“როდესაც მისი დიაგნოზი დადგინდა, მითხრა, რომ მთელ თანხას ჩადებდა იმისთვის, რომ შეექმნა ონკოცენტრი ქვეყანაში“ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე - კვირის პალიტრა

“როდესაც მისი დიაგნოზი დადგინდა, მითხრა, რომ მთელ თანხას ჩადებდა იმისთვის, რომ შეექმნა ონკოცენტრი ქვეყანაში“ - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე

22 ივნისს, 56 წლის ასაკში ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა.

ბიზნესმენის შესახებ და მის გეგმებზე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ თემურ უგულავაზე „შუადღის“ ეთერში ისაუბრა:

„ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა პროგრესულად მოაზროვნე, არასტანდარტული ბიზნესმენი, მეცენატი და კორიფე სტუმარმასპინძლობის, რომელმაც ისეთი ხელწერა დატოვა ამ ქვეყანაში, რომ მისი სახელი მე ვფიქრობ ალბათ საუკუნეები გადაეცემა მომავალ თაობას. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი მოქალაქისთვის და სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანისთვის ვფიქრობ, რომ მან ამ ქვეყანას მისცა საუკუნოვანი პროექტი- უდაბნო, რომელიც არის 20 000 ჰექტარი და არის რეგენერაციული ფერმერული მეურნეობა, გამორჩეული, როგორც ამიერკავკასიაში, ასევე ვფიქრობ ევროპის კონტინენტზეც მსგავსი რამ არ არსებობს. ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვეხებით ბუნებას და რასაც ბუნება დაგვიბრუნებს, იმ სარგებელს მივიღებთ მხოლოდ. ეს არის მომავალი თაობების ახალი ისტორია სოფლის მეურნეობაში, თავი რომ დავანებოთ იმ გამორჩეულ სივრცეებს, რომელიც მან დაუტოვა თავის ოჯახს, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს და მოსახლეობას.

ალბათ ახლა რომ მისმენდეს, ყველაზე უფრო მაგაზე გაბრაზდებოდა იმიტომ, რომ არასდროს არ უყვარდა იმ სიკეთეზე საუბარი, რასაც ის აკეთებდა და რაც უმეტესად დაფარულად ხდებოდა და ყოველთვის ხაზს უსვამდა იმას, რომ ეს არ იყო გასასაჯაროებელი.რამსველდის ფონდი არსებობს ასეთი, კამკას ქსელი საქართველოში, რომელიც ჯარისკაცებს, თავდაცვის სფეროში მომუშავე სტუდენტებს სტიპენდიას უფინანსებდა. მე ვფიქრობ, რომ ესეც ერთ-ერთი გამოძახილი იყო მისი პატრიოტიზმის, მისი სურვილის, რომ თავისი ქვეყანა საუკეთესო ყოფილიყო. ძალიან ბევრი რამ დაიწერა სოციალურ ქსელში, დაწყებული ჰოსპისებიდან დამთავრებული მუნიციპალიტეტებით, ტაძრები, სკოლები, სადაც მას სხვადასხვა აქტივობები აქვს გაკეთებული.

ყოველი მისი გადადგმული ნაბიჯი უკავშირდებოდა საქართველოს მომავალს.

როდესაც მისი დიაგნოზი დადგინდა, ერთად ვისხედით და ვსაუბრობდით რა უნდა გაეკეთებინა და მითხრა, რომ მთელ თანხას ჩადებდა იმისთვის, რომ შეექმნა ონკოცენტრი ქვეყანაში, სადაც არცერთ ადამიანს არ მოუწევდა უცხოეთში წასვლა და აქ ექნებოდა საერთაშორისო სტანდარტის სრულფასოვანი კლინიკა, ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობდა და ამბობდა, რომ თუ გვინდა, რომ ეს არ დაგვემართოს, მაშინ ჯანსაღად უნდა ვიცხოვროთო, თუ ჯანსაღად უნდა ვიცხოვროთ, მაშინ ხარისხიანი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთო და ვეუბნებოდი, რომ არ დატოვებ არცერთ ჯაჭვს, სადაც შენს კვალს არ დააჩნევთქო. კლინიკა რა თქმა უნდა არ დაგვცალდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი რამ ამ ქვეყანაში აუცილებლად გაკეთდება…“ – ამბობს ნინო ზამბახიძე.