„საქართველოს 10 დღეში გავანადგურებთ!“ - დრონებით მუქარა ოკუპირებული აფხაზეთიდან - კვირის პალიტრა

„საქართველოს 10 დღეში გავანადგურებთ!“ - დრონებით მუქარა ოკუპირებული აფხაზეთიდან

ოკუპირებულ აფხაზეთში ანტიქართული რიტორიკა და ნარატივები აქტუალურობას არ კარგავს. ვეტერანთა ორგანიზაცია "აარუას" ლიდერი ტიმურ გულია თბილისს დრონებით განადგურებით ემუქრება, რომ აფხაზეთს შეუძლია დღეში 1000 დრონი გაუშვას საქართველოსკენ და "10 დღეში გაანადგუროს" და თუ ამაში საქართველოს ეჭვი ეპარება, "დაე, გარისკონ და იქ გამოჩნდება".

პარალელურად, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველ მოსწავლეებს შორის ჩატარებულ კონკურსს "როდესაც აფხაზეთში დავბრუნდები" "რევანშისტული იდეების პროპაგანდად" აფასებს. სოხუმში ამბობენ, რომ მსგავსი პროექტები მომავალ თაობებში "ეთნიკური დაპირისპირების საფრთხეს" ქმნის. მუქარანარევი განცხადება ტიმურ გულიამ აფხაზურ პოდკასტში მაისში გააკეთა, თუმცა თბილისში ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც 10 ივნისს უკრაინულმა არასამთავრობო ცენტრმა "მიროტვორეცმა" (Миротворец ) ის საკუთარ ბაზაში შეიყვანა, სადაც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დამრღვევები და "რუსული ფაშიზმისა და ნაციზმის პროპაგანდისტები" არიან აღრიცხული. კატალოგში შეტანილია მისი ციტატა უკრაინელების მტრობის შესახებ.

გულიას თქმით, თანამედროვე ომებში სახელმწიფოების ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან სამხედრო ბალანსი დრონებმა შეცვალეს. აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედების შემთხვევაში, თბილისი "შეუდარებლად დიდ ზიანს" მიიღებს.

"ისეთ კოლოსალურ ზიანს მივაყენებთ საქართველოს, რომ უახლოესი კი არა, ცხოვრებაში აზრად აღარ მოუვათ დაესხან თავს პატარა აფხაზეთს... ჩვენ დღეში შეგვიძლია გავუშვათ ათასი უპილოტო საფრენი აპარატი, თუნდაც 60% ჩამოაგდონ, მათ ჭურვები ამისთვის არ ეყოფათ. ჩვენ 10 დღის განმავლობაში მოვუღებთ მათ ბოლოს. ჩვენი რესპუბლიკის გეოგრაფიული მდებარეობა, ჩვენი მთები, ხეობები, ჩვენი მღვიმეები - ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიყენებთ. რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიასაც მიწასთან გავასწორებთ, თუ საქართველო შეეცდება შემოიჭრას ჩვენს ტერიტორიაზე". მისი თქმით, აფხაზეთს საპასუხო დარტყმების არ ეშინია - "რა სტრატეგიული ობიექტებია აქ, რომ დაბომბონ?! არანაირი. საჭირო იქნება მხოლოდ ხალხის, სამოქალაქო პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა".

ტიმურ გულია საქართველოსგან ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებელ სახელმწიფოდ" აღიარებას მოითხოვს. დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ თუ თბილისი "აღიარების" საკითხს არ განიხილავს, აფხაზეთი "რისკზე წავა" და საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს გამოცდის. ინტერვიუში "აარუას" ლიდერი აცხადებს, რომ აფხაზეთისთვის უკრაინა მტრული სახელმწიფოა არა 2014 წლიდან, როდესაც დონბასში ომი დაწყო, არამედ 1992 წლიდან: "მე პირადად ვებრძოდი მათ შრომაში. არა მხოლოდ მე - ჩვენ ვებრძოდით. უკრაინული ლეგიონები დღესაც მთელ მსოფლიოს ეუბნებიან, რომ აფხაზეთი რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიაა და საქართველოა. უკრაინა იყო საქართველოს მთავარი მოკავშირე 1992 წელს და ახლაც ასეა. იმავდროულად, უკრაინა ებრძვის რუსეთს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს".

