„თვითმხილველი ვარ, რა დაემართა ადამიანს რომელმაც მთის პატივისცემა დაკარგა...“
მიშა არობელიძე პროფესიით მსახიობია, მაგრამ დღეს ის გვესაუბრება, როგორც მოგზაური. მოგზაურობებს არასდროს გეგმავს, მის თავგადასავლებს სპონტანურობა უფრო საინტერესოს ხდის.
- მიშა, ერთ დღეს სრულიად მოულოდნელად აიღეთ ზურგჩანთა და გაემგზავრეთ..
- დიახ, ერთ დღეს გავიღვიძე და ძალიან მომინდა სტამბოლში წასვლა. მოგზაურობა არასდროს დამიგეგმავს, ჩემი გადაწყვეტილებები სპონტანური იყო. ზურგჩანთაში ნივთები ჩავალაგე და ოზურგეთიდან სტამბოლში ავტოსტოპით წავედი, მგზავრობას 4-5 დღე მოვანდომე, გამოუცდელობის გამო, ბევრი შეცდომა დავუშვი, სტამბოლში რომ ჩავედი, ადამიანად აღარ ვვარგოდი, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება. უნდა იცოდე, რა წაიღო, გზად რა არის საჭირო. აგვისტოს დასაწყისი იყო და ძალიან ცხელოდა. გამოუცდელი მოგზაურისთვის აგვისტოში ავტოსტოპით გადადგილება რთულია, მაგრამ გზა ისეთ რამეებს გასწავლის, რასაც სხვაგან ვერ ისწავლი. მაშინ აცნობიერებ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის იმედად რჩები. ცხოვრებაშიც ასეა, თუმცა ამის გაცნობიერება ხშირად არ ხდება. თურქეთიდან რომ დავბრუნდი, ძალები აღვიდგინე და შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში, სამხრეთ ამერიკაში ვიმყოფებოდი, პარაგვაისა და ურუგვაიში, ყველაზე დიდი დრო ბრაზილიაში გავატარე, სამხრეთ ამერიკით ძალიან მოვიხიბლე. ის ადამიანური ურთიერთობები, სტუმართმოყვარეობა, რომელიც იქ არის, ძალიან ჰგავს ჩვენსას. იქ ურთიერთობა ძალიან მარტივია. მინდოდა მენახა ის გარემო, სადაც ჩემთვის საინტერესო არგენტინელი მწერლები - ბორხესი, კორტასარი ცხოვრობდნენ...

სამხრეთ ამერიკაში ერთი ქართველიც კი არ შემხვედრია. იცით ყველაზე მეტად რით მოვიხიბლე? ბრაზილიელები არასდროს კარგავენ კარნავალის განწყობას. შეიძლება ზოგიერთს ძალიან დუხჭირ ყოფაში უწევდეს ცხოვრება, მაგრამ დღესასწაულის განცდა მაინც აქვს. რიგით ბრაზილიელს საქართველოში ფეშენებელური სახლები რომ აჩვენო, გაუკვირდება კი არა, გაგიჟდება. იქ ბევრი ფიცრულში ცხოვრობს, მაგრამ ხალისს არ კარგავს. სიცოცხლის სიყვარული მათგან უნდა ვისწავლოთ, დეტალებში ბედნიერების პოვნის საოცარი უნარი აქვთ, მათ განწყობას "კარნავალობას" ვეძახი.
გარკვეული პერიოდი რიო-დე-ჟანიეროში, ფაველაში (უღარიბესი რაიონები, უბნები) მომიწია ცხოვრებამ. ამ ფაველას რიჯიგალი ერქვა და ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლებოდა. იქ არ შეიძლებოდა გადადგილება ფოტოაპარატით, კამერით, ტელეფონით, არც გულსაკიდი ან სამაჯური უნდა გქონოდა.

- გაგძარცვავდნენ?
