ვინ არის სინამდვილეში ცხინვალის ახალი "შეფი" მარატ კამბოლოვი და რა თამაშს ეთამაშება პუტინი თბილისს?! - პაატა ზაქარეიშვილისა და მამუკა არეშიძის ანალიზი - კვირის პალიტრა

ვინ არის სინამდვილეში ცხინვალის ახალი "შეფი" მარატ კამბოლოვი და რა თამაშს ეთამაშება პუტინი თბილისს?! - პაატა ზაქარეიშვილისა და მამუკა არეშიძის ანალიზი

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალში ძალაუფლების გადანაწილება დაიწყო. ალან გაგლოევი "პრეზიდენტობიდან" გადააყენა და მოსკოვში გადაიყვანა, რეგიონის მართვა კი კურჩატოვის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს მარატ კამბოლოვს ჩააბარა. რუსი ჩინოვნიკის დანიშვნის შემდეგ მთავარი კითხვაა: იწყება თუ არა საბოლოო ანექსიისთვის მზადება? სპეკულაციები ამ თემაზე თავად რუსულმა მედიამ გაამძაფრა, სადაც "წყაროზე" დაყრდნობით წერენ, რომ კრემლში ცხინვალის მიერთების გეგმა და მინი-სსრკ-ის აღდგენა დღის წესრიგში დაბრუნდა.

გაგლოევმა გადადგომის შესახებ განცხადება 23 ივნისს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. "ჩვენმა წინაპრებმა ისტორიული არჩევანი გააკეთეს ყოფილიყვნენ რუსეთთან... დღეს ჩვენი ამოცანაა უზრუნველვყოთ ჩვენი სანუკვარი ოცნების ასრულება - გაყოფილი ხალხის ბედის დაძლევა და ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება, დიდ რუსეთთან გაერთიანება".

დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ე.წ. პრემიერ-მინისტრი მარატ კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა, რუსეთის მოქალაქე და კრემლის გავლენიანი ჩინოვნიკია. ის ცხინვალში მაისში მიავლინეს ჯერ გაგლო­ევის "მრჩევლად", ორ კვირაში კი გაგლოევის კლანის წევრი, დე ფაქტო პრემიერი გადადგა და კამბოლოვი ცხინვალის მმართველი გახდა. 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს შორის გაფორმდა "გაღრმავებული სამოკავშირეო თანამშრომლობის" შეთანხმება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს დაიკავონ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფო თანამდებობები, ისევე როგორც ცხინვალის მოსახლეობას - რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში. ამის საფუძველზე გახდა შესაძლებელი, რომ რუსეთის მოქალაქე კამბოლოვი ცხინვალის მმართველი გამხდარიყო.

რუსული გამოცემა "მედუზას" წყარო ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2022 წელს განი­ხილებოდა ცხინვალისა და აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან, ან რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან მიერთების სცენარი, თუმცა რადგან აფხაზეთი შეერთების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მხოლოდ ცხინვალის მიერთება "ზედმეტად მცირე ნაბიჯად მიიჩნიეს". ამავე წყაროს შეფასებით, კრემლში ახლა კვლავ განიხილება "მინი-სსრკ-ის შექმნა". რუსული გამოცემა "კომერსანტის" ცნობით, წყარო პუტინის ადმინისტრაცი­იდან ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთის სტატუსის სტრატეგიული საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა". რუსეთის დუმის დეპუტატი დმიტრი კუზნეცოვი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთება უკვე მიმდინარეობს, მაგრამ იქნება ეს სწრაფი სცენარი თუ თანდათანობითი ინტეგრა­ცია, მოგვიანებით გაირკვევა. პუტინის პრესპიკერი დმიტრი პესკოვი კი ირწმუნება, რომ ცხინვალში საკადრო ცვლილებები რეგიონის რუსეთთან გაერთიანებას არ უკავშირდება... ოკუპირებული რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს ადრეც განიხილავდნენ. 2022 წელს ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რეფერენდუმის" დანიშვნის შესახებ განკარგულებასაც მოაწერა ხელი, თუმცა, შემდეგ, ე.წ. ხელისუფლებაში გაგლოევი მოვიდა და რეფერენდუმი გააუქმა.

