"იცოდე, რასაც შევუკვეთ, ყველაფერი გადამიხადე, თორემ ყველაფერს დედას მოვუყვები...“ - ანუ რა წერილი მისწერა რობერტ სტურუამ მამას - კვირის პალიტრა

"იცოდე, რასაც შევუკვეთ, ყველაფერი გადამიხადე, თორემ ყველაფერს დედას მოვუყვები...“ - ანუ რა წერილი მისწერა რობერტ სტურუამ მამას

რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი კახა კუპატაძე იმ პიროვნებებს იხსენებს, რომლებიც არა მხოლოდ მისთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც გამორჩეულები იყვნენ და არიან.

- არასდროს დამავიწყდება ოტია იოსე­ლიანი. მეათე კლასში ვიყავი, როდესაც წყალტუბოს კულტურის სახლში მისი ნაწარმოებების მიხედვით პიესა დაიდგა და ამ სპექტაკლში აღმოვჩნდი. ბატონი ოტია თავად მოდიოდა რეპეტიციებზე, როლზე მუშაობაში გვეხმარებოდა. შემდეგ მის სახ­ლშიც ვიყავი, მის კაბინეტში... რეჟისორის საქმეში არ ერეოდა, მაგრამ მსახიობებისთვის მისი იქ ყოფნა მნიშვნელოვანი იყო. ერთხელ გვითხრა: ახლა აქ რამდენიც არ უნდა გელაპარაკოთ, ეს იმ დონის სპექტაკლი მაინც არ გამოვა, როგორსაც რობიკო დგამს. მოგეხსენებათ, ჩემო ბატონო, რობიკო სასწაული მოვლენაა თეატრალიურ სამყაროში, ბრეხტი, შექსპირი, მსოფლიოს რეჟისურა და დრამატურგია გადაატრიალა. ეგი მხოლოდ ჩემი აზრი კი არაა, მსოფლიო ამბობს. საქართველოში ბევრ რეჟისორთან ვმეგობრობ, მაგრამ რობერტ სტურუა გამორჩეულია. იგი რომ დგამს, მაგ დონის სპექტაკლი თქვენ არ გამოგივათ, მარა ახლოს მაინც თუ მიხვალთ, კარგი იქნებაო... მოგეხსენებათ, ოტია იოსელიანი ადამიანს იშვიათად აქებდა, კრიტიკით უფრო გამოირჩეოდა. მისგან ეს სიტყვები რომ მოვისმინე, ძალიან დავინტერესდი რობერტ სტურუას პიროვნებით. მერე თეატრალურში ჩავაბარე, მეორე კურსზე ვიყავი, თავისუფალ თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდი და იქ მოვიდა ბატონი რობერტი მსახიობების ასარჩევად, რუსთაველის თეატრში ახალი თაობა უნდა აეყვანა. 2 წელიწადში ისე მოხდა, რომ რუსთაველის თეატრში მიმიღეს, მის სპექტაკლებშიც ვითა­მაშე, დავუახლოვდი, ერთად გასტროლზეც ხშირად გვიწევდა და გვიწევს ყოფნა, სუფრასთან მის გვერდით მოხვედრა ხომ ცალკე თემაა...

ewwge-1782664170.jpg

გიგა ლორთქიფანიძე "წათეს წითელ წაღებს" დგამდა, სცენაზე 4 რომაელი ჯარისკაცი სჭირდებოდა, ერთ-ერთად მე ამიყვანეს. ეპიზოდური როლი იყო, მაგრამ იმ როლით უზომოდ ბედნიერი ვიყავი, სპექტაკლში ბევრი გამორჩეული მსახიობი თამაშობდა...

