პრემიერი, რომელმაც ქვეყანა 15 წლის განმავლობაში იზოლაციაში ამყოფა
ისტორიაში ცოტაა ისეთი ფიგურა, რომლის სახელიც იმდენად ასოცირდება პოლიტიკურ სიჯიუტესა და ეპოქის ტენდენციებისადმი რადიკალურ წინააღმდეგობასთან, როგორიც იან დუგლას სმიტია - სამხრეთ როდეზიის (ამჟამინდელი ზიმბაბვე) უკანასკნელი თეთრკანიანი პრემიერ-მინისტრი. კაცი, რომელმაც თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობის შესანარჩუნებლად ქვეყანა 15-წლიან იზოლაციაში ამყოფა. მე-20 საუკუნის დეკოლონიზაციის ისტორიაში სმიტი ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ ფიგურად რჩება. ის იყო კაცი, რომლის აზრებიც ყველაზე უკეთ მის სახეზე იკითხებოდა. შუშის თვალი და ნახევრად პარალიზებული ნაკვთები პატრონის სიჯიუტეზე იმაზე უკეთ მეტყველებდა, ვიდრე მისი საქმეები...
ომის გმირი
იან სმიტი 1919 წლის 8 აპრილს შოტლანდიელი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა, თუმცა ის ტიპური როდეზიელი იყო - იზრდებოდა ფერმაში, გამოირჩეოდა სპორტში (განსაკუთრებით რაგბისა და კრიკეტში), კომერციული განათლება სამხრეთ აფრიკის როდსის უნივერსიტეტში მიიღო.
მეორე მსოფლიო ომის დროს სმიტი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებს (RAF) შეუერთდა და პილოტი გახდა. მისი სამხედრო კარიერა დრამატული აღმოჩნდა: სმიტის თვითმფრინავი ჩრდილოეთ აფრიკაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღო - დაკარგა თვალი, სახეზე კი რთული პლასტიკური ოპერაციები დასჭირდა. სწორედ ამ ტრავმამ განაპირობა სმიტის სახის თითქმის უემოციო და პარალიზებული გამომეტყველება.
გამოჯანმრთელების შემდეგ ის ფრონტს დაუბრუნდა. სმიტის თვითმფრინავი კვლავ ჩამოაგდეს იტალიის თავზე, თუმცა, მან მოახერხა პარაშუტით გადახტომა და ხუთი თვის განმავლობაში გერმანელთა ზურგში, იტალიელ პარტიზანებთან ერთად იბრძოდა.
ომისდროინდელმა გამოცდილებამ სმიტს როდეზიელ თეთრკანიანებში "ომის გმირის" რეპუტაცია შეუქმნა, რაც მოგვიანებით მის პოლიტიკურ კაპიტალად იქცა.
გზა ხელისუფლებისკენ
ომის შემდეგ სმიტი სამშობლოში დაბრუნდა და პოლიტიკაში ჩაერთო. 1950-იან წლებში რეგიონში შეიქმნა როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაცია, რომელიც სამხრეთ როდეზიას, ჩრდილოეთ როდეზიასა (ზამბია) და ნიასალენდს (მალავი) აერთიანებდა. ფედერაციის მიზანი თეთრკანიანთა პოზიციების გამყარება იყო, თუმცა 1963 წელს ფედერაცია შავკანიანი მოსახლეობის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების ზეწოლით დაიშალა.
როდესაც ბრიტანეთმა ცხადი გახადა, რომ კოლონიებს დამოუკიდებლობას მხოლოდ უმრავლესობის, ანუ შავკანიანთა მმართველობის პირობით (პრინციპი, რომელიც ცნობილია როგორც Nibmar) მიანიჭებდა, როდეზიელ თეთრკანიანებში რადიკალიზმმა იფეთქა. 1962 წელს დაარსდა "როდეზიული ფრონტი" - პარტია, რომლის მიზანიც თეთრკანიანთა პრივილეგიების დაცვა იყო. იან სმიტი რადიკალური "როდეზიული ფრონტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ და პარტიას 1964-დან 1987 წლამდე (მის დაშლამდე) ხელმძღვანელობდა. სმიტმა საკუთარ თავს მიანიჭა დამოუკიდებლობის ორდენი და დამსახურებული ლეგიონის დიდი ჯვარი. იყო ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, 1964 წლის 13 აპრილს კი, შიდაპარტიული გადატრიალების შედეგად, პრემიერ-მინისტრი გახდა.

