„დიმიტრი გელოვანები“, ერთიანი ფრონტები და უცნაური დისკუსია 4 ოქტომბრის საქმეზე
ოპოზიციის "სპორტული" ფორმის შემხედვარე, რამდენიმე ქართველმა ექსპერტმა დაასკვნა: ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენაა საჭიროო. ალბათ, ახალი პოლიტიკური ლიდერების, თორემ პარტიები კვერცხუჯრედებივით მრავლდებიან, ოღონდ ძველი ლიდერებით (აგერ "ნაციონალური მოძრაობა" შვიდ ნაწილად არის დაშლილი).
ახალ პოლიტიკურ ლიდერებს სტამბოლის ბაზარზე ვერ იყიდი. ვინმემ, "ახალმა სახემ", ახალი პარტია უნდა დააფუძნოს, ან ძველ პარტიაში დაწინაურდეს და მთლიანად გაანაახლოს ეს პოლიტორგანიზაცია. სათქმელად იოლია... იმიტომ, რომ ძველ პარტიაში დაწინაურება დამოკიდებულია ძველ ლიდერზე, ამ "ძველს" კი "ახალი" თავისი მიზნებისთვის სჭირდება და სულაც არ აპირებს მისთვის ადგილის დათმობას. გარდა ამისა, პარტიის სხვა, ძველი წევრებიც ეჭვიანობენ. საბოლოო ჯამში "ახალი სახე", რომელსაც გასაქანს არ აძლევენ, მხოლოდ ძველი ლიდერის დამატებად რჩება და შინაარსობრივად არაფერს ცვლის.
პარტიის დაფუძნებას თუ მოინდომებ, არცთუ ისე რთულია. თუმცა პოლიტიკური საქმიანობისთვის, გარდა იმისა, რომ საზოგადოებისთვის მისაღები იყო და გქონდეს მხარდაჭერის რესურსი, გჭირდება მთავარი - ფული. არ არის ფული, არ არის პოლიტიკა. ფულის შოვნა ძნელია - გამორიცხულია, ახალშექმნილი პარტია ვინმე "გარე ძალამ" დააფინანსოს. ეგ კი არა, აგერ ფინანსური პრობლემები იმ ძველ პარტიებსაც აქვთ, რომელთაც ტრადიციულად ძლიერი სპონსორები ჰყავდათ. თუ გაქვს ფინანსური სახსრები, მაშინ შედარებით გაგიადვილდება პოლიტიკაში მოსვლა.
ქართულ პოლიტიკაში კონკურენტის გამოჩენა არ უყვართ. შესაბამისად, მზად უნდა იყო, რომ პირველ რიგში, კოლეგა-ოპოზიციონერები დაგეტაკებიან, ან იძულებული უნდა გახდე, ვიღაცასთან ალიანსში შეხვიდე და უფრო დიდი პარტიის ჩრდილში მოექცე, შემდეგ კი, უკეთეს შემთხვევაში, რაღაც კოალიციაში, საარჩევნო სიაში 1-2 ადგილს მოგცემენ.
რა თქმა უნდა, არის მესამე გზაც - იყო ისეთი მაგარი, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად იმუშაო სოცქსელებით (თუმცა, რა თქმა უნდა, მინიმალური ფინანსები აუცილებელია), იყო ჰიპერაქტიური პოტენციურ ამომრჩეველთან პირადი კომუნიკაციით და არ წაგძლიოს სულმა და არ შეხვიდე რომელიმე ალიანსში. თუმცა ჯერ ასეთი "დიმიტრი გელოვანი" არ გამოჩენილა...
ბოლო წლებში "ახალი სახეები" ძველ ან ახალ პარტიებში თითზე ჩამოსათვლელია. პირველ რიგში, ალბათ, "ლელო" გვახსენდება. წესით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს იდეალურთან მიახლოებული სასტარტო პოზიციები ჰქონდათ: ფული და სერიოზულობა - ვგულისხმობთ იმას, რომ ბექგრაუნდიდან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად შეიძლებოდა გაჩენილიყო განცდა, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რაღაც კატასტროფა მოხდებოდა ან ვიღაც რევანშს დაიწყებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს შანსი გაიფლანგა, პირველ რიგში, ბუნდოვანი და ქართული რეალობისთვის სრულიად შეუსაბამო პოლიტიკური პიარითა (თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით) და უცნაური ალიანსებით. ამომრჩევლის დიდ ნაწილს რატომ სურს ახალი ძალის გამოჩენა?! იმიტომ, რომ არ მოსწონს "ქართული ოცნება" და არც ის სურს, სააკაშვილის პარტია მობრუნდეს ხელისუფლებაში. ალბათ, დიდი შეცდომა იყო "ნაცმოძრაობასთან" ალიანსი. 2021 წელს ნიკა მელია თბილისის მერობის კანდიდატი იყო, მამუკა ხაზარაძე - ვიცე-მერობის. კი ბატონო, ფორმალურად ეს არ იყო უშუალოდ "ლელო"-"ნაცმოძრაობის" ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის სოუსით კეთდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა სწორედ სააკაშვილის პარტიასთან ალიანსად აღიქვა. ალბათ, შეცდომა იყო წარსულში დაპირისპირებულ გახარიასთან ჯერ ალიანსის შექმნის ცდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას (სალომე ზურაბიშვილის შუამავლობით), 2025 წელს კი - უკვე ალიანსი. ამომრჩევლისთვის პრინციპულობა ერთ-ერთი განმსაზღვრელი საკითხია - მოგცეს თუ არა ხმა. სამწუხაროდ, დღეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ფაქტობრივად, ჩამოცილებული არიან პოლიტიკას.
