"ჩვენ ხომ კაცები ვართ, მოდი, გადავარჩინოთ!“ - ადიდებულ წყალში შევიდა მეგობრის გადასარჩენად და...
კავკასიელთა თანაცხოვრებას, რომელშიც დღეს 35 მილიონი კავკასიელი და 40-მდე ეთნოსია, შესაძლოა არასდროს ჰქონია ერთიანობის ისეთი მძაფრი განცდა, როგორიც 8 წლის ინგუში ხიზირ დერბიჩევის დაღუპვამ გამოიწვია - კავკასია მოულოდნელად გაერთიანდა ერთ მუშტად და ერთი მიზნით: ეპოვათ პატარა ბიჭი, რომელიც რამდენიმე წუთში იქცა გმირად, როდესაც ადიდებულ წყალში მეგობრის გადასარჩენად შეგნებულად გადახტა, თუმცა თავად წყალს ვეღარ გაუმკლავდა და... მისმა ძებნამ, რომელიც 8 დღეს გაგრძელდა, სრულიად კავკასიური ეთნოსი გააერთიანა: ჩეჩნეთის, ჩერქეზეთის, დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ა.შ. ჩათვლით. კითხვას, როგორ იქცა ერთი ოჯახის ტრაგედია საერთოკავკასიურ დრამად, მხოლოდ ერთი პასუხი ვერ ექნება. თუმცა აქვს მრავალწახნაგოვანი პასუხები, რომლებიც საერთოკავკასიურ ყოფაში იმალება და რომელიც 8 წლის ბავშვის ბოლო სიტყვებმა დაამტკიცა: "მოდი, ჩვენ ხომ კაცები ვართ, მოდი, გადავარჩინოთ!" - სწორედ ამ სიტყვებით მიმართა პატარა გმირმა ნაპირზე დარჩენილ მეგობარს და მეორე მეგობრის გადასარჩენად ადიდებულ წყალში უყოყმანოდ შევიდა... Aამ დღემდე კი პატარა ინგუში გმირის ოჯახში ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა - იმ დღეს ხიზირის დედა სამსახურში წავიდა. 8 წლის უფროსი შვილი, ხიზირი, მამასა და უმცროს ძმასთან დატოვა. შემდეგ ბავშვმა მამას სასეირნოდ გაშვება სთხოვა და მამამ უარი არ უთხრა, რადგან ხიზირი ჭკვიანი ბავშვი იყო. აი, ასე აღმოჩნდა 8 წლის ბავშვი ორ მეგობართან ერთად მდინარე სუნჟის ნაპირზე. წყალში გადამხტარმა მეგობარს როგორღაც უბიძგა ნაპირისაკენ, სადაც ბავშვი ხის ფესვებს ჩაეჭიდა, თავად ხიზირი კი წყალმა წაიღო. მისი მეგობარი წყლიდან გამვლელებმა ამოიყვანეს...
ხიზირის ძებნა უპრეცედენტო გამოდგა, ინგუშეთისკენ დაახლოებით 20 000 კავკასიელი გაემართა სხვადასხვა კუთხიდან. მათ ბავშვი მხოლოდ მე-8 დღეს იპოვეს, სახლიდან 10 კმ-ის დაშორებით. მისმა საქციელმა და არნახულმა გაერთიანებამ 8 წლის ბავშვი კავკასიის ეროვნულ გმირად აქცია, ჩვენი მტრებისთვის კი პროვოკაციულ შესაძლებლობად. სოცქსელში გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ტრაგედიის იგნორირებაში საქართველოს დასდეს ბრალი, ინგუშებს კი მიმართეს: "ინგუშებო, სად არიან ქართველები, რომლებიც ძალიან გიყვართ, რატომ არ იზიარებენ თქვენს ტრაგედიას?!" - ეს მოსალოდნელიც იყო: რუსეთის მიზანი სწორედ უღალატო ქართულ-ინგუშური ურთიერთობის დაშლაა, რათა კავკასიას კეთილმეზობლობის მაგალითი არ ჰქონდეს. თუმცა ბრალდებას პასუხი თავად ქართველებმა გასცეს ძებნაში მაისურებზე ხუთჯვრიანი დროშებით მონაწილეობითა და სოცქსელში პასუხებით: "აქ ვართ, ვეძებთ ბავშვს და ვიზიარებთ ინგუშების ტრაგედიას, როგორც ყოველთვის". ტრაგედიას გამოეხმაურნენ ქართველები მსოფლიოს ყველა კუთხიდანაც:
გურამ თურმანიძე: "ძნელია სიტყვებით აღწერო, ამ საოცარი პატარა ბიჭის გმირობამ როგორი რეზონანსი გამოიწვია... ამ ტრაგედიამ კავკასიის ის ხალხებიც კი გააერთიანა, რომელთაც დაუნდობელი ომი ჰქონდათ ერთმანეთთან, მაგალითად, ინგუშებსა და ოსებს და არცთუ შორეულ წარსულში. ახლა კი ოსები ჩავიდნენ ინგუშეთში ჭირის გასაზიარებლად. ეს პატარა ბიჭი თავისი გამაოგნებელი მაგალითით რაღაც ისეთს შეეხო, რაზეც ტრადიციულად იდგა კავკასია, თუმცა კი ბოლო მომენტამდე მიყუჩებული...