დამოუკიდებლობის ცალმხრივი დეკლარაცია (1965)
ბრიტანეთის ლეიბორისტულ მთავრობასთან (ჰაროლდ ვილსონის მეთაურობით) ხანგრძლივი და უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ სმიტმა რადიკალური ნაბიჯი გადადგა. 1965 წლის 11 ნოემბერს, 11 საათზე, ხელი მოაწერა "დამოუკიდებლობის ცალმხრივ დეკლარაციას" (UDI). მჭევრმეტყველება სმიტის ძლიერი მხარე არასდროს ყოფილა: "ჩვენ დარტყმა მივაყენეთ სამართლიანობის, ცივილიზაციისა და ქრისტიანობის შენარჩუნებას..." - განაცხადა მან იმ დღეს. ეს იყო დეკლარაციის დამახინჯებული ვერსია, რომელსაც ხელი 12-მა მინისტრმა მოაწერა. მოსახლეობის მხოლოდ 5%-ის (თეთრკანიანების) სახელით სმიტმა ბოიკოტი გამოუცხადა ბრიტანეთს, თუმცა ფორმალურად ერთგულებას ჰპირდებოდა დედოფალს (1970 წელს როდეზია ოფიციალურად გამოცხადდა რესპუბლიკად).
სანქციები და საერთაშორისო თვალთმაქცობა
გაერომ და დიდმა ბრიტანეთმა როდეზიას მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. ლონდონმა უარი თქვა სამხედრო ინტერვენციაზე, რადგან ვილსონს ბრიტანულ არმიაში შესაძლო ამბოხის შეეშინდა, თუკი ისინი "სისხლით ნათესავების" წინააღმდეგ იბრძოლებდნენ.
ლოგიკურად, როდეზიის ეკონომიკა მალევე უნდა ჩამოშლილიყო, თუმცა სმიტის რეჟიმმა თხუთმეტ წელიწადს გაძლო, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული:
სამხრეთ აფრიკისა და პორტუგალიის მხარდაჭერა - აპარტეიდული სამხრეთი აფრიკა და პორტუგალია (რომელიც ჯერ კიდევ ფლობდა მოზამბიკსა და ანგოლას) როდეზიისთვის მთავარი ლოჯისტიკური და ეკონომიკური "ფანჯარა" გახდა;
საერთაშორისო თვალთმაქცობა - დასავლური კომპანიები ფარულად არღვევდნენ სანქციებს. აშშ-ს გაჰქონდა როდეზიული ქრომი, ბრიტანული ნავთობკომპანიები (BP და Shell) ფარულად აწვდიდნენ საწვავს, ხოლო როდეზიული ხორცი ყოველდღიურად იყიდებოდა ლონდონის ბაზრებზე, როგორც "ზაირიდან იმპორტირებული";
შინაური რესურსები - ქვეყანა გადავიდა მკაცრ თვითუზრუნველყოფაზე (იმპორტის ჩანაცვლებაზე). მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიები, საბჭოთა ქალაქების მსგავსად, დელიკატესებისა და პროდუქტის ფართო ასორტიმენტისგან დაცარიელდა, თეთრკანიანი ელიტა მაინც ახერხებდა ფუფუნების შენარჩუნებას.
სამოქალაქო ომი
1960-იანი წლების ბოლოდან სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა. დაიწყო სისხლისმღვრელი პარტიზანული ომი. შავკანიანთა ნაციონალისტური მოძრაობა ორ ძირითად პარტიად გაიყო:
ZANU (რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით, რომელსაც ჩინეთი უჭერდა მხარს).
ZAPU (ჯოშუა ნკომოს ხელმძღვანელობით, რომელსაც საბჭოთა კავშირი სწყალობდა).
როდეზიის მაღალკვალიფიციური და სასტიკი არმია ეფექტურად ებრძოდა პარტიზანებს, თუმცა გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა - 1974 წელს პორტუგალიაში მომხდარმა რევოლუციამ მოიტანა მოზამბიკის გათავისუფლებაც, რომელიც პარტიზანების ბაზად იქცა. მოგვიანებით, სამხრეთ აფრიკამაც, საერთაშორისო ზეწოლის გამო, სმიტის რეჟიმისგან დისტანცირება დაიწყო. სამოქალაქო ომს 20 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კაპიტულაცია და ლანკასტერ ჰაუსის შეთანხმება
ხვდებოდა რა, რომ იზოლაცია დამღუპველი იყო, სმიტმა სიტუაციის "შიდა მოგვარება" სცადა - 1979 წელს არჩევნები ჩაატარა და ძალაუფლება ზომიერ შავკანიან ლიდერს, ეპისკოპოს აბელ მუზორევას გადასცა, ქვეყანას კი "ზიმბაბვე-როდეზია" ეწოდა. თუმცა ეს კომპრომისი არც საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა და არც მუგაბესა და ნკომოს მეამბოხეებმა.
საბოლოოდ, 1979 წლის ბოლოს, მარგარეტ ტეტჩერის მთავრობის ზეწოლით, ლონდონში, ლანკასტერ ჰაუსში ხელი მოეწერა შეთანხმებას: როდეზია დროებით დაუბრუნდა ბრიტანეთის პირდაპირ კოლონიურ მმართველობას, რათა ჩატარებულიყო საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები. 1980 წლის მარტში არჩევნებში ნიჭიერმა და ამბიციურმა რობერტ მუგაბემ გაიმარჯვა და ქვეყანამ, ამიერიდან სახელწოდებით "ზიმბაბვე", დამოუკიდებლობა მოიპოვა.
„ხომ გეუბნებოდით?!“
ბევრისთვის გასაოცრად, იან სმიტი ქვეყნიდან არ გაქცეულა, როგორც 100 000-ზე მეტმა თეთრკანიანმა როდეზიელმა გააკეთა ეს. ის დარჩა ზიმბაბვეში, თავის ფერმაში. 1988 წლამდე პარლამენტის წევრიც კი იყო (სადაც კონსტიტუციით თეთრკანიანებს გარკვეული კვოტა ჰქონდათ შენარჩუნებული).
მიუხედავად იმისა, რომ სმიტი ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა თეთრკანიანთა რასიზმისა და პატერნალიზმის სიმბოლოდ, მისმა შემდგომმა ცხოვრებამ სულ სხვა ელფერი შეიძინა. რობერტ მუგაბეს მმართველობამ, რომელიც თავიდან იმედისმომცემი ჩანდა, ქვეყანა უმძიმეს ავტოკრატიამდე, ეკონომიკურ კოლაფსამდე, ჰიპერინფლაციასა და შიდსის ეპიდემიამდე მიიყვანა.
ცხოვრების მიწურულს სმიტი, რომელიც თავის მამულში ყოველგვარი დაცვის გარეშე მშვიდად ცხოვრობდა და მისი კარიც ყოველთვის ღია იყო, ჟურნალისტებთან საუბრისას წარსულზე არანაირ სინანულს არ გამოხატავდა. ზიმბაბვეს ტრაგედიის ფონზე, სმიტის მთავარი გზავნილი მსოფლიოსადმი იყო: "ხომ გეუბნებოდით, რომ უმრავლესობის მმართველობისთვის ქვეყანა მზად არ იყო?!"
სმიტის ერთგული მეუღლე, ჯანეტი, 1995 წელს გარდაიცვალა, ხოლო მათი ვაჟი უფრო ადრე დაიღუპა. დარჩა გერები - ქალ-ვაჟი.
იან სმიტი 2007 წლის 20 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დარჩა ისტორიაში, როგორც კაცი, რომელსაც ჯიუტად სჯეროდა, რომ მხოლოდ ის მიაბიჯებდა სწორ გზაზე მაშინ, როცა მთელი მსოფლიო საწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა.
შორენა ბიწაძე
წაიკითხეთ ასევე: