"ვეზირიშვილების სასახლე უნდა გადარჩეს!“
"ყველასთვის ცნობილია ილიას, აკაკის და იაკობის ფოტო, სადაც ისინი ცილინდრებით არიან გამოსახულნი. სინამდვილეში ეს ფოტო გვიანდელი მონტაჟია. თავიდან სურათზე გამოსახულნი იყვნენ ილია, მიხეილ ვეზირიშვილი და აკაკი - სამი მეგობარი და პატრიოტი".
თავადი ვეზირიშვილები პირველად იხსენებიან იოანე ბატონიშვილის შრომაში "შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა", სადაც მითითებულია, რომ თითქოს ისინი წარმოშობით სპარსელები ყოფილან. გიორგი ვეზირიშვილი ერეკლე II-ის ერთგული მოხელე და კრწანისის ომის გმირი იყო. ვეზირიშვილების ამ შტოს თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ კონსტანტინე და მიხეილ ვეზირიშვილებიც. ეს უკანასკნელი გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების პირველი მკვლევარი, ილიასთან, დიმიტრი ყიფიანსა და ნიკო ნიკოლაძესთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დამაარსებელი. ბანკს უკავშირდება მისი გახმაურებული დუელი ილია ჭავჭავაძესთან, რომელიც ჩაიშალა. სწორედ მის შვილიშვილს, დიმიტრი ვეზირიშვილს (გენერალ-მაიორი, ყირიმისა და რუსეთ-თურქეთის (1877-78) ომის მონაწილე) ჰყავდა ცოლად ნიკოლოზ ბარათაშვილის და, ბარბარე. ისინი ხაშურის რაიონის სოფელ ოსიაურში, ცხოვრობდნენ, ვეზირიშვილების მამულში. ოსიაურში მათი სასახლე დღეს მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია. ისტორიული ნაგებობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო. საკითხი განსაკუთრებით მას შემდეგ გახმაურდა, რაც ოსიაურის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სასახლე მოსწავლეებისთვის სახიფათოა. როგორც ისტორიკოსი და მკვლევარი გიორგი ჩუბინიძე ამბობს, ჯერ კიდევ 2015 წელს სასახლის დანგრევა გადაწყვეტილი იყო, თუმცა საზოგადოების, მედიისა და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით მისი გადარჩენა მოხერხდა, ახლა კი, ათი წლის შემდეგ, ბრძოლა თავიდან იწყება... ამ საკითხზე გიორგი ჩუბინიძე გერმანიიდან გვესაუბრა...

- გიორგი, ხშირად ამბობთ, რომ ვეზირიშვილების სასახლე მხოლოდ ერთი ოჯახის ისტორია არ არის. რას გულისხმობთ?
- როდესაც ვეზირიშვილების სასახლეზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახია. დიმიტრი ვეზირიშვილმა ცოლად შეირთო ბარბალე (ბაბალე) ბარათაშვილი, ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის და. ისინი 1856 წელს დაქორწინდნენ. მათ შეეძინათ სამი შვილი: ნინო, გიორგი და ელისაბედი. სწორედ ამ სასახლესთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისტორია. ბარბალეს მამა, მელიტონ ბარათაშვილი, ხშირად სტუმრობდა ქალიშვილს ოსიაურში. 1860 წლის შემოდგომა სწორედ ვეზირიშვილების სასახლეში გაატარა. აქ შეხვდა ცხოვრების უკანასკნელ თვეებს და აქვე გარდაიცვალა. მისი საფლავი დღემდე ოსიაურშია შემორჩენილი. ეს ნიშნავს, რომ ვეზირიშვილების სასახლე მხოლოდ ბარათაშვილის დის ოჯახი კი არ არის, ეს არის ადგილი, რომელიც უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის უახლოეს ოჯახურ გარემოს. არსებობს უნიკალური ფოტოც, სადაც ბარათაშვილის დები არიან აღბეჭდილი, მათ შორის ბარბალე ვეზირიშვილი და მისი შვილები, გიორგი და ნინო ვეზირიშვილები. ეს ფოტო თითქოს სიმბოლურად აერთიანებს იმ ოჯახურ სამყაროს, რომლის ნაწილი იყო ოსიაურის სასახლეც. ნიკოლოზის გარდაცვალებისა და მოგვიანებით დედის, ეფემია ორბელიანის გარდაცვალების შემდეგ, ბარათაშვილების ოჯახის ბედზე დიდ გავლენას ახდენდა გრიგოლ ორბელიანი, რომელიც დისშვილებზე ზრუნავდა. სასახლის ისტორია აქ არ სრულდება. დიმიტრი და ბარბალე ვეზირიშვილების