ოსი საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კამბოლოვი სწორედ ცხინვალის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების დასასრულებლად გამოგზავნეს, თუმცა ნაწილს არ სჯერა, რომ სექტემბერში, როდესაც ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩე­ვნებია დანიშნული, პარალელურად რეფერენდუმიც დაინიშნება. ოპოზიციური არხები წერენ, რომ გაგლოევის მოშორება კარგია, თუმცა ის ფაქტი, რომ მან მოსკოვის პირველივე დაძახებაზე თანამდებობა დატოვა და "თავისი ამომრჩეველი მიატოვა", სამარცხვინო გადაწყვეტილებაა.

"ანექსიას, ჯერჯერობით, არ ველოდები"

პაატა ზაქარეიშვილი, შერიგების საკითხების ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთი კარგავს კავკასიას - აზერბაიჯანი პრაქტიკულად გაუცხოვდა, მაქსიმალურად იყენებს თურქეთის გავლენებს; სომხეთმა ევროპისკენ გადადგა ნაბიჯები. ერთადერთი, რაც რუსეთს ხელში შერჩა, საქართველოა, რომელსაც იმდენად აკონტროლებს, რამდენადაც "ქართული ოცნების" ინტერესშია, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობით ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუმცა ქართველი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთის წინააღმდეგია და კრემლი ცდილობს საქართველოს მართვის ეფექტური ბერკეტები მაქსიმალურად დაიტოვოს ხელში - ეს ბერკეტები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთია. ამიტომ ცხინვალის ანექსიისთვის ამზადებს ნიადაგს. ცდილობს, როცა საჭიროება დაუდგება, სწრაფად ჩაატაროს რეფერენდუმი და მიიყვანოს საქმე საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამიტომ სჭირდებოდა 9 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება და რუსი ჩინოვნიკის დანიშვნით სიტუაციის მართვა. კამბოლოვი მაღალი კლასის რუსი ჩინოვნიკია, ამიტომ ასეთი დონის ფიგურის ათიათასიან პროვინციაში დანიშვნა შემთხვევითი არ არის.

რუსეთის ამოცანაა საქართველო მაქსიმალურად მოწყვლადი დატოვოს, რათა ივანიშვილის წასვლის შემდეგ მასზე გავლენა შეინარჩუნოს. ამავე დროს, მოსკოვს სურს ტრამპის გზის საპირწონე სატრანსპორტო პროექტები განახორციელოს და ცხინვალის გზა "მშვენიერია" - რატომ არ შეიძლება ტვირთები როკის გვირაბისკენაც წავიდეს და საქართველოს გავლით მეტი სომხური, თურქული და ირანული ტვირთი გაატა­როს... კამბოლოვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება საქართველოსთან კულუარული ურთიერთობის აწყობა. აფხაზეთის მსგავსად, ცხინვალის რეგიონიც შესაძლოა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად იქცეს და ამ მიმართულების განმკარგველი იქნება კამბოლოვი. ქართული თემაც ექნებათ პორტფელში, შეიძლება რაღაც ძვალი გადმოგვიგდონ: მაგალითად, ახალგორის გზა თვეში 10 დღის ნაცვლად მთელი თვით გახსნან, ან აფხაზეთის მიმართულებით გაიხსნას დამატებითი გამშვები პუნქტი. ამ ძვლების გადმოგდებით შექმნიან განცდას, რომ რუსეთი გვიბრუნებს ცხინვალის რეგიონს.

ანექსიას, ჯერჯერობით, არ ველოდები. როდესაც რეფერენდუმი დაინიშნება, მაშინ მივხვდებით, რომ საბოლოო ანექსია დაიწყო. რუსეთს დღეს ეს არ სჭირდება - მას კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. რატომ უნდა გარისკოს და ისედაც ოკუპირებული ტერიტორიის ფორმალური ანექსიის გამო საქართველოში მასშტაბური პროტესტი და პოლიტიკური კრიზისი რატომ გამოიწვიოს? პირდაპირი ანექსია მაშინ გახდება აქტუალური, როცა საქართველო დასავლური კურსის აღდგენას დაიწყებს.

