მაღალი ტემპერატურა და სითბური ტალღები ზაფხულში - რა შეიძლება გახდეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი კლიმატური გამოწვევა?!
ბოლო პერიოდში საქართველოში არასტაბილურმა ამინდმა საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის, რამდენად არის მზად საქართველო კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გამოწვევებისთვის? - ამ და სხვა კითხვებით გარემოს დაცვის ექსპერტს მამუკა გვილავას მივმართეთ.
- ბოლო დროს საქართველოში არასტაბილური ამინდია - ძლიერი წვიმა, სეტყვა, უეცარი სიცხე, ქარი. რამდენად ნორმალურია ასეთი კლიმატური ცვალებადობა?
- რა თქმა უნდა, ნორმალური არ არის. სამწუხაროდ, ის ნელ-ნელა ნორმად იქცევა, რადგან კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სწორედ ის არის, რომ ექსტრემალური ამინდის მოვლენები უფრო გახშირდება და გაძლიერდება.
დღევანდელი ვითარება ძალიან ჰგავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ეფექტებს. თუმცა, ალბათ, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც არა ვართ, რადგან ევროპაში გაცილებით გაუსაძლისი სიცხეა. ჩვენ შეიძლება თბილად ჩავიცვათ ან სეტყვას მოვერიდოთ, მაგრამ როდესაც მაღალი ტემპერატურაა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მისი ზემოქმედების ქვეშ ექცევა. წელს ამ მხრივ გაგვიმართლა, თუმცა ზაფხული ჯერ წინ არის. მე ამ პროცესებს უფრო მაღალ ატმოსფერულ ფენებში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოძრავი ჰაერის ნაკადების ცვლილებას დავუკავშირებდი. ყველამ ვიცით, რომ თვითმფრინავი დასავლეთისკენ ფრენას უფრო დიდ დროს ანდომებს, ვიდრე აღმოსავლეთისკენ, როდესაც ევროპიდან შინ ვბრუნდებით. კლიმატის ცვლილების გამო შესაძლოა ეს ჰაერის ნაკადებიც ნელდებოდეს. ევროპაში სამხრეთიდან ცხელი ჰაერის მასები ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება - ესპანეთიდან და საფრანგეთიდან ბრიტანეთამდეც აღწევს. საქართველოში, პირიქით, ჩრდილოეთიდან, გრილმა ჰაერის მასებმა სამხრეთისკენ გადმოინაცვლა. სწორედ ამიტომ შენარჩუნდა სტაბილურად ეს ვითარება რამდენიმე თვის განმავლობაში.
- მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ზამთარი აღარ ჰგავს ზამთარს, გაზაფხული გაზაფხულს.
- ამინდის პარამეტრები უფრო ექსტრემალური და ხშირი გახდა, ამიტომაც გაგვიგრძელდა გრილი ამინდი. თუმცა, როგორც კი შეიცვლება, მაშინვე გადავინაცვლებთ არასასიამოვნო სიცხეში. ჯერ მხოლოდ ივნისია. ეს, განსაკუთრებით, გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონების შევიწროება, კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი თვალსაჩინო ეფექტია. ამაზე მეცნიერები გვაფრთხილებდნენ, თუ ატმოსფეროში სათბურის აირების, მათ შორის ავტომობილების გამონაბოლქვის, გამოყოფა ასეთი ტემპით გაგრძელდებოდა, შედეგიც სწორედ ასეთი იქნებოდა. მაშინ, ამის დაჯერება საკმაოდ რთული იყო. დაფიქრდით, რამდენი ხანია თბილისში თოვლი აღარ გინახავთ. სიცხეები სულ უფრო გაუსაძლისი ხდება. აქ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობასთან გვაქვს საქმე - იცვლება ტემპერატურა, ტენიანობა და სწორედ ამ კომბინაციის ზემოქმედებას განიცდის ადამიანი. მაგალითად, ბათუმში იგივე ტემპერატურა უფრო მძიმედ აღიქმება, ვიდრე თბილისში. ეს პარამეტრები მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ჩვენი ორგანიზმი ასეთ ცვლილებებს შეჩვეული არ არის. ზამთარშიც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა განსაკუთრებული ყინვა არ იყოს, სიცივე მაინც უსიამოვნოდ აღიქმება, რადგან ის ჩვენი კანისა და ორგანიზმისთვის არაბუნებრივია. უკვე 15-20 წელია კაცობრიობა საშუალო გლობალური ტემპერატურის რეკორდულ ზრდას აფიქსირებს. სამწუხაროდ, ჩვენი ტრაექტორია მხოლოდ უარესობისკენ მიდის, რადგან ვერ ვამბობთ უარს იმ პრაქტიკაზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას აჩქარებს. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტომობილების რაოდენობის კატასტროფული ზრდა.
