"თბილისში საშუალო ხელფასი გაუთანაბრდა თურქეთის საშუალო ხელფასს და..." - რას ამბობს სოსო არჩვაძე
„თბილისში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან მიჯნას გადასცდა და თითქმის გაუთანაბრდა თურქეთის საშუალო ხელფასს“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ მოსახლეობის აღწერის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა მოსახლეობის 2024 წლის აღწერის შედეგები. „საქსტატის“ განახლებული აღწერის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8%-ით ანუ 215 777 კაცით მეტია.
ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 52% ანუ 2 048 577 ადამიანი - ქალია, ხოლო 48% ანუ 1 881 004 პირი - კაცი. 2024 წლის აღწერის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ ათი წლის განმავლობაში ქალაქის ტიპის მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად - 15,7%-ით არის გაზრდილი, სოფელი კი სულ უფრო ცოტავდება და 2014 -2024 წლებში კლებამ 7,4% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 111 ათასზე მეტი ადამიანია.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს 4 მლნ-მდე მოსახლეობის 62% ანუ 2 442 231 კაცი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო 38% ანუ 1 487 350 კაცი სოფლის ტიპის დასახლებებში.
"აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება ყველაზე დეპრესიულ რეგიონებს მიექცეს"
„პოზიტიური ცვლილებაა ის, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა. კარგია, რომ თბილისში, საშუალო ხელფასი 1000-დოლარიან მიჯნას გადასცდა. ეს არის დაახლოებით იმდენივე, რამდენიც არის ჩვენი მეზობელი თურქეთის საშუალო ხელფასი.
ანუ თბილისი, სადაც ხელფასს იღებს დაახლოებით 350 ათასი ადამიანი, მათი ხელფასი გაუთანაბრდა თურქეთის საშუალო ხელფასს, რომლის ეკონომიკაც დაახლოებით 30-35%-ით უსწრებს საქართველოს განვითარებას. მაგრამ ხაზგასასმელია ისიც, რომ თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის მხოლოდ 34%.
რაც შეეხება რეგიონებს, მაგალითად, ბათუმში 1.5-ჯერ გაიზარდა მოსახლეობის რაოდენობა და თუ მოსახლეობის რაოდენობის დინამიკას შევადარებთ პირდაპირი უცხოიური ინვესტიციების რაოდენობას, აღმოჩნდება, რომ მაღალ კორელაციაშია, იმიტომ, რომ ინვესტიციების 90% მოდის თბილისსა და ბათუმზე.
ეს გარკვეულწილად ქმნის უკეთეს პირობებს წარმოებისთვის, ყოფისთვის და იმისთვის, რომ დანარჩენ რეგიონშიც თანაბრად გადანაწილდეს რესურსები. ცნობილია, რომ ჯაჭვის სიმყარე განისაზღვრება იმ ყველაზე სუსტი რგოლის სიმყარით, რომელიც ამ ჯაჭვში არის.
ამიტომ, თუ გვინდა, რომ ეკონომიკას ჰქონდეს მდგრადი და შეუქცევადი ხასიათი, აუცილებელია, რომ ყველაზე დეპრესიულ რეგიონებს მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება, მათ შორის სახელმწიფო სუბსიდიების გაზრდის ხარჯზე,“ - განაცხადა არჩვაძემ.