ახალი წელი დგებოდა და რეპერტუარში საახალწლო სპექტაკლი ჩაეშვა, რომელიც ბატონ რობერტს უნდა დაედგა. მაშინ ერთი კვირა საზღვარგარეთ ვიყავი, ჩვენი ოთხეულიდან 3 ბიჭი უკვე დაკავებული ჰყავდა. მითხრეს, გიკითხა, რეპეტიციას დაესწარი და თუ დასჭირდები, თავად გეტყვისო. მართლაც მივედი. გამომხედა... გამარჯობა, შეგიძლიათ სცენაზე ახვიდეთ? მინდა პატარა როლი მოგცეთო. ავედი და მას შემდეგ იმ სცენაზე ვდგავარ... დიდი მაესტროს რეპეტიციებზე იცით რა ხდება? საოცარი მაგალითები მოჰყავს თავისი ცხოვრებიდან, გამოცდილებიდან გამომდინარე. ის არ ცხოვრობს, არ აზროვნებს, არ ფიქრობს ისე, როგორც ყველა. მაქსიმალისტია და მსახიობისგანაც მაქსიმალურს ითხოვს. რეპეტიციებზე შეილება ძალიან მკაცრიც იყო, ძალიან რბილიც, შეიძლება თავი შეურაცხყოფილადაც იგრძნო, მაგრამ იქვე ხვდები, რომ მართალია. უხერხულობას თუ შეგვატყობს, გვეტყვის, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ კარგად გამოგივიდეთ, პიროვნულად კი არაფერს გერჩით, თუმცა გერჩით კიდეც, ცხოვრებაში უფრო საინტერესოები ხართ და მე აქ მინდა ის, რაც ცხოვრებაში გაგაჩნიათ - კარგი, ცუდი, კეთილი, საშIინელი... აქ მინდა ის სისულელეები, რაც გიკეთ­ებიათო... ყველაფერი იქ უნდა, სცენაზე, რომ რაღაც ვარიანტი ამოარჩიოს. შენგან ყველაფერს ითხოვს, ამიტომ არის ეს კაცი მსოფლიო დონის.

berdo-1782664170.jpg

სუფრაზეც ყველაზე ძლიერია, იქაც გვათრობს და იქაც პირველია. საოცარ ამბებს გვიამბობს ხოლმე. ეს შეკრებები სულ სპონტანურად ხდება. ერთხელ გვიამბო: ახალგაზრდობაში ერთი გოგო მომწონდა, ვფლირტაობდით, ერთმანეთს ვხვდებოდით. ეს გოგო რესტორანში დავპატიჟე და იქ რომ შევედით, ვხედავ, სუფრასთან მამაჩემი ვიღაც ქალთან ერთად ზის... მიმტანს დავუძახე, ვთხოვე კალამი და ფურცელი მოეტანა. მომიტანა ხელსახოცი, უკაცრავად, ფურცელი ვერ ვიშოვეო. მე დავწერე: რობერტ! მე გოგოსთან ერთად ვარ, როგორც მხედავ, აქვე ვზივარ, იცოდე, რასაც შევუკვეთ, ყველაფერი გადამიხადე, თორემ საღამოს სახლში როცა მოვალ, ყველაფერს დედას მოვუყვები... მიმტა­ნმა წერილი წაიღო. 2 წუთში ხელსახოცი და კალამი უკან მოაქვს. ეს რომ დავინახე, არ მომეწონა. მიმტანმა მითხრა, პასუხი მანაც წერილობით გამოგიგზავნაო. გადავშალე და ვკითხულობ: რობერტ! შე საზიზღარო, ვითომ არ იცი, რომ ამ ქალის ხარჯზე ვარ...

მოგეხსენებათ, ჭიათურის თეატრი ბატონი რობერტის მამის, უფროსი რობერტ სტურუას მოხატულია. ამ საქმეში დაპირებულზე მეტი ჰონორარი აუღია, იქიდან მატა­რებლით უმგზავრია, წიფის გვირაბამდე ერთ-ერთ პატარა სადგურზე გაჩერებულან, იქვე მაღაზიაში რა სასმელიც ყოფილა, ყველაფერი უყიდია და მთელი ვაგონი უქეიფებია...

სუფრაზე ბატონი რობერტის ყველა სადღეგრძელო გამორჩეულია. რაც შეეხება თამადობას, ნაკლებად უყვარს... გამორიცხულია, რამე სთხოვო და არ შეგისრულოს, არ დაგეხმაროს, სწორი გზა არ გაპოვნინოს, გონივრული რჩევა არ მოგცეს. არასდროს მიგატოვებს, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. უფროსი თაობის მსახიობებიც აღნიშნავდნენ, რომ მაესტრო ამაშიც პირველია...