საქართველო მხოლოდ ახლა იწყებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გეგმის შემუშავებას. იბადება კითხვა - ბოლო 30 წლის განმავლობაში რას ვაკეთებდით? თუ სწორად მახსოვს, სომხეთს ადაპტაციის ღონისძიებები დაახლოებით 15 წლის წინ უკვე ჰქონდა შემუშავებული.
კლიმატის ცვლილების თაობაზე ორნაირი გეგმა არსებობს: პირველი არის შერბილების გეგმა, რაც ნიშნავს სათბურის აირების, პირველ რიგში კი ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებას. ამ ემისიების მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომობილების გამონაბოლქვზე მოდის. რამდენ საწვავსაც ავზში ჩაასხამთ, ფაქტობრივად, იმდენივე ატმოსფეროში ხვდება. ამიტომ არც უნდა გვიკვირდეს, რომ ეს დედამიწაზე ზემოქმედებს. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ემისიების შემცირება. ემისიების შემცირების გამო საქართველოში ჰიდროენერგეტიკის ბუმია. მსოფლიო ითხოვს ენერგიის წარმოებას ნახშირორჟანგის ემისიის გარეშე. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ 2000 წლამდე ჰიდროენერგეტიკა პრაქტიკულად "სალანძღავი სიტყვა" იყო. არც ერთი საერთაშორისო დონორი ჰესების მშენებლობას არ აფინანსებდა. ისე არ უნდა მოგვივიდეს, რომ 383,2 მილიონი დოლარის ვალი ავიკიდოთ გაუგებარი კომპანიის გამო. ეს თანხა, როგორც ითქვა, უკვე დაახლოებით 450 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. მსოფლიოს სურს სუფთა ენერგიის წარმოება (თუმცა სუფთა ბრჭყალებში ვიგულისხმოთ, რადგან მნიშვნელოვანი ზემოქმედება აქვს გარემოზე). რატომ უნდა იზარალოს საქართველომ გაუგებარი თურქული კომპანიის გამო, რომლის სახელიც თავად თურქეთშიც ნაკლებად არის ცნობილი? არ გვინდა, რომ ჩვენს მდინარეებზე აშენდეს ჰესები და ფორსმაჟორის შემთხვევაში, რატომ არის საქართველო პასუხისმგებელი? ჩვენ შერბილების ღონისძიებებისთვის თანხები გვჭირდება. ეს 383 მილიონი დოლარი რომ გვქონოდა, დაახლოებით 160 ათასი ოჯახისთვის მზის ენერგიის, ე.წ. ფოტოვოლტაიკური სისტემების მოწყობა შესაძლებელი იქნებოდა. საშუალო ოჯახი თვეში დაახლოებით 300-350 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას მოიხმარს და ამ რაოდენობის ენერგიას ეს ოჯახები პრაქტიკულად უფასოდ მიიღებდნენ.
