მსოფლიოს საფეხბურთი ჩემპიონატი - ყველაზე, ყველაზე... - კვირის პალიტრა

მსოფლიოს საფეხბურთი ჩემპიონატი - ყველაზე, ყველაზე...

FIFA-ს 2026 წლის მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია გუნდების რეკორდული რაოდენობით, გულშემატკივრებითა და ჩატარებული მატჩებით. მსოფლიო ფეხბურთი უკვე უამრავი დაუვიწყარი მომენტის მომსწრე გახდა.

მოულოდნელი დებიუტანტებითა და ისტორიული მიღწევებით დაწყებული, ლიონელ მესის კიდევ ერთი ბრწყინვალე გამოსვლებით დასრულებული - ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული ტურნირი გულშემატკივრებს ფეხბურთის საუკეთესო მხარეებს სთავაზობს.

პარასკევს, 26 ივნისს, ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური გაიმართა, ხოლო 32-გუნდიანი პლეი-ოფის სრული ბადე საბოლოოდ შაბათს, 27 ივნისს, ბოლო მატჩების დასრულების შემდეგ გაირკვა.

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სამი ტური ჩატარდა, უკვე დასამახსოვრებელი და გამორჩეულია. წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახეთ ასევე მრავალი ისტორიული მოვლენა, მაგალითად, მესის მიერ მიროსლავ კლოზეს რეკორდის დამხობა - ყველაზე მეტი გოლი მსოფლიო ჩემპიონატებში უკვე არგენტინელი ლეგენდის ანგარიშზეა.

2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე მრავალი ისტორიული რეკორდის მოხსნა განპირობებული იყო ტურნირის გაფართოებით 48 გუნდამდე და 104 მატჩამდე. მთავარი მიღწევებია: ყველა დროის დასწრების რეკორდის მოხსნა - ჯგუფური ეტაპის დასრულებამდეც კი ტურნირს უკვე 3,6 მილიონზე მეტი მაყურებელი დაესწრო, და ერთ ჩემპიონატში გატანილი გოლების ახალი რეკორდიც დამყარდა.

ტურნირის რეკორდები

ყველაზე მაღალი დასწრება:

დამყარდა მსოფლიო ჩემპიონატების დასწრების ახალი რეკორდი - 3,6 მილიონზე მეტი გულშემატკივარი, რითაც მოიხსნა 1994 წლის რეკორდი (3 587 538 მაყურებელი). სტადიონების საშუალო შევსების მაჩვენებელმა თითქმის 99,7%-ს მიაღწია.

ყველაზე მეტი გატანილი გოლი:

ტურნირზე დამყარდა რეკორდი ერთ მსოფლიო ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით - 177-ზე მეტი გოლი, რაც აღემატება 2022 წლის რეკორდს (172 გოლი).

ყველაზე პატარა ქვეყანა:

კიურასაო გახდა ყველაზე მცირე მოსახლეობისა (დაახლოებით 150 000 კაცი) და ყველაზე მცირე ტერიტორიის მქონე ქვეყანა, რომელმაც ოდესმე მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის უფლება და გოლის გატანაც შეძლო.

მე-1000 მატჩი:

მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მე-1000 მატჩი გაიმართა 2026 წლის 20 ივნისს, როდესაც ტუნისი იაპონიასთან 0:4 დამარცხდა.

მოთამაშეთა რეკორდები

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:

ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი გოლების რეკორდი მოხსნა - მის ანგარიშზე უკვე 18 გოლია მსოფლიო ჩემპიონატებში, რითაც გადააჭარბა წინა რეკორდს (მიროსლავ კლოზე, გერმანია, 16 გოლი).

გოლი ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე:

კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც გოლი ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა.

ყველაზე მეტ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა:

გილიერმო ოჩოა (მექსიკა), ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდნენ იმ გამორჩეულ ფეხბურთელთა ჯგუფს, რომლებმაც ექვს სხვადასხვა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა.

ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი:

დიკ ადვოკაატმა (კიურასაო) მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მთავარი მწვრთნელის რეკორდი დაამყარა - 78 წლის და 260 დღის ასაკში.

ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული მწვრთნელი:

კარლუშ კეირუში გახდა ყველაზე ასა­კოვანი მწვრთნელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მოიგო - 73 წლის და 109 დღის ასაკში, როდესაც განამ პანამა დაამარცხა.

livano-comenencia-fires-home-curacaos-goal-1782657642.jpg

სტადიონების რეკორდები

ესტადიო აცტეკა:

მეხიკოს ლეგენდარული სტადიონი ესტადიო აცტეკა გახდა პირველი სტადიონი ისტორიაში, რომელმაც FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს სამი სხვადასხვა ტურნირის დროს უმასპინძლა.

