქმნის. ასეთ სიტუაციაში ევროკავშირს აქვ ხანგრძლივი გამოცდილება ავტორიტარული ან ნახევრად დემოკრატიული რეჟიმების მხარდაჭერისა. უმეტეს შემთხვევაში, ავტორიტარულ და ნახევრად ავტორიტარულ რეჟიმებს უფრო უჭერენ მხარს, ვიდრე დემოკრატიებს. მე საქართველოს დღეს მაინც არ დავარქმევდი კლასიკურ ავტორიტარულ რეჟიმს - ეს უფრო ჰიბრიდული მოდელია.
თუ ბრიუსელში გადაწყვეტენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში დემოკრატიული ოაზისის შექმნა არ გამოდის, ერთადერთი ალტერნატივა დარჩებათ - ქვეყანას მიუდგნენ წმინდად გეოპოლიტიკურად და ტრანზაქციულად, ზუსტად ისე, როგორც სხვა სახელმწიფოებთან დამოკიდებულებაში აკეთებენ. ასე ექცევიან, მაგალითად, აზერბაიჯანს, მთელ ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს, ახლო აღმოსავლეთსა და კიდევ უამრავ სხვა ქვეყანას. ეს საქართველოსთვის კარგი არ იქნება, რადგან გამოიწვევს გაფართოების პროცესის სრულ გაჩერებას, თუმცა ეს პროცესი, ფაქტობრივად, ისედაც გაჩერებულია. მეორე მხრივ, უამრავი ქვეყანაა, რომელიც არ ყოფილა კანდიდატი, არც ჩვენ ვიყავით აქამდე, მაგრამ გადავრჩით.
რუსა მაჩაიძე