ახალი საახეები იყვნენ ძველი ლიდერის - "ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძისგან" გამოყოფილი ხვიჩია-მეგრელიშვილის გუნდი. თუმცა მათი პოლიტიკა არასერიოზულ, უცნაურ იუმორისტულ ჟანრში გადავიდა. კიდევ იყო "თავისუფლების მოედანი", რომელიც "ოპოზიციურ ალიანსში" შევიდა და იმათთან ასოცირდა, რომელთან მიმართებითაც, წესით, განსხვავებული უნდა ყოფილიყო და ალტერნატივა შეეთავაზებინა ამომრჩევლისთვის.
იმის მაგალითიც გვაქვს, ძველ პარტიაში ლამის ახალი ლიდერი რომ დაიბადა - ნიკა მელია. პრინციპში შეიძლებოდა "ნაცმოძრაობის" რებრენდინგი და დისკრედიტირებული ფიგურებისგან გაწმენდა, თუმცა... ძველმა ლიდერმა გააგდო პარტიიდან თავის გუნდიანად და დღეს იმაზე მსჯელობენ, ვინ ვის უღალატა სინამდვილეში.
ახლა ვიქტორ ყიფიანი იწყებს "ჯერ საქართველოთი" და ვნახოთ...
რა სურს სალომე ზურაბიშვილს
სალომე ზურაბიშვილი რომ ერთიან ფრონტზე საუბრობს, უკვე ვწერდით. ამჯერად მან "ტვ პირველის" ეთერში თქვა, რომ ბოიკოტის გაგრძელებას არ ეთანხმება: (სტილი დაცულია) "ამ პარტიებს შორის არ ყოფილა დისკუსია იმაზე, თუ დაინიშნა არჩევნები დღეს, ხვალ, ზეგ, 2028 წელს, რას ვაკეთებთ, მივდივართ თუ არა. მე ვიცი, რომ ნახევარი პარტიები მიდიან, მათი ქმედებებიდან გამომდინარე. დავდივართ რეგიონებში, ვსაუბრობთ სოციალურ საკითხებზე, ანუ ვინ არის უფრო მიმზიდველი ხალხისთვის, ანუ ემზადებიან... მე არა მგონია, შეიძლებოდეს ამ სიტუაციაში კიდევე ერთხელ ავირჩიოთ ბოიკოტი და დავჯდეთ, ხალხს სჭირდება ბრძოლა, აქტიურობა, არა მხოლოდ დგომა, არამედ ბრძოლა, ყველაზე კარგი ბრძოლა, რაც შეიძლება შევთავაზოთ საზოგადოებას, არის ბრძოლა არჩევნებში ხმების დასაცავად, ოღონდ ეს შეიძლება იყოს მხოლოდ, თუ არის ერთიანი ფრონტი. თუ წავლენ დაქსაქსული, ეს არის წაგებული არჩევნები, მაგალითი არის უნგრეთი, სადაც პარტიებმა გვერდზე გადაიწიეს დროებით". ზოგჯერ რჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილს არა აქვს ინფორმაცია, რეალურად რა ხდება ოპოზიციაში. რომელ დისკუსიაზეა საუბარი, როდესაც "ნაცმოძრაობის" "უგვირგვინო" ლიდერი სააკაშვილი ლამის ყოველდღე "ოპოზიციური ალიანსის" ერთ-ერთ წევრს ("კოალიცია ცვლილებებისთვის") ნიკა გილაურს ახსენებს, რომელიც თურმე ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდა და იქვე ალიანსის კიდევ ერთ წევრს ("ფედერალისტები") ბოკერიებად მოიხსენიებს და თავის დროზე "ნაცმოძრაობის" ხელში ჩაგდების ცდაში ადანაშაულებს. რომელ დისკუსიაზე შეიძლება საუბარი, როდესაც თავად "ნაცმოძრაობის" მოქმედ თავმჯდომარეს სააკაშვილი "ფეისბუკით" ხსნის და მის ადგილას ტელეწამყვანის დასმას ცდილობს. თუმცა ერთ რამეში სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, მართალია. დიახ, არის ნიშნები, რომ ე.წ. ბოიკოტისტები ემზადებიან 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. თუმცა მეხუთე პრეზიდენტმა, ალბათ, ნათლად უნდა თქვას, ბოლოს და ბოლოს, ერთიანი ფრონტი პარტიებით წარმოუდგენია თუ პარტიების გარეშე. იმიტომ, რომ ამას წინათ თქვა, - ერთიანი ფრონტი აუცილებელია, ოღონდ პარტიების მიუღწევად გაერთიანებას ვეღარ დაველოდებითო, ოღონდ თუ პარტიები ვერ/არ გაერთიანდებიან, საარჩევნო ხმები როგორ უნდა დაიცვან?!