აუცილებელია აღინიშნოს ტურნირის დებიუტანტის წარმატება და ერთგვარი მოულოდნელი პერფორმანსი მათგან, რადგან კაბო-ვერდესგან ასეთ შედეგს უთუოდ არც თავად კაბოვერდელები ელოდნენ...

კაბო-ვერდე - ტურნირის მთავარი სენსაცია

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის 48 გუნდამდე გაფართოებამ ოთხ დებიუტანტ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, პირველად ეთამაშა მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს სცენაზე. ახალბედებისგან ბევრს არავინ ელოდა, თუმცა კაბო-ვერდე ტურნირის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზად იქცა.

მათი წარმატება შემთხვევითობა ან ემოციების შედეგი არ ყოფილა. პირიქით, კაბო-ვერდემ აჩვენა, რომ ორგანიზებული, კარგად გაწვრთნილი და კონკურენტუნარიანი გუნდია, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება შეუძლია.

ესპანეთთან პირველ მატჩში გუნდმა შესანიშნავი დაცვითი თამაში აჩვენა და ევროპის მოქმედ ჩემპიონს 0:0 დაუზავდა. ასეთი შედეგი ცოტას თუ წარმოედგინა. შემდეგ კაბო-ვერდემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა ურუგვაისთან. ანგარიში კევინ პინამ გახსნა, თუმცა ურუგვაიმ ორი გოლით დაწინაურება მოახერხა. საბოლოოდ, ჰელიო ვარელამ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს მნიშვნელოვანი ფრე მოუტანა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, რომელიც პარასკევს (26 ივნისს) საუდის არაბეთის წინააღმდეგ გაიმართება, გამარჯვება კაბო-ვერდეს 32-გუნდიან პლეი-ოფში ადგილს გარანტირებულად მოუტანს. მათთვის ფრეც ხელსაყრელი შედეგი იქნება, რადგან გოლების უკეთესი ბალანსი აქვთ.

რაც არ უნდა მოხდეს, ამ გუნდმა ბრძოლის­უნარიანობითა და შთამბეჭდავი თამაშით უკვე დაიპყრო გულშემატკივრების გული მთელ მსოფლიოში.

ისტორიული მიღწევები:

პირველი გოლები, ქულები და გამარჯვებები

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი ისტორიული პირველი ფაქტი დაფიქსირდა, როგორც დებიუტანტი, ისე უკვე გამოცდილი ნაკრებების მონაწილეობით.

კიურასაომ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს, გერმანიის წინააღმდეგ ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატზე. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა, ეს ფეხბურთის ისტორიაში დასამახსოვრებელი მომენტი გახდა. რამდენიმე დღის შემდეგ გუნდმა ეკვადორთან თამაში ფრედ 0:0 დაასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ქულაც მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე ტურში კოტ-დ’ივუართან მარცხის შემდეგ მათი ასპარეზობა დასრულდა, როგორც ფეხბურთელებს, ისე გულშემატკივრებს მომავლის იმედი ნამდვილად გაუჩნდათ.

მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლები გაიტანეს ასევე უზბეკეთმა და იორდანიამ, რომლებიც ტურნირზე პირველად მონაწილეობენ.

რაც შეეხება ეკვადორს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში გერმანიასთან აუცილებელი იყო დადებითი შედეგი და მათ ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ეკვადორმა პირველად ისტორიაში დაამარცხა გერმანია, თანაც ჩამორჩენის შემდეგ, რითაც პრაქტიკულად გაინაღდა ადგილი 32-გუნდიან პლეი-ოფში.

ეგვიპტემ, რომელიც 1934 წლის შემდეგ პირველად ცდილობს ჯგუფური ეტაპის გადალახვას, ამ მიზნისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ახალ ზელანდიასთან 3:1 გამარჯვებით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის მთავარი გმირი მოჰამედ სალაჰი იყო, რომელმაც ეგვიპტე პლეი-ოფთან ძალიან მიაახლოვა.

სამხრეთ აფრიკამ კი რესპუბლიკა კორეის დამარცხებით ტურნირის მესამე შეხვედრაში 32-გუნდიან პლეი-ოფში გასვლა შეძლო. მეორე ტაიმში თაპელო მასეკოს გოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. გულშემატკივრებმა მთელი ღამის განმავლობაში იზეიმეს, რადგან სამხრეთი აფრიკა FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად გავიდა ნოკაუტ-ეტაპზე.

მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ ამ და სხვა ქვეყნებს კიდევ ბევრი შესაძლებლობა ექნებათ, საფეხბურთო ისტორიის ახალი ფურცლები დაწერონ.

ნიკოლოზ თევდორაშვილი