რაც შეეხება ადაპტაციას, ამ მიმართულებით მუშაობა მხოლოდ ახლა იწყება. ვიცი, რომ სამუშაო ჯგუფები იქმნება, თუმცა მთავარი კითხვა ის არის, ადაპტაციისთვის საჭირო ფინანსები საიდან უნდა მოვიტანოთ. თუ შერბილების პოლიტიკა მხოლოდ ჰესების მშენებლობაზე იქნება ორიენტირებული და არა მზის ენერგიის განვითარებაზე, უკვე ვნახეთ, რა შედეგიც შეიძლება მივიღოთ. დიდი ხელშეკრულება გავაფორმეთ და საბოლოოდ კერძო სექტორმა სახელმწიფოს მრავალმილიონიანი ჯარიმა დააკისრა. რატომ არ შეიძლება, მაგალითად, საგრანტო პროგრამა არსებობდეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ოჯახს 3-5 ათასი დოლარი გამოეყოფა, რათა საკუთარ სახურავზე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟოს? ან სახელმწიფომ აიღოს გრძელვადიანი სესხი, ეს თანხები მოსახლეობაზე გადაანაწილოს და 5-10 წელიწადში დაიბრუნოს? ამის შემდეგ ეს სისტემები დაახლოებით 20 წლის განმავლობაში მხოლოდ მოგებაზე იმუშავებს. როგორც ჩანს, თურქეთმა მსგავსი პოლიტიკა უკვე გაატარა, რადგან აღარ სჭირდება ჩვენი ჰესებიდან გამომუშავებული ენერგიის შეძენა. მაისსა და ივნისში იმ ელექტროენერგიის მხოლოდ 15-20 პროცენტის გაყიდვას ვახერხებთ. ვფიქრობ, ჰესებზე დაფუძნებული ენერგეტიკული პოლიტიკა არასწორია, არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.
ტემპერატურა უკვე დაახლოებით ერთ-ნახევარი გრადუსით არის გაზრდილი. ამიტომ, თუ მომდევნო ხუთ-ათ წელიწადში გავიგებთ, რომ თბილისში ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს, ეს აღარ უნდა გაგვიკვირდეს. სწორედ ამიტომ მზადება დღესვე უნდა დავიწყოთ.
- ბოლო კვირების განმავლობაში ძლიერი სიცხე ევროპის არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. მაგალითად, საფრანგეთში ტურისტული ობიექტები, მათ შორის ლუვრი და ეიფელის კოშკი დროებით დახურეს. ბუნებრივია, ევროპის ქვეყნები ემზადებიან სიცხის ტალღებისთვის. რა შეიძლება გაითვალისწინოს საქართველომ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან?
- საფრანგეთში 2003 წელს სიცხემ შოკის ეფექტი გამოიწვია. 3 000 ხანდაზმული ადამიანი დაიღუპა, რადგან ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო: არ იყო საკმარისი კონდიციონერები, არ არსებობდა საკმარისი რაოდენობის გრილი და სპეციალურად მოწყობილი სივრცეები, სათანადო ყურადღება არ მიაქციეს ხანდაზმულებს. 40 ჯანმრთელი ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, რადგან ცხელ ამინდში წყალში ჩახტნენ. დღეს საფრანგეთში უკვე იმაზეც ფიქრობენ, რა ზომები მიიღონ, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა აღარ განმეორდეს. შესაბამისად, აუცილებელია ასეთი რისკებისთვის სპეციალური სამოქმედო გეგმების შემუშავება, ჩვენთან კი მსგავსი ტიპის გეგმა, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, სიცხესთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა, არ არსებობს.
- რა შეიძლება გახდეს საქართველოსთვის ყველაზე დიდი კლიმატური გამოწვევა?
- უპირველესად, იქნება მაღალი ტემპერატურა და სითბური ტალღები ზაფხულში. მეორე მნიშვნელოვანი საფრთხეა ე.წ. სანაპირო წყალდიდობები. ასევე გაიზრდება მეწყრებისა და წყალდიდობების რისკიც. აქვე მინდა გავიხსენო შოვის ტრაგედია. როდესაც მყინვარული წარმოშობის მეწყერი ჩამოწვა, ზუსტად ის ტერიტორია ჩაიმარხა, სადაც იმ დროისთვის უკვე დამტკიცებული იყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სივრცითი დაგეგმარების გეგმა. მეწყერმა სწორედ ის არეალი დაფარა, რომელიც განვითარების ზონად იყო განსაზღვრული. თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ ყოფილა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება, რაც კანონმდებლობის დარღვევაც არის და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაც. ყველა სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტი სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას უნდა ექვემდებარებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი დოკუმენტი არ უნდა ჩაითვალოს ძალაში შესულად.
მარიამ ბუკია