- აუცილებლად წაგართმევდნენ. ადგილობრივებს მსგავსი საგნების მიმართ დიდი ინტერესი აქვთ. ერთი ადგილობრივი გავიცანი, დავუმეგობრდი და მისი წყალობით შემეძლო კამერით გადავაადგილებულიყავი. რაც უფრო სიღრმეში შევდიოდი, მით უფრო საშიში იყო - ვხედავდი 15-16 წლის გოგო-ბიჭები იარაღით დარბოდნენ.
ასეთ დასახლებებში ყველგან მინიმოედნებია, ფეხბურთი რომ არ გაინტერესებდეს, იქ მაინც შეგაყვარებენ. ბრაზილიაში ფეხბურთი სპორტი არ არის, რელიგიის დონეზე ჰყავთ აყვანილი. ზოგიერთი დაჭრილი ბურთითაც კი თამაშობდა.
ბრაზილიაში ინგლისურად ნაკლებად ლაპარაკობდნენ. სანამ ესპანური იმ დონეზე ვისწავლე, რომ მათთვის ელემენტარული რამ გამეგებინებინა, ძალიან მიჭირდა. ერთხელ რიო-დე-ჟანიეროს ერთ პატარა ქალაქში მოვხვდი, სადაც პატარა კომუნები იყო. შორიდან რომ შეხედავდი, მიხვდებოდი, ახლოს არ უნდა მისულიყავი. გატყობენ, რომ ადგილობრივი არ ხარ და რეაგირებენ... ვფიქრობდი, ნეტა, აქ რა მინდოდა, რატომ წამოვედი-მეთქი? ჩემთვის განმარტოებით ხის ქვეშ ვიჯექი და იქ ერთმა ადგილობრივმა გოგონამ გამოიარა. ინგლისურად გამომელაპარაკა, მითხრა, რომ თურქეთში იყო ნამყოფი. მე ვიცი, ეს რა გრძნობაა, როცა უცხო ქვეყანაში მარტო ხარ და შენი ენა არავის ესმისო. არ ვიცოდი, სად გამეთია ღამე, სად გამეშალა კარავი. მან წამიყვანა ქალაქგარეთ თავის მეგობრებთან. ის ღამე მათთან ერთად ფაზენდაზე გავატარე, საოცარი სანახაობა იყო. იყო შემთხვევები, სადაც დამიღამდებოდა, იქ ვიძინებდი. როცა არ იყო საშუალება სადმე შევსულიყავი, კარავს ვშლიდი. 8 წლის განმავლობაში ვმოგზაურობდი, საქართველოში მცირე ხნით ჩამოვდიოდი, ძალები რომ აღმედგინა...

ინდოეთმა გამანადგურა, ტემპერატურა 48 გრადუსი იყო და ძალიან მიჭირდა, მაგრამ უნიკალური ქვეყანაა...
მდინარე განგის სანაპიროზე არის ადგილი, სადაც ცხედრებს წვავენ, ეს პროცედურა 4 საათს გრძელდება თავისი რიტუალებით - მიცვალებულის ოჯახის უფროსი თავს იპარსავს და ცეცხლს გარშემო უვლის. რომ ჩაიფერფლება, ნაწილს მდინარეში ყრიან, ნაწილი სადღაც მიაქვთ. ჩემთვის ეს მარტივად სანახავი არ იყო, გამიჭირდა. ეს მათი ტრადიციაა, კულტურის ნაწილია. საცარი იცით რა იყო? ამ ადგილიდან 100 მეტრში არის გასართობი სივრცეები, სადაც ქორწილებს იხდიან, დღესასწაულებს აღნიშნავენ და მხიარულობენ. ასეთი კონტრასტულია ეს ქალაქი.
- ვიცი, ფოტოგრაფიით ხართ გატაცებული.
