რაში დაასწრო ილონ მასკს ქართველმა ნადირაძემ და როგორ აპირებს პუტინი ამის სათავისოდ გამოყენებას
უკრაინასთან ომში ჩაფლული აგრესორი რუსეთის ფედერაცია თავისი კოსმოსური პროგრამით მნიშვნელოვნად ჩამორჩა დანარჩენ მსოფლიოს, მათ შორის ჩინეთსა და აშშ-ს, არადა, კრემლი მუდამ ამაყობდა კოსმოსში პირველი თანამგზავრისა და პირველი კოსმონავტის გაშვებით. იმისთვის, რომ როგორმე დააჩქაროს კოსმოსური პროგრამების სრულყოფა და ამასთან მეტი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვას დედამიწის ორბიტაზე (რომელთა დიდი ნაწილი უნდა გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის), მოსკოვი ერთ საინტერესო ეშმაკობაზე მიდის - აპირებს კოსმოსურ რაკეტა-მატარებლებად გადააკეთოს ის საკონტინენტთაშორისო ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც დღეს აშშ-ზეა დამიზნებული.
ამჟამად რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების არსენალში რამდენიმე სახის შორსმფრენი ბალისტიკური რაკეტის სახეობაა, რომელთა შორისაა "ტოპოლ-მ"-ისა და "იარსის" ტიპის მობილური საკონტინენტთაშორისო სარაკეტო კომპლექსებიც, რომლებიც იმ "ტოპოლის" შემდგომ მოდიფიკაციებს წარმოადგენენ, რომლის შექმნის სათავეში ჩვენი თანამემამულე, ამჟამად უკვე ცნობილი, მაგრამ თავის დროზე ძალზე გასაიდუმლოებული საბჭოთა კონსტრუქტორი ალექსანდრე ნადირაძე იდგა. 1961-1987 წლებში ალექსანდრე ნადირაძე მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი გახლდათ და მისი უშუალო თაოსნობით შეიქმნა პირველი საბჭოთა მობილური მყარსაწვავიანი ბირთვულქობინიანი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსები "პიონერი", ევროპისა და ჩინეთის "დასაფარად", და "ტოპოლი", ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტამდე მისაღწევად. 11 ათას კმ-მდე მფრენი ნადირაძის "ტოპოლი" საბჭოთა კავშირმა დაშლამდე სამი წლით ადრე, 1988 წელს მიიღო შეიარაღებაში და მას შემდეგ, 2023 წლამდე (მისი შეიარაღებიდან მოხსნამდე), პუტინის რუსეთი ნადირაძის ამ ბირთულქობინიანი "ტოპოლით" ემუქრებოდა აშშ-ს.
პირველი "ცივი ომის" დასრულებისას, გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანებში, როდესაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დათბა, ელცინის კრემლმა მოიფიქრა, რომ ნადირაძის საბრძოლო "ტოპოლი" გადაეკეთებინა კოსმოსურ რაკეტა-მატარებლად ანუ ბირთვული ქობინების ნაცვლად მის საბრძოლო ნაკვეთურში ხელოვნური თანამგზავრი განეთავსებინა და დედამიწის ახლო ორბიტზე გაეყვანა, რითაც მნიშვნელოვან სახსრებს დაზოგავდა, რადგან მაინც აპირებდნენ "ტოპოლის" საბრძოლო მორიგეობაზე თანდათანობით შემცირებას. კოსმოსურ რაკეტად გადაკეთებულ ნადირაძის "ტოპოლს" ახალი სახელი, "სტარტ-1" უწოდეს და 1993-2006 წლებში ის შვიდჯერ გაუშვეს კოსმოსში, რომელთაგან მხოლოდ ერთი გამოდგა წარუმატებელი, რაც ნადირაძის "ტოპოლის" მაღალ საიმედოობაზე მიუთითებდა. "სტარტ-1"-დ გადანათლულ ნადირაძის "ტოპოლს" დაბალ, 400 კმ სიმაღლის ორბიტაზე 850 კგ-მდე მასის თანამგზავრი გაჰყავდა, ხოლო ორბიტის სიმაღლის გაზრდის შემთხვევაში იკლებდა სასარგებლო ტვირთის მასა.