ქალიშვილი, ნინო ვეზირიშვილი, ცოლად გაჰყვა ვასილ მაჩაბელს, ივანე მაჩაბლის ძმას. მათი შვილი იყო გიორგი მაჩაბელი, სწორედ ის გიორგი მაჩაბელი, რომელმაც მოგვიანებით ემიგრაციაში შექმნა ცნობილი პარფიუმერიული ბრენდი და მსოფლიომ "პრინცი მაჩაბლის" სახელით გაიცნო. ამიტომ, როდესაც ვეზირიშვილების სასახლეზე ვსაუბრობთ, რეალურად ვსაუბრობთ ადგილზე, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ნიკოლოზ ბარათაშვილის ოჯახი, გრიგოლ ორბელიანის ეპოქა, ვეზირიშვილების საგვარეულო, ივანე მაჩაბლის ოჯახი, გიორგი მაჩაბელი და ქართული ემიგრაციის ისტორია. ასეთი ისტორიული კავშირების მქონე ადგილი საქართველოში ძალიან ცოტაა. განსაკუთრებით სიმბოლურია სვიმონ ვეზირიშვილის სიტყვებიც, რომელიც 1900 წელს "ივერიაში" წერდა: "ჩვენ, ქართველები უმთავრესად მხვნელ-მთესველი ხალხი ვართ... თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ყოველი კუთხე სამშობლო ქვეყნისა მამა-პაპათა სისხლითაა გაჟღენთილი..." - ეს სიტყვები კარგად აჩვენებს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ვეზირიშვილებს საქართველოსადმი. ვეზირიშვილების სასახლის გადარჩენა მხოლოდ შენობის გადარჩენა არ არის. ეს არის იმ მეხსიერების გადარჩენა, რომელიც გვიყვება, ვინ ვიყავით, როგორ ვცხოვრობდით და რა ადამიანები ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას.
თუ ეს სასახლე აღდგება, აქ შეიძლება შეიქმნას ვეზირიშვილების სასახლე-მუზეუმი, სადაც იქნება ბარათაშვილების, გიორგი მაჩაბლის დარბაზი, ვეზირიშვილების საგვარეულო ისტორიის ექსპოზიცია და ოსიაურის ისტორიის მუდმივი გამოფენა.
ის გადაიქცევა სივრცედ, სადაც ისტორია მომავალ თაობებს ესაუბრება. დღეს კი საუბარია არა მხოლოდ ძეგლის მდგომარეობაზე, არამედ მის შესაძლო გაქრობაზეც. სკოლის ადმინისტრაციის შეშფოთება გასაგებია, რადგან ბავშვების უსაფრთხოება პრიორიტეტია. პრობლემა თავად სასახლე არ არის, პრობლემაა წლების განმავლობაში უყურადღებობა.
2015 წელს სასახლის დანგრევა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი იყო. ამ თემაზე აქტიურად დავიწყე საუბარი, ჩავრთე მედია და ადგილობრივი ახალგაზრდები, მომზადდა სიუჟეტები და სტატიები. საბოლოოდ პროცესი შეჩერდა და სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა უსაფრთხოება. შემდეგ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, დაიწყოს კონსერვაცია, რეაბილიტაციის დაგეგმვა და ძეგლის გადარჩენა. თუ არსებული კონსტრუქციის შენარჩუნება შეუძლებელია, უნდა განიხილებოდეს მისი ისტორიული იერით აღდგენა იმავე ადგილზე.
ჩვენ ძალიან გვიყვარს წინაპრებით სიამაყე, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, როგორი წინაპრები ვიქნებით ჩვენ. როდესაც მომავალ თაობას მხოლოდ წარწერა დარჩება, რომ აქ სასახლე იდგა. რას ვეტყვით? 2015 წელს ერთხელ უკვე შევძელით მისი გადარჩენა, დღეს მეორედ გვიწევს ბრძოლა. ვეზირიშვილების სასახლე არ უნდა გაქრეს.
ვეზირიშვილების სასახლის ისტორია უკავშირდება ცნობილი აზერბაიჯანელი მომღერლისა და დიპლომატის, ფოლად ბულბულოღლის საგვარეულოსაც. დიმიტრი ვეზირიშვილისა და ბარბალე ბარათაშვილის შთამომავლობის ხაზით, გიორგი ვეზირიშვილის ქალიშვილი ქეთევანი მირზა კასიმოვზე დაქორწინდა. მათი ქალიშვილი ადელაიდა კასიმოვა ცოლად გაჰყვა ცნობილ კომპოზიტორ მურთუზ მამედოვს (ბულბულს). სწორედ მათი შვილია ფოლად ბულბულოღლი. ამგვარად, ფოლად ბულბულოღლის დედის მხრიდან ფესვები ვეზირიშვილებისა და ბარათაშვილების საგვარეულოებს უკავშირდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოსიაურის სასახლის უნიკალურ ადგილს ქართულ და კავკასიურ კულტურულ ისტორიაში.