გულიას მუქარანარევ განცხადებებს აფხაზ საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება არ მოჰყოლია. სამაგიეროდ, განხილვის საგანი გახდა საქართველოს განათლების სამინისტროს კონკურსი "როდესაც აფხაზეთში დავბრუნდები". მათი თქმით, საგანგაშოა, რომ ინიციატივა არა რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, არამედ სახელმწიფო უწყებას ეკუთვნის.

"აფხაზეთში ინარჩუნებენ მითს, რომ საქართველო სამხედრო აგრესიას გეგმავს"

ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/ო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - ტიმურ გულიას განცხადება იმდენად არასერი­ოზულია, რომ მასზე ოფიციალურად კომენტარიც კი არავის გაუკეთებია. თავად გულიას არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, ის მხოლოდ ვეტერანთა ორგა­ნიზაციის ერთ-ერთი ლიდერია, ამიტომ მის სიტყვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. აფხაზეთში ყველამ, მათ შორის გულიამაც, შესანიშნავად იცის, რომ საქართველოს მხრიდან სამხედრო მოქმედებები აბსოლუტურად გამორიცხულია. პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში მშვიდობიანი გზით დაბრუნდეს და არა დრონებითა და ტანკებით. ასე რომ, ბატონ გულიას შეუძლია ეს დრონები თავისთვის შეინახოს. ან სად აქვთ აფხაზებს დრონები, რომ იმუქრებიან? მათ დამოუკიდებლად არაფერი შეუძლიათ და ყველამ კარგად ვიცით, ვისი სამხედრო მხარდაჭერის იმედი აქვთ. ისინი დამოუკიდებლებიც არ არიან, ეს ტერიტორია ოკუპირებულია, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით მთლიანად რუსეთის კონტროლქვეშაა. იქ ხელოვნურად არის შენარჩუნებული განწყობა, თითქოს საქართველოსგან სამხედრო აგრესიის საფრთხე არსებობს და რუსეთი აფხაზებს იცავს. საოკუპაციო რეჟიმს ეს პრიმიტიული ნარატივი სჭირდება, რათა მოსახლეობა მუდმივ შიშში ჰყავდეს და რუსეთზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გამყარდეს.

- აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჩატარებული კონკურსი "როდესაც აფხაზეთში დავბრუნდები" "რევანშისტული პოლიტიკის" გამოვლინებად შეაფასა...

- ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ენგურს აქეთ იმართება და აფხაზეთს ეძღვნება, არის სამშვიდობო გზავნილი ენგ­ურს გაღმა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამ კონკურსშიც არანაირი რევანშისტული განწყობა არ ყოფილა. ბავშვები წერდნენ, როგორ წარმოუდგენიათ აფხაზეთი და რას გააკეთებენ იქ დაბრუნების შემთხვევაში. აფხაზეთში დაბრუნება ყველა ქართველს უნდა, მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გზით. ჩვენი გზავნილი მარტივია: აფხაზეთი ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა და იქ აუცილებ­ლად დავბრუნდებით, მაგრამ მშვიდობიანად. ბავშვებს ვასწავლით აფხაზეთის სიყვარულს, ვეუბნებით, რომ აფხაზები ჩვენი ძმები არიან. ისინი აფხაზურად მღერიან და ცეკვავენ, მაშინ როდესაც ენგურს გაღმა ქართულად სიმღერა და საუბარი კატეგორიულად აკრძალულია. ბავშვები სამშვიდობო გზავნილებს უგზავნიან თავიანთ თანატოლებს და ბუნებრივია, ეს საოკუპაციო ხელისუფლებას არ მოსწონს. ამიტომ ცდილობენ მსგავსი ინიციატივების "რევანშიზმად" წარმოჩენას. მათი მიზანია, ახალგაზრდებში ქართული მტრის ხატი შეინარჩუნონ.