სხვადასხვა მიზეზის გამო რუსეთმა ოცი წლის წინ შეწყვიტა "ტოპოლის" გადაკეთება კოსმოსურ რაკეტა-მატარებლად, მაგრამ ახლა ისევ უბრუნდება ამ თემას ახალი პროექტით - "სტარტ-1მ"-ით, რაც ითვალისწინებს მოდერნიზებული "ტოპოლის", "ტოპოლ-მ"-ით სამხედრო დანიშნულების თანამგზავრების გაყვანას ახლო ორბიტაზე.
საქმე ის არის, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მილიარდერ ილონ მასკის საოცარი სისწრაფითა და მასშტაბით მიმდინარე ამერიკული კოსმოსური პროგრამა, მათ შორის "სტარლინკის" თანამგზავრული კავშირგაბმულობის გლობალური სისტემის ამუშავება.
"სტარლინკის" სისტემა ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემაა უკრაინასთან მებრძოლი რუსეთისთვის, რადგან სწორედ "სტარლინკის" თანამგზავრული ანტენებით აღჭურვილი უკრაინული საჰაერო კამიკაძე-დრონები და საზღვაო კატარღა-კამიკაძეები აყენებენ ყველაზე ზუსტ და მტკივნეულ დარტყმებს აგრესორი რუსეთის სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მნიშვნელოვან ობიექტებს. კრემლს სურს "სტარლინკის" მსგავსი თანამგზავრული სისტემა აამოქმედოს უკრაინაში მებრძოლი თავისი საოკუპაციო ძალებისთვისაც, მაგრამ ამგვარი თანამგზავრების დედამიწის ორბიტაზე გაყვანა ერთჯერადი გამოყენების რაკეტა-მატარებლებით ძალზე ძვირი სიამოვნებაა (ილონ მასკი ხომ მრავალჯერად "სპეის-იქსებსა" და "სტარშიპებს" იყენებს ათიათასობით "სტარლინკის" ორბიტაზე გასაყვანად).
ამიტომაც მოსკოვში სურთ ამისთვის გამოიყენონ ის საკონტინენტთაშორისო "ტოპოლ-მ-ი", რომელსაც ისედაც ეწურება საბრძოლო მორიგეობაზე დგომის პერიოდი, ანუ პუტინს ოცი წლის წინანდელი გამოცდილების გამეორება აქვს ჩაფიქრებული.
რა გამოუვა ამით რუსეთის ხელისუფლებას ჯერ ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რომ ალექსანდრე ნადირაძის "ტოპოლისა" და მისი მოდიფიკაციების "გაჯიბრება" სურთ ილონ მასკის "სპეის-იქსებთან", ამაში ახალი არაფერია, რადგან ნადირაძემ მასკს კოსმოსის ათვისებაში რამდენიმე ათეული წლით ისედაც გაასწრო!
თუმცა ყველაფერი თანამიმდევრობით...
ცნობილმა ამერიკელმა მეწარმემ, ინჟინერმა და, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა (რომელსაც 28 ივნისს 55 წელი უსრულდება) სახელი გაითქვა რამდენიმე ძალზე წარმატებული პროექტით, რომელთა შორისაა კოსმოსური პროექტი შპაცეX -ც, რითაც ამერიკელები, ფაქტობრივად, დააბრუნა კოსმოსში.
დააბრუნა იმიტომ, რომ მრავალჯერადი კოსმოსური ხომალდების პროგრამა "შატლის" დახურვის (რაც ორი "შატლის" ტრაგიკულმა კატასტროფამაც განაპირობა) შემდეგ, 2011 წლიდან, ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში გასაყვანად ნასა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად ღირებულ "ბილეთებს" რუსულ რაკეტა-მატარებელზე ყიდულობდა, რაც ამერიკელების კოსმოსურ ამბიციებს აკნინებდა.
შპაცეX-ის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისიც არის, რომ ამ რაკეტა-მატარებლის პირველი საფეხური უკან, მიწაზე, რბილად ეშვება და საწვავით გაწყობის შემდეგ ხელახლა შეიძლება იქნეს გამოყენებული ახალი რაკეტა-მატარებლის გასაშვებად.