პატარა ბიჭის ბოლო სიტყვები: "ჩვენ ხომ კაცები ვართ, უნდა გადავარჩინოთ!" არის ის პრინციპი, რითაც განისაზღვრებოდა კავკასიური ვაჟკაცობა. ამ ბავშვის საქციელი ამის მაგალითია - ადიდებულ წყალს ხედავდა და მაინც ჩავიდა მეგობრის გადასარჩენად, ჩვენ ხომ კაცები ვართ, ეს უნდა გავაკეთოთო! იგივე განწყობა შეიძლება ბავშვის იმ ფოტოებზე ამოიკითხო, რომლებიც სოცქსელებით ვრცელდება. თითქოს ამ პატარა ბიჭს განსაკუთრებული მისია ჰქონდა, რომელმაც იმდენად იმოქმედა კავკასიაზე, რომ გააერთიანა...
ბავშვის ძებნა ძალიან რთული იყო: მდინარე სუნჯა კავკასიის ერთ-ერთი მთავარი მდინარეა, რომელზეც ოთხი ქალაქი და წყალსატევი მდებარეობს. ის რეცხავს კავკასიონის კლდეებს და ძალიან მღვრიეა, ჭუჭყიანი, იმავდროულად, შერეული სიჩქარისაა, ზოგან ძალიან ჩქარია, ზოგან გაშლილი და დაჭაობებულიც კი. ამიტომ დასჭირდა ბავშვის პოვნას ამხელა დრო. მძებნელები ერთ მწკრივად, ნაპირიდან ნაპირამდე მჭიდროდ ხელებგადაჭდობილი გადაადგილდებოდნენ, რომ ფსკერზე არაფერი გამორჩენოდათ. ყველამ იცოდა, რომ ასეთ მდინარეში ბავშვს მხოლოდ მაშველები ვერ მოძებნიდნენ... ნათელში იყოს კავკასიის პატარა გმირი".
მანონ ლაბაძე: - დღეს კავკასია ხელოვნურად აქვს დაყოფილი რუსეთს, წარსულში კი ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა ჯვრისწერებითა თუ სხვა ნათესაობით, ეს ძალა კი არსად მიდის. ინგუშებისა და ქართველების ურთიერთობა უნიკალურია მთელი კავკასიისთვის. ჩვენ არასოდეს გვიომია ერთმანეთთან, არასოდეს დაგვიხოცავს ერთმანეთი. ინგუშეთში ანდერძივით გადადის, რომ ინგუშს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე ქართველს ესროლოს და ამ ერთობის დარღვევა რუსს ძალიან უნდა. სწორედ ამიტომ გავრცელდა პროვოკაციული ვიდეოები, რომ თურმე ქართველებს პატარა ინგუში გმირი არ გვიძებნია. ამან მხოლოდ მე არ გამამწარა, არაერთი ქართველი წერდა, ჩვენც აქა ვართო. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, საჭირო გახდა ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელება, რომ ქართველებმაც გავინაწილეთ ინგუში ხალხის ტრაგედია. არა უშავს, ქართულ-ინგუშურ ურთიერთობებს მსგავსი პროვოკაციები ვერ შეარყევს. ანგელოზი ბავშვის გმირობამ კი დაგვანახა, რომ კავკასიაში ერთიანობის სული განადგურებული არ არის და ეს ნამდვილად შვებაა.
კავკასიოლოგი მარიამ ბეჟიტაშვილი ინგუშეთში სამძიმარზე გამგზავრებულ ქართველი ხალხის მრავალრიცხოვან დელეგაციას ჩაუდგა სათავეში.
- ქართველ ხალხს არასოდეს შეშლია კავკასიელებთან ურთიერთობა, მათ შორის არც ამ ტრაგედიის დროს და არც მომავალში შეეშლება. ქართველმა ხალხმა რამდენად მძაფრად მიიტანა გულთან ინგუში ხალხის ტრაგედია და ამ საოცარი ბავშვის გამაოგნებელი გმირობა, ინგუში ხალხი კარგად ხედავს. შესაბამისად, ის ქართველებიც დაინახა, რომლებიც ჩავიდნენ ინგუშეთში პატარა გმირის მოსაძებნად. არ შემიძლია სიტყვებით აღვწერო ტრაგედია, რომელიც განიცადეს ხიზირის მშობლებმა, მაგრამ ინგუშმა ხალხმა უნდა იამაყოს და ამაყობს კიდეც, რომ პატარა გმირი, რომელმაც კავკასიის გაერთიანება შეძლო, სწორედ მის წიაღში დაიბადა. ჩვენც, ქართველებსაც, შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ არასოდეს დაგვირღვევია ქართულ-ინგუშური ძმობა. როდესაც ინგუშეთში სამძიმარზე წასვლის თაობაზე განვაცხადეთ, ათასობით კი არა, ათიათასობით ქართველი გამოეხმაურა ამ განცხადებას და მათ შორის ბიზნესმენები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებმაც გვითხრეს, ტრანსპორტს, რომლებიც ქართველებს ინგუშეთში სამძიმარზე წაიყვანს, ჩვენ დავაფინანსებთო. სტუდენტები, ის თაობაც კი გამოგვეხმაურა, რომელსაც იქნებ არასოდეს გაუგია კავკასიური ერთობის შესახებ. სამწუხაროდ, სამძიმრის დელეგაციას აქვს თავისI ფარგლები და ყველა წამოსვლას ვერ მოახერხებდა, თუმცა ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც ამის სურვილი გამოთქვა - მართალია, პატარა გმირი პოვნის დღესვე დაკრძალეს, მაგრამ ინგუში ხალხის წესებით გლოვა გაგრძელდა და ეს ტკივილი ქართველების დელეგაციამაც გაიზიარა. ამან დაადასტურა, რომ ჩვენს ძმობას ვერ დაარღვევს ვერანაირი ავისმოსურნე და ვერც კავკასიის სულს ჩაკლავს.