kkkk-1782664170..jpg

ბავშვობაში ძალიან მომწონდა მურმან ჯინორია. მერე ისე გამიმართლა, რომ თეატრალურში მხატვრულ კითხვას მასწავლიდა. მაშინ გურამ საღარაძე კათედრის ხელმძღვანელი იყო და ჩვენთან ლექციებზე ხშირად შემოდიოდა, ძალიან უყვარდა მურმანი. ამ დროს სტუდენტები უზომოდ ბედნიერები ვიყავით... მურმან ჯინორია გოგონების უმრავლესობას უყვარდა, თავისი ლექსებით, თავისი აზროვნებით, ვის არ მოხიბლავდა... რომ ვამთავრებდით გვითხრა, თქვენი სტუდენტობის წლები სრულდება, შესაძლოა სცენაზეც კი შევხვდეთ ერთმანეთსო. მაშინ ვიფიქრე, რას ლაპარაკობს, ჯინორიასთან ერთად სპექტაკლში?.. სულ მალე მართლაც ერთ სპექტაკლში ვითამაშეთ... ერთხელ სტუდენტებს გვითხრა, როცა ქუჩაში გაივლით და უცხო შემოგხედავთ, თქვენი პროფესია უნდა გამოიცნოსო და მაგალითი მოგვიყვანა, რუსთაველის თეატრში არის მსახიობი ლევან ბერიკაშვილი, ბერდო, ამას წინათ ქუჩაში დავინახე, რუსთაველზე მოდიოდა და თეატრში შევიდა, მე შემეძლო დამეძახა, გამეჩერებინა, მაგრამ ეს არ გავაკეთე, უცხო თვალით ვხედავდი, ქუჩაში არტისტი მიდიოდაო. ბერდოს შეხედეთ, ჯერ სცენაზე როგორია და მერე როგორია თეატრს მიღმა, როგორ დგას, როგორ საუბრობს, ეს არის ნამდვილი არტისტობაო. მერე, როცა რუსთაველის თეატრში მივედი, ლევან ბერიკაშვილთან ერთად არაერთ სპექტაკლში ვითამაშე. მოგეხსენებათ, თეატრში მსახიობებს ოთახ­ები გვაქვს, ზოგან ერთი მსახიობია, ზოგან - ორი-სამი. ერთხელ ოთახებს ანა­წილებდნენ და ბატონი ლევანი მირეკავს: კახა, მეუბნებიან, შენთან ერთად ვინ გინდა ოთახში იყოსო? მე შენ აგირჩიე და წინააღმდეგი ხომ არ ხარო? როგორ გეკადრებათ, ბატონო ლევან, გამიხარდა-მეთქი, მას შემდეგ ერთ ოთახში ვართ...

kkkk-1782664170..jpg

რუსთაველის თეატრში რომ მივედი, საოცარი მსახიობები დამხვდნენ. ბიჭები ჯემალ ღაღანიძესთან ოჯახში ხშირად ვიყავით, ქალბატონი ლენა თან გვყვებოდა, ის სითბო და სიყვარული, რომელიც მათ ოჯახში იგრძნობოდა, არასდროს დამავიწყდება.

თეატრში ახალი მისული ვიყავი, ბატო­ნმა კახი კავსაძემ მკითხა: რა გქვია შენ? კახა! რა გვარი ხარ? კუპატაძე! ვაა, ორი კახა-კახი, კუპატაძე-კავსაძე. მერე სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ და კ.კ.კ.კ დავაწერეთ. უნდა გენახათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ქალბატონ მსახიობებთან, როგორი მოწიწება, სუფთა ვაჟკაცური. კახისგან ყველაფერი შეგეძლო გესწავლა.

"ირანელებმა ბაქოში მიცნეს"

- ხშირად ვუყურებდი ირანული წარმოშობის გოლშიფტე ფარაჰანის ფილმებს და ძალიან მომწონდა. ისე მოხდა, რომ საქართველოში იყო კასტინგზე ჩამოსული, ფრანგულ პროექტზე მუშაობდა და მიუხედავად ძალიან დიდი კონკურენციისა, მის ფილმში აღმოვჩნდი. 3 კვირის წინ რუსთაველის თეატრს ბაქოში გასტროლი გვქონდა. საღამოს მსახიობები ბარში წავედით, იქ ირანელების სუფრა იყო. ერთ-ერთმა მითხრა, რომელი ქვეყნიდან ხართ, გოლშიპტესთან ფილმში რომ თამაშობთ, ეს თქვენ არ ხართო და კადრი მაჩვენა. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. ამ გოგოს ფილმები პოპულარულია, ირანელებმა ბაქოში მიცნეს.

დაუვიწყარი ემოცია

- წლების წინ რუსთაველის თეატრში ირაკლი აბაშიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საღამო გაიმართა, სადაც უწმინდესიც ბრძანდებოდა. წარმოდგენა რომ დასრულდა, ძალიან მინდოდა მასთან მიახლოება, არავინ მიშლიდა, მაგრამ ხომ ვერ შევაწუხებდი? მრცხვენოდა, მეუხერხულებოდა. გასასვლელი კარისკენ რომ დაიძრა, გზა დავუთმეთ, თავი ჩავხარე და გულში ვნატრობდი, ნეტავ, პატრიარქი მოვიდოდეს ჩემთან, ნეტავ პარიარქი მოვიდეს ჩემთან... ამ ფიქრებში ვიყავი, რომ მობრძანდა და თავზე ხელი დამადო. წამიერად ერთმანეთს თვალებში შევხედეთ და გზა გააგრძელა, ეს დაუვიწყარი ემოცია იყო. იმ განცდას სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ.

თამუნა კვინიკაძე