ამით ილონ მასკმა მნიშვნელოვნად გააიაფა ერთი კილოგრამი ტვირთის დედამიწის ორბიტაზე გატანა, რაც ერთგვარ რევოლუციად შეიძლება შეფასდეს კომერციულ კოსმოსურ ინდუსტრიაში და დააჩქაროს ადამიანების მიერ მთვარისა და თვით მარსის კოლონიზაციაც კი.
ამიტომაც ილონ მასკს დიდ "კოსმოსურ ბიზნესმენადაც" მიიჩნევენ, მაგრამ იდეის ხორცშესხმა - კოსმოსისკენ სტარტაღებული რაკეტის, თანაც მთლიანად, უკან, მიწაზე დაბრუნების თაობაზე (ისე, რომ მეორედ იქნეს გამოყენებული), თურმე ჩვენს თანამემამულეს - ალექსანდრე ნადირაძეს ეკუთვნის, თანაც ჯერ კიდევ 75 წლის წინ!
ალექსანდრე ნადირაძის სახელი საბჭოთა პერიოდში განსაკუთრებით გასაიდუმლოებული იყო, რადგან მისი თაოსნობით შეიქმნა იმ პერიოდის ძირითადი საბჭოთა ბირთვულქობინიანი მობილური სარაკეტო კომპლექსები: ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების "ტემპ-ს", საშუალო სიშორის "პიონერი" და საკონტინენტთაშორისო "ტოპოლი".
მაგრამ, სანამ ალექსანდრე ნადირაძე სარაკეტო ტექნიკის გენერალური კონსტრუქტორი გახდებოდა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ორიოდე წელში, 33 წლის გორელ ინჟინერს, რომელიც უკვე მოსკოვში მუშაობდა, დაავალეს პირველი საბჭოთა მეტეოროლოგიური რაკეტის შექმნა და უკვე 1951 წელს გაშვებულ იქნა ალექსანდრე ნადირაძის საერთო ხელმძღვანელობით შექმნილი მეტეოროლოგიური რაკეტა МР-1.
ნადირაძის პირველი რაკეტა მხოლოდ 915 კგ-ს იწონიდა და მისი სიგრძე 8,3 მ იყო. რაკეტის თავის ნაკვეთურში მოთავსებული იყო სპეციალური აპარატურა ატმოსფერული წნევის, ტემპერატურისა და სხვა პარამეტრების დასაფიქსირებლად, დედამიწის ტროპოსფეროს, სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს გავლისას ზღვის დონიდან 90 კმ-ის სიმაღლემდე.
ამის შემდეგ სამეცნიეროაპარატურიანი რაკეტის თავის ნაკვეთური სცილდებოდა რაკეტის ძრავის ნაწილს და ისინი ცალ-ცალკე, საკუთარი პარაშუტებით, მიწაზე შედარებით რბილად ეშვებოდნენ, ისე, რომ რაკეტის ამ ორივე ნაწილის ხელმეორედ გაშვება შეიძლებოდა.
ფაქტობრივად, ალექსანდრე ნადირაძემ ილონ მასკამდე 70 წლით ადრე რეალურად შეასხა ხორცი რაკეტა-მატარებლის მრავალჯერადი გამოყენების პრინციპს!
სიმართლე რომ ითქვას, საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის განმარტებით, კოსმოსი იწყება ზღვის დონიდან 100 კმ-ის სიმაღლეზე, "კარმანის ხაზის" ზემოთ, თუმცა ამერიკელები კოსმოსის საზღვრად 80 კმ-ის სიმაღლეს მიიჩნევენ.
ასეა თუ ისე, ნადირაძის პირველი მეტეოროლოგიური რაკეტები შეიძლება მაინც ჩაითვალოს კოსმოსურ რაკეტა-მატარებლებად, რადგან ისინი 90 კმ სიმაღლეზე ადიოდნენ და წინა ნაკვეთური რაკეტის კორპუსიდან მოცილებისა და პარაშუტის გახსნისას ინერციით კიდევ რამდენიმე კმ სიმაღლეს "იმატებდა".
ირაკლი ალადაშვილი