- ფოტოს აქვს საოცარი თვისება. შესაძლებელია, რაღაც ამბავი დაგავიწყდეს, მაგრამ დახედავ კადრს და ყველაფერი ისე გიცოცხლდება მეხსიერებაში, რომ შეიძლება სუნიც კი შეიგრძნო. ზოგიერთი ფოტოს ნახვას თავს შეგნებულად ვარიდებ, მაგალითად, ცხედრის კრემაციის კადრებს, ახლაც კი მიმძიმს... ფოტოგრაფიაში ეთიკური ზღვრის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა კადრის გადაღება გინდა, გარშემო მყოფებზე ბევრს არ ფიქრობ. ასეთი მომენტი მქონდა ბრაზილიაში, ერთი კაცი იქ შეკრებილებს გამოეყო და მითხრა, კამერა გათიშეო. რატომ-მეთქი? ამიხსნა, ასე რატომ უნდა მოვქცეულიყავი და მივხვდი, მართალი იყო.
- ის ფოტო რომ გადაგეღო, რა იქნებოდა აღბეჭდილი?
- პატარა კომუნა... სან-პაულუში ერთ ბლოკში კულტურული უბანია და მეორე ბლოკში ძალიან ცუდი მდგომარეობაა - ნარკომანები, მეძავები... კონტრასტი ამ ორ ბლოკს შორის გადასაღებად საინტერესოა, მაგრამ ადგლობრივებისთვის მტკივნეული...
- სამზარეულოზე რას გვეტყვი?
- ინდური სამზარეულო მომწონს, ცხარე კერძები მიყვარს, მაგრამ იმდენად ცხარე იყო, ვტიროდი, თან იმდენად გემრიელი, ვერ ვშორდებოდი. აზიური სამზარეულო მიყვარს, იაპონიაზე აღარ მაქვს საუბარი.
- თქვენს მოგზაურობებს მუდამ სდევდა ხიფათი, როგორი იყო ოჯახის წევრების რეაქცია, როდესაც მორიგ ქვეყანაში სამოგზაუროდ ემზადებოდით?
- მშობლები ყოველთვის ღელავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სულ ვცდილობდი, მათთან კომუნიკაცია მქონოდა. ჩემი ხასიათია ასეთი, როცა რაღაც მინდა, აუცილებლად ვაკეთებ. სანამ მოგზაურობას დავიწყებდი, საოცარი ადამიანი, ჯუმბერ ლეჟავა გავიცანი. მითხრა, ჯერ საქართველოში იმოგზაურე და მერე საზღვარგარეთო. მესაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია მოგზაურისთვის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა. მე სულსწრაფი გურული ვარ, თან მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და პირდაპირ საზღვარგარეთ წავედი.
- გამორჩეული შეგრძნება, ამბავი, დღე... რას გაიხსენებ?
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნეპალში, ჰიმალაის მთებში ასვლა. ბუმბერაზი მთის სისტემაა, იმ მთებში ბუნების ისეთი სიდიადე ვიგრძენი, მაშინ გავაცნობიერე, რომ ადამიანები მასთან უსუსურები ვართ. მთაში სხვაგვარად ფიქრობ, ემოციაც განსხვავებულია. 8 დღე მოვუნდი ასვლას, ძალიან რთული იყო, მაგრამ მთა იმდენად მიყვარს, ერთი წამითაც არ მიფიქრია მობრუნება. მთას პატივისცემა სჭირდება. ეს გადამეტებული სიტყვები არ არის. თვითმხილველი ვარ, რა დაემართა ადამიანს, რომელმაც მთის პატივისცემა დაკარგა...
მოგზაურობამ დიდი გამოცდილება მომცა და ცხოვრებას სულ სხვა პრიზმიდან დამანახა. ყოფილი მოგზაური არ არსებობს. ეს სურვილი სულ შენშია, შეიძლება აზარტის ხარისხი შემცირდეს, მაგრამ ინტერესი არ ქრება.
თამუნა კვინიკაძე