კამბოლოვის ერთ-ერთი ამოცანა ქართულ მხარესთან საკომუნიკაციო არხების გამონახვაც იქნება. თუ კულუარული მოლაპარაკებები დაიწყება, არ გამოვრიცხავ, შეიცვალოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მის ნაცვლად დანიშნონ ვინმე უსაფრთხოების წარმომადგენელი, ისეთი ფიგურა, რომელსაც მოლაპარაკებების წარმართვა შეეძლება. შესაძლებელია შეიცვალოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიაც, რომელიც ჟენევაში ძალიან მკაცრი და პრინციპული ფიგურაა. თუ ის ჟენევას ჩამოაშორეს, ესე იგი, რაღაც ახალი რუსული პოლიტიკის რეალიზაცია სჭირდებათ და დარსალია ხელს შეუშლის.

"საქმე უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ამოცანებს ეხება"

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - მოსკოვს სჭირდება ისეთი ქვეყანა, რომელიც, თუ აუცილებლად მისი მოკავშირე არ იქნება, განსაკუთრებულ წინააღმდეგობას არ გაუწევს. ასეთ ვითარებაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეერთება ჩრდილოეთ ოსეთთან, რუსეთს უფრო მეტ ცუდს მოუტანს, ვიდ­რე კარგს. თავად რუსეთის მოსახლეობის 80% ამას ვერც გაიგებს როგორც იმპერიის საზღვრების გაფართოებას, საქართველოში კი ხელისუფლებას ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენებს. შედეგად, რუსეთმა შეიძლება საბოლოოდ დაკარგოს ის გავლენა, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ აქვს. მაშინ ისმის კითხვა, რატომ დაინიშნა კამბოლოვი? მთავარი მისი ბიოგრაფიაა. ის დაკავშირებულია კოვალჩუკების გავლენიან ჯგუფთან. იური კოვალჩუკი პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია, მიხაილ კოვალჩუკი კი კურჩატოვის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, რომელიც რუსეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. თავად კამბოლოვიც ამ ინსტიტუტშია გაზრდილი, იქ იყო როგორც პრეზიდენტი, ისე ვიცე-პრეზიდენტი; იყო განათლების მინისტრის მოადგილეც. საკითხავია, ამხელა რანგის ფიგურის გადმოსროლა რატომ გახდა საჭირო 25-ათასიანი რეგიონის სამართავად? მართალია, გაგლოევმა და მისმა ბანდიტმა ძმამ კრიმინალური კლანი შექმნეს, ააწიოკეს იქაურობა, რუსულ ტრანშებს ინაწილებენ და ეს მოსკოვს მოჰბეზრდა, თუმცა ამ საქმეს სხვა, გაცილებით დაბალი რანგის ჩინოვნიკიც გაუმკლავდებოდა. იმდენად მსხვილი ფიგურაა კამბოლოვი, ეს გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ უფრო ფართო ამოცანებზეა ორიენტირებული. არის ვერსია, რომ კამბოლოვს დავალებული აქვს შექმნას მყარი არხები, რომლებითაც რუსეთი სანქცირებული ტექნოლოგიებით მომარაგდება. არის ვერსიაც, რომ უფლებამოსილება ექნება ქართულ მხარეს მაღალ ტონალობაში ელაპარაკოს. რამდენად გამოუვათ ეს, სხვა საკითხია. ფაქტი ისაა, საქართველოს დასათმობი აღარაფერი დარჩა. რუსეთს დასათმობი აქვს მხოლოდ ერთი რამ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტა. ანექსიის სცენარი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამ ეტაპზე მას ყველაზე ნაკლებსავარაუდოდ მივიჩნევ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეიცვლება გეოპოლიტიკური ვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მიერ ასეთი იდიოტური ნაბიჯის გადადგმაც. შეიძლება გამოიწვიოს მეორე ნაბიჯიც - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარიც. 2024 წელს იყო საუბრები, რომ ცხინვალის რეგიონის ბედი საქართველოს სასარგებლოდ გადაწდებოდა. ამის შესახებ ამ რეგიონიდან მეორეხარისხოვანი ჩინოვნიკებიც მეუბნებოდნენ, რომ ეს საკითხი დღეს-ხვალ გადაწყდებოდა, მაგრამ დღეს ამაზე აღარ ლაპარაკობენ.

ეკატერინე ბასილაია