7 ქართული ხმა - ქართველ ბავშვთა გუნდი მსოფლიოს იპყრობს
იმაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელია, რომ ქართველები ოდესმე არ ვმღეროდით, რომ ჩვენი ხმები არ ალამაზებდა ჩვენს არცთუ ისე მარტივ ცხოვრებას; ან საქართველოს გავლით აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ (და პირიქით) მიმავალ მოგზაურებს მაშინდელ მსოფლიოში არ გაჰქონდათ ჩვენი საოცარი ჰანგების ამბავი; ან ისე როგორ იქნებოდა, როცა საუკუნის წინ, მცხეთის მიწაში 3000 წლის გედის ძვლის სალამური იპოვეს და როცა არქეოლოგიის რიგითმა მუშამ ჩაბერა, გაოცებისაგან შეხტა, რადგან სალამურმა თუშური ჰანგი დაარაკრაკა! დღეს ხომ უფრო "დაპატარავდა" დედამიწა და ქართული ხმები ოკეანიდან ოკეანემდე "მიფრინავს" მსოფლიოს გასაოცებლად. იმედია, ამას გადაჭარბებად არ ჩამითვლით და თუ ჩამითვლით, უამრავი არგუმენტიც მაქვს: მაგალითად, ჩვენმა ბავშვთა ა კაპელა "ბუკმარქსმა" ჯერ ავსტრია-გერმანიიდან "გამოიტაცა" საქართველოში გრან-პრი, ორი კვირის წინ კი უკვე ვაშინგტონიდანაც - ანუ როგორც გურულები იტყვიან, "გადარიენ ბაღანებმა ამერიკელები და დატიენ ხელცარიელი". ხუმრობის გარეშე კი ამერიკული ა კაპელა არის ფესტივალი, რომელიც ამერიკული ხელოვნების ერთ-ერთი სერიოზული ღონისძიებაა და მოიცავს ამერიკის პროფესიონალი გუნდების მონაწილეობას, რომელთა დაჯაბვნა ნამდვილად არ არის იოლი. ა კაპელას ყველა ქვეყანაში დიდი პროფესიონალები უძღვებიან და მათ შორის, ჩვენს ქართულ "ბუკმარქსშიც". ჩვენში ასეთი პროფესიონალი ბუკა კარტოზიაა, კაცი, რომელიც წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და უძღვებოდა ჯაზ-ანსამბლს. ერთ მშვენიერ დღეს კი ბარგი ჩაალაგა და სამშობლოში დაბრუნდა. და რა გგონიათ, რა მთავარი საფიქრალით? - შეექმნა ბავშვების გუნდი, რომელიც მსოფლიოს გააცნობდა, ვინ არიან ქართველები და საქართველო - პაწაწინა ქვეყანა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა თავზე
დაადგეს ვინმე გიგანტურს და აღიარება "ჩამოართვას".
- ბატონო ბუკა, საინტერესოა, ვინ არიან ეს ბავშვები, რომლებიც ევროპიდან ამერიკაში ქართული სიმღერებით დადიან და ყველა ადგილიდან ყველაზე მთავარი და პირველი ჯილდო მოაქვთ?
- მოგიყვებით, ვინ არიან და როგორ ვიპოვე. კაცმა რომ თქვას, ბევრი ძებნაც არ დამჭირვებია, ძალიან ნიჭიერები ვართ ქართველები, მით უფრო - ჩვენი ბავშვები, მაგრამ იმის ნახევარ შესაძლებლობასაც ვერ ვავლენთ, რისი უნარიც გვაქვს. ამიტომაც სულ ფიქრად მქონდა ბავშვთა ანსამბლის შექმნა, მათ შორის ამერიკაშიც, სადაც 15 წელი ვცხოვრობდი. იქ ჩემივე დაარსებული ჯაზ-ორკესტრით წავედი. ვიცხოვრეთ, ვიშრომეთ... მერე მოვიდა ანსამბლის დაშლის დრო და დავიშალეთ. მოგვიანებით, საქართველოში დავბრუნდი და ბავშვთა ა კაპელა ჯერ "ანაბანადან" შევქმენი, ახლა კი "რანინადან" - "ბუკმარქსი" "რანინას" ფინალისტების ჯგუფია. "რანინას" პროექტმა, ჩვენდა საბედნიეროდ, გაუმართლა საქართველოსაც და მე და ლანა ქუთათელაძესაც. თუმცა გუნდის შექმნას ბევრი რამის გათვალისწინება სჭირდებოდა, ასე რომ, შვიდი ბავშვი შევარჩიე...
- რატომ შექმენით გუნდი მაინცდამაინც უცხოური სახელწოდებით: ა კაპელა "ბუკმარქსი"?
- მოდი, ა კაპელას მნიშვნელობიდან დავიწყოთ. ეს არის სიმღერა (ხელოვნება) საკრავების გარეშე, რომელიც ნაწილობრივ ჩვენთვის, ქართველებისათვის დიდი ხნის ნაცნობი მრავალხმიანობაა, რომელიც სრულდებოდა ბუნებრივი, დაუმუშავებელი ხმებით, ა კაპელას ხმების დახვეწაზე კი პროფესიონალი ზრუნავს. ამაშია მისი განხვავებულობა და მიმზიდველობა. ჩვენ შვიდ ხმაში ვმღერით. რაც შეეხება "ბუკმარქსს", ეს ნიშნავს წიგნის სანიშნს და დაკავშირებულია წიგნთან, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირებულებასთან. რადგანაც ეს ბავშვები მსოფლიომ უნდა ნახოს, ამიტომ სახელის ჟღერადობაც ყველგან უნდა გაეგოთ. ცოტა ხანში სან-ფრანციკოში მოგვიწევს გამგზავრება, იქაც ბავშვების ხმებით მოხიბლულმა ამერიკელებმა დაგვპატიჟეს.
- ეჭვიც არ მეპარება, მთავარი ჯილდოთი დაბრუნდებით. გულით მინდა წარმატებაში "იფრინოთ" თქვენც და საქართველომაც.
- მადლობა. ამ ბავშვების წარმატება მართლაც ჰგავს ფრენას. იცით, როდესაც გერმანიაში კონცერტი დავამთავრეთ, მაყურებელი ფეხზე იდგა და ზუსტად 10 წუთის განმავლობაში უკრავდა ტაშს. ამ დროს მართლა მინდოდა ფრთები მქონოდა და სიხარულით მეფრინა.