"გამოვაცოცხლეთ, მოტივაცია მივეცით საქართველოს ყველა მხარეს“
23 ივნისს, საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას (ამ დღის აღნიშვნა საქართველოში1994 წლიდან ხდება) თბილისმაც უმასპინძლა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიური გარბენი გაიმართა. მანამდე, ივნისის პირველ კვირას, ბათუმში ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული მულტისპორტული ღონისძიება - საქართველოს პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 1200 ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ოლიმპიურ ჩემპიონ ლერი ხაბელოვთან ინტერვიუში სწორედ ოლიმპიური ფესტივალი შევაჯამეთ:
- საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში 14-17 წლის ასაკის 1200 სპორტსმენი ჩაერთო. ხანმოკლე მოსამზადებელი პერიოდის მიუხედავად, მასშტაბურ ღონისძიებას მაღალ დონეზე ვუმასპინძლეთ. რაც მთავარია, შესრულდა ფესტივალის მთავარი მიზანი - კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესებულიყო და ჩართულიყო სპორტში, ბავშვებისთვის გვეჩვენებინა ოლიმპიური თამაშების პრინციპი, სტრუქტურა, ოლიმპიური სოფელი და რაც მთავარია - ოლიმპიური სულისკვეთება.
სამი დღის განმავლობაში, ბათუმმა შესაბამისი სტანდარტით უმასპინძლა 1200 სპორტსმენს, მწვრთნელებს, მსაჯებს, უამრავ მაყურებელს. საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ფესტივალის გახსნა/დახურვის ცერემონიალებმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცეკვავეები, რომლებმაც ტურნირის გახსნის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, იმავე რეგიონებიდან იყვნენ, საიდანაც - სპორტსმენები. 1200 მონაწილე იყო და დაახლოებით ამდენივე მოცეკვავე!
- ფაქტობრივად, ეს ფესტივალი ერთგვარი "შესარჩევი ეტაპია": ჯერ ასაკობრივი ტურნირების, მოგვიანებით კი კონტინენტის პირველობის, მსოფლიო ჩემპიონატისა და რაც მთავარია - ოლიმპიური თამაშებისთვის!
- დიახ, ახალგაზრდა სპორტსმენებმა განიცადეს ოლიმპიური სულისკვეთება, გაითავისეს, რას ნიშნავს წარადგენდე შენს ქალაქსა თუ რეგიონს, როგორი სიამაყე იქნება, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელებ შენს სამშობლოს, მიიღებ სასარგებლო გამოცდილებას.…შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი სპორტსმენი, რომელიც საქართველოს მასშტაბით დაუმარცხებელი იყო, მაგრამ საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ იმიტომ ვერ გააგრძელა წარმატებული გამოსვლა, რომ არ ჰქონდა დიდ ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება და ათასობით სპორტსმენთან ერთად დიდ ფორუმზე მოხვედრილს, სხვადასხვა სახის პრობლემები შეექმნა. ასეთი ფესტივალები და ტურნირები კი, რომლებიც, ფაქტობრივად ოლიმპიადის მინიმოდელებს წარმოადგენს, ახალგაზრდა სპორტსმენს დიდ გამოცდილებას აძლევს. მიხარია, რომ ბავშვები დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ ტურნირში.
- მოტივაცია გასაგებია, მაგრამ რა გვიჩვენა ტურნირის სპორტულმა ნაწილმა - რა მდგომარეობაშია სამოყვარულო სპორტი თბილისს გარეთ, ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში?
- ახალგაზრდული ფესტივალის პროგრამა მოიცავდა სპორტის 17 სახეობას. გასაკვირი არ არის, რომ პირველ სამ ადგილზე გასული გუნდების (თბილისი, აჭარა, იმერეთი) გარდა, დანარჩენი რეგიონებიდან, ყველამ ვერ შეძლო სპორტის ჩვიდმეტივე სახეობის "ათვისება", თუმცა, უმეტესობას ჰყავდა წარმომადგენელი 15, 13, მინიმუმ - 10 სახეობაში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს იყო პირველი ფესტივალი და სამომავლოდ, გაცილებით მეტ, უკეთ მომზადებულ მონაწილეს მივიღებთ. მთავარია, ვნახეთ - სპორტის რომელი სახეობებია უფრო განვითარებული და მოთხოვნადი ამა თუ იმ რეგიონში, რომელ სახეობას სჭირდება მეტი ყურადღება/პოპულარიზაცია და ა.შ. გარდა ამისა, გამოვაცოცხლეთ, მოტივაცია მივეცით საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს, რათა ერთმანეთთან "ქიშპობით" განავითარონ სპორტის კიდევ უფრო მეტი სახეობა, მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს სპორტში.