რა თქმა უნდა, აფხაზეთში არიან ადამია­ნები, რომლებიც ენგურს აქეთ ჩამოდიან და ხედავენ, როგორი "რევანშისტული" განწყობაა ჩვენთან, ამიტომ დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პროპაგანდის გავლენაში არ ექცევა. თუმცა ჩვენ ასევე გვესმის საუბრები და ვკითხულობთ სოცქსელებში, რომ საზოგადოების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ნარატივებს იჯერებს და ეს იმის მანიშნებელია, რომ ანტიქართული პროპაგანდა აფხაზეთში დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

"აფხაზები თითს ვერ გაანძრევენ, თუ მოსკოვმა არ მისცა ნება"

ირაკლი ცქიტიშვილი, კონფლიქტოლოგი: - გულიას ეს განცხადება უფრო ყურადღების მიქცევის ცდაა. აფხაზები რუსეთს არიან ამოფარებულები და ისე გვემუქრებიან. თავად რისი გამკეთებლები არიან. გულიას განცხადება ერთი რიგითი აფხაზის ბაქიბუქია, თუმცა ამავე დროს მინდა კითხვა დავუსვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს: გვაქვს კი შეიარაღებაში უპილოტო საფრენი აპარატები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავსი საფრთხეები გავანეიტრალოთ? ამაზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ გვქონდეს.

რეალურად აფხაზები თითსაც ვერ გაანძრევენ, თუ მოსკოვმა ნება არ მისცა. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, არა მგონია, რუსეთს საქართველოსთან ახალი კონფლიქტის შექმნა სჭირდებოდეს. კრემლი მთლიანად უკრაინაზეა კონცენტრირებული და აფხაზეთიდან მუქარები, ძირითადად, ცარიელი სიტყვებია. რუსეთი მუდმივად ცდილობს აფხაზებში გაამყაროს წარმო­დგენა, თითქოს საქართველოსგან იცავს მათ. ეს ნარატივი კრემლს სჭირდება, რათა აფხაზებს თავში არ აუვარდეთ და თავად რუსეთისგან დამოუკიდებლობის თამაში არ დაიწყონ.

- აფხაზ საზოგადოებაში არის შიში, რომ უკრაინაში ომის შედეგმა შეიძლება მათი მომა­ვალი განსაზღვროს და რუსეთის დასუსტე­ბამ ქართველებში რევანშისტული განწყობა გააძლი­ეროს. რამდენად შეიძლება გულიას მუქარაც ამ მოლოდინის გამოძახილი იყოს?

- აფხაზები გლობალური პროცესების ანალიზით დიდად არ გამოირჩევიან. ისინი ავტომატურად უჭერენ მხარს რუსეთს, რადგან სხვა არჩევანი არა აქვთ. ნაწილს შეიძლება ესმოდეს, რომ რუსეთის შესაძლო დასუსტება ან მარცხი მათ მომავალზეც აისა­ხება, თუმცა უმეტესობა არ უშვებს, რომ რუსეთი შეიძლება დამარცხდეს.აფხაზების დიდი ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ რუსეთი საკმარისად ძლიერია და რაღაცას იზამს. ვფიქრობ, აფხაზეთის მომავალი მართლაც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული უკრაინაში ომის შედეგებზე, თუმცა მხოლოდ გარე ფაქტორების იმედად ყოფნა არ შეიძლება. საქართველომაც უნდა გააკეთოს რამე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების საკითხში პასიურია. შეიძლება ეს რუსეთის გაღიზიანების შიშით იყოს განპირობებული, შეიძლება უთავბოლობის გამო, მაგრამ ფაქტია, ამ სფეროში აქტიური პოლიტიკა არ ჩანს. მე არ ვამბობ, რომ გულიას განცხადებაზე უნდა ყოფილიყო შეფასება, ალბათ, არა. საზოგადოდ, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხზე ხელისუფლების რეაქცია არ ჩანს. მაგალითად, როდესაც ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს იტაცებენ, ამას "უკანო­ნო დაკავებას" უწოდებენ, მაშინ როცა სს საქმე უნდა აღიძრას რუსების წინააღმდეგ... გალის რაიონში დიდი ზეწოლაა ქართველ მასწავლებლეზე, თუმცა ამაზე ჩვე­ნი ხელისუფლების რეაქცია არ გვინახავს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული საკითხები ხელისუფლების დღის წესრიგში აღარ არის, ეს კი სერიოზული პრობლემაა.

ეკატერინე ბასილაია