4 ოქტომბრის საქმე: ვინ არის პასუხისმგებელი?!
4 ოქტომბრის მოვლენებისას დაკავებულთა საქმეები, ფაქტობრივად, ფინალში გავიდა. ზოგიერთს საპროცესო შეთანხმება მიუსაჯეს, ზოგს კი საკმაოდ მძიმე სასჯელი. ოპოზიციურ ფლანგზე კი კვლავ კამათობენ: ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა 4 ოქტომბერს და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
ნიკა გვარამიამ ცეცხლზე ნავთი დაასხა, როდესაც დაწერა: "თქვენ სადა ხართ, მეგობრებო და არცთუ მეგობრებო, ვინც იწყებდით და ამთავრებდით 4-ში, 4-ზე, 4 საათში და ვინც წარბი მაინც ასწია გაკვირვების გამო, ისინიც კი მოღალატეებად, მშიშრებად და გაყიდულებად გამოაცხადეთ? ან იქნებ გგონიათ, რომ არ გვახსოვხართ? არა, გვახსოვხართ, მაგრამ თქვენსავით შეუბრალებლები არა ვართ და კუდით ქვას არ გასროლინებთ, რასაც ნამდვილად იმსახურებთ". ამას მოჰყვა "ქარიშხალი", ძირითადად, "ნაცმოძრაობისა" და მისი აქტივისტების მხრიდან: დაჭერილები პოლიტპატიმრები არიან, ეს სასოწარკვეთილი ხალხის პროტესტი იყო და გვარამია მსგავსი რიტორიკით "ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალსო. ადამიანების ნაწილი ციხეში ზის, ამიტომ არ დავიწყებთ იმაზე მსჯელობას, ვინ პოლიტპატიმარია და ვინ არა. თუმცა საკვირველი ის არის, დისკუსია კიდევ რომ მიმდინარეობს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობაო. გადახედეთ მაშინდელ ტელეეთერებს - ვინ ამბობდა, რომ "ოცნება" 5 ოქტომბერს უკვე ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა, რომ ძალოვანი სტრუქტურები მათ მხარეს გადავიდოდნენ, ვინ დაამკვიდრა ტერმინი "მშვიდობიანი დამხობა" და ა.შ. მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელია ის (ისინი), ვინც გაუჩინა იმედი აქტივისტთა თუ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეთა ნაწილს - თითქოს რაღაც ისეთი საიდუმლო და სუპერსაიმედო გეგმა არსებობდა, რომ ხელისუფლება ამოტრიალდებოდა. ისიც ხომ ყველას გვახსოვს, ვინ კითხულობდა სცენიდან დეკლარაციას, ვინ ჩამოთვალა დასაპატიმრებელ მაღალჩინოსანთა სია და ვინ თქვა, ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო. თუმცა მხოლოდ ისინი არ არიან პასუხისმგებელნი. პასუხისმგებლები არიან ისინიც, ვინც პირში არ ეუბნებოდა 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს - ხალხნო, რა სისულელეებს ამბობთო, ვინც არ მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ დაეჯერებინათ "მშვიდობიანი დამხობის" აბსურდის. ეს რომ გაეკეთებინათ, დღეს ამდენი ხალხი ციხეში არ იჯდებოდა. მომხდარის შემდეგ, ნიშნის მოგება ადვილია, თუმცა არასწორი. ზოგიერთმა ხმა არ ამოიღო პრინციპით - იქნებ მართლაც რამე მოხდეს, რატომ უნდა მოვიმდურო ეს ხალხიო... კრიტიკულ მომენტში დუმილი და ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევაც ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მძიმე სენია.
გიორგი კვიტაშვილი