- თბილისის გამარჯვება გასაკვირი არავისთვის ყოფილა - დედაქალაქში სპორტის ყველა სახეობა განვითარებული და პოპულარულია. ოლიმპიური ფესტივალის მთავარი მიზანი, ალბათ, რეგიონებში სპორტის პოპულარიზაცია უნდა იყოს.
- მართალი ხართ. მიხარია, რომ სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებს მალევე შეეტყოთ ინტერესი, აზარტი, გამარჯვების სურვილი. გახსნის ცერემონიალს საქართველოს ყველა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაესწრო. გახსნის ცერემონია ცალკე აღნიშვნას იმსახურებს - მულტისპორტული ღონისძიების შესაფერისი, ორიგინალური და სანახაობრივი იყო. ჩვენი ქვეყანა ამით ყველა ტურნირის მასპინძლობისას გამორჩეულია, სულ ვცდილობთ, გახსნა/დახურვის ღონისძიებებს ეტყობოდეს რომ ნაფიქრია, ნამუშევარია, განსხვავებულია,…მით უმეტეს საამაყოა იმის გათვალისწინებით, რომ ტურნირისთვის სრულფასოვნად მომზადება, ფაქტობრივად, სამი თვის წინ დავიწყეთ და ამ მოკლე პერიოდში დიდი სამუშაო გავწიეთ.
- პასუხისმგებლობა ორმაგად იზრდება, როცა საქმე არასრულწლოვნების ტურნირის ორგანიზებას ეხება.
- ათასზე მეტი მონაწილის განთავსება, კვება, სამედიცინო უზრუნველყოფა, გადაადგილება, უსაფრთხოება დიდ ყურადღებას, სერიოზულ ლოჯისტიკას მოითხოვს და მიხარია, რომ ამ ყველაფერს თავი წარმატებით გავართვით. მაყურებელმა ნახა ძალიან კარგი გახსნა, სამდღიანი ტურნირი და დახურვა. მაგრამ მხოლოდ ორგანიზატორებმა ვიცით, რამდენი რესურსი ჩაიდო ამ სამი დღისთვის მოსამზადებლად. ფესტივალს ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. უარყოფითი შეფასებები არ მოგვისმენია მათგანაც კი, ვინც ამ ქვეყანაში ყველას და ყველაფერს აკრიტიკებს. რაც მთავარია, დიდი მოწონება და მოტივაცია იგრძნობოდა ფესტივალის მონაწილე სპორტსმენებისგანაც. სპორტთან უამრავი წელი მაკავშირებს და კარგად ვიცი, რამდენს ნიშნავს ემოციური ფაქტორი. ვხედავდი ახალგაზრდა სპორტსმენების გაბრწყინებულ თვალებს, თვითონაც გრძნობდნენ, რომ რაღაც მნიშვნელოვნისსასარგებლოს მონაწილეები იყვნენ. ყველა დარწმუნდა, რომ ასეთი ფორუმები აუცილებელია და აქამდეც უნდა გამართულიყო!
სპორტული გამოცდილების გარდა, ფესტივალის მონაწილეებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებიც მიიღეს - ახალი მეგობრები გაიჩინეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს, ნახეს, როგორია დიდი ტურნირების სპეციფიკა, ოლიმპიურ სოფელში ცხოვრება, ათასობით სპორტსმენისა თუ მაყურებლის წინაშე ასპარეზობა...
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სხვადასხვა სახით იყო ჩართული ამ მასშტაბის ღონისძიების მაღალი ხარისხით ორგანიზებაში: საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიურ კომიტეტს, აჭარის მთავრობას, ბათუმის მერიას, სამხარეო ადამინისტრაციების ხელმძღვანელებს, მხარდამჭერ ორგანიზაციებს, სპორტსმენებს, თქვენ, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებთ საზოგადოების ინფორმირებაში. ხაზგასმით ვამბობ - ეს ყველაფერი ყველამ, ერთობლივად შევძელით!
- ემოციური ფაქტორი ახსენეთ: თქვენთვის რომელი იყო ფესტივალის/მოსამზადებელი პერიოდის ყველაზე ემოციური მომენტი?
- გახსნის ცერემონიალის წინადღესაც და იმ დილითაც, ბათუმში წვიმდა და მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი, ავდარს არ შეეშალა ხელი. საბედნიეროდ, ხელი ამინდმაც შეგვიწყო და ულამაზესი ცერემონიალი, რომელსაც 15 ათასამდე (!) მაყურებელი დაესწრო, გეგმის მიხედვით ჩატარდა. მონაწილე გუნდების ეკიპირებაზე ოლიმპიურმა კომიტეტმა იზრუნა. ულამაზეს ფორმებში გამოწყობილი, შესაბამისი რეგიონის აღმნიშვნელი წარწერის თანხლებით გუნდების გამოსვლა ოლიმპიური თამაშების გახსნის ანალოგი გახლდათ და ძალიან ლამაზი სანახავი იყო. გამოხმაურებები ტურნირის მიმდინარეობის დროსაც გვესმოდა, მაგრამ როცა ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა და საბოლოო შეფასებებმა დაგვარწმუნა, რომ ტურნირმა მოლოდინს გადააჭარბა ორგანიზების, ინტერესისა თუ გაშუქების მხრივ, დიდი ტვირთი მოგვეხსნა. სწორედ ეს იყო ყველაზე ემოციური წუთებიც და თქვენს კითხვაზე პასუხიც.
- თუმცა მთავარი კითხვა ჯერ არ დამისვამს: როდის გაიმართება მომდევნო ფესტივალი?
- ეს საკითხი აღმასკომის სხდომაზე უნდა განვიხილოთ. გვინდა, ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს და წინ უსწრებდეს ევროპულ ფესტივალებს, რომლებიც, ასევე ყოველ მეორე წელს იმართება. სწორედ მათთან თანხვედრის მიზეზით, შესაძლოა, მომდევნო ფესტივალის გამართვის ვადა მცირედით შეიცვალოს, თუმცა, ვიმეორებ - გეგმის თანახმად, ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. გვინდა, მომდევნო წლებში, ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური და პრესტიჟული გახდეს, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული და ჯანმრთელი თაობა გვყავდეს. ყველა მათგანი ვერ გახდება ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ, ასეთი ღონისძიებების დროს მიღებული გამოცდილება ყველა სფეროში გამოადგებათ.

მსოფლიო საქართველოშია
18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ეპიცენტრი იქნება: გასულ შაბათს, თბილისისა და ქუთაისის სტადიონებზე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. 2017 წლის შემდეგ, საქართველო ამ ტურნირს პირველად მასპინძლობს და ეჭვგარეშეა - ჩვეულად, მაღალ დონეზე დაუხვდება. წინა ტურნირისგან განსხვავებით, წლევანდელ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა თექვსმეტამდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისისა და ავჭალის სტადიონებზე შეკრებილი მაყურებელი, რაგბის მომავალი ვარსკვლავების მონაწილეობით გამართულ კიდევ უფრო მეტ უმაღლესი დონის მატჩს ნახავს.
ტურნირის მასპინძელი - საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები A ჯგუფში თამაშობს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, უელსსა და ურუგვაისთან ერთად. ვიქტორ კოლელიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ ორ მატჩს თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს (შაბათ საღამოს, ჩვენი გუნდი უელსის ნაკრებს დაუპირისპირდა, თუმცა გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, ამ მატჩის შედეგზე მოგვიანებით დავწერთ). ზემოთ აღნიშნული გუნდების გარდა, ქართველი მაყურებელი აშშ-ის, არგენტინის, იტალიის, შოტლანდიის, ინგლისის, ირლანდიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, საფრანგეთის, ფიჯის, ავსტრალიისა და ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრებების თამაშსაც ნახავს.
უმცროსი ბორჯღალოსნები უელსთან მატჩს ჩინებულ განწყობაზე შეხვდნენ (რუსთავის სტადიონზე გამართულ ბოლო საკონტროლო მატჩში, კოლელიშვილის შეგირდებმა ისტორიაში პირველად დაამარცხეს ახალი ზელანდიის U20-წლამდელთა ნაკრები - 22:19!) და იმედია, თბილისში გასამართ დანარჩენ მატჩებსაც აღმავლობით ითამაშებენ.
ამ კვირის მატჩების განრიგი ასეთია:
02.07 უელსი - ურუგვაი 13:00. ავჭალის სტადიონი, თბილისი
02.07 საფრანგეთი - ესპანეთი 13:00. აია არენა, ქუთაისი
02.07 არგენტინა - ირლანდია 15:30. ავჭალის სტადიონი, თბილისი
02.07 ავსტრალია - ფიჯი 15:30. აია არენა, ქუთაისი
02.07 ინგლისი - აშშ 18:00. ავჭალის სტადიონი, თბილისი
02.07 ახალი ზელანდია - შოტლანდია 18:00. აია არენა, ქუთაისი
02.07 სამხრეთი აფრიკა - საქართველო 20:30. ავჭალის სტადიონი, თბილისი
02.07 იტალია - იაპონია 20:30. აია არენა, ქუთაისი