„ჩვენი სიმღერა საქართველოს ცოცხალი ძარღვია“
ვისაც თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის მოუსმენია, მათ სიმღერაზე ტანში ჟრუანტელი დაუვლის და ცრემლიც მოადგება. ინეგოლი ქართველებით დასახლებული ქალაქია, სწორედ მათი დაარსებულია ფოლკლორული ანსამბლი "რირაში". როგორ აცოცხლებენ საქართველოდან თურქეთში მცხოვრები ქართველები ქართულ სიმღერას ამის შესახებ "რირაშის" მომღერალი მუსტაფა ბეიჰანი (თავდგირიძე) გვესაუბრება.
- თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა უკვე იცით, რომ საქართველოს ყოველთვის სტკიოდა თქვენი უსამართლოდ გადასახლება. სამწუხაროდ, ამ ისტორიას არაფერი ეშველება, მაგრამ რადგან ძლიერ ფესვებზე დგახართ, მომავალი გადარჩენილია. თუმცა, ალბათ, ადვილი არ იქნებოდა ამ ფესვების შენახვა.
- ეს წინაპრების დამსახურებაა და მერე კი ჩვენ ვაგრძელებთ. ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სოფლებში, არასოდეს ვივიწყებდით სამშობლოს. ამ ხსოვნას ქართული სიმღერა ყველაზე ძლიერად ინახავდა. იმიტომაც მღეროდნენ ყველგან, სადაც შეიკრიბებოდნენ, ყანაში, ნადი იყო თუ ქორწილი. ჩვენი ყველაზე დიდი ლხინი, ქორწილი, ხომ სიმღერის გარეშე ვერ ჩაივლიდა. სიმღერის გარეშე დედოფლის წაყვანა როგორ შეიძლება! ბავშვებიც ქორწილებში ვსწავლობდით ჩვენს ქართულ სიმღერებს. ახლა უკვე ჩვენ ვასწავლით შვილებს. როდესაც ავტომანქანაში შვილებთან ერთად ვარ, აუცილებლად ჩართული მაქვს ქართული სიმღერა, რომ მათაც მოისმინონ და ისწავლონ. Uეს აუცილებელია! ჩემი უფროსი შვილი ფანდურსაც სწავლობს. სანამ ქართველები ვართ, ქართული სიმღერაც სულ ჩვენთან იქნება.
- როგორ შეიქმნა "რირაში" ან ვინ ამოურჩია ასეთი ლამაზი სახელი?
- საქართველოში ბევრმა არ იცის, მაგრამ ჩვენთან, არაერთ ქართულ სოფელს ჩვენამდეც ჰყავდა გუნდები. ადრე ქართული სიმღერის ყველაზე დიდი პატრონი აჰმედ ოზგან მელაშვილი იყო, რომელიც მოკლეს. ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ქართული სიმღერებისთვის, ძალიან დიდი ხნის წინ ჩაწერა და შემოგვინახა. ჩვენც იმას ვაკეთებთ, რომ ქართული სიმღერა არ დაიკარგოს. არც ერთი არა ვართ პროფესიონალი მომღერალი, ყველა ჩვენ-ჩვენს საქმეზე ვმუშაობთ, მაგრამ სიმღერას ვინახავთ და ეს გვეამაყება. ძირითადად, ჩვენებურ ქართველებთან ვმღერით დღესასწაულებზე სრულიად უფასოდ და სიხარულით, რათა დანარჩენმა ქართველობამ მოგვისმინოს და ქართული სიმღერა არ დაკარგოს. ჩვენი სიმღერა საქართველოს ცოცხალი ძარღვია. ბევრი წლის წინ ინეგოლში ამერიკელი მკვლევარი კელი პიტერ გოლდი იყო ჩამოსული მის შესასწავლად. ჩამოსვლამდე ევროპაში ქართული ემიგრაციისთვის უკითხავს, რა ვქნა, ქართული სიმღერები როგორ ვისწავლოო... იმათ უსწავლებიათ, ნამდვილი ქართული სიმღერის მოსმენა თურქეთში, ინეგოლშიც შეგიძლია, იქ ქართული სოფლებია და იქ წადიო. ინეგოლში რომ ჩამოვიდა, აქ იმდენ ხანს დარჩა, სანამ 35 ქართული სიმღერა არ ჩაწერა! შემდეგ მისი ჩანაწერები ამერიკიდან საქართველოში წაიღეს სპეციალისტებმა, რაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ იყო. ამის შემდეგ უკვე საქართველოდან ძალიან ნიჭიერი კაცი, გიორგი ხუხუნაიშვილი გამოგვიგზავნეს დასახმარებლად. მასთან ერთად ვიშრომეთ, ვისწავლეთ და თუ სიმღერებში რაიმე პატარა შეცდომები გვქონდა, ისიც გავასწორეთ. სახელი "რირაშიც" იმ დროიდან გვაქვს. ამ სიმღერაში ჩვენი ქართული ძალა იგრძნობა. 2019 წელს საქართველოშიც გვქონდა კონცერტი და თან ჩემი სამი წლის შვილიც წამოვიყვანე, მინდოდა საქართველო მასაც ენახა.
- რა ნახეთ? რაიმეთი განვსხვავდებით ერთმანეთისაგან?
- არაფრით! ეს კი არა, შემდეგ ხანმოკლე დროით თბილისშიც ვიმუშავე და მაშინაც დავრწმუნდი, რომ ჩვენ ერთი სული ვართ. იმ კაცმა, ვისთანაც ვმუშაობდი, ერთხელაც სიცილით მომაძახა, სუფთა აჭარელი ხარო და გამიხარდა. როგორც საქართველოში ქართველობენ ქართველები, თურქეთშიც ისე ვქართველობთ. ამიტომაც შევწუხდებით ხოლმე, როდესაც საქართველოში ჩვენზე ვინმე იტყვის, თქვენ არა ხართ ნამდვილი ქართველებიო. ჩვენ თითქმის ოთხი მილიონამდე ვართ და მინდა ყველას ვუთხრა, რომ თურქეთში მცოვრები ქართველები ამ დედასამშობლოს, საქართველოს სულის ნაწილი ვართ.
- იხარეთ, გაძლიერდით და გააძლიერეთ საქართველოც.
- ყველამ ერთად! რადგან